ჰილარის ნაღრძობი მარჯვენა

ჰილარის ნაღრძობი მარჯვენა

       

        ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტის მთავარი მოვლენა სახელმწიფო მდივან ჰილარის კლინტონთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან, ოფიციალური ინფორმაციით, ქალბატონი ჰილარი კიბეზე დაეცა და «ხელი მოიტეხა».
        ალბათ იგულისხმებოდა, რომ იღძრძო. თუმცა გაურკვეველია, სად და როგორ უნდა იღრძოს ადამიანმა ხელი სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კიბეებზე არავინ დადის – კომფორტული ლიფტები სწრაფად დასრიალებენ, დერეფნებში კი საგანგებო ზედაპირია, რომელზეც ვერ მოსხლტები, ძალიანაც რომ გინდოდეს.
        თუმცა არის სახელმწიფო დეპარტამენტში ერთი საოცარი კარი. აკრეფს ზედ ზანგი მცველი საიდუმლო კოდს, ჩამოასრიალებს საშვს (გასაღებებს ვინღა ხმარობს 21-ე საუკუნეში?!), ფოლადის უმძიმესი კარი იღება და . . . .ერთბაშად აღმოჩნდები ლუი 14-ის დროინდელ საფრანგეთში – ბაროკოსა და ლუდოვიკოს ავეჯით, ვენეციური სარკეებით, უძვირფასესი ლარნაკებით. . . . .
        ეს განყოფილება მოდერნული ავეჯით გაწყობილ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში შეიქმნა სპეციალურად ევროპელი სტუმრებისთვის, რომლებიც პრესტიჟს იმასთან აიგივებენ – აი ჩვენთან რომ «ანტიკვარს» ეძახიან.
        თუმცა, აქაც ისეთი ღრმა ნოხებია - ქალბატონი ჰილარი ძალიან უნდა ცდილიყო, ხელი მოეტეხა.

როდის იტეხენ დიპლომატები ხელს?

        შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის «ხელმოტეხილობა» დიპლომატიური ხასიათისაა. არსებობს დიპლომატიაში ასეთი ხერხი – როცა შეხვედრა არ გინდა, ავადმყოფობას მოიმიზეზებ.
        ქალბატონი ჰილარი «ქათმის გრიპს» ვერ მოიშველიებდა მიზეზად – ამას ვაშინგტონსა და  მთელს ამერიკაში საშინელი პანიკა მოჰყვებოდა – ისევე, როგორც მსოფლიოში: ხუმრობა ხომ არაა - თვით ჰილარისაც კი დაემართაო;
         ამდენად, ხსენებული ვერსიის შესაბამისად, კლინტონმა ხელის მოტეხვა იმიტომ მოიმიზეზა, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრის წინ მოსკოვის გაღიზიანება არ სურდა.
        თუმცა, ამ ვერსიას ერთი საინტერესო ფაქტი ეწინააღმდეგება: რამდენიმე დღის წინ ვენაში ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც «მაღალი სტუმრის» სტატუსით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰილარი კლინტონიც იყო მოწვეული.
        თავდაპირველი შეთანხმებით, ამ შეხვედრაში კლინტონიც გეგმავდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ისევ და ისევ «ხელმოტეხილობის» გამო გადაიფიქრა, რის შემდეგაც უკლებლივ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გადადო ვენაში სტუმრობა და იქ მხოლოდ მოადგილეები გააგზავნა. მაგალითად, საქართველოს ვაშაძის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი წარმოადგენდა.
        გამოდის, ქალბატონმა ჰილარიმ მართლა მოიტეხა ხელი? თუმცა ეს ქალბატონი ჯერ კიდევ მის ქმართან დაკავშირებული მეგა-სკანდალის დროს (აი მონიკა ლევინსკის რომ ბილი «ლექციებს უტარებდა» თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და მერე იმ კაბინეტს «ორალური» უწოდეს) გამოირჩეოდა განსაკუთრებული დიპლომატიური ტაქტით და ნიჭიერებით.
       
       

თამაში ორ დაფაზე
       

        არ რის გამორიცხული, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო მდივანი ორივე პარტნიორს (საქართველოსაც და რუსეთსაც) «აეჭვიანებდეს» – სწორედაც ივლისის შეხვედრის წინ.
        საგარეო საქმეთა სამინისტროდან «პრაიმ-ტაიმს» აცნობეს, რომ შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა სახელმწიფო მდივნის მოადგილის დონეზე. შედგა ამერიკა-საქართველოს «სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის» ხორცშესხმისათვის შექმნილი კომისიის სხდომა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის უშიშროების, ეკონომიკის და დემოკრატიის მხარდაჭერის.
        იმავე წყაროს ცნობით, ამერიკა მზად არის გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეების – მათ შორის ჟურნალისტების, სტუდენტებისა და ბიზნესმენებისათვის.
        პრინციპში, ამ კატეგორიას არც მანამდე ჰქონდა ამერიკაში მგზავრობის პრობლემა, თუ დაამტკიცებდნენ, რომ უკან დაბრუნდებიან და იქ ჭურჭლის მრეცხავად ან მოხუცების მომვლელად არ დაიწყებენ მუშაობას.
        გრძელდება დიალოგი ამერიკის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის დაშვებასთან დაკავშირებით. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამერიკა იმდენად შორსაა და ჩვენთვის საინტერესო საქონელი იქ ტრანსპორტირებისას იმდენად გაძვირდება, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას რაიმე განსაკუთრებული მოგების იმედი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს.
        ყველაზე საინტერესო მაინც უსაფრთხოების სეგმენტია. გასული წლის აგვისტოში ამერიკამ უმძიმესი პოლიტიკური მარცხი განიცადა; არადა მას ისტორიულად ახასიათებს «სამაგიეროს მიზღვა» იმ ქვეყნებისათვის, ვინც მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს დამცირებას ცდილობს.
        ამ შემთხვევაში იგულისხმება რუსეთი. მოსკოვშიც ძალიან ეშინიათ, რომ ამერიკის სამაგიერო იქნება საქართველოში ბაზების განლაგება. ამერიკა მანამ არ მოეშვა ყირგიზეთს, სანამ არ დაითანხმა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა და რუსეთის «ჯინაზე» არ მიაღწია მანასის სამხედრო ბაზის რეალურ შენარჩუნებას – ოღონდ სხვა სახელით.
        მოსკოვში კი «აღრჭიალეს კბილები», მაგრამ ვერაფერი გააწყვეს.
        ასეთი «საშიშროება» საქართველოს შემთხვევაშიც არსებობს და ამერიკული დიპლომატია ყველაფერს აკეთებს, რათა მოსკოვს ამგვარი შესაძლებლობის შესახებ შეახსენოს, რათა შესაბამისი კოზირები მიიღოს ობამა - მედვედევის მოლაპარაკების წინ.

რუსული სატყუარა გორბაჩოვის ძველი კიდობანიდან

            შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ამას წინათ პრეზიდენტი მედვედევი სენსაციური წინადადებით გამოვიდა და ატომ-ბირთვული იარაღის სანახევროდ შემცირება შესთავაზა ამერიკელ პარტნიორებს. იგულისხმება, რასაკვირველია, კომპრომისი, რომელიც მეორეს მხრივ გაითვალისწინებს პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის «პრიორიტეტული ინტერესების» სფეროს აღიარებას ამერიკისა და დასავლეთის მიერ.
        წინადადება იმდენად რადიკალური იყო – ვაშინგტონში წერდნენ კიდეც, რომ გორბაჩოვ - რეიგანის 1988 წლის შეხვედრის წინ კრემლის მიერ გაჟღერებული დემაგოგიური და პროპაგანდისტული ინიციატივები გაახსენდათ.
        მედვედევი ამით ობამას «მოთაფვლას» ცდილობს და იმ ბუზივით დაჟინებით სთავაზობს გარიგებას, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ამერიკის პრეზიდენტმა ოსტატურად მიაწვინა ნოხზე.
        სინამდვილეში, მთელი პოსტსაბჭოური სივრცის მასშტაბით, ამგვარი გარიგება უკვე აბსოლუტურად არარეალურია. მაგრამ საბოლოოდ არ არის გარკვეული, რეალურია თუ არა იგი საქართველოს შემთხვევაში? 1992 წლიდან 1999 წლამდე ამერიკა რუსეთს განიხილავდა, როგორც საქართველოში სტაბილურობის გარანტს!
        ვაშინგტონის ერთადერთი ინტერესი იყო ნავთობ და გაზსადენების უსაფრთხოება, რასაც რუსული ბაზები და ე.წ. «სამშვიდობოები» უზრუნველყოფდნენ.
        თუკი დღეს თბილისში მუდმივი ოპოზიციური მიტინგები და არასტაბილურობაა, თუკი კომუნიკაციების უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგება, რატომ არ შეიძლება მოსკოვი ეცადოს, აღადგინოს 90-იანი წლების გარიგება, ანუ შეპირდეს ვაშინგტონს, რომ იგი უზრუნველყოფს სტაბილურობას საქართველოს «დანარჩენ ტერიტორიაზე» უშუალოდ, ან თავისი მარიონეტების მეშვეობით?!!!
        თუ ამგვარი გარიგება, საქართველოსთან დაკავშირებით მაინც, მართლა შედგა (გამორიცხული კი ნამდვილად არ არის) ამაში მხოლოდ ჩვენვე ვიქნებით დამნაშავე და ქართველმა პოლიტიკოსებმა მერე ერთმანეთს აბრალონ «ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება», - როგორც არაერთგზის (საეჭვო სიხშირით) მომხდარა ჩვენს ისტორიაში.