რა ძევს «ქართული მძევლობის» რუსული კვალის მიღმა?

რა ძევს «ქართული მძევლობის» რუსული კვალის მიღმა?

 

        გუშინ ბოლნისის რაიონში იპოვეს 78 წლის სადი შარიფოვის გვამი, რომელიც 1 დეკემბერს გაიტაცეს უცნობმა ყაჩაღებმა. მისი უფროსი ვაჟი, «ლუკოილის» ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ვაგიტ შარიფოვი, სავარაუდოდ, დღეს ჩამოვა საქართვეოში, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ბოლო დრომდე ჩამოუსვლელობა «ლუკოილის» ვიცე-პრეზიდენტის პოლიტიკური (ოფიციალური) პოზიცია იყო.

        «ლუკოილს» ხელს არ აძლევს კრიმინალიზაცია, თუნდაც მსხვერპლის სახით, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ამ უდიდესი ნავთობკომპანიების აქციები დასავლურ ბირჟებზე უნდა გატანილიყო, ანუ «დოუ-ჯონსის» ინდექსში მოხვედრილიყო.
        სადი შარიფოვის გატაცებასთან დაკავშირებით, რუსულ მედიაში ყველაზე ნაკლებად განიხილებოდა ჩვეულებრივი კრიმინალის ვერსია. აქ ერთი ფენომენიც შეინიშნება: რუსულ მედიას საბაბი მიეცა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დასაძაბავად, აგრეთვე, იმის დემონსტრირებისათვის, რომ «თბილისი საკუთარ რეგიონებს ვერ აკონტროლებს».
        თუმცა, ამის მიუხედავად, ძირითადად, «მოსკოვური გარჩევის» ნიშნებზე საუბრობდნენ. არც ის დარჩენიათ მხედვლეობის მიღმა, რომ ბოლო დროს საქართველოში ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი დაბრუნდა და თან მოიტანეს ის საზარელი წეს-ჩვეულებები, რაც უამრავ რუსულ ტელესერიალშია აღწერილი მოსკოვური და პეტერბურგული «ბრატვის» ცხოვრება-ბრძოლის შესახებ. მით უმეტეს, სადი შარიფოვის გატაცებას თან დაერთო აფხაზეთში მომხდარი ანალოგიური დანაშაული. ტყვარჩელიდან მეორე გიგანტი კომპანიის («სლავნეფტის») ერთ-ერთი ხელმძღვანელის – ჯუმბერ ტყებუჩავას დედა გაიტაცეს. აფხაზმა სეპარატისტებმა, რა თქმა უნდა, უმალვე ისარგებლეს შექმნილი საინფორმაციო ფონით და მომხდარი საქართველოს გადმოაბრალეს, აქაოდა, მძევალი ქალი ზუგდიდის რაიონში გადაიყვანესო. არადა, ტყვარჩელში, ახლა კი არა, ბრეჟნევის დროსაც კი ვერ შედიოდა ქართველი ხეირიანად, შეიარაღებული ჯგუფის მოქმედებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შემდეგ სოხუმში ერთობლივ ქართულ-აფხაზურ ბანდიტურ ჯგუფზე ალაპარაკდნენ. ამ ინფორმაციის თანახმად, ქალბატონი აფხაზებმა გაიტაცეს, მაგრამ ქართველი ყაჩაღების მეშვეობით დამალეს. ეს უფრო ჰგავს სიმართლეს, მით უმეტეს, თუ მძევლის გადამალვა გალის რაიონში იგულისხმება. თუმცა, ამ შემთხვევაშიშც, რუსული მედიაც უფრო იმ გარემოებას აქცევდა ყურადღებას, რომ «სლავნეფტი» და «ლუკოილი» კონკურენტები იყვნენ და მათი დაპირისპირება არაერთგის გამოვლინდა როგრც უმაღლეს დონეზე (კომპანიათა პრეზიდენტების პიარომებსა და სახელისუფლებო კულუარულ შეჯახებებში), ასევე, «შავ გარჩევებსა» და შეკვეთილ მკვლელობებში.
        კითხვა, თუ რატომ აირჩიეს «ლუკოილმა» და «სლავნეფტმა» გარჩევებისთვის სწორედ საქართვლეო, მოსკოვური ბომონდისთვის გარკვეულია: საქართველოს სამართალდაცვის სისტემის სისუსტე და ღრმად განშტოებული კრიმინალური სამყარო. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე მითი და გაზვიადება (ანუ უბრალო დამთხვევა) იყოს. შეიძლება სცაოდავი სადი შარიფოვი მართლაც ჩვეულებრივმა ყაჩაღებმა გაიტაცეს (მით უმეტეს, რომ თავდასხმის დეტალები სწორედ ამაზე მეტყველებს), ხოლო «სლავნეფტის» ხელმძღვანელის დედის გატაცება, უბრალო დამთხვევაა.
        ამ ბურუსით მოცული «დამთხვევების» ასახსნელად საქართვლეოს სამართალდაცვის «ლეგიონემა», უბრალოდ, უნდა გახსნას სადი შარიფოვის მკვლელობის საქმე, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მალავენ, რომ აქვთ წინასწარი მონაცემები გამტაცებელთა შესახებ. რაც შეეხება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს, საბედნიეროდ, აზერბაიჯანშიც და ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობაშიც დამკვიდრდა აზრი პროვოკაციის შესახებ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ჩასაშლელად. მაშასადამე, გამტაცებლებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ესა თუ ის პოლიტიკურ-ოლიგარქიული მოტივი «გამოწერილი აქვთ.»

დილის გაზეთი, 13 დეკემბერი, 2002 წელი