ოთანაძე-კრიალაშვილის პირველი ამბოხი

ოთანაძე-კრიალაშვილის პირველი ამბოხი

«ნეტავ რა იყო ეს?»
       

        ცნობილი მარქსისტული სენტენციის შესაბამისად, «ისტორია პირველად შედგება, როგორც ტრაგედია, ხოლო შემდეგ მეორდება, როგორც ფარსი». იმედი ვიქონიოთ, ეს მარქსისტული დებულება მაინც აღმოჩნდება ჭეშმარიტი და «განმეორება», ამჯერად, ფარსის ფარგლებს არ გასცდება.
        თუმცა მემკვიდრეობითობა აქ ძალზე ადვილად შესამჩნევი და ნიშანდობლივია.
        გარდა ამისა, საქართველოს იმდენად «შარიან» გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე უხდება არსებობა (ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ), რომ ნებისმიერი რეზონანსული მოვლენა უეჭველად ისეთ შეკითხვებს ბადებს, რომელთა პასუხები ნამდვილად სცილდება პოლკოვნი ოთანაძისა და პოლკოვნიკ კრიალაშვილის ყოფით პრობლემებს.
        იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს «ყოფითი» ვერსია არის მტკნარი სისულელე, თუმცა თავდაპირველად ხსენებული «რეზონანსულობის» შესახებ: პარასკევ,ს მთელი დღის განმავლობაში, ამერიკული CNN იერუსალიმში მომხდარი ტრაგედიით იყო დაკავებული, სადაც (თითქოს ებრაელებს ისლამისტ ფანატიკოსთა ტერაქტები არ ეყოფოდათ) ქორწილის დროს იატაკი ჩაინგრა წვეულებათა სასახლეში და ასობით ადამიანი ჩაიტანა თან - მათგან ოცდახუთი დაიღუპა.
        ამ ტრაგედიის მიუხედავად, CNN-მაც და სხვა გლობალურმა ტელეკომპანიებმაც (აღარაფერს ვამბობ ინტერნეტ-გამოცემებზე) თბილისთან მიმდინარე პროცესებს საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქციეს. მათი ვერსიით, ეს იყო «ეროვნული გვარდიის ელიტარულ ქვედანაყოფთა გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ». ანუ მოვლენები მიმდინარეობდა მათთვის კარგად ცნობილი სცენარებით, რაც წელიწადში რამდენჯერმე ხდება «ბანანის რესპუბლიკებში», მაგრამ სხვაობა გაჩნდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პირადად (მხოლოდ დაცვის ოფიცრების თანხლებით) ეწვია «მეამბოხეთა» ბაზას და უშუალოდ გამართა მოლაპარაკება პუტჩისტებთან. ეს მართლაც უჩვეულო იყო და ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთ უძლიერეს სვლად ჩაითვალოს.
        სხვათა შორის, დაუყოვნებლივ (ამას ვერ გავექცევით) ჩნდება ანალოგიები 1991 წლის სექტემბერთან, როდესაც «გენერალსიმუს» კიტოვანის მეთაურობით «ეროვნული გვარდია» რკონში გაიჭრა. ზვიად გამსახურდიას აზრადაც არ მოსვლია, დაცვასთან ერთად იქ მისულიყო მოლაპარაკებათა გასამართავად. დარწმუნებული ვარ, რომც მისულიყო, უკან უვნებლად გამობრუნდებოდა, თუმცა კი, მოლაპარაკება კიტოვანთან უშედეგოდ დასრულდებოდა, მაგრამ ასეთი ნაბიჯით პრეზიდენტი იმთავითვე მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
        ზვიად გამსახურდიას ასეთი რამ აზრადაც არ მოუვიდოდა - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი ობიექტური ისტორიული და გეოპოლიტიკური «კომბინაციის» დროს პიროვნულ თვისებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - მით უმეტეს, ისეთი ეთნოფსიქოლოგიის საზოგადოებაში, რომელიც ლიდერისაგან პიროვნული უშიშროების დემონსტრირებას მოითხოვს.
        განურჩევლად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომში (იმედი ვიქონიოთ, ინციდენტი საბოლოოდ ამოიწურა) - მუხროვანის ბაზაზე მისვლით ედუარდ შევარდნაძემ ინიციატივა წაართვა მეამბოხეებს და ამიერიდან უკვე თვითონ მართავს ვითარებას - მოვლენათა ნებისმიერი შემდგომი გაგრძელების შემთხვევაშიც, ეს ფაქტორი ძალუმად იმუშავებს.
        რასაკვირველია, განყენებული მსჯელობისას შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ თავმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა მიდიოდეს მოსალაპარაკებლად მეამბოხეებთან, რომლებმაც დაარღვიეს სამხედრო ფიცი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს - ნორმალურ საზოგადოებაში და ცივილიზებულ ქვეყანაში.
        ისეთ ქვეყანაში და ისეთ საზოგადოებაში კი, როგორიც საქართველოა, ნორმალური მიმართებები არ მუშაობს.
        და საერთოდ, რა დროს სახელმწიფოს პრესტიჟია, როდესაც თვით სახელმწიფოს არსებობა იწვევს ეჭვს?
        რაც შეეხება მოვლენათა მდინარებას, ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსიების შეჯერებით შეიძლება ასეთი ალგორითმი აღიწეროს: პარასკევს, დილის 7 საათზე, ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ბატალიონი, კობა ოთანაძის ხელმძღვანელობით, მოულოდნელად მოხსნა ნორიოს საწვრთნელი პოლიგონიდან, სადაც სამხედრო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას და შინაგანი ჯარების მუხროვანის ბაზისაკენ გაემართა.
        აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დეტალი: «ეროვნული გვარდია» არ არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივი ქვედანაყოფი. ოღონდ, რასაკვირველია, აქ არაჩვეულებრივი ბრძოლისუნარიანობა, სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გაწვრთნილობის არაჩვეულებრივად მაღალი დონე ნამდვილად არ იგულისხმება. 1991-93 წლებში «ეროვნულმა გვარდიამ» განსაკუთრებული როლი შეასრულა და ძალთა იმდროინდელი ბალანსის მემკვიდრეობად შემორჩა ერთგვარად «ავტონომიური სტატუსი» შეიარაღებულ ძალებში: «გვარდია» თითქოს შედის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, მაგრამ უშუალოდ მაინც არ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს - საერთოდ, განურჩევლად სტრუქტურული სუბორდინაციისა, არაფორმალურ მიმართებებს (მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება შეიარაღებულ ძალებს) დიდი მნიშვნელობა აქვს.
        «განსაკუთრებული სტატუსი» აქ უეჭველად დიდმნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა. შემთხვევითი არ არის, თუ სწორედ ეს შენაერთი მონაწილეობდა აღსაწერ სამხედრო ავანტიურაში და არა რომელიმე სხვა, მიუხედავად იმისა, რომ, თუ საუბარია ეკონომიკურ და სოციალურ გაჭირვებაზე, ყველას თითქმის ერთნაირად უჭირს. მეტიც - სხვა შენაერთები, ამ თვალსაზრისით, უარეს მდგომარეობაშიც იმყოფებიან, ვიდრე «გვარდია».
        რაც შეეხება შენაერთის ხელმძღვანელებს, კობა ოთანაძეცა და გია კრიალაშვილიც 1989-90 წლებში «მოძრაობის» წიაღიდან გამოსული არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების «ძველი» წევრები არიან. საინტერესოა, ამ თვალსაზრისით, «თეთრი გიორგის» სახელწოდების გაჟღერებაც. ბევრს შესაძლოა არ ახსოვს: «თეთრი გიორგი» ეწოდებოდა ეგრეთ წოდებულ «მხედრიონისაგან» გამოყოფილ ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წლის ზაფხულიდან გაემიჯნა ჯაბა იოსელიანს (აქაოდა, გურამ მგელაძის ბრძანებით, ქუჩების პატრულირებას გვავალებსო) და ზვიად გამსახურდიას დაუჭირა მხარი.
        შემდგომ იყო «თბილისის ომი», ომი აფხაზეთში, ერთი სიტყვით, «გვარდიას» განსაკუთრებული დამსახურების კომპლექსი შეიძლება არც ჰქონოდა, მაგრამ, რაკი დღევანდელი სახელმწიფოს სათავეებთან იდგნენ, შესაძლოა, «განსაკუთრებული ამბიციაც» კი გასჩენოდათ მის მესვეურებს.
        ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს შევარდნაძის მანევრულობას, მან 1994 წლიდან მოახდინა შეიარაღებულ ძალთა მაქსიმალური დივერსიფიცირება - საქართველოში სხვაგვარად არ შეიძლება: არსებობს რამდენიმე სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირება როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ უშიროების სისტემაში, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმები და ასე შემდეგ. ისინი ერთმანეთს «აწონასწორებენ», რაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
        1991 წელს ამგვარი დივერსიფიცირება რომ არსებულიყო, შესაძლოა, არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ან, ყოველ შემთხვევაში, არა იმ ფორმით. ან პირიქით, უფრო მასშტაბური სისხლისღვრაც ყოფილიყო.
        ასე თუ ისე, «მუხროვანის პუტჩის» მონაწილეები კიდევ იმანაც შეაკავა, რომ მათ შესანიშნავად იცოდნენ: «იოლად» და «ადვილად» ვერ გაისეირნებდნენ. თბილისისაკენ და, ვითარების გართულების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ძალა მეორე მხარესაც მოიძებნებოდა. ეს ნამდვილად იქნებოდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა «საოცარი ტრანსფორმირება» აშკარად პოლიტიკური მოთხოვნებისა - მხოლოდ «სოციალურ მოთხოვნებში» და რატომ არ გართულდა მდგომარეობა.
        თავდაპირველად, მართლაც, მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნები გაისმოდა, ხოლო სოციალური პირობები სახელდებოდა ძირითად მოტივად, რამაც «აიძულა» სამხედრო მოსამსახურეები, ხმა ამ ფორმით აღემაღლებინათ. პოლიტიკური მოთხოვნა ითვალისწინებდა რიგგარეშე არჩევნების ორგანიზებას, რაც ეხმიანება ოპოზიციის რადიკალურ იფრთის მოთხოვნებს.
        რას ნიშნავს ასეთ შემთხვევაში «რიგგარეშე არჩევნები?» - ეს იგივე სახელმწიფო გადატრიალებაა, ვინაიდან სამხედრო ძალდატანებით დანიშნული არჩევნების ლეგიტიმურობა იმთავითვე კლებულობს - განურჩევლად არჩევნების შინაარსისა, მათი ფორმის და შედეგისა.
        შემდგომ, დღის მეორე ნახევარში ტონალობა აშკარად შეიცვალა და პრიორიტეტულად სოციალური პრობლემები დასახელდა. რატომღაც უკვე აღარავინ აქცევდა ყურადღებას მეტად საინტერესო ფრაზებს, რაც მთელი დღის განმავლობაში ჟღერდა: კერძოდ, იმის შესახებ, რომ «უშიშროება ავიწროვებს გვარდიას, ნაომარ ბიჭებს, სამშობლოსთვის დამაშვრალ მეომრებს» ან «არ შეიძლება ყველაფერი მიიღოს ერთმა სამხედრო შენაერთმა, ხოლო მეორემ- არაფერი» და ასე შემდეგ.
        ანუ, ისევ და ისევ მივდივართ მთავარ საკითხამდე: რა ამოძრავებდათ გვარდიის ამ შენაერთის მესვეურებს? შეუძლებელია, მათ არ სცოდნოდათ, რა რეაქციას გამოიწვევდა მათი ნაბიჯი საქართველოშიც და მსოფლიოშიც.
        მეტისმეტად პრიმიტიულია აზრი, რომ «ოთანაძე და კრიალაშვილი» გრუ-ს აგენტები არიან ისევე, როგორც არანაკლებ პრიმიტიული იყო აზრი თავის დროზე კიტოვანის, სიგუასა და იოსელიანის «აგენტობის» შესახებ.
        სინამდვილეში, ბევრად უფრო რთულ მოვლენასთან გვქონდა საქმე მაშინაც და ამჟამადაც. რუსული სპეცსამსახურები, კი (ისევე, როგორც სპეცსამსახურები ზოგადად - ეს მათი თვისებაა) ასეთ მარტივ ტექნოლოგიას არასდროს იყენებენ, რომელთა განვითარება ბუნებრივად იწვევს კონკრეტულ შედეგს.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, სპეცსამსახურები, შესაძლოა, ვითარებას ძაბავდნენ, ცნობიერ ფონს ამძაფრებდნენ, შეუმჩნეველ «კვანძებს კრავდნენ», რომელთა ერთობლიობა (რაოდენობის - თვისებრიობაში გადასვლის» კანონის შესაბამისად), ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევს აფეთქებას.
        სპეცსამსახურთა მოქმედების კვალი უფრო იმ ისტერიული ატმოსფეროს შექმნაში უნდა ვეძიოთ (იგი მთლიანად პოლიტიკურ პარტიათა «შემოქმედების» შედეგია), რომელიც მიზანმიმართულად იქმნებოდა თვეების განმავლობაში და არა სამხედროთა დემარშში. თუმცა, უკლებლივ ყველა შეიარაღებულ შენაერთში იმავე რუსეთს, რასაკვირველია, ეყოლებოდა «ინფორმატორები», რომლებიც უკვე აგორებული ტალღის შემდგომ «საჭირო მიმართულებით» კორექტირებას შეეცდებოდნენ - ზუსტად ისე, როგორც ათი წლის წინათ.
        ამრიგად, ძირითადი მოტივი აქ კონკრეტულად ამ შენაერთის მმართველი ელიტის (ოთანაძე, კრიალაშვილი და სხვები) პიროვნულ მოტივებში უნდა ვეძიოთ - რა მოტივი იყო ეს, სხვა საკითხია.
        არ არის გამორიცხული, ყოფილიყო პიროვნული ამბიცია, რომელიც გამოიწვია (ვთქვათ) სუბორდინაციისა და «იერარქიული სამართლიანობის» პრინციპთა დარღვევამ მატერიალური რესურსების განაწილებისას. «ეროვნული გვარდიის» ამ ქვედანაყოფის მეთაურებს შეიძლებოდა მოჩვენებოდათ, რომ სხვას უსამართლოდ აწინაურებენ, ან «უფრო უკეთ უზრუნველყოფენ», - სხვა შენაერთებს მეტ ყურადღებას აქცევენ. არ არის გამორიცხული, მათი ეს «შთაბეჭდილება» სავსებით რეალურიც ყოფილიყო, ანუ აქ, ისევ და ისევ ქართული ამბიციის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე - «უჩემოდ ვით იმღერითა»...
        მეორე მოტივი, შესაძლოა ყოფილიყო პრობლემები სამართლისდამცველ ორგანოებთან. ოღონდ არ არის აუცილებელი, ეს პრობლემები ჰქონდათ მაინცდამაინც პირადად ოთანაძესა და კრიალაშვილს. მიაქციეთ ყურადღება მათ სიტყვებს: «უშიშროების სამინისტროს მხრიდან დევნისა და თვალთვალის» შესახებ. თუ «დევნაში» იგულისხმება ვინმეს დაპატიმრება - ეს გახმაურდებოდა. რაც შეეხება «თვალთვალს» - გასაგებია, რომ სამხედრო კაცი (მისი მეტალიტეტიდან გამომდინარე) ყოველთვის ზიზღით უყურებს სპეცსამსახურებს, თუმცა, 1991 წლის სურათები მახსენდება - სსრკ თავდაცვის მინისტრი იაზოვი და კრიუჩკოვი რომ ერთად ისხდნენ ხოლმე მუდმივად უმაღლესი საბჭოს სესიებზე, როდესაც მათ სახელმწიფოს განადგურება ემუქრებოდა.
        ამ თვალსაზრისით, დიმიტრი ტიმოფეევიჩ იაზოვი, რბილად თუ ვიტყვით, არანაკლები «სამხედრ ო» იყო, ვიდრე ეს ჩვენი ვაჟკაცი პოლკოვნიკები და, ალბათ, გულის სიღრმეში არანაკლებ სძულდა კგბ. იაზოვი ხომ სამხედრო შენაერთის ტერიტორიაზე დაიბადა და «პოლკის შვილად» გაიზარდა - აბა, მასზე მეტად «მენტალიტეტით სამხედრო» ვინ შეიძლება ყოფილიყო?
        მაგრამ ეს მენტალიტეტი და განწყობა კატეგორიულად განსხვავდება იმ «ძველებური მენტალიტეტისაგან», რომელიც 1991 წელს გამოვლინდა საქართველოში - იმდროინდელ «მილიციასთან» დაკავშირებით. «გვარდიელებს» მაშინ, ასე ვთქვათ, «ეგრეხებოდათ» მილიციასთან ურთიერთობა და ეს მაშინ, როდესაც იმდროინდელ «გვარდიაში» ყოველი მეორე თუ არა, მესამე, მართლაც, გრუ-ს ინფორმატორი, სტუკაჩი და სექსოტი იყო.
        აბა, თუ უშიშროებამ სამხედრო ნაწილებში არ იმუშავა, ასეთი უშიშროება ვის რაში სჭირდება? რას ჰქვია «გაღიზიანებს»? უშიშროება იმის უშიშროებაა, რომ დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდეს სამხედრო ნაწილებში მიმდინარე პროცესებისა და შესაბამის განწყობილებათა შესახებ. ანუ, ესეც მხოლოდ საბაბია და სხვა არაფერი.
        საბოლოოდ მაინც ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნამდვილი მოტივი არ გახმაურებულა - არ გახმაურებულა თვით პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროსაც კი, რაკი მეამბოხეებმა დაინახე,ს რომ მათ დემარშს სხვა სამხედრო ნაწილებში ისეთი რეაქცია არ მოჰყოლია, როგორსაც მოელოდნენ.
        შესაძლოა, იყო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა, არ ყოფილა ლოკალური მოვლენა. მას შეიძლებოდა რთული გაგრძელებაც ჰქონოდა, ვინაიდან პირადი მოტივი ძალიან ხშირად ინიღბება სხვადასხვა «საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი» მიზეზით.
        საქმეც სწორედ ის არის, რომ ედუარდ შევარდნაძემ არ მისცა საშუალება «ქვემოტივების» მატარებელი ნებისმიერი არგუმენტი გამოეყენებინათ თავიანთი ავანტიურის გასამართლებლად.ც

დილის გაზეთი, 28 მაისი, 2001 წელი