პრესისა და ლუსტრაციის კანონები განხეთქილების ვაშლი არ გახდება

პრესისა და ლუსტრაციის კანონები განხეთქილების ვაშლი არ გახდება

      

        შაბათს პრეზიდენტი პარლამენტში მიდის და ისტორიულ მოხსენებას წაიკითხავს. ყოველგვარი ირონიის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართვა «პარლამენტისა და ხალხისადმი» შეიძლება, მართლაც, ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგეს
        საქმე მხოლოდ «მინისტრთა კაბინეტში» არ არის - ედუარდ შევარდნაძე როგორც ჩანს, ახალი ინიციატივით გამოსვლას აპირებს აფხაზეთის, ბათუმის, სამოქალაქო საზოგადოების შენების საკითხებზე. გარკვეული აქცენტები იქნება პრესის შესახებ კანონისა და ყბადაღებული ლუსტრაციის თაობაზეც. მაგრამ პოლიტიკური ვითარება ნამდვილად არ შეიცვლება: თუ შევარდნაძე ისაუბრებს «პრესის შესახებ» კანონზე, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს კანონზე მუშაობა მართლაც დაიწყება ან პრეზიდენტი მომხრეა ისეთი კანონის მიღებისა, რაც საზოგადოებაში ვნებათაღელვას გამოიწვევს.
        ზუსტად ასევე, ის ფაქტი, რომ ედუარდ შევარდნაძე, საჯაროდ უჭერს მხარს «ლუსტრაციის შესახებ» კანონის მიღებას, სულაც არ მეტყველებს, თითქოს პრეზიდენტი რეალურად გადადგამს ნაბიჯებს კანონის ინიციირებისა და მისი მიღებისათვის.
        აქ, სინამდვილეში (ვის რაც არ უნდა მოეჩვენოს), არავითარი წინააღმდეგობა არ არის, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძე ძალაუფლების განხორციელების საკუთარი კონცეფციისა და შესაბამისი ტექნოლოგიის ერთგული რჩება.
        უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთადერთი ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის მართვა და სამოქალაქო ომის თავიდან აცილება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
        ადგილობრივი სპეციფიკისა და ეთნოფსიქოლოგიური მომენტების გათვალისწინებით.
        თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ სენსაციური განცხადება გააკეთა «კაზინოებთან» დაკავშირებით და მოითხოვა მათი კანონით აკრძალვა. პირველ განცხადებას შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან აქტიური რეაგირება არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, კანონი არ შემუშავებულა. მაშინ პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გადაყენებით დაემუქრა, რის შემდეგაც ჯონი ხეცურიანმა (მაშინ ის გახლდათ მინისტრი)კანონი პარლამენტის კომისიის სხდომაზე გაიტანა. კომისიაზე კი კანონპრროექტმა მწვავე შეხლა-შემოხლა გამოიწვია. საქმეც სწორედ ის არის, რომ პრეზიდენტმა შესანიშნავად იცოდა: კანონი არ გავიდოდა, მაგრამ მას არ შეეძლო არ გამოხმაურებოდა საზოგადოების განწყობას. «კაზინოები» სულ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს - ხალხი შიმშილით კვდება და ესენი კი ყოველ ღამე ათასობით დოლარს კარტში აგებენო.
        შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის ერთ-ერთი ძლიერი თვისება უდავოდ ის არის, რომ იგი საოცრად გრძნობს საზოგადოების განწყობას. შესაძლოა ეს იმის შედეგიც იყოს, რომ მისი ინიციატივით შესაბამისი სამსახური თითქმის ყოველღდე ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს.
        როგორც ცნობოილია, ვითარება არ შეცვლილა, ვინაიდან, რასაკვირველია, კაზინოების გაუქმებას არავინ დაუშვებდა: შესაბამისი ლობი რომც არ არსებობდეს ეს ხომ საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას ნიშნავდა, მაგრამ პრეზიდენტმა ვალი მოიხადა და იმოქმედა «ხალხში» არსებული არცთუ უსამართლო განწყობის შესაბამისად. პრინციპით: მე გულწრფელად ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ზუსტად იგივე ტექნოლოგია მოქმედებს «პრესის შესახებ» კანონისა და «ლუსტრაციის» შემთხვევაშიც.
        პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ დასვა ძალზე მწვავედ საკითხი, რამაც ჟურნალისტებში მძვინვარე რეაქცია გამოიწვია. არც პოლიტიკური წრეები შეხვდნენ განცხადებას სკეპტიციზმის გარეშე - ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო ძალებს დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობოდათ, ვინაიდან ჟურნალისტების გაღიზიანება არავის აძლევდა ხელს. მაგრამ შევარდნაძემ თავის თავზე მიიღო დარტყმა, რათა გაენეიტრალებინა საპირისპირო სტერეოტიპი.
        ორიოდე დღის შემდეგ კი (ჯერ კიდევ ჩაუმქრალი სკანდალის პირობებში), პრეზიდენტმა რადიოინტერვიუში განაცხადა: «მეტ მხარდაჭერას ველოდი საზოგადო მოღვაწეებიდან - ბევრი რამ ითქმება დახურულ კარს მიღმა, ბევრიც ქარაგმულად, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგება, მეტი პრინციპულობაა საჭირო».
        მაშასადამე, ეს კომენტარი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი გამოეხმაურა არსებულ განწყობას. პრესა მართლაც უშლის ნერვებს იმ ინტელიგენციას, რომელიც ყაზარმული რეჟიმის პირობებში მოღვაწეობას არის მიჩვეული და უჭირს სხვა პირობებთან ადაპტირება.
        რასაკვირველია, ისინი სხვადასხვა დონეზე გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მოითხოვდნენ «პრესის ალაგმვას». პრეზიდენტსაც ადანაშაულებდნენ, რომ იგი «ზომას არ იღებს» ვითარების გამოსწორებისათვის.
        ჰოდა, პრეზიდენტმაც მწვავედ დასვა საკითხი, მაგრამ იმ ხალხმა ვინც «ჩუმად» გამოთქვამდა უკმაყოფილებას, როგორც მოსალოდნელი იყო, საჯაროდ ხმის ამოღება და მხარდაჭერა ვერ გაბედა. სამაგიეროდ, პრეზიდენტსაც ვეღარ ადანაშაულებენ «უმოქმედობაში».
        ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ედუარდ შევარდნაძე აპირებს თავს მოახვიოს პარლამენტს და ქვეყანას «პრესის შესახებ» კანონი. საერთოდ იგი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც მეტნაკლებ დაპირისპირებას, ემოციურ აზრთა შეჯახებას გამოიწვევს. გამორიცხულია მან დაიჟინოს მაინცდამიანც ისეთი კანონის მიღება «პრესის შესახებ», რაც სიტყვის სავისუფლებას შეზღუდავს საქართველოში. მით უმეტე,ს რომ ამას აზრი არა აქვს - სიტყვის თავისუფლება საზოგადოებრივი ინსტიტუტია და არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი.
        ზუსტად ასეთივე ვითარებაა «ლუსტრაციის შესახებ» კანონთან დაკავშირებითაც. თუმცა საეჭვოა საქმე ლუსტრაციამდე მივიდეს, ვინაიდან ესეც ისეთ დაპირისპირებას და სიძულვილს გამოიწვევს, ქვეყანა მართლაც აღმოჩნდება სამოქალაქო ომის ზღვარზე.
        ამას კი, ისევ და ისევ, პრეზიდენტი არ დაუშვებს.

მერიდიანი, 9 მაისი, 2001 წელი