მოსალოდნელია თუ არა საქართველოში «არგენტინის სცენარი?»

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში «არგენტინის სცენარი?»

        მსოფლიო შეძრა არგენტინაში მიმდინარე მოვლენებმა, სადაც ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა. გლობალური და დასავლური მედია ამ მოვლენებს არანაკლებ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ავღანეთის ომსა და ანტიტერორისტულ ოპერაციას.
        ბუნებრივია, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სისტემურად არამდგრადია, უმალვე წარმოიშვა კითხვა: რამდენად შესაძლებელია იგივე იქაც განმეორდეს. ასეთი საკითხი სავსებით ბუნებრივია საქართველოშიც, თუმცა, ანალიზი ცხადყოფს, რომ ალარმიზმი ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის, ანუ ძალზე საეჭვოა, საქართველოში მოვლენები ისეთივე სცენარით განვითარდეს, როგორც არგენტინაში, რასაც რამდენიმე (როგორც საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური, ასევე ინსტიტუციური და ეკონომიკური) მიზეზი აქვს.
        დავიწყოთ ფინანსურ-ეკონომიკური მიზეზებით: ზოგიერთები ცდილობენ დაამკვიდრონ სტერეოტიპი, თითქოს არგენტინა «საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაღუპა», «აი, რა ელის სავალუტო ფონდის კაბალაში ჩავარდნილ სახელმწიფოს» და ასე შემდეგ.
        ეს სტერეოტიპი (მისი დამკვიდრებისას განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული, «მემარცხენეები» ცმუკავენ) არის სრული სიყალბე. სინამდვილეში არგენტინის კრახი განაპირობა არა სავალუტო ფონდის რეკომენდაციებმა, არამედ სწორედ იმან, რომ ბუენოს-აირესი ამ რეკომენდაციებს არად დაგიდევდა და ყურად არ იღებდა გაფრთხილებას «ემისიური თამაშებით მეტისმეტი გატაცების თაობაზე». რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მონეტარიზმის ძირითადი პოსტულატი (ფულადი მასის შეზღუდვა) «მეტისმეტად პრიმტიულია» _ სამაგიეროდ იგი უტყუარი საშუალებაა კრახის (დეფოლტის) თავიდან ასაცილებლად.
        ამ თვალსაზრისით, არგენტინა რომ მეტისმეტად «დამოუკიდებლად» იქცეოდა, ამიტომაც აღმოჩნდა ჭაობში და იმიტომაც განიხილება (სავსებით სერიოზულად) დღეს ამ ქვეყანაში დოლარის ეროვნულ ვალუტად (ანუ ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად) გამოცხადების საკითხი.
        საქართველოში საბედნიეროდ იგივე ტექნიკურადაც შეუძლებელია: ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად დამოუკიდებელია და ჯერჯერობით უძლებს ეგრეთწოდებული, შეღავათიანი კრედიტების (ყოფილი «წითელი დირექტორების», «ცეხავიკების» და ათასი ჯურის გაიძვერათა) შემოტევებს _ ფსევდო ეროვნულ-სამრეწველო და ფსევდოსოციალისტური არგუმენტაციის მიუხედავად.
        მეორე მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოში (ჯერჯერობით) მოხდეს იგივე, რაც მოხდა არგენტინაში, ის გახლავთ, რომ ვერ შეიქმნა ფასიანი ქაღალდების სრულფასოვანი ბაზარი. შესაბამისად, არ მიმდინარეობს სპეკულაციები და არ იქმნება ფინანსური პირამიდები, რომლებიც ნებისმიერი პოლიტიკური ინციდენტის (ვთქვათ, საინფორმაციო პროგრამაში გასული სიუჟეტის) წყალობით, შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს, მოსახლეობა მოიცვას პანიკამ და ბანკებს დაეძგერონ ანაბრების «გადასარჩენად».
        საბანკო სისტემაში არსებული «თამაშის წესები», საპროცენტო განაკვეთები და უნიკალური (მსოფლიოში არნახული) გარანტიები «ბინების გადმოფორმების» სახით _ მცირე შანსს ტოვებს, რათა საბანკო სისტემა ისევე განადგურდეს, როგორც (ვთქვათ) რუსეთში. საკრედიტო ბაზარი საქართველოში აგრეთვე ვერ ჩამოყალიბდა, ხოლო მეანაბრეთა ოდენობა ძალიან მცირეა _ უმრავლესობა არ ენდობა ბანკებს, რაც უდავოდ აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ფინანსური კრახისა და საზოგადოებრივი ამბოხის ალბათობასაც ამცირებს.
        საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ მიზეზებს რაც შეეხება: თუ გახსოვთ, 5-6 წლის წინ ათიათასობით ადამიანმა სხვადასხვა «ჰოლდინგში» დიდძალი თანხები შეიტანა და ყოველთვიურად 30-40 პროცენტიან (!) დივიდენდს ელოდა. რასაკვირველია, «საპნის ბუშტები» სულ მალე დასკდნენ, მაგრამ გზების ხანმოკლე გადაკეტვის გარდა, ამას რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია.
        რაც მთავარია, საქართველოს სოციალური სტრუქტურა ისეთნაირად ჩამოყალიბდა, რომ სოციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოსახლეობას სახელმწიფოზე (როგორც «მარჩენალზე») ხელი ჩაქნეული აქვს. ესეც «მარგებელი ჭირია», რაკი ქვეყანას სოციალურ აფეთქებას ააცილებს თავიდან: «დასახრჩობად განწირულთა შველა, თავად განწირულთა საქმეა».

დილის გაზეთი, 23 იანვარი, 2002 წელი