კოფი ანანი, როგორც აფროამერიკელი პილატე

კოფი ანანი, როგორც აფროამერიკელი პილატე

        რამდენიმე დღის წინათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენილი გენერალური მდივნის მორიგი მოხსენება სასიკეთოს საქართველოს ნამდვილად არაფერს უქადის.

   ამჯერად ლაპარაკი არ არის აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში «შესამჩნევ პროგრესზე», არამედ რაც დრო გადის, დასავლეთი, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობაც, სულ უფრო დაჟინებით და დაბეჯითებით ახსენებს «თანაბარსუბიექტურობას», როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლო საშუალებას.
        ეს მჟღავნდება დიპლომატიურად ვუალირებულ ფორმულირებებში და თვით წერილის ტონალობაში, რომელსაც წლიდან წლამდე გაგზავნის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი, რის საფუძველზეც, უშიშროების საბჭო იღებს მორიგ გადაწყვეტილებას კონფლიქტის ზონაში მყოფი გაეროს დამკვირვებლებისთვის მანდატის ვადის გაგრძელებაზე.
        რაკი ამჯერადაც უშიშროების საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები 31 იანვრამდე დატოვა აფხაზეთში, მაშასადამე, მათ აქვთ იმის გარანტია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები ენგურის აუზს არ დატოვებენ.
        საქმე ის გახლავთ, რომ თვით სამშვიდობო ოპერაციის მანდატით, რომელიც რუსეთთან შეთანხმებით დაამტკიცა უშიშროების საბჭომ, გაეროს დამკვირვებლები მხოლოდ მანამ იქნებიან აფხაზეთში, ვიდრე იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი დარჩება. თუ საქართველო მოითხოვს მის გაყვანას, მაშინ, ეგრეთ წოდებულ, ცისფერჩაფხუტიანებს თან მიჰყვებიან დამკვირვებლებიც. მოგვწონს თუ არა, გაერო, როორც მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის ერთ-ერთი პროდუქტი,M მხოლოდ დიდ სახელმწიფოთა კონსენსუსით მოქმედებს და, რუსეთის თანხმობის გარეშე, თავის დროზე აფხაზეთში თვით ის სრულიად უსაქმური დამკვირვებლებიც არ შემოვიდოდნენ, რომელთაც პრობლემების გარდა, საქართველოსთვის არაფერი შეუქმნიათ (გახმაურებული გატაცებები), ხოლო თვითონ მშვენივრად ისვენებენ აფხაზეთის წალკოტში.
        ეს ვითარება კოფი ანანს ისევე აღელვებს, როგორც ჩვენ – მისი მშობლიური ტონგოსა თუ გვინეა-ბისაუს უბედურება.
        ამდენად, კოფი ანანის წერილების სულ ურფო გულგრილი ტონი ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. მთლიანობაში ეს იმას ნიშნავ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დიდი ხანია პილატესავით ხელი დაიბანა აფხაზეთის კონფლიქტზე და პრობლემის გადაწყვეტა იმ სახელმწიფოს «გადააკისრა», რომელსაც ამ რეგიონში ყველაპზე მეტი გავლენა აქვს, ანუ რუსეთს.
        სწორედ ამას ნიშნავს კოფი ანანის მოხსენებათა «ცივად პრაგმატული» ტონი და ძირითადი აზრი, რაც მათ წითელ ხაზად გასდევთ წლიდან წლამდე, მოხსენებიდან მოხსენებამდე:დამნაშავეა ორივე მხარე, ორივე მხარე იჩენს უკომპრომისობას, არც ერთ მხარეს არ სურს კომპრომისზე წასვლა.
        შესაბამისად, «მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობისთვისაც» ორივე მხარე ერთნაირად აგებს პასუხს: რუსეთის მეშვოებით გამარჯვებული აფსუეთიც და დამარცხებული, ლტოლვილებით სავსე საქართველოც.
        სრული დარწმუნებით და უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ გაერომ, არამედ მთლიანობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს და მათგან ამაზე მეტს, ვიდრე ორივე მხარის დადანაშაულება და აფხაზეთის ფორმალურ დამოუკიდებლობაზე უარის თქმაა, არ უნდაველოდოთ.
        რაც შეეხება შესაძლო გამოსავალს, რასაც იგივე გაერო, ეს ეგრეთ წოდებული, საერთაშორისო გაერთიანება და დიდწილად დასავლეთიც სავსებით დაეთანხმება, ასეთი «გამოსავალი» შემოგვთავაზა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ გენადი სელეზნიოვმა, თუმცა, ვაი, ასეთ გამოსავალს.
        კერძოდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სტრასბურგში მორიგი შეხლა-შემოხლისას სელეზნიოვმა ქართველ კოლეგებს ურჩია, «არ გამოეტანათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე». ხოლო რაც შეეხება აფხაზეთის სტატუსს, სელეზნიოვის თქმით, «ისინი (ოსები და აფხაზები – ავტ.) არ იცხოვრებენ უნიტარული საქართველოს შემადგენლობაში. ამდენად, აუცილებელია საქართველოს ტრანსფორმაცია ფედერაციულ სახელმწიფოდ».
        მკითხველმა შეიძლება გაიკვირვოს, საქართველოს პრეზიდენტმა ხომ ახლახან შესთავაზა აფხაზურ მხარეს ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა, უარი მიიღო.
        ედუარდ შევარდნაძის ინიციატივას საკმაოდ ცივად შეხვდა აგრეთვე მოსკოვიც. ერთი შეხედვით უცნაურია. სინამდვილეში ეს უცნაურობა ძალიან ადვილად აიხსნება როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობა ბოლო დროს ლაპარაკობს ფედერაციაზე, იგი გულისხმობს, ეგრეთ წოდებულ, ასიმეტრიულ ფედერაციას, რომელშიც აფხაზეთს მეტი უფლება ექნებბა, ვიდრე საქართველოს ხვა ისტორიულ მხარეებს, რომლებიც აგრეთვე ფედერაციის სუბიექტებად ჩაითვლებიან, ხოლო მოსკოვსა და სოხუმში, როცა «ედერაციაზე» ლაპარაკობენ, მხედვლეობაში აქვთ ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსი «ორსუბიექტიანი ფედერაცია», რომლის ოფიციალური სახელწოდება აფხაზეთ-საქართველოს, ან საქართველო-აფხაზეთის ფედერაცია, ან სულაც «კავკასიური კაშვირი» იქნება.
        სწორედ ასეთი სახელწოდება შემოგვთავაზა (რაც ცოტამ თუ იცის, არადა, გამაოგნებელი ფაქტია) ჯერ კიდევ 1994 წელს კოფი ანანის წინამორბედმა გენერალური მდივნი პოტზე ბუტროს-ბუტროს გალიმ. მიაქციეთ ყურადღება როდის – 1994 წელს! მოდი და განურიხდი ამის შემდეგ კოფი ანანს, რომელმაც უბრალოდ, განაგრძო ეს ტრადიცია.

დილის გაზეთი, 28 ივლისი, 2003 წელი