ომში, როგორც ომში

ომში, როგორც ომში

         ჯერჯერობით, მაინც გაურკვეველი ვითარებაა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკება «იტერასთან» საბოლოოდ დასრულებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულ მხარეს აქვს ფორმალური საბაბი, გაზი აღარ მოგვაწოდოს - გადაუხდელია არა მხოლოდ «ფუნდამენტური» 60 მილიონიანი დავალიანება, არამედ მიმდინარე დავალიანებაც.
        ბუნებრივი აირის შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ დაზარალდება მთელი მოსახლეობა, ვინაიდან «თბილსრესი» (მოხმარებული აირის ყველაზე დიდი «არგადამხდელი») ვეღარ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, გაჩერდება «აზოტი», «მეტალურგიული ქარხანა», «ფეროშენადნობთა ქარხანა», «საავიაციო ქარხანა» და ასე შემდეგ.
        უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, არის თუ არა აქ პოლიტიკური მოტივი? რა თქმა უნდა, არის! ასეთ საკითხებს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ რუსეთში (მით უმეტეს, რუსეთში) ვერც ერთი კომპანია (არათუ «იტერა», არამედ თავით «გაზპრომიც» კი) ამგვარ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მიიღებს;
        მიაქციეთ ყურადღება - უკრაინას (მაშტაბის ჩათვლით) გაცილებით მეტი დავალიანება აქვს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ «გაზპრომი» ან რომელიმე მისი შვილობილი ორგანიზაცია (სურვილის მიუხედავად) ვერ ბედავს, შეუწყვიტოს მას საწვავის მიწოდება, ვინაიდან ეს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია - ამიტომაც ვერ იღებს «დასტურს» ხელისუფლებისაგან.
        საქართველოს შემთხვევაში კი მან ასეთი დასტური, როგორც ჩანს, მიიღო. ეს უკვე პოლიტიკაა და არა მხოლოდ «საფინანსო-საბიუჯეტო» პრობლემა. მაინც რამ გააღიზიანა რუსეთი, ძნელი გასარკვევი არ არის: საქართველომ (განსხვავებით 1994-96 წლებისაგან) მხარი არ დაუჭირა ჩეჩნეთში წამოწყებულ აქციას, ვინაიდან «პირველი ჩეჩნური კამპანიისას» მხარდაჭერის სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო (გალის მოვლენათა გარდა). საქართველომ უარი განაცხადა, დაებრუნებინა (ხაზს ვუსვამ, დაებრუნებინა) რუსი მესაზღვრეები შატილსა და ომალოში (სადაც ისინი იმყოფებოდნენ 1998 წლამდე), იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს მხრიდან გაეკონტროლებინა ჩეჩნეთის საზღვარი. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული, ვინაიდან, ისევ და ისევ, რუსეთი არ აპირებდა სანაცვლოდ რაიმეს დათმობას - რაც დაადასტურა ელჩ ლევ მირონოვის თავხედურმა განცხადებამ თბილისში - აფხაზეთისა და ჩეჩნეთის კონფლიქტების «შედარების დაუშვებლობის» თაობაზე; საქართველო თანახმა იყო, დაეშვა რუსი დამკვირვებლები შატილსა და ომალოში (აგრეთვე, პანკისის ხეობაში) იმ პირობით, თუ ქართველი დამკვირვებლებიც განლაგდებოდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის «აფხაზურ» და «ოსურ» მონაკვეთებზე, მაგრამ რუსეთმა ასეთი კომპრომისი არ ისურვა, ვინაიდან ქართველი დამკვირვებლების გამოჩენა რუსეთის ტერიტორიაზე, თურმე ნუ იტყვით, «რუსული საზოგადოების» აღშფოთებას გამოიწვევდა.
        მაშასადამე, ქართული საზოგადოების რეაქციის უგულებელყოფა შეიძლება - მთავარია, არ აღშფოთდეს რუსული საზოგადოება.
        რა შეიძლება საქართველომ დაუპირისპიროს ამ აშკარა იმპერიალიზმსა და შოვინიზმს? - ის, რაც დაუპირისპირა მას უკრაინამ: რუსეთი ვერ ბედავს უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას, უპირველესად, იმის გამო, რომ უკრაინა საპასუხოდ აღარ გაატარებს გაზს ტრანზიტით ევროპაში და რუსეთი მილიარდობით დოლარს დაკარგავს.
        ასეთი ბერკეტი საქართველოსაც აქვს: სომხეთი (სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე) რუსეთისაგან ბუნებრივ აირს იღებს სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთს საქართველოზე არანაკლები დავალიანება აქვს, მაგრამ «გაზპრომსა» და «იტერას» აზრადაც არ მოსვლიათ, შეეწყვიტათ მისთვის (ყოველ შემთხვევაში, მთლიანად) სომხეთისთვის ისეთივე კატასტროფა იქნებოდა, როგორც საქართველოსთვის.
        აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს სრული უფლება, შეწყვიტოს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი. თუ იგი (ტრანზიტის საფასურად) ვერ მიიღებს იმდენი ოდენობის საწვავს, რაც «თბილსრესის» თუნდაც ორი ენერგობლოკის მოსამარაგებლად იქნება საკმარისი.
        სხვათა შორის, ამ ენერგობლოკებს სხვა საწვავზე (მაზუთზეც) შეუძლია მუშაობა. ამიტომ «თბილსრესის» პრივატიზების შემდეგ ახალ მფლობელს (ამერიკულ «აესენერჯის») შეეძლება მაზუთის შემოტანა, რაც უფრო ძვირია, - აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიაც უეჭველად გაძვირდება, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
        რაც შეეხება სომხეთს - ანდრანიკ მიგრანიანი ორი წლის წინათ სწორედ ამიტომ მოითხოვდა «ნეზავისიმაია გაზეტას» ფურცლებზე «საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი დერფენის გაჭრას», რომ სომხეთი საქართველოზე აღარ ყოფილიყო დამოკიდებული; საბედნიეროდ, სტრატეგიულმა მოკავშირეებმა» პირდაპირი და აშკარა აგრესიის განხორციელება ვერ გაბედეს და საქართველოს მაინც აქვს ბერკეტი თავის დასაცავად ეკონომიკური ზემოქმედებისგან, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყვანოს.
        «ომში, როგორც ომში».
       

«მოქალაქეთა კავშირი» და გია ბარამიძე ერთმანეთს ვერ უგებენ
       

        გია ბარამიძის განცხადებამ და მოთხოვნამ მისთვის «სადეპუტატო იმუნიტეტის» შენარჩუნების თაობაზე დიდი აურზაური გამოიწვია. აშკარაა, რომ «მოქალაქეთა კავშირში» წარმოიშვა სერიოზული კონფლიქტი, რამაც პარტიის «იმიჯს» დიდი ზიანი მიაყენა.
        ეს კონფლიქტი არჩევნებამდე რომ განვითარებულიყო - «მოქალაქეთა კავშირი» უეჭველად ასეულობით ათას ხმას დაკარგავდა. გია ბარამიძემ, ფაქტობრივად, უარი განაცხადა, ეკისრა სრული პასუხისმგებლობა გადასახადების აკრეფისთვის და დაეკავებინა საგადასახადოს უფროსის თანამდებობა.
        «დეპუტატობის შენარჩუნება» მხოლოდ ნაწილობრივ პასუხისმგებლობას ნიშნავს; როგორც ჩანს, მას სურდა, «დამარცხების» შემთხვევაში ჰქონოდა პარლამენტში დაბრუნების საშუალება, რაც ცოტა არ იყოს გაუგებარიცაა.
        გია ბარამიძე «მოქალაქეთა» ახალგაზრდული გუნდის სრულუფლებიან წევრადაა მიჩნეული, ამიტომ, თანამდებობის დაკარგვის შემთხვევაშიც იგი უეჭველად დარჩებოდა ამ გუნდში - რომც დამარცხებულიყო (ვიმეორებ) ფინანსურ ოლიგარქიასთან ბრძოლაში;
        მაგრამ ბარამიძემ გუნდში (ზოგადად პოლიტიკაში) დარჩენას მაინც დეპუტატობა არჩია, რასაც შეიძლება ერთადერთი ახსნა ჰქონდეს - მისი პოზიციები მმართველი პარტიის ელიტაში (იმავე გუნდში) ბოლო დროს შესუსტდა; ამიტომ, გია ბარამიძე აღარ იყო დარწმუნებული, რომ თანამდებობის დაკარგვისას შეინარჩუნებდა ადგილს დიდ პოლიტიკაში.
        ასეა თუ ისე, არა მხოლოდ გია ბარამიძის პოლიტიკური მომავალი, არამედ თვით ახალი «საგადასახადო შემოსავლების» სამინისტროს შექმნაც სათუო გახდა - ამ სტრუქტურის ჩამოყალიბებას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის პოსტს დაიკავებდა ერთგვარი «ანტიკორუფციული ქარიზმის» მატარებელი პიროვნება, რომელსაც ოპოზიცია «ჩვეულებრივ ნომენკლატურას» ვერ განაკუთვნებდა.
        გია ბარამიძე ნამდვილად არ იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ოღონდ მას მხოლოდ ხელისუფლების ან საკუთარი პარტიის აუცილებელი მხარდაჭერა როდი აშფოთებდა - ბარამიძემ შესანიშნავად უწყის, რომ დაპირისპირება მოუწევს არა მხოლოდ ცნობილ ბიზნესმენებთან და «ოლიგარქიასთან», არამედ საზოგადოებრივ აზრთან, ვინაიდან საწარმოთა დახურვის, «დაყადაღების» შემთხვევაში, ათასობით ადამიანი და მათი ოჯახის წევრები (ვინც ამ საწარმოებიდან იკვებება) დარჩება უმუშევარი.
        სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც «ვერ აბედვინებს» ხელისუფლებას ოლიგარქიასთან დაპირისპირებას. გია ბარამიძემ კი თავისი პოლიტიკური მომავლის ეჭვქვეშ დაყენება არ ისურვა.
       

საქართველო კვლავინდებურად მიიღებს ჩეჩენ ლტოლვილებს და უმკურნალებს დაჭრილებს
       

        გასულ კვირას ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, «საქართველოს არა აქვს მორალური უფლება, უარი უთხრას უფასო სამედიცინო დახმარებაზე მომაკვდავ ადამიანებს, თუკი ისინი ითხოვენ მკურნალობას, ადამიანს «შუბლზე არ აწერია» - «ბოევიკია» იგი თუ «მშვიდობიანი მაცხოვრებელი», ბრძოლაში დაიჭრა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად».
        ეს განცხადება უეჭველად იყო პასუხი რუსული გენერალიტეტის ბრალდებებზე, რომ «საქართველო მკურნალობს დაჭრილ «ბოევიკებს».
        საერთოდ, რუსულ საზოგადოებას და რუს მოღვაწეებს (მათ შორის, გენერლებს) ძალზე მალე ავიწყდებათ ყველაფერი. ეს მათი საოცარი თვისება მეტისმეტად ხშირად მჟღავნდება.
        თავად განსაჯეთ: რუსებს დაავიწყდათ, თვითონ როგორ იქცეოდნენ აფხაზეთის ომის დროს, საერთოდ, საქართველოში ბევრს ახსოვს, ალბათ, «გულისამაჩუყებელი» ტელერეპორტაჟები გუდაუთის რუსული ბაზის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც დღე და ღამე, 24 საათის განმავლობაში, რუსი სამხედრო ექიმები უკეთებდნენ ოპერაციებს სოხუმთან დაჭრილ აფხაზ «ბოევიკებს». ამას არც მალავდნენ, - ექიმები ინტერვიუებს იძლეოდნენ და საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მათთვის «გაუგებარია ქართული მხარის პრეტენზიები, ვინაიდან ექიმს დადებული აქვს ჰიპოკრატეს ფიცი და ვალდებულია, უმკურნალოს ავადმყოფს».
        რატომღაც «ჰიპოკრატეს» ფიცი ახლა დაავიწყდათ, როცა პროტესტებს უცხადებენ საქართველოს დაჭრილი ჩეჩნების მკურნალობისთვის, თანაც, დააკვირდით განსხვავებას: აფხაზი «ბოევიკები» რუსეთის სამხედრო (!) ჰოსპიტალში მიჰყავდათ პირდაპირ ბრძოლის ველიდან. არ არსებობდა არავითარი ეჭვი, რომ ისინი არიან სწორედ «ბოევიკები» და არა მშვიდობიანი მაცხოვრებლები;
        რადგან საქართველოს, სამწუხაროდ, არ ჰქონდა საშუალება დაებომბა სეპარატისტთა პოზიციები გუდაუთასა და ახალ ათონში- სოხუმის ბარბაროსული დაბომბვის საპასუხოდ. ოპერაციებს გუდაუთაში აკეთებდნენ სამხედრო ექიმები, ბოლოს და ბოლოს, ამქვეყნად ხომ უნდა არსებობდეს სამართლიანობის რაღაც პრინციპი - რუსულ გენერალიტეტს რომ სინდისი არ უშლის, იმოქმედოს «ორმაგი სტანდარტით» - გასაგებია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, საქართველო არ ეცადოს «სამართლიანობის» პრინციპის დაცვას - თუნდაც საკუთარი საზოგადოების სულიერი წონასწორობის ინტერესებიდან გამომდინარე.
        აქვე არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ აღინიშნოს, რამდენად უბადრუკნი და უსინდისოდ უსირცხვილონი არიან აფსუა სეპარატისტები, რომელთაც უარი განაცხადეს არა მხოლოდ დაჭრილების, არამედ თუნდაც რამდენიმე ლტოლვილი ჩეჩნური ოჯახის დახმარებაზე.

დილის გაზეთი, 28 ნოემბერი, 1999 წელი