ჟვანიამ პარტიული ამბოხი ჩაახშო; პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ

ჟვანიამ პარტიული ამბოხი ჩაახშო; პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ

          საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში (ანუ პრეზიდენტის რეზიდენციაში) ბოლო დროს მოხშირებულ «საიდუმლო სხდომებს» დამკვირვებლები იოლ ახსნას უძებნიან: «მმართველ პარტიაში» მიმდინარეობს ძალთა გადაჯგუფების პროცესი, ხოლო სხვადასხვა ოლიგარქიული დაჯგუფება ёერთმანეთს დაეტაკა».
          ბუნებრივია, «დატაკების» მიზეზი შეიძლება მხოლოდ ახალ მთავრობაში თანამდებობათა განაწილება იყოს. თუმცა მიმდინარე პროცესს სხვა, სიღრმისეული მიზეზიც აქვს – დღითი დღე ძლიერდება ზურაბ ჟვანიას პოზიციები ხელისუფლებაშიც და მმართველ პარტიაშიც.
          უკანასკნელ დღეებში «აფეთქებული» სენსაციაც ჟვანიას საკმოად სერიოზულ წარმატებად იქცა, ვინაიდან მან დაანახა პრეზიდენტს, რომ შეუძლია მტკიცედ მართოს პროცესები მოქალაქეთა კავშირშიც და პარლამენტშიც.
          ოღონდ ერთგვარად გადაჭარბებული უნდა იყოს ის შეხედულება, თითქოს ჟვანიამ აღმასრულებელიო ხელისუფლების წინააღმდეგ «გაილაშქრა». მით უმეტეს, თუ აქ პრეზიდენტი იგულისხმება. ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ შევარდნაძის ინტერესები ერთმანეთს არ კვეთს. პარლამენტის თავმჯდომარე სისხლხორცეულად დაინტერესებულია «ძლიერი პრეზიდენტით», ისევე, როგორც პრეზიდენტი – სტაბილურობით პარლამენტში. ჟვანიამ შეძლო ერთგვარი «ამბოხის» დროული მოთოკვა, რომელიც დაიწყო დეპუტატების პეტიციით საქართველოში «მინისტრთა კაბინეტის» ჩამოყალიბების თაობაზე. რატომღაც ყველამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დოკუმენტს, რომლითაც დეპუტატთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მინისტრების «დასაჭერი» კომისიის ჩამოყალიბებას მოითხოვდა მაშინ, როდესაც უკანასკნელი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზემოხსენებულმა «პეტიციამ» უფრო შეაშფოთა.
          ხელმოწერების შეგროვება «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე პარლამენტში «ტრადიციონალისტებმა» დაიწყეს, თუმცა ეს მოთხოვნა «მოქალაქეთა კავშირის» ძალიან დიდმა ნაწილმაც სავსებით მიზანშეწონილად მიიჩნია, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში ბუნებრივად მოეჩვენათ ერთგვარი «მეხამრიდის» შექმნა პრეზიდენტისთვის – როდესაც ეკონომიკურ კრიზისზე პასუხს აგებს არა პრეზიდენტი (დღევანდელ «ამერიკულ მოდელში» იგი უშუალოდ ხელმძღვანელობს მთავრობას), არამედ მთავრობა – განყენებულად.
          ბევრმა პარლამენტარმა ამ გზით სცადა პრეზიდენტისთვის იმ აფეთქების ტალღა აეცილებინა, რაც აუცილებლად მოჰყვება როგორც ახალი მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში, ასევე სულ უფრო გაღრმავებულ საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისსა და მის დასაძლევად აუცილებლად განსახორციელებელ «არაპოპულარულ» ნაბიჯებს.
          მაგრამ ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას მოეჩვენათ, რომ არსებობდა (მათ შორის მმართველ პარტიაში) მეორე კატეგორია, ვისაც «სახელისუფლებო გადატრიალების» განხორციელება სურდა სახელმწიფო მინისტრის დამტკიცების წინა პერიოდში.
          გარდა ამისა, ეს ხელმოწერები ხომ სერიოზულ ფაქტორად იქცეოდა თვით დამტკიცების პროცესშიც. მაგრამ, ჟვანიამ მოახერხა «ბუნტის» ჩახშობა, ისე რომ, პრეზიდენტთან ურთიერთობები არ გაუფუჭებია, თუმცა მოსახდენი უკვე მოხდა: აკაკი ასათიანის ძალზე ეშმაკურმა და მახვილგონივრულმა სვლამ დაადასტურა, რომ მოქალაქეთა კავშირში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობა.
          სწორედ ამან შეაშფოთა ყველაზე მეტად პრეზიდენტი. არ არის გამორიცხული, მას შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ძალები მისსავე პარტიაში ცდილობენ შეზღუდონ პრეზიდენტის უფლებამოსილება «მინისტრთა კაბინეტის» შემოღების საფარქვეშ, რასაც ედუარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა, არასდროს დაეთანხმება.
          სტრასბურგიდან დაბრუნებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ კი მოსთხოვა კომიტეტების ხელმძღვანელებს, დაეწერათ განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ - რითაც პრეზიდენტს გაუფანტა შეხედულება, რომ ამ პროცესებში თავად მონაწილეობდა. მაშინ, როდესაც არსებული ბალანსის დარღვევა სასიცოცხლოდ ეწინააღმდეგება ზურაბ ჟვანიას ინტერესებს – მისთვის გაცილებით ხელსაყრელია გავლენისა და წონის თანდათანობითი (თუმცა განუხრელი) ზრდა. ეს უფრო გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმატებას.
          მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძე დარწმუნდა, რომ თუ რაიმე შეთქმულება არსებობდა, იგი პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებით ჩაახშო (თანაც «უსისხლოდ» _ ფრაქციაში დანაკარგების გარეშე) – პრეზიდენტი უფრო აქტიურად დაინტერესდა «კაბინეტის» თაობაზე გამოთქმული წინადადებით, ანუ დაინტერესდა ამ საკითხით შინაარსობრივად.
          სარწმუნო წყაროს ცნობით, ორშაბათს გამართული «მთავარი საბჭოს შეკრება» (პრეზიდენტთან, დახურულ კარს მიღმა) სწორედ ამ წინადადების განხილვას უფრო მიეძღვნა, თორემ პრეზიდენტი კიდეც დაეთანხმა დეპუტატებს, რომ «ზოგიერთი მინისტრი მართლა დასაჭერია».
          რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს – იმავე წყაროს ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძეს დღევანდელ ეტაპზე ასეთი ცვლილება კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია.
          მართლაც, «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნება გამოიწვევს არსებული კონსტიტუციის ძირფესვიან გადაკეთებას, - Fფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის მიღებას, ძლივს დამყარებული «სახელისუფლებო ბალანსის» დარღვევას: შეუძლებელია არსებობდეს მინისტრთა კაბინეტი, ხოლო პრეზიდენტს არ ჰქონდეს პარლამენტის დაშლის უფლება – ეს კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ «ხელმოწერები» ჟვანიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ვინაიდან წარმოუდგენელია ზურაბ ჟვანიას ბალანსის ასეთი დარღვევა დღეს ხელს აძლევდეს.
          «ფრანგული ტიპის» საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პარლამენტს აქვს მთავრობის გადაყენების უფლება არა იმპიჩმენტით (ანუ კანონის დარღვევისათვის) არამედ მუშაობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების მექანიზმითაც. ოღონდ ეს არ შეიძლება იყოს საკმარისად ქმედითი «საპირწონე» - მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც 8 წელი (1992 წლიდან) საქართველოში სრულიად სხვა ტრადიცია ყალიბდებოდა.
          საერთოდ კი, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა შეიმუშაოს ქვეყანამ თვისებრივად ახალი კონსტიტუცია (სრულებით განსხვავებული მიმართებებით) მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოეჩვენა, თითქოს ამით ეკონომიკური კრიზისი გადაიჭრება – რაც სრული სისულელე და ილუზიაა. ამით არც ეკონომიკური კრიზისი გადაიჭრება და არც პრეზიდენტს შეუმსუბუქდება პასუხისმგებლობა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას კვლავაც ახასიათებს «პოლიტიკური პასუხისმგებლობის აბსოლუტური პერსონიფიცირება» - ეს საბჭოური მენტალიტეტის მემკვიდრეობაა და როგორც ჩანს, კარგა ხანს არაფერი ეშველება.
          გარდა ამისა, გაუგებარია, «ვიცე-პრემიერები» აკლდა საქართველოს? «ვიცე-პრემიერებზე» მეტი რა გვყავდა, მაგრამ საქმეს ამით არაფერი ეშველა და ვერც ეშველებოდა. პირიქით – დღევანდელ ვითარებაში «მინისტრთა კაბინეტის» ჩამოყალიბება ნიშნავს ოლიგარქიის ლეგალიზებას, რადგან ასეთ შემთხვევაში პროცესები უეჭველად იმავე სცენარით განვითარდება, როგორც რუსეთში, სადაც მინისტრებად ადამიანებს «ამერიკან ექსპრესის» საკრედიტო ბარათებზე დარიცხული თანხის შესაბამისად ნიშნავენ.
          ანუ «მინისტრთა კაბინეტი» დღეს სრულიად მკვდრადშობილი იდეაა, რომელსაც ამჟამად არანაირი პერსპექტივა არა აქვს და მხოლოდ ამა თუ იმ «ტაქტიკური მნიშვნელობის» პროცესთა მასტიმულირებელ ფაქტორად თუ გამოდგება.

7 დღე, 10 მაისი, 2000 წელი