რა გვეშველება მკვდარი ცივილიზაციის შვილებს?

რა გვეშველება მკვდარი ცივილიზაციის   შვილებს?

საშინლად არ მომეწონა აიენ რენდის `ატლანტმა გაშალა მხრები`, როგორც ლიტერატურული ტექსტი.

რა ვქნა, არ მომეწონა.... ნუ ხომ შეიძლება არ მოგეწონოს ის, რაც მოდურია და ყველას მოსწონს?!

. . . . . . . . . . . . . . . .

ზოგადად, როცა ამგვარად გაPRებულ ტექსტს კითხულობ, სულ ეძებ `საზრისულ გულანს` და გამორიცხულია ავტორმა ის სადმე არ ჩადოს `გასაღებივით`

ამ ტექსტშიც ვიპოვე როგორც იქნა, სადღაც შუისკენ:

დანნესკიოლდი რომ ეუბნება რიარდენს:

- მე ვებრძვი ადამიანს ვინც დიდი ხნის წინ მოკვდა;

- და ვინ არის ეს ადამიანი?

- რობინ ჰუდი- მასზე ხსოვნის განადგურებაც კი მინდა!

- ????....ვინ? მერედა რატომ?

- ვებრძვი იმიტომ, რომ რობინ ჰუდი მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა; მე კი პირიქით: ღარიბებს ვართმევ და ვაძლევ მდიდრებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ფასეულობებს.

. . . . . . . . . . . . .

აი ეს დიალოგი რომ წავიკითხე, მაშინღა მივხვდი, რატომ ითვლება რენდის წიგნი ეპოქალურად და რატომ აღმერთებს მას დასავლეთში ყველა კონსერვატორი და ლიბერალი. ოღონდ `ლიბერალი` ამ მცნების კლასიკური სოციალური და არა `ამჟამინდელი` გაგებით, რაც აშკარა პერვერსიაა, თუმცა უკვე გაბატონებული.

ოღონდ ეს სხვა თემაა

ლიბერტარიანული ფილოსოფია და მსოფლხედვა, თუ დავაკვირდებით, სიღრმისეულად მომდინარეობს ქრისტიანობის პროტესტანტული გაგებიდან, როგორც უფლისმიერი ბედისწერისა (!), როცა სწორედ წარმატებული, მდიდარი ადამიანი ითვლება უფლის რჩეულად და არა წარუმატებელი, ღარიბი.

ეს აღქმა და შესაბამისი ეთიკა (აბსოლუტურად გაუგებარი კი არა და ტოტალურად, იმმანენტურად მიუღებელი ბიზანტინისტურ-ორთოდოქსალური, მართლმადიდებლური მსოფლაღქმისათვის) გულისხმობს, რომ სიმდიდრე ღვთისნიერების საბუთია, ხოლო სიღარიბე - ცოდვაა თავისთავად ანუ ცოდვილობის და უფლის რისხვის საბუთი.

მის თანახმად, მდიდარი ადამიანი მდიდარი ვერ იქნებოდა, ღმერთს რომ არ უყვარდეს მორწმუნეობისა და ღვთისმოშიშობისთვის...... ხოლო ღარიბი არ იქნებოდა ღარიბი, უფლის რისხვა რომ არ დაემსახურებინა ცოდვილობით და ნაკლებმრწმენობით.

ჰო, და....`რანაირად` მოხერხდა ამგვარი აღქმის შეთავსება ქრისტეს სწავლებასთან მისი `აქლემითა და ნემსის ყუნწით` ნამდვილად არ ვიცი. უფრო მეტიც: ვგრძნობ, ამის გაგება ჩემს ძალებს აღემატება.

ეგება იყოს კიდეც რაიმე კვლევა ამ თემაზე.

. . . . . . . . . . . . .

თუმცაღა, კალვინი ან ინგლისელი პურიტანები, როცა წმიდა წერილის ამგვარ აღქმას, გაგებასა და `წაკითხვას` ამკვიდრებდნენ, ალბათ ვერ აცნობიერებდნენ, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდებოდა იგი კაპიტალის სოციალური ნაყოფიერების, პროდუქტიულობის და ანგლოსაქსური ცივილიზაციის აყვავებისთვის - ატლანტიის ორივე ნაპირზე XIX-XX საუკუნიდან.

კი, ასეა: ნიუ იორკის ელვარე ცათამბჯენებიდან მელვილის ცალფეხა კაპიტნის უკანასკნელი ლოცვა/ხრიალი ისმის - სარჩო `პური არსობისას` მოსაპოვებლად თეთრ კაშალოტად მოვლენილ ბედისწერას რომ ებრძვის უმწეოდ..... ოკეანეში შთანთქმამდე.

. . . . . . . . . . . . . . . .

ეს გასაგებია ალბათ, მაგრამ....ჩვენ რა ვქნათ ჩვენ?

`ჩვენ` ანუ ქართველებმა, ესე იგი ბიზანტინისტურ-ორთოდოქსალური ცივილიზაციის შვილებმა?

არა ვარ დიდად მორწმუნე ქრისტიანი სამწუხაროდ..... მით უმეტეს ეკლესიურად მცხოვრები..... მაგრამ, ალბათ ეს გენი და გაგება სამყაროსი ჩემშიც დევს:

რუსულად ჟღერს კარგად: "Неправедность богатства".

ამიტომაც..... აი სულ რომ ამკუწოთ, ნაწილაკებად დამჭრათ, სულაც რომ ხსენებულ `ძირეულ გენამდე` ჩახვიდეთ, იმ გენეტიკურ აღქმას მაინც ვერაფერს უზამთ და ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ ოქროთი დატვირთული აქლემი შეიძლება გაძვრეს ნემსის ყუნწში.

ეს მეც კი, მეც - ნაკლებმრწმენი და...... მორწმუნე მართლმადიდებელნი იმას მიიღებენ, თითქოს რაც მეტად მდიდარი ხარ, მაშასადამე (!) მით მეტად უყვარხარ უფალს?!

რა სიგიჟეა?

ჰოდა რა გვეშველება აწ და მარადის მკვდარი ცივილიზაციის ცოცხლად შთენილ შვილებს?