სასაზღვრო «ცივი ომი» რუსეთსა და საქართველოს შორის

სასაზღვრო «ცივი ომი» რუსეთსა და საქართველოს შორის

    საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის მხარემ საქართველოსთან შეუთანხმებლად 500 მეტრით სამხრეთისაკენ გადმოსწია რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის (ლარსის) მონაკვეთზე. ამავე დროს, რუსეთის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელთა ბრძანებით, დაიწყო შეზღუდვების გაუქმება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუს მონაკვეთზეც.
    ფაქტობრივად, მოიხსნა ეკონომიკური სანქციები აფხაზეთის წინააღმდეგ. ეს მოსალოდნელი იყო: ვლადისლავ არძინბას თბილისში ჩამოსვლისთანავე ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისა და რუსეთის პატრონაჟით მოლაპარაკებების გამართვის სანაცვლოდ მოსკოვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს «ბლოკადის გაუქმებას» დაჰპირდა კიდეც.
    პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს პირდაპირი კონტრარგუმენტი რუსი მესაზღვრეების ქმედებაზე არ გააჩნია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, «სასაზღვრო რეჟიმი ორივე მხარის შეთანხმებით უნდა განისაზღვროსო», საერთაშორისო სამართალი ამას იმპერატიულად არ მოითხოვს. ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს საკუთარ საზღვარზე დააწესოს ისეთი რეჟიმი, როგორიც თავად მიაჩნია საჭიროდ (ეს მის საშინაო საქმედ ითვლება). თუ არ მოგწონს, შენი მხრივ, საკუთარი რეჟიმის დაწესებაც შეგიძლია, მაგრამ უბედურება სწორედ ისაა, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს ფსოუს საზღვარს, ამიტომ რუსეთის მხრიდან «სასაზღვრო რეჟიმის» შერბილება ფაქტობრივად საზღვრის გახსნას ნიშნავს.
    სამაგიეროდ, საქართველოს ნამდვილად ძალუძს, მიიღოს «ადეკვატური ზომები» ჩეჩნეთის საზღვარზე. ისევე, როგორც საქართველო ვერ აკონტროლებს «აფხაზეთ-რუსეთის საზღვარს», ასევე რუსეთს არ შეუძლია «ჩეჩნეთ-საქართველოს» საზღვრის კონტროლი. მოსალოდნელია საქართველოს მხრიდან საზღვრის ამ მონაკვეთის გახსნა და ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის ამოქმედება, რაც სავსებით ადეკვატური პასუხი იქნებოდა რუსეთის ქმედებაზე. რაც შეეხება ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რუსებმა იგი «ნეიტრალურ» ზოლში გადმოსწიეს, რითაც ფორმალურად დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები, მაგრამ «სასაზღვრო» სფეროში ბევრ რამეს ხშირად თავხედობა განსაზღვრავს; მით უმეტეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ არ დადებულა ხელშეკრულება «საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის» შესახებ.
    ამდენად, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია თავი იმით იმართლოს, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი «დავის საგანია».
    კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი მოხდა ფოთში, სადაც ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს რუსეთის სამხედრო კოლონა. რუსი სამხედროები გასვლას აფხაზეთის გავლით აპირებდნენ, - საბაჟო კონტროლის გაუვლელად; ქართულმა მხარემ მათ ყაზბეგისაკენ წასვლა მოსთხოვა.
    ეს საკმაოდ გონებამახვილური პასუხია რუსი მესაზღვრეების ქმედებაზე, რომლებმაც სპირტით დატვირთული ასეულობით მანქანა «გაჭედეს» დარიალის ხეობაში. თუ ეს ასეა, მაშინ საქართველოს შეუძლია საპასუხო ზომები მიიღოს: იმავე ხეობაში გამოკეტოს რუსეთის შეიარაღებულ ძალთა სამხედრო კოლონა და არ გაატაროს მანამ, სანამ სატრანზიტო ტვირთი რუსეთის საზღვარს არ გადალახავს.

მერიდიანი, 29 აგვისტო, 1997 წ.