ოპოზიციაში იშვა ახალი იდეა ანუ ოპოზიციის ფაციფუცი

ოპოზიციაში იშვა ახალი იდეა ანუ ოპოზიციის ფაციფუცი

    პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიციის (ასე ვთქვათ) ერთი ნაწილი კვლავ დიდ ფაციფუცშია: «იშვა» ახალი იდეა, რომელმაც, ავტორთა ჩანაფიქრით, კიდევ ერთხელ უნდა «შეაკავშიროს ქართველი ერი» და «დარაზმოს იგი ნათელი მიზნის მისაღწევად», კერძოდ, ამჟამინდელი ხელისუფლების შესაცვლელად იმ პოლიტიკანთა ხელისუფლებით, ვინც რამდენიმე წელია გაირიყა პოლიტიკური ავანსცენიდან.
    1990 წელს, 28 ოქტომბრის არჩევნებით რომ ვერ მოხვდნენ უმაღლეს ხელისუფლებაში, კიტოვანთან და ჯაბა იოსელიანთან ერთად მოვიდნენ. ახლა «ეროვნული კრების» მეშვოებით სურთ, ისევ გაერიონ მარაქაში. ერთი შეხედვით უწყინარი იდეაა - ჩავატაროთ ეროვნული კრება, დავირაზმოთ და ერთობლივი ძალებით შევუტიოთ «ანტიეროვნულ» ხელისუფლებას.
    მაგრამ რეალურად, როგორც აქამდე, ეს ღონისძიება უაზრო აყალ-მაყალის მეტს არაფერს მოიტანს. ჯერ ერთი, მეტი არ არის ჩვენი მტერი, «პარლამენტს გარეთა ოპოზიცია» გაერთიანდეს - მათ შორის ისეთი განსხვავება და უთანხმოებაა, გაერთიანებას და შეკავშირებას ვერასოდეს შეძლებენ. «ეროვნულ კრებაში» მონაწილეობაზე უარს იტყვიან «რადიკალი» ზვიადისტები. უფრო ზუსტად, მონაწილეობის პირობად ისინი «დეკემბერ-იანვრის მოვლენათა» დაგმობას მოითხოვენ, რაც მათი მხრიდან სავსებით ბუნებრივი იქნება. «ეროვნული კრების» ინიციატორთა მეორე ნაწილს კი უმალვე გაახსენდება, თავად რა მონაწილეობა აქვს მიღებული იმ მოვლენებში - თუ იარაღით არ იბრძოდნენ, ყოველნაირად თანაუგრძნობდნენ კიტოვანსა და იოსელიანს ხელისუფლების დამხობაში. ყველაზე სავალალო ისაა, რომ ეს ნაწილი ვერა და ვერ გამოვიდა «სახალხო ფრონტებისა» და «ეროვნული კონგრესების» ხანიდან.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1990 წელს შექმნილი ე.წ. «კონგრესი», ნებსით თუ უნებლიეთ, კრემლის გეგმებში თავსდებოდა და ძალიან დიდი სამსახურიც გაუწია საქართველოს არაკეთილმოსურნეთ. «კონგრესის» წევრთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, პატრიოტულად იყო განწყობილი, მაგრამ მარტო ეს არ კმარა: თვით ეს ინსტიტუტი ობიექტურად ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ინტერესებს. შედეგად მივიღეთ შეურიგებელი დაპირისპირება და სამოქალაქო ომი.
    დღეს საქართველოში პოლიტიკა ქუჩაში ვეღარ გაკეთდება. ასეთია ობიექტური რეალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავბრუნდებით «სამხედრო დემოკრატიის» ხანაში («სამხედრო», ანუ «მხედრიონის» მონაწილეობით), როდესაც მნიშვნელოვანი და არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა «ვეჩეზე»: შეიკრიბებოდა მთელი ერი რომელიმე ტრიალ მინდორზე და უყრიდა კენჭს გადაწყვეტილებას. «ხელის აწევით» უმრავლესობის განსაზღვრა მაშინ შეუძლებელი იყო. ამიტომ ასეთ ხერხს მიმართავდნენ: ჯერ იყვირებდნენ «მოწინააღმდეგენი», შემდეგ «მომხრენი», ვინც უფრო ხმამაღლა «იბღავლებდა», უმრავლესობადაც ის ითვლებოდა. ერთობ დემოკრატიული წესი იყო, რადგან თუ უმცირესობას ძალიან უნდოდა გადაწყვეტილების «გატანა», გაიჭინთებოდა და ისე «იბღავლებდა», თავს უმრავლესობად მოაჩვენებდა.
    აი, ასეთი დემოკრატია უნდა ზოგიერთს საქართველოში და როცა გაუდის, აღწევს კიდეც.

მერიდიანი, 25 ივლისი, 1997 წ.