ოლიმპიური სოფელი

ოლიმპიური სოფელი

    ინგლისმა და მისმა დედაქალაქმა როგორც იქნა უმასპინძლეს მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ინგლისელები ამ მხრივ ცოტა არ იყოს დაგვეჩაგრენ ბოლო 50 წლის განმავლობაში. სპორტის სათამაშო სახეობათა უმრავლესობა სწორედ ანგლოსაქსებმა მოიგონეს, მაგრამ სად აღარ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატები და ოლიმპიადები - ინგლისის გარდა. ეს კი არა, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატიც კი დაამადლეს ამ გენიალური თამაშის გამომგონებლებს და იმათ მისცეს, ვინც მეტი ფული გადაუხადა „FIFA“ - ს ჩინოსნებს.
    ამდენად, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდა. წინა ოლიმპიადა პეკინში ჩატარდა და რუსეთ-საქართველოს ომმა ჩაგვიშხამა ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც. ამდენად, ბევრ ჩვენგანს არც თავი ჰქონდა მაშინ, არც დრო და საშუალება, შეეფასებინა, რამდენად არაჩვეულებრივი იყო პეკინის ოლიმპიადის გახსნა. ასეთი გრანდიოზულობა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის შემდეგ არ მახსოვს და არც მხატვრული თვალსაზრისით დაიწუნებოდა. თუმცა, ტოტალიტარულ რეჟიმებს ყოველთვის მეტი შესაძლებლობა აქვთ გრანდიოზული სანახაობების დადგმისა. რაც უფრო თვალწარმტაცია სანახაობა, - მით უფრო მკაცრია რეჟიმი და პირიქით. ჩრდილო კორეაში რომ მასობრივ სანახაობებს დგამენ - არათუ თანამედროვე ჩინეთს, საბჭოთა კავშირსაც არ დაესიზმრება.
    ლონდონის ოლიპმიური თამაშების გახსნა, რა თქმა უნდა ბევრად უფრო მოკრძალებული იყო, მაგრამ მაინც უკეთესი და ბევრად უფრო აზრიანი, ვინაიდან ოსკაროსანმა რეჟისორმა დენიელ ბოილმა მოახერხა აქცენტის არა მასშტაბურობაზე, არამედ ღირებულებებზე დასმა. „საწყისი“ - ასეთი გამოდგა ამ შესანიშნავი სანახაობის სლოგანი: დაწყებული მდინარე თემზას სათავეებიდან და უძველესი სოფლის სანახებიდან - დამთავრებული მე-19 საუკუნის ინდუსტრიული რევოლიუცით, მერი პოპინსითა და ჰარი პოტერით, აგრეთვე სერ პოლ მაკკარტნის უკვდავი შედევრით Hey jood და Pink Floyd-ის მართლაც უჭკნობი მუსიკით.
    ინგლისელები თითქოს მთელ მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც დღვანდელი კაცობრიობა იზიარებს, სწორედ მათი შექმნილია და დამკვიდრებული. ანუ საწყისი ინგლისშია და ამას ვერავინ უარყოფს.
    უცნაურია, რომ ჩვენი ოლიმპიური დელეგაცია გახსნის ცერემონიაზე შემცირებული შემადგენლობით გამოვიდა. „მოჭიდავეები ჯერ არ არიან ჩამოსულიო“. გაუგებარია, აბა სად არიან? სხვათა შორის, ოლიმპიური დელეგაციის მრავალრიცხოვნება ერთ-ერთი ის პრესტიჟული ასპექტია, რომელსაც ოფიციალურად, რასაკვირველია, არავინ აღნუსხავს, მაგრამ მაინც მუდამ ყურადღებას იპყრობს. ისევე, როგორც, მაგალითად ოლიმპიური ოქროს მედლების სიმრავლე. ოფიციალურად თითქოს არავინ თვლის, რომელმა ქვეყანამ რამდენი ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მაგრამ არაოფიციალურად ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და „ოლიმპიური პრინციპების“ პოლიტკორექტული გაგების მომხრეებმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, თითქოს ამას არა აქვს მნიშვნელობა, - სინამდვილეში ოლიმპიადები სწორედ ნაციონალიზმის ეპოქაში აღორძინდნენ, რაკი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების დამკვიდრებას უწყობდნენ ხელს. წინააღმდეგ შემთვევაში, ფრანგი მეოცნებე ბარონ დე კუბერტენის იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა. ჰოდა მაინც რატომ უნდა გამოსულიყო ქართული დელეგაცია ასეთი შემცირებული შემადგენლობით? არავინ ითხოვს, რომ ამერიკის, რუსეთის ან გერმანიასავით მთელი „დივიზიები“ გამოგვეყვანა - სტადიონზე რომ ვერარ ეტეოდნენ. ამის საშუალება უბრალოდ არა გვაქვს სპორტსმენების რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ მოჭიდავეები „ჯერ არ არიან ჩამოსულიო“ მართლა ცოტა უცნაურად ჟღერს. ვიმეორებ კითხვას: აბა სად იყვნენ და უფრო მნიშვნელოვანს რას აკეთებდნენ?
    დიდი ბრიტანეთის დედოფალი და ჯეიმს ბონდ-დენიელ კრეიგი ერთად „გადმოხტნენ“ ვერტმფრენიდან. ელისაბედ მეორე ამ სცენის შემდეგ ამაყად ადგა და ასეთი „შეხუმრება“ არც შეუმნევია. ხელიც არ დაუქნევია სტადიოზე შეკრებული „ხალხისთვის!“. საერთოდ ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ამ ქალბატონის უნარი, უდიდესი ღირსება და სიამაყე შეინარჩუნოს თვით ყველაზე სკანდალურ და მას-კულტურულ სიტუაციებშიც კი, როდესაც ბრბოს ერი სული აქვს იგი ჩაწიხლოს ან ირონიული დამოკიდებულებით შეურაცხყოს. თუმცა კბილები ემტვრევათ ყოველთვის. კი ბატონო, გადმოახტუნეს ვერტმფრენიდან, მაგრამ ისე ადგა სამეფო ლოჟაში და ისე ამაყად დადგა, რომ მის ღირსებას ერთი მისხალიც არ შეხებია.
    აქვე: ამ ჩვენი ცოდვით სავსე „საზოგადოებრივმა მაოწუებელმა“ სად იპოვა ისეთი კომენტატორი, რომელმაც არ იცის, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი „მისი უდიდებულესობაა“ (Majesty) და არა „აღმატებულება“ (Highness)?!
    ოლიმპიადა არა მხოლოდ დიდი სპორტული ზეიმი, არამედ დიდი პოლიტიკაა. პუტინის რუსეთი საკუტარ თავს არ ღალატობს და პატარ-პატარა პროვოკაციებით დიდი სკანდალის პროვოცირებას ცდილობს: ჩვენ რომ აღშფოთებულნი ვართ, აფხაზი და ოსი სპორტსმენების დაბადების ადგილი (ანუ აფხაზეთი და ცხინვალი) რუსეთად გამოაცხადესო, უკრაინას უარესი უქნეს: ეთნიკური უკრაინელი სპორტსმენის დაბადების ადგილად „უკრაინის რეგიონი“ მიუთითეს. ახლა აპროტესტონ უკრაინელებმა რამდენიც უნდათ, ეს ხომ საიტზე გამოქვეყნდა და თავისი საქმე უკვე გააკეთა?!
    თუმცა დავანებოთ თავი ასეთ თიქოსდა წვრილმანებს. საქართველომ უკვე დაამყარა რეკორდი ოლიმპიური ოქროს მედლებისათვის დაპირებული ჰონორარის ოდენობით: მილიონ 200 ათასი!!!. შედარებისათვის: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმანია!!!) ოქროს მედლებისათვის თავის ათლეტებს სულ 18 ათას დოლარს პირდება. ამაზეც წუწუნებენ: „მეტისმეტად ბევრიაო“. თუმცა, სად ჩვენ და სად გერმანია? გასაგებია, რომ ჩვენს საბრალო ქვეყანას რუსული აგრესიის შემდეგ გამარჯვებები სჭირდება. თუნდაც სპორტულ ასპარეზზე. ამიტომ ჩვენს ოლიპმიელებს გულწრფელად ვუსურვოთ გამარჯვება.
    ოღონდ ბევრი ოქროს მედალი მოიპოვინ და ჰონორარს არავინ დაუთვლით! ღმერთმა შეარგოს, მაგალითად, ლაშა შავდათუაშვილს. მის გამარჯვებაზე ღირს სპეციალურად შევჩერდეთ, რადგან ამ 20 წლის ბიჭმა ლონდონში საოცრება მოახდინა. უფრო მეტიც: თვით ლაშა შავდათუაშვილია რაღაც საოცარი ფენომენი, რომელიც საგანგებო შესწავლასა და კვლევასაც კი საჭიროებს, რაკი მან არა უბრალოდ გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა ყოველგვარი ლოგიკისა და ბოლო წლებში დამკვიდრებული „დამარცხების სინდრომის“ მიუხედავად! მივაქციოთ ყურაღღება, რომ იგი ტატამზე გამოვიდა მას შემდეგ, რაც ეს სინდრომი კიდევ ერთხელ დადასტურდა: წინარე მოჭიდავე ბეთქილ შუკვანმა კარგად დაიწყო და ბოლო 5 წამში წააგო უკვე მოგებული ორთაბრძოლა, რითაც საშინლად დაწყვიტა გული ყველას, ვისაც სიხარულისა და გამარჯვების იმედი ჰქონდა.
    მეორეც, ქართველმა მოკრივემ გაიმეორა 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე მომხდარი საშინელება და ელემენტარული ტესტი - აწონვაც ვერ ჩააბარა. ამ შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა რატომ - მაშინდელივით აწონვაზე არ დაუგვიანია, მაგრამ, როგორც ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა (ოღონდ საბჭოთა კავშირის სახელით მოასპარეზე) დავით გობეჯიშვილმა განაცხადა, „წინა საღამოს კარგა გვარიანად ივახშმა და წონაში მოიმატა“. დილით წონის დაგდება მოინდომა, ივარჯიშა, ხელიც იტკინა და წონა მაინც ვერ ჩააბარა.
    ამ ისტორიამ კიდევ უფრო გააძლიერა „ჩვენ ხომ არაფერი გვეშველებას“ ფსიქოლოგიურ განცდა, გულდაწყვეტილობა, საკუთარი თავის ურწმუნობა და . . . . ამ დროს ოლიმპიურ ტატამზე გამოდის 20 წლის კარალეთელი ბიჭი. კარალეთი, ვისაც არ ახსოვს, დიდი გალაკტიონის ერთ-ერთი „პატარა შედევრის“ გმირია და დღეს ფრონტის ხაზზე მდებარეობს. მასზე რუსული ქვემეხებია დამიზნებული. ლაშას მშობლები გაუსაძლის პირობებში, ნახევრადდანგრეულ სახლში ცხოვრობენ.
    ჰოდა მოდის ეს ბიჭი ტატამისკენ, ვუყურებ სახეზე და საოცრებას ვხედავ: იოტოსოდენი აღელვება არ ეტყობა, აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ თავში და, რაც მთავარია, სრულიად არ ეშინია არავის და არაფრის! ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო, თუმცა ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ბოლო ბრძოლა გამოდგა: რა ჭკვიანურად (!) იჭიდავა მასზე ბევრად გამოცდილ და აშკარად უფრო ღონიერ უნგრელთან! „ჭკვიანურად“, ესე იგი უფრო ძლიერად. ძიუდო გენიალური ფენომენია. გავიხსენოთ დიდი აკირო კუროსავას ბრწინვალე ფილმი „ძიუდოს გენია“. ლაშას ეს შესანიშნავი ფილმი შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს ნანახი, მაგრამ თავად ყველაზე მეტად განასახიერებს იმ ღირებულებებს, რომლებიც მასში აისახა.
    დიდი მადლობა ლაშა!

2012