ომი უკრაინაში და ეროვნული იდენტობა

ომი უკრაინაში და ეროვნული იდენტობა

ომი, პირველ რიგში, ეროვნული იდენტობის გამოცდაა!

ასე იყო, ასეა და ასე იქნება მუდამ

ანუ იმის გამოცდა, რამდენად მყარია ეს იდენტობა, რამდენადაა იგი შესისხლხორცებული ერის აბსოლუტური უმრავლესობის (და არა მხოლოდ პასსიონარული უმცირესობის) მიერ. ესე იგი იმ `მასობრივი ადამიანის` მიერ, ვინც რეალურად უნდა იომოს, ოჯახი მიატოვოს, უფრო ძლიერ მტერთან სამხედრო დამარცხების შემთხვევაში კი პარტიზანად გავიდეს ტყეში, ქალაქის კორპუსებში, სხვენებში დაიმალოს, ბომბები დაიკიდოს და ოკუპანტებთან ერთად თავი აიფეთქოს ან ჩაუსაფრდეს და თავდასხმა მოუწყოს.....

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ომი პირველ რიგში იმის გარკვევაა, ხომ არ არის ეროვნული იდენტობა ფასადური, ნაციონალისტური ელიტების მიერ ხელოვნურად შეკოწიწებული, ექსპლიციტურ სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტთა ყავარჯნებზე მდგარი თუ.....პირიქით, არის სისხლხორცეული, თვისებრივი, იმმანენტური და არა......იმპლიციტურად, ჩუმად მიუღებელი იმ აზრით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მისდამი, სინამდვილეში, სრულიად გულგრილია და მის გამო `მასობრივი ადამიანი` თავს არ შეიწუხებს, - ის ჯარისკაცი, მასაში, გაისვრის ერთი-ორჯერ და მერე სახლში წავა.

მე ვარ ათასი......კი არა და მილიონი პროცენტით დარწმუნებული: როცა პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ომით გადაეჭრა `უკრაინის პრობლემა`, მისი მთავარი მოტივი და `ცდუნება` იყო რწმენა, რომ უკრაინული ეროვნული იდენტობა, სინამდვილეში, შინაგანად ფუყე, ხელოვნური, არაიმმანენტური და მხოლოდ პასსიონარული უმცირესობის ექსპლიციტურ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტებზეა დაფუძნებული, ხოლო უმრავლესობა იმპლიციტურად, შინაგანად, ფარულად, გაუხმაურებლად, როგორც მინიმუმ სრულიად გულგრილია ამ დომინანტების, ამ იდენტობის მიმართ.

და რომ ეს უმრავლესობა არ ებრძვის უკრაინულ იდენტობას, თავს უკრაინელად თვლის, მაგრამ თავსაც არ გასწირავს, არც შეიწუხებს განსაკუთრებით და მისთვის სინამდვილეში სულერთია რუსულ სახელმწიფოში იცხოვრებს თუ უკრაინულ სახელმწიფოში მაშინ, როცა `უკრაინელი ვარო` კი ამბობს, ოღონდ რუსულად ფიქრობს, ოჯახშიც რუსულად ლაპარაკობს, რუსულ ფილმებს უყურებს, რუსულ `პაპსას` უსმენს და ასე შემდეგ

პუტინს იმედი აქვს, ეს კატეგორია უბრალოდ `დიდი` კი არ არის უკრაინელებში, არამედ კატეგორიული უმრავლესობაა.

მე დიდი იმედი მაქვს, ისტორიულად ცდება ამაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და........ხომ არ ჰგონია ვინმეს ჯო ბაიდენმა გუშინ სხვა რამე უთხრა უკრაინელებს?

ამერიკაზე დიდი მეგობარი უკრაინულ სახელმწიფოს (ისევე, როგორც ქართულ სახელმწიფოს) არ ჰყავს, თუმცა ყურადღებით მოვისმინოთ, შინაარსობრივად რა თქვა ამ უგამოცდილესმა პოლიტიკოსმა, რომელსაც უამრავი რამ უნახავს, ავღანელთა 1979 წლის გმირული ომით დაწყებული:

``ძვირფასო უკრაინელებო (ქართველებო - 2008წ), ყოველნაირად მხარს გიჭერთ, მაგრამ თქვენს ნაცვლად არავინ იომებს - აი ბრძოლის ველი და იომეთ, - დაამტკიცეთ, რომ თქვენი ეროვნული იდენტობა ხელოვნური და ფუყე არ არის!``

დათო

ფოტოზე: ისრაელი