ფატიხ აკინის პირქუში შედევრი და საქართველოს უახლესი ისტორია
ახლახანს ვნახე თურქული წარმომავლობის გერმანელი რეჟისორის და გერმანიის დიდი პატრიოტის, ფატიხ აკინის შემაძრწუნებელი ფილმი (თუმცაღა ჭეშმარიტი შედევრი) „ოქროს ხელთათმანი“ - 1970-იან წლებში რეალურად არსებული გერმანელი სერიული მკვლელის შესახებ.
ერთი შეხედვით, აკინის ფილმი თრილერია - ქალთმოძულე მანიაკზე.
თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით;
სინამდვილეში, აკინი უდიდესი ოსტატობით აღწერს, რა „უქნა“, რა „დამართა“ გერმანულ საზოგადოებას, გერმანელ ერს საშინელმა ომმა, საზარელმა დამარცხებამ, უსასტიკესმა სოციალურმა შოკმა, რაც თითქოს აღწერილამდე „მთელი“ 25 წლით ადრე მოხდა.
როგორ დაამახინჯა ერი და მისი სოციუმი, ღრმად დააავადმყოფა, დაასნებოვნა, პირწმინდად დაანგრია გერმანული საზოგადოება, ნამდვილ პირუტყვებად აქცია ადამიანები, როდესაც პირსისხლიანი მანიაკის მსხვერპლნი მასზე არანაკლებ საზიზღარნი და გულისამრევნი არიან.
თუმცა აკინის პირქუშ ტილოზე რამდენჯერმე გაიელვებს (მათ შორის ფინალში) ულამაზესი გერმანელი გოგონა, როგორც სიმბოლო და „გამონათება“ ამჟამინდელი - XXI საუკუნის - აყვავებული, სრულიად ჯანსაღი, ფეხზე წამომდგარი და უკვე წელში ამაყად გამართული გერმანიისა.
როგორ მიაღწიეს ამას გერმენელებმა, ანუ ბრძენმა გერმანულმა ელიტებმა იმ მართლაც საშინელი, გამანადგურებელი, ისტორიული ეროვნული მარცხის შემდეგ, რაც 1945 წელს განიცადეს?
პირველ რიგში ჭკუით, გონიერებით, ინტელექტით, კვალიფიკაციით, პასუხისმგებლობით, მეცნიერული მიდგომით, ფანატიკური შრომით, რეალობის ადეკვატური შეცნობითა და მომავლის სწორი ჭვრეტით.
და......განა ვინმე სწავლობს ან ვინმეს გამოუხატავს საქართველოში, ქართულ ხელოვნებაში, მათ შორის კინო-ხელოვნებაში (ყოველ შემთხვევაში ა რ ს ე ბ ი თ ა დ - substantially) ასეთივე საზრისი იმის შესახებ, თუ რა გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ე ლ ი დარტყმა მიაყენა ქართულ სოციუმს (ისედაც უმძიმესი მარვალსაუკუნოვანი ისტორიით დასნებოვანებულს) საზარელმა, სისხლიანმა და სასტიკად, თანაც მუდამ ქრონიკულად მარცხიანმა უახლესმა ისტორიამ?
როგორ დაანგრია სოციალურ ღირებულებათა სისტემა....როგორ გაანადგურა პიროვნებისა და სოციუმის მიმართება......რამდენად გააღრმავა საზოგადოებრივი მაკიერებანი, ფასეულობათა დევალვაცია და გამოიწვია საშინელი სოციალური ხლეჩა.....
არა, რასაკვირველია.
იმიტომ, რომ....... განა გერმანულ ელიტათა დარი ელიტები გვყავდა ჩვენ „აქტუალურ“ ისტორიულ მომენტუმში?
რა სისულელეა!
განა თომას მანი გვყავდა იმ მომენტში - დიდი ეროვნული კატასტროფისას? ჰენრიხ ბიოლი გვყავდა?
ადენაუერი.....კოლი......გენშერი......
ჩვენ გვყავდა თენგიზ კიტოვანი და უპასუხისმგებლო, ინფანტილური, იდიოტი, რეგვენი ე.წ. „ელიტარული ქართული ინტელიგენცია“ - გამანადგურებელი სამოქალაქო ომი რომ გააჩაღა ისტორიის გარდამტეხ და გადამწყვეტ მომენტუმში - ქვეყნის მომავალზე რთული და ფრთხილი, პასუხისმგებლიანი რეფლექსიის ნაცვლად.
თუმცა....დღეს......აქა იქ მაინც „გაიელვებს“ ხოლმე სასოებად მომავალი, ჯანსაღი საქართველოს ხატება - როგორც აკინის „შავბნელ შედევრში“ ის ულამაზესი გერმანელი გოგონა....