საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მარტი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მარტი. 2022 წელი

თანდათან ცხადი და ცნობილი ხდება, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის `ცეცხლის შეწყვეტის` თაობაზე.

ა) უკრაინა თანახმაა გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ, ოღონდ რუსული ჯარების გაყვანის პირობით და დასავლური გარანტიებით

ბ) უკრაინა არ თანხმდება ნეიტრალიტეტს იმ ვითარებაში, რომ რუსული ჯარები გაჩერდნენ და დარჩნენ იმ ხაზზე, სადაც ახლა იმყოფებიან. არადა მოსკოვის მოთხოვნა სწორედ ესაა: `რაც დავიპყარით დაგვრჩება, დანარჩენი კი მერე ვნახოთო`.

გ) უკრაინა არ თანხმდება რუსულის გამოცხადებას უკრაინის სახელმწიფო ენად უკრაინულთან ერთად

დ) უკრაინა არ თანხმდება ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას

ე) უკრაინა არ თანხმდება `დონეცკის რესპუბლიკის` და `ლუგანსკის რესპუბლიკის` დამოუკიდებლობის აღიარებას, მერე მათთან კონფედერაციული ხელშეკრულების გაფორმებას ისე, რომ დონეცკს და ლუგანსკს ჰქონდეთ უფლება, ზეგავლენა მოახდინოს კიევის გადაწყვეტილებებზე ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მიმართულებით.

პუტინის პრობლემა ისიცაა, რომ თუ კიევი ვერ დაიპყრო, თუ იქ საკუთარი მარიონეტი ვერ დასვა, რუსები ამას მაინც დამარცხებად ჩაუთვლიან - `აბა რაღას გვპირდებოდაო`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ჯო ბაიდენმა პუტინს `სამხედრო დამნაშავე` უწოდა.

ეს არის რუბიკონი, რომლიდანაც უკან დახევა უკვე გამორიცხულია.

აშშ პრეზიდენტის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ პუტინი `არახელჩამორთმევადია`  სამუდამოდ. როგორც იუგოსლავიის პირსისხლიანი პრეზიდენტი მილოშევიჩი იყო.

ბევრს ახსოვს, რომ შარშან, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბაიდენმა პუტინს `მკვლელი` უწოდა.

ოღონდ ამ ორ ტერმინს შორის უდიდესი განსხვავებაა: `მკვლელი` არის მორალური და პოლიტიკური შეფასება. ხოლო ტერმინს `სამხედრო დამნაშავე`, თანამედროვე მსოფლიოში სამართლებრივი დატვირთვა აქვს და არა მხოლოდ მორალურ/შეფასებითი.

იმიტომ, რომ ამ ტერმინს (War criminal) იცნობს საერთაშორისო სამართალი ჯერ კიდევ ანტინაცისტური `ნიურნბერგის ტრიბუნალიდან` დაწყებული.

დღეს მსოფლიოში არსებობს და მოქმედებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო და ჰააგის ტრიბუნალი. ეს ორი ინსტანცია ხშირად ერევათ ხოლმე, თუმცა ორივე აღიარებს ამ ტერმინს (`სამხედრო დამნაშავე`), როგორც კონკრეტულ ბრალდებას და არა მხოლოდ როგორც შეფასებას.

მაშასადამე, ბაიდენის სიტყვები, რომ პუტინი არის ` War criminal `  მხოლოდ შეფასება კი არ არის, როგორიც იყო ტერმინი `მკვლელი` (murderer) არამედ პირდაპირი ბრალდებაა პუტინის მიმართ და იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ანუ საბოლოოდ იგი გასამართლდეს, ესე იგი ციხეში მოხვდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინას გადაეცემა 1 მილიარდი დოლარის შეიარაღება. მათ შორის ჰაერსაწინააღდმეგო და ანტისარაკეტო სისტემები.

თუმცა, ჯერ არ არის დაზუსტებული, იგულისხმება თუ არა საბჭოთა წარმოების C-300 საზენიტო სისტემის გადაცემა, რომელიც აქვს პოლონეთს და მზად იყო გადაეცა უკრაინისთვის ომის დაწყებისთანავე, რათა უკრაინას დაეცვა საკუთარი ცა რუსული ავიაციისაგან. თუმცა NATO და ამერიკა მას ამის უფლებას დღემდე არ აძლევდნენ.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია `ანტისარაკეტო სისტემის` ხსენება ბაიდენის განცხადებაში. იმავე С-300-სს არა მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავების, არამედ რაკეტების ჩამოგდებაც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში ძველი წარმოების ფრთოსანი რაკეტებისა - ნამდვილად. უახლეს ზებგერით რაკეტებს ვერ ჩამოაგდებს, მაგრამ ასეთი რაკეტები რუსეთს გამოელია უკვე. სულ 50 ცალი ჰქონდა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის განკარგულებაში ლაპარაკია უპილოტო სამხედრო აპარატების გადაცემაზე.

სწორედ ამგვარი აპარატების (თურქული ` ბაირაქტარის`) წყალობით მოიგო სომხეთთან ომი შარშან აზერბაიჯანმა.

მსოფლიოში სამი ქვეყანაა `დრონების` წარმოებაში უპირობო ლიდერი: ამერიკა პირველ რიგში, ისრაელი და თურქეთი.

სხვა ბევრი სახელმწიფო აწარმოებს უპილოტო საბრძოლო აპარატებს, მაგრამ ამ სამი ქვეყნის ნაწარმს ხარისხით ვერ შეედრება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო და ბევრი წინასწარმეტყეველბდა, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა 16-17 მარტს რუსეთი გადაიხდის სესხს ევროობლიგაციებზე 117 მილიონი დოლარის ოდენობით ოღონდ.....მევალეებს მოსკოვმა გაუგზავნა შეტყობინება, რომ ეს თანხა უნდა მიიღონ იმ სავალუტო რეზერვებიდან, რომელიც ინახებოდა ამერიკის ფედრეზერვში და გაყინა აშშ ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით, სანქციათა ფარგლებში.

`თუ ამერიკის ფედრეზერვი ამ თანხებს არ მოგცემთ, მაშინ ჩვენ რუბლებში გადაგიხდით ვალსო` - კიდეც დასცინა სილუანოვმა ევროპელ მევალეებს.

რუბლი მათ, რასაკვირველია, არაფერში სჭირდებათ.

ხსენებული 117 მილიონი დოლარი არის მხოლოდ ერთ-ერთი ტრანში იმ მილიარდობით დოლარისა რაც რუსეთმა ევროობლიგაციების სახით გაყიდა. ბუნებრივია, იგივე ელის სესხის (ევროობლიგაციების) დანარჩენ ნაწილსაც: ანუ `ამერიკას მოჰკითხეთ მოგცეთ ჩვენი რეზერვებიდან, თუ არა და მხოლოდ რიბლებში მიიღებთო`

მოსკოვი ასე ცდილობს შექმნას წინააღმდეგობები ამ ობლიგაციათა მფლობელ ბანკებს, ევროპელ მოქალაქეებსა და დასავლურ სახელმწიფოთა ხელისუფლებებს შორის, რადგან ძალიან ძნელია ობლიგაციათა მფლობელებს აუხსნა, რატომ არ უნდა მიიღონ კუთვნილი თანხები, თუკი ფული `დევს` (ოღონდ გაყინულია) აშშ ფედერალურ ბანკში.

რაღა დარჩენია პუტინს, როცა საკუთარი ქვეყნის დამღუპველი აგრესია წამოიწყო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ? მხოლოდ ასეთი (ბოდიში) `გველობები`. თუმცა ეს ნამდვილად ვერ უშველის.

არ არის გამორიცხული, ამერიკამ გამონაკლისი დაუშვას ევროობლიგაციათა და სხვა ობლიგაციათა (მათ შორის ამერიკელი) მფლობელებისათვის და მართლაც გასცეს ეს თანხები.

მაგრამ რუსეთის სავალუტო რეზერვის `გაყინვის` მთავარი მიზანი ის იყო, რომ ეს თანხები რუსეთის ცენტრალურ ბანკს ვერ გამოეყენებინა რუბლის გადასარჩენად და რუსეთის შიდა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის.

აი აქ კი ნამდვილად არ იქნება არანაირი კომპრომისი ამერიკის მხრიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი ზედიზედ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აბსოლუტურად არავითარ ეჭვს არ ტოვებს: მსოფლიომ მისი სახით მიიღო ჰიტლერი და სტალინი ერთ ფლაკონში.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა უბრალოდ გამაოგნებელი განცხადება გააკეთა: `რუსი ერი ამ ომის მოწინააღმდეგეებს რუსეთში (ანუ რუსულ ოპოზიციას - დათო) ისე ზიზღით გადმოაფურთებს პანელზე, როგორც ადამიანი გადმოაფურთხებს პირში შემთხვევით შეფრენილ მწერსო!`

ამას რომ ადამიანი იტყვის ის სრულ ჭკუაზეა? ან მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია?

აი დედანი: "народ выплюнет их на панель, как случайно залетевшую в рот мошку. Такое естественное очищение общества только укрепит нашу страну".

სტალინს `შეშურდებოდა` 1930-იანი წლების `ხალხის მტერთა` პროცესებზე და ჰიტლერს  `შეშურდებოდა` მიუნჰენის დარბევებისას იმავე 1930-იანთა ეპოქაში

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან სახიფათო მოძრაობებს აკეთებს ჩინეთი ამ გლობალური პრობლემის პარალელურად, რასაც `უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია` ჰქვია და სინამდვილეში უნდა ერქვას `ბირთვული ზესახელმწიფოს ლიდერის ჭუიდან შეშლა`.

გუშინ ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი პირველად შევიდა იმ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც ტაივანთან სადავო იყო. ეს არ არის ტაივანის (მის დამოუკიდებლობას ჩინეთი  არ სცნობს) ტერიტორიული წყლები, მაგრამ არის ტაივანის საზღვაო ეკონომიკური ზონა. ამ ორ ტერმინს იცნობს საერთაშორისო საზღვაო სამართალი.

რატომ გადადგა ჩინეთის ავტოკრატიამ ეს ნაბიჯი? იმიტომ, რომ იმედი აქვს, ამერიკას ახლა ტაივანისთვის არ სცალია!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და რუსეთს აუკრძალა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

ამ გადაწყვეტილებას უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

თითქოსდა რუსეთი ფეხბურთში წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატიდანაც გარიცხეს, თითქმის ყველა სხვა სპორტული ფედერაციიდან გარიცხეს......ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ჭადრაკი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მოსკოვისთვის უდიდესი პრესტიჟის თემაა.

მსოფლიო ჩემპიონთა აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. უმეტესობა ეთნიკურად ებრაელები იყვნენ და ერთიც სომეხი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის.

ჭადრაკი ხომ, საერთო გაგებით,  სპორტიც არაა - უდიდესი ხელოვნებაა და ფილოსოფიური ფენომენია. სსრკ-რუსეთს ამ ფენომენში ბადალი არ ჰყავდა. ამიტომ რუსეთისთვის საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვა პუტინისთვის სახეში ძალიან მწარედ გალაწუნებაა მთელი მსოფლიოს თვალწინ.