ნულოვანი ვარიანტი: საქართველო ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა

ნულოვანი ვარიანტი: საქართველო ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა

     

        «ნულოვანი ვარიანტის» ყბადაღებული თემა გუშინ ახალი სენსაციური და საკმაოდ ავისმომასწავებელი დეტალებით შეივსო. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობ მკაცრი ტონალობით დაწერილი დიპლომატიური ნოტა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, თუ რატომ მოითხოვს რუსეთი ასეთი დაჟინებით საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 1992 წელს პარაფირებული დოკუმენტის რატიფიცირებას.
        საქმე ის არის, რომ ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა, ვისაც შეეძლო გარკვეული წილი ნამდვილად მიეღო ყოფილი სსრკ-ის საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონებიდან, იყო უკრაინა.
        კიევი მეცხრე წელია უაღრესად დაძაბულ მოლაპარაკებას აწარმოებს მოსკოვთან. კრემლს კი ხელს აძლევდა უკრაინასთან «ერთი-ერთზე» დარჩენა. ბუნებრივია, უკრაინა, თავის მხრივ, დაინტერესებული იყო, რომ ამ პრობლემას საერთაშორისო ხასიათი შესძენოდა - სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდნენ პრობლემას ამგვარ (საერთაშორისო) სტატუსს და უშუალოდ დაუკავშირებდნენ რუსეთთან ურთიერთობას, თუ იარსებებდა ყოფილი საბჭოთა, თუნდაც კიდევ ერთი რესპუბლიკა, რომელიც ასევე უარს იტყოდა დსთ-ის კონვენციის რატიფიცირებაზე.
        საქართველო ამ მხრივ იდეალურად «გამოსაყენებელი» აღმოჩნდა. თუმცა, იგივე უკრაინა სხვა შემთხვევაში (მაგალითად, შავი ზღვის ფლოტის დაყოფისას), კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ საქართველოსაც მიეღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში.
        გარწმუნებთ, უკრაინის სურვილი, «არ გავიდეს თამაშიდან» ყოფილ სსრკ-ის აქტივებთან დაკავშირებით, სულაც არ არის განპირობებული გულწრფელი სურვილით, საქართველომ მართლა რაიმე მიიღოს ამ აქტივებიდან. როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება, უკრაინა უეჭველად იტყვის: უძრავ ქონებაზე (ერთადერთ ლიკვიდურ და მართლაც ფასეულ აქტივზე) რუსეთთან ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ხოლო თქვენ კუბისა და ვიეტნამის ვალებზე (ფორმალურად, ესეც აქტივია) ელაპარაკეთო.
        ოღონდ ამას მხოოდ უკანასკნელ მომენტში გვეტყვიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები. მანამდე კი, «აქეთ დაგვანამუსებენ»: როგორ არ გრცხვენიათ, რუსეთთან პირისპირ რატომ გვტოვებთ - არ გაბედოთ ჩვენთან შეთანხმების გარეშე რაიმე დათმობაზე წასვლა რუსეთთან!
        არადა, შავი ზღვის ფლოტის გაყოფის პრობლემა როცა წყდებოდა, მაშინ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საქართველო არც გახსენებიათ. Nუ გავნაწყენდებით - პოლიტიკა პოლიტიკაა და ერთნაირად ცინიკურია ყოველთვის.
        რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, რა მოეწონებათ კიევში და რა - არა. საქართველო ვიღაცისთვის «ხურდაში დასაბრუნებელი» არგუმენტი არ უნდა იყოს.
        თუმცა, პროცესმა უკვე ისეთი მწვავე ხასიათი შეიძინა, დადებითი ფინალი, ალბათ, არ ექნება. შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას ცნობილი დოკუმენტის დაკარგვის გამო.
        თვით ეს ფაქტი (დოკუმენტის დაკარგვა) გასკვირი არ არის - იმ წლებში საქართველოში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა კიდევ ისაა გასაკვირი, იმდროინდელი დოკუმენტებიდან რაღაც თუ შემორჩა არქივებს
        ყველა მხარე შეეცდება, მაქსიმალური მოგება ნახოს, მოწინააღმდეგე მაქსიმლაურად დააზარალოს. გუშინდელი საინფორმაციო ფონის შესაბამისად, «ნულოვან ისტორიას», შესაძლოა, ზოგიერთი მინისტრიც გადაჰყვეს და (ბოდიში კალამბურისთვის) სამთავრობო ცვლილებებიც მოჰყვეს.
        დაკარგულ დოკუმენტს რომ ვეღარ იპოვიან, ცხადია. ალბათ, რომელიმე «თოფოსანმა» მასში «წამალი» გაახვია - რაც იყო, იყო.
        რუსებს თავიანთი ვარიანტი არ დაუკარგავთ, მაგრამ რაკი ჩვენ დავკარგეთ, აღარ გამოაჩენენ.
        ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ ვინც მოაწერა ხელი (იმდროინდელი მთავრობის ჩინოსანმა) - სპეციალურად ისეთნაირად მოაწერა, გვარს ვერ გაარჩევო. ვინ არის და რომელია - ახლა თვიოთნ, რასაკვირველია, არ იტყვის, საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც დოკუმენტი მისი მოპარული იქნება.
        ერთი სიტყვით, ნამდვილი «შტირლიცის სერიალია».

დილის გაზეთი, 12 იანვარი, 2001 წელი