ნუ ტირი, ბორის, საქართველო უკვე დაკარგულია

ნუ ტირი, ბორის, საქართველო უკვე დაკარგულია

           

            გუშინ, სტამბულში მოხდა მოვლენა, რომელსაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე «ათასწლეულის მნიშვნელობა» აქვს საქართველოსათვის.
            ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის» მშენებლობის თაობაზე.
            აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წინასწარი პროგნოზირებისა, თითქოს ხელი ეწერებოდა მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციას (ამ პროგნოზებით განსაკუთრებით რუსი პოლიტოლოგები ირჯებოდნენ), - სინამდვილეში შედგა «საბოლოო დოკუმენტის» პარაფირება, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის კასპიის შელფიდან «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით თურქეთის, ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანამდე.
            პერსპექტივაში გათვალისწინებულია აგრეთვე ცენტრალური აზიის კოლოსალური ენერგეტიკული მარაგის ტრანსპორტირებაც იმავე მარშრუტის ტრანსკასპიური ნავთობსადენით.
            ამით საბოლოოდ დაესვა წერტილი ხანგრძლივ დისკუსიებს, ისევე როგორც რუსეთის მცდელობას, ხელი შეეშალა «საუკუნის პროექტის» განხორციელებისათვის.
            ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერა აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა - ეს უკვე პოლიტიკური გარანტიაა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის სახელმწიფოთა და უპირველესად საქართველოსათვის.
            ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სახელმწიფოებრივი მდგრადობის უმტკიცესი საყრდენი. - ამიერიდან საქართველოში სტაბილურობით სისხლხორცეულად დაინტერესებულია არა მხოლოდ თვით საქართველო, არამედ თურქეთი და აშშ, ისევე როგორც აზერბაიჯანი, რასაც არანაკლები დატვირთვა აქვს ზოგიერთი მომენტის გათვალისწინებით.
            ეკონომიკური თვალსაზრისით მოგება კიდევ უფრო დიდია. ქართული დელეგაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დიდი ბრძოლის შედეგად მან მიაღწია საბოლოო დოკუმენტში ჩვენთვის ხელსაყრელი ფორმულირებების შეტანას.
            აქ მხოლოდ ტრანზიტის საფასურზე როდია საუბარი. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ ეს მესამეხარისხოვანი საკითხია. მთავარი ეკონომიკური მოგება გამომდინარეობს არა სატრანზიტო გადასახადიდან (თუმცა, არც ესაა მცირე თანხა), არამედ თვით მშენებლობის საჭიროებებიდან.
            სატრანზიტო თანხას საქართველო მიიღებს სადღაც 2002-2003 წლიდან, როდესაც ნავთობსადენი ამოქმედდება. სამაგიეროდ, დოკუმენტის ხელმოწერისთანავე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დაუყოვნებლივ აიღოს დიდძალი კრედიტი, ვთქვათ, მრეწველობის დასაფინანსებლად, - კერძო ბანკებიდან ნავთობსადენის გარანტიით;
            ანუ იქმნება (პირველად 92 წლიდან) მნიშვნელოვანი ფართომაშსტაბიანი შიდა ინვესტორების საშუალება. გარდა ამისა, დიდი ნავთობსადენი ნიშნავს ათეულობით ათას სამუშაო ადგილს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, პორტებისა და რკინიგზის სრულ დატვირთვას. საქართველოში ათასობით უცხოელის ჩამოსვლას, თითოეული მათგანი ხომ წლის განმავლობაში ათეულობით ათას დოლარს დახარჯავს სასტუმროებში, კვებაში, ტელეფონში, ტრანსპორტში და ა.შ.
            ამრიგად, საქართველოსთვის ამ პროექტს მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ბაქო-ჯეიჰანის პროექტს მოსდევს აგრეთვე «დიდი გაზსადენის» პროექტი. მას უკვე არა საუკუნის, არამედ ათასწლეულის პროექტს უწოდებენ.
            გათვალისწინებულია კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისათვის აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში.
            თუმცა, ხელშეკრულება ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის: აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, საერთო ეთნიკური ფესვების მიუხედავად, ერთმანეთს კვლავ მტრობენ.
            აზერბაიჯანს სურს საკუთარი გაზის ტრანსპორტირება თურქეთში იმავე გაზსადენით. თურქმენეთი ჯერჯერობით ამაზე არ თანხმდება. კომპრომისი საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გამოიძებნება. უახლოეს მომავალში აღდგება საქართველოსა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გაზსადენი, შემდგომ აშენდება მცირე მონაკვეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიის გაზსადენ ინფრასტრუქტურას დააკავშირებს თურქეთის გაზსადენ ქსელთან.
            ამრიგად, შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში - საქართველოს გავლით. უფრო მეტიც, რუსული «გაზპრომიც» გამოთქვამს სურვილს იმავე გაზსადენით გაყიდოს რუსული გაზი «თურქეთში საქართველოს გავლით».
            სწორედ ამიტომ არ შეგვიწყვიტა რემ ვიახირევმა ბუნებრივი აირის მოწოდება, მიუხედავად დიდი დავალიანებისა და მიუხედავად კრემლის ზეწოლისა, რომელსაც სურდა საქართველო დაესაჯა ჩეჩნეთის საკითხში დაკავებული პოზიციისათვის;
            მაგრამ «პატარა გაზის დიდმა მეფემ», რუსმა მილიარდერმა, რემ ვიახირევმა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა არჩია და ქართული გაზსადენის მეშვოებით თურქეთში გაზის დაუყოვნებელი გაყიდვის პერსპექტივაც შეინარჩუნა.

7 დღე, 22 ნოემბერი, 1999 წელი