ნინო ბურჯანაძე თავიდან იწყებს

ნინო ბურჯანაძე თავიდან იწყებს

    არჩევნების მოახლოებისა და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ -  არსებული ბუნდოვანების ფონზე, კვლავ შესამჩნევად გააქტიურდა პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ბევრს იგი პოლიტიკური გვამი ეგონა. მისი ყოფილი მომხრეებიც კი ჩუმად ჯუჯღუნებდნენ ჩვენს შვილებს რომ მოუწოდებდა ხელკეტები აიღეთ და ბოლომდე იბრძოლეთო - საკუთარი შვილი ჯერ კიდევ დარბევის დაწყებამდე გააპარაო მიტინგიდან“. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ღიად ამის თქმას ვერავინ უბედავდა გასაგები მიზეზის გამო: იმ მიტინგზე ბურჯანაძეს ძალით არავინ მიუყვანია და არც ის უთქვამს „პრობლემები არ გექნებათო“. ახლა კი, მის წინააღმდეგ პრეტენზიების გამოთქმა უკვე გვიანაა: ეს პრეტენზიები „ხელისუფლების მიერ შეკვეთილად“ გამოცხადდება.
    ნინო ბურჯანაძემ კარგად აითვისა პოლიტიკის ძირითადი კანონი, რომლის მიხედვით, პოლიტიკოსი მით უფრო ძლიერი და წარმატებულია, რაც უფრო „უკანმოუხედავად“ მოქმედებს. „უკან მოხედვაში“ იმ ადამიანურ და საზოგადოებრივ კატეგორიებს ვგულისხმობ, რომელთაგან პოლიტიკა (მით უმეტეს ქართული პოლიტიკა) ტრადიციულად შორსაა. აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება, რომ 26 მაისის წლისთავზე, ბურჯანაძე უკვე ღიად აცხადებს, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. „თუ მცირე გარანტია მაინც იქნება ამ არჩევნების სამართლიანობისა“.
    გასაგებია, რომ „მცირე გარანტიაში“ იგი უეჭველად მის მიერ შეკვეთილ სოციოლოგიურ კვლევათა შედეგებს გულისხმობს: თუ „მცირე გარანტია მაინც იქნება“ იმისა, რომ ბურჯანაძის პარტია (ცალკე ან ბლოკში) გადალახავს 5 პროცენტიან ბარიერს, მაშინ იგი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მაგრამ თუ ამგვარი მონაცემები არ ექნება, მაშინ იტყვის, რომ „საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდა“ და არჩევნებში მონაწილეობასაც აზრი არა აქვს.
    ისიც გასაგებია, რომ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყნის ლიდერობის პრეტენზია აქვს, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება. ამას საერთოდ არმონაწილეობა სჯობს. რასაკვირველია „საარჩევნო გარემოს“ მომიზეზებით. აქვე გავითვალისწინოთ, რომ საპარლამენტო არჩევნები სხვაა და საპრეზიდენტო - სხვა. ნიძლავს ჩამოვალ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები და როგორი საარჩევნო გარემოც არ უნდა იყოს 2013 წელს, ნინო ბურჯანაძე იმ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ანუ, თუ საპარალამენტო არჩევნებში მისი პარტია ან ჩაერთვება ან არა, - საპრეზიდენტოში ბურჯანაძე ერთმნიშვნელოვნად იყრის კენჭს, რაკი ეს მისი უკანასკნელი შანსი იქნება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    26 მაისის შესახებ საუბრისას კი, „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ და „სახალხო კრების“ ფაქტორივმა ლიდერმა საოცარი რამ თქვა: „1990 წელს კომუნისტების არჩევნებში დამარცხებას წინ 9 აპრილი უძღოდაო“. ანუ სწორედ 9 აპრილმა განაპირობა იმგვარი ვითარების შექმნა ქვეყანაში, რომ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა გახდა შესაძლებელი.
    გამოდის, 9 აპრილის საბედისწერო აქცია მის ორგანიზატორებს სწორედ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ადამიანური მსხვერპლშეწირვით (ოღონდ არა საკუთარი, არამედ სხვისი!!!) მოეხერხებინათ ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ მათი ჩამოშორება. ლოგიკურად ასევე გამოდის, რომ იგივე მოტივაციის ექსტრაპოლირება სავსებით შესაძლებელია 26 მაისის აქციაზე.
    ოღონდ ეს (ვიმეორებ) შეფასებათა იმ სისტემის საკითხია, რომელსაც ქართულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონია. ამჯერად კი გვაქვს რეალობა, რომ ნინო ბურჯანაძე აღარ გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას. ადრე გამორიცხავდა, მაგრამ დღეს არა. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნამ ნინო ბურჯანაძეს წაართვა „ერთადერთი სერიოზული ალტერნეტიული საპრეზიდენტო კანდიდატის“ ხიბლი. აქ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზეა საუბარი და არა საპარლამენტოზე.
    სინამდვილეში, ბურჯანაძეს რეალურად მხოლოდ 2013 წლის არჩევნები აღელვებს - საპარლამენტო არჩევნებს კი მისთვის მეორადი მნიშვნელობა აქვს. სანამ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდებოდა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ ძალას არ ჰქონდა (ყოველ შემთხვევაში, თავად ქალბატონ ნინოს ასე მიაჩნია) იმის რესურსი და საშუალება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატისთვის რეალური, ძლიერი და ანგარიშგასაწევი ალტერნეტივა წამოეყენებინა.
    აბა ვინ უნდა ყოფილიყო? შალვა ნათელაშვილი ბურჯანაძეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი ფინანსური რესურსები იმის საშუალებას ქმნის, რომ 2013 წელს, ბურჯანაძის გარდა კიდევ სხვა სერიოზული ალტერნატივაც გამოჩნდეს. არ არის გამორიცხული კენჭი თვით ივანიშვილმაც იყაროს. ყოველ შემთხვევაში, მისი მხარდაჭერით, კოალიციის სხვა ლიდერებიც „გასერიოზულდებიან“ და შანსი გაუჩნდებათ.
    აი, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ მიზეზი იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ადრე ამბობდა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვსო - ახლა უკვე „ფიქრობს ამაზე“, თუმცა საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, რადგან, ისევ ვიმეორებ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სერიოზული რისკია: თუ 5 პროცენტიანი ბარიერი მაინც ვერ გადალახა, საპრეზიდენტო რენომესაც დაკარგავს: ერთია არჩევნების ბოიკოტი და მეორეა - დამარცხება. მერე რამდენიც არ უნდა იძახოს „გააყალბესო“ - იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში სხვა სერიოზული საპრეზიდენტო კანდიდატები მოხვდებიან, ასეთი განცხადებები უკვე აღარ იქნება დამაჯერებელი. ეს კანდიდატები რომ არ არსებობდნენ და ბიძინას მათთვის შანსი რომ არ მიეცა - სხვა საქმე იქნებოდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ აქვს კი ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკაში რეალურად დაბრუნების შანსი? „არასდროს თქვა არასდროს“ - გენიალური პრინციპია, რომელიც სრულად შეესაბამება პოლიტიკის რაობას. „გაააჩია რა შემთხვევაში“ - ესეც ძალიან ღრმა და ზუსტი გამოთქმაა ამ კონტექსტში. თუმცა ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში, მას უმძიმეს ტვირთად აწევს ერთი ისეთი გარემოება (როგორც მინიმუმ ერთი), რომელის შეცვლა აბსოლუტურად არ ძალუძს. ესაა წარსული, რომელსაც ხალხი ძნელად ივიწყებს. ნინო ბურჯანაძე არ აღიქმება „ახალ ძალად“, „ახალ ფიგურად“, რომელიც სწორედ მისი „სიახლის“ გამო შეძლებდა ალტერნატივის შექმნას: ბურჯანაძე დღევანდელი სახელისუფლებო სისტემის ერთ-ერთი შემოქმედია. აგრეთვე თანაავტორი იყო იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკისა, რომელიც 2004 წლიდან ტარდებოდა. ამდენად, „პროტესტული ამომრჩეველი“ მას ხმას არ მისცემს. განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, ვინც პოლიტიკურ სცენაზე სრულიად ახალი სახეა, ადრე არსად ჩანდა და ეს ტვირთი არ ამძიმებს იმის მიუხედავადაც კი, რომ სინამდვილეში დღევანდელი ხელისუფლების განმტკიცებაში მასაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი, სანამ ოპოზიციაში გადავიდოდა.
    მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ბიძინა „არ ჩანდა“, ნინო კი „ჩანდა“ და გვარიანადაც ჩანდა. ამიტომ, იმის მიუხედავადაც კი, რომ ივანიშვილის გუნდშიც არიან „მოყირჭებული“ და „ათას ისტორიულ შარში“ გახვეული სახეები, მასობრივი ფსიქოლოგია ალტერნატივას მათ კი არ უკავშირებს, არამედ „ახალ პოლიტიკოსს“, ესე იგი ივანიშვილს.
    აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძეს ერთადერთი შანსი მართლაც ისაა, რომ „გატეხოს“ სიტუაცია ისევე, როგორც ეროვნული მოძრაობის ძველმა ლიდერებმა მოახერხეს ეს 9 აპრილით. ანუ მოაწყოს ახალი 9 აპრილი, ხელისუფლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაამარცხოს, რის შემდეგაც თვით არჩევნებში გამარჯვება უკვე ტექნიკის საქმე იქნება, რაკი ბურჯანაძეს იმ არჩევნებში არა პროტესტული ელექტორატი, არამედ . . . . . . . დღევანდელი ხელისუფლების ამომრჩეველი მისცემს ხმას.
    აქ სწორედ ეს მომენტია ყველაზე საინტერესო: სინამდვილეში, ნინო ბურჯანაძე იბრძვის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლისთვის! ანუ იმ კატეგორიისთვის, რომელიც („სტაბილურობის“ მოთხოვნით) მუდამ ხელისუფლებას აძლევს ხმას. მაგრამ თუ ხელისუფლება აღარ იქნება (როგორც კომუნისტები ფაქტობრივად „უკვე აღარ იყვნენ“ 1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე) მაშინ ეს კატეგორია უკვე ბურჯანაძეს მისცემს ხმას, რადგან ის „ხელისუფლებაში ნამყოფია“, ანუ სახელისუფლებო ხიბლი და ძალა აქვს. სწორედ ქართული საზოგადოების ამ თავისებურებით აიხსნება „ისტორიული უცნაურობა“, რომ ჯერ 87 პროცენტით ავირჩიეთ ზვიადი, შემდეგ 95 პროცენტით - ედუარდი, მერე 96 პროცენტით - მიშა.
    არადა, ეს ციფრები ხომ უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ის ხალხი, ვინც ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა, სულ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე შევარდნაძეს ირჩევდა! რატომ? იმიტომ, რომ სიტუაცია შეიცვალა კარდინალურად! ნინო ბურჯანაძესაც ის უნდა, რომ დღეს ასევე კარდინალურად შეცვალოს სიტუაცია (არჩევნებამდე) ხოლო არჩევნები მხოლოდ ფორმალური გახდეს. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, იგი თავის „რევოლუციურ ტაქტიკას“ არ უღალატებდა, მაგრამ სერიოზული საარჩევნო ბლოკის და ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატების „საამქროს“ ჩამოყალიბებამ „დააფიქრა“. ახლაც საგონებელშია და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
    არ დაიღალა ამდენით? რა დაღლის პოლიტიკოსს, როცა საქმე ძალაუფლებას ეხება? შანსი არა აქვსო - ეს გარედან ჩანს ასე, თორემ ნამდვილ პოლიტიკოსს მუდამ მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი და ეს შანსი არასდროსაა უკანასკნელი. ასჯერ რომ დამარცხდეს, თუ საშუალება ექნება, ასმეერთედ დაიწყებს სულ თავიდან!

2012