ომი საქართველოში ჯერ არ დამთავრებულა

ომი საქართველოში ჯერ არ დამთავრებულა


       საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დარჩა. კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნები უნდა დაინიშნოს შუალედში სექტემბრიდან - ნოემბრამდე. ეს საპარლამენტო უმრავლესობის პრეროგატივაა, რომელიც მას არც თუ მცირე უპირატესობას (პოლიტიკურ ფორას) ანიჭებს. საქართველოს ელექტორალური თავისებურებებიდან გამომდინარე, არჩევნების თარიღს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქართული ელექტორატის განწყობა ლაბილურია. იგი ხშირად იცვლება გარემო პირობათა შესაბამისად.
    მაგალითად, გაზაფხულის «მშიერ» თვეებში, ნაზამთრევს, როდესაც ჯერ კიდევ მწვავეა მოგონება ენერგოკრიზისზე, არჩევანი სხვაგვარი იქნება, ვიდრე შემოდგომის «მაძღარ» და თბილ დღეებში, თუმცა, შემოდგომასაც ახასიათებს გარკვეული ელექტორალური ამპლიტუდა, - მაგალითად, ქართული პოლიტოკრატია, მიზეზთა გამო, ყოველთვის მხარს უჭერდა არჩევნების გამართვას გვიან (და არა ადრე) შემოდგომაზე, მაგრამ არა უგვიანეს ნოემბრის შუა რიცხვებისა.
    ალბათ მომავალი საპარლამენტო მარათონის ფინიშიც სადღაც ნოემბრისთვის გაიმართება; გიორგობისთვის ბოლოს კი მთაში გზები იკეტება და არჩევნების ჩატარება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, რასაც ხელისუფლება ძნელად თუ დაუშვებს.
    ამრიგად, პოლიტიკურმა პროცესმა ერთწლიანი პერიოდის «სტარტი» უკვე გადაკვეთა და სულ უფრო მზარდი ენერგიით უახლოვდება ფინიშს. ნებისმიერი მოვლენა დღეიდან - 1999 წლის ოქტომბერ-ნოემბრამდე, თვით «უკანასკნელ» გადამწყვეტ დღემდე, მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პრიზმაში განიხილება, - განურჩევლად იმისა, შინაარსობლივად რა მოვლენასთან ექნება პოლიტიკოსებს საქმე - ლარის კურსის რხევასთან თუ გახმაურებულ კიდნეპინგთან, რაიმე სასაზღვრო ინციდენტთან, რომელიმე რეგიონში ვითარების გართულებასთან თუ ენერგეტიკულ ავარიასთან ან თითქოს უმნიშვნელო კრიმინალურ ინციდენტთან.
    პოლიტიკური ძალები ფინიშისაკენ დაიძრნენ; «ფალსტარტი» უკვე აღარ იქნება, - «უკანასკნელი გასროლის» ფუნქცია 15 ნოემბრის არჩევნებმა შეასრულა. ელექტორატიც თანდათანობით გამოდის «მაყურებლის» მდგომარეობიდან და არა მხოლოდ ინტერესით ადევნებს თვალყურს დაძაბულ დოღს, არამედ თავადაც მონაწილეობს რბოლაში, რისი პირველი ნიშანიცაა თბილისსა და ქუთაისში გამართული აქციები «სოციალური მოთხოვნებით».
    ეს პროცესები გამწვავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. იწყება ომი, ნამდვილი ომი, ოღონდ, ჯერჯრეობით «ცივი ომი», რომელიც შიგდაშიგ სროლაშიც შეიძლება გადაიზარდოს საქართველოს ჩვეულებისამებრ.
    ჩვენს ქვეყანაში ტარდება არა არჩევნები (ევროპული გაგებით), არამედ შემოდგომაზე შედგება სამოქალაქო ომის მორიგი აქტი! ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. მხოლოდ ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში როდია საქმე, რომელიც ნებისმიერ პიროვნულ დამარცხებას საშვილიშვილო ტრაგედიად აღიქვამს, არამედ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ პრობლემათა არსში;
    რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, 1988 წლიდან - დღემდე, მიუხედავად კონსტიტუციის მიღებისა, საქართველოში არ შემდგარა «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება», ანუ ქართულმა საზოგადოებამ ჯერაც ვერ მოილაპარაკა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა საგარეო და შიდა პოლიტიკური ორიენტაცია; სოციალური შინაარსი; ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა; ხელისუფლების სტრუქტურა; ყოფილ ავტონომიათა სტატუსი და ა.შ.
    არადა, ვერ დამისახელებთ ნორმალურ (ევროპულ) სახელწმიფოს, სადაც ამ პრობლემებზე ვინმე კამათობდეს. მაგალითად, დანიაში «მემარჯვენეთა და მემარცხენეთა» ცვალებადობა სახელისუფლებო საჭესთან სრულებით არ ეხება სახელმწიფოს სოციალურ შინაარსს. მით უმეტეს არავინ კამათობს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა თუ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობაზე. ეს საკითხები იქ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია. გადაწყვეტილია არა კონსტიტუციით, არამედ «საზოგადოებრივი შეთანხმებით», რომელმაც მხოლოდ გამოხატულება ჰპოვა ქვეყნის ძირითად კანონში.
    1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას კი დღემდე აკლია ფუნდამენტური მნიშვნელობის თავი «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული» მოწყობის შესახებ. თანაც, არა იმიტომ, რომ «სეპარატისტებთან ვერ მოვილაპარაკეთ ამის შესახებ», არამედ სხვა მიზეზით, - ამაზე თვით ქართული საზოგადოებაც ვერ შეთანხმებულა.
    სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები საქართველოში ისევ «თვისებრივი არჩევანი» იქნება ანუ პოლიტიკური ელიტა ისევ დააყენებს უბედურ, მრავალტანჯულ ერს ფუნდამენტური არჩევანის წინაშე: «ჩრდილოური ორეინტაცია», «ნატო» თუ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა»; «ამერიკა» თუ «რუსეთი»; «სახელმწიფო რეგულირება» თუ «საბაზრო ეკონომიკა (მიუხედავად მავანთა დემაგოგიისა, ეს ორი ცნება აბსოლუტურად შეუთავსებელია - ბაზარი თავად არის რეგულატორი), «უნიტარიზმი» თუ «ფედერალიზმი»; «საპრეზიდენტო რესპუბლიკა» თუ «საპარლამენტო რესპუბლიკა» და ა.შ. და ა.შ.
    აქედან გამომდინარეობს მძიმე დასკვნა, რომელიც მკითხველთა დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება, მაგრამ სულ მალე დავრწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა: 1999 წლის შემოდგომისთვის საქართველო კიდევ ერთხელ დადგება სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები, მათი მნიშვნელობის გამო, არჩევნებით არ წყდება. ასეთი საკითხები ყოველთვის, ყველა ქვეყანაში გადაწყვეტილია მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ომის ან (და) რევოლუციის შედეგად.
    იგივე შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: ფაქტობრივად (რაკი ისინი გადაუწყვეტელია), საქართველოში სამოქალაქო ომი არც დამთავრებულა. 1992-1993 წლების მოვლენებიმ ხოლოდ ეპიზოდი იყო ამ ომისა. სამოქალაქო ომი დაიწყო 1988-1989 წლიდან, ეროვნული მოძრაობის გაშლიდან და გრძელდება დღემდე. მას რამდენიმე კულმინაცია («პიკი») ჰქონდა - 9 აპრილის ტრაგედია; 28 ოქტომბრის არჩევნები; 26 მაისის არჩევნები; დეკემბერ-იანვრის გადატრიალება, 27 სექტემბერი, 29 აგვისტო, 5 ნოემბრის არჩევნები, 9 თებერვალი . . . ეს რიგი არ დასრულებულა, მომავალი არჩევნები, მხოლოდ მორიგ თარიღს დაასახელებს, მაგრამ სამოქალაქო ომს წერტილს ვერ დაუსვამს - იგი კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან (ვიმეორებ) ასეთი მნიშვნელობის საკითხები, რომლებზეც ქართულმა საზოაგდოებამ ვერა და ვერ მოილაპარაკა (ანუ ვერ შედგა «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება») არჩევნებით ვერ გადაწყდება ისინი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მეომარი მხარის საბოლოო გასრესითა და განადგურებით.
    და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სჯობდა 1989 წლიდან «ეროვნული მოძრაობა» საერთოდ არ წამოგვეწყო, სამოქალაქო ომს მაინც ავიცილებდით თავიდან.
    რა თქმა უნდა, ყველა ეპიზოდში (9 აპრილიდან - 9 თებერვლამდე) სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ ძალას თუ ფიგურას განსხვავებული, უმრავლეს შემთვხევაში, მერკანტილური მოტივაცია ჰქონდა; მაგალითად, 9 აპრილის ორგანიზატორს (პიროვნულად) სურდა დაეჯაბნა «ნოემბრის აქციის» ორგანიზატორი; დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ინიციატორებს (ასევე პიროვნულად) ზვიად გამსახურდიასადმი ანგარიშსწორების სურვილი და წყენა ამოძრავებდათ; 29 აგვისტოს ტერაქტი განპირობებული იყო «ძმაკაცი მხედრიონელების» გათავისუფლების სურვილით; ისევე როგორც 9 თებერვლის თავდასხმა, - «ნათესავი ზვიადისტების» ციხეებიდან გამოშვების განზრახვით.
    მაგრამ ეს მოტივაცია ვერაფერს გახდებოდა, რომ არა სამოქალაქო ომის მდგომარეობა ქვეყანაში.
    საზარელია, მაგრამ სამოქალაქო ომი, როგორც ჩანს, პერმანენტულია საქართველოში. იგი ძნელად თუ ჩაქრება ბოლომდე - მხოლოდ «ჩანავლდება», მაგრამ ნაცარწაყრილი მეტ მხურვალებას შეიძენს.

7 დღე, 21 დეკემბერი, 1998 წ.