ნადარეიშვილი-კაკუბავას დაპირისპირება ომამდელ ხასიათს იძენს

ნადარეიშვილი-კაკუბავას დაპირისპირება ომამდელ ხასიათს იძენს


   

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება მის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ უეჭველად დაპირისპირების ახალ ტალღას მოასწავებს დევნილთა ფაქტობრივ და ფორმალურ ლიდერებს შორის.
    ბორის კაკუბავამ მოახერხა დევნილთა უზარმაზარი მასის ფაქტობრივი ლიდერი გამხდარიყო, რაც, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, თითქოს დევნილები მას «გაჰყვებიან» და მონაწილეობას მიიღებენ რაიმე აქციებში, რომელსაც კაკუბავა უხელმძღვანელებს.
    უბრალოდ, კაკუბავამ შეძლო დაერწმუნებინა ლტოლვილები უზენაესი საბჭოს მიერ გატარებული პოლიტიკის უნაყოფობაში. ამ უნაყოფობისა და უშედეგობის ფონზე ლტოლვილთა იმედგაცრუებამ შიდა დაპირისპირების სახე შეიძინა. ლტოლვილთა უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ უნდა არჩინონ მათ მრავალრიცხოვანი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც არაფრის მაქნისია და რეალურად ვერ წყვეტს აფხაზეთის პრობლემას.
    მიუხედავად იმისა, რომ ბორის კაკუბავა «ზვიადისტი» ლტოლვილებისათვის (ისინი კი გამოდევნილთა ძირითად ნაწილს შეადგენენ) თვისებრივად მიუღებელი ფიგურა იყო, ბოლო დროს მისი პოპულარობის ზრდა სწორედ «ელიტის» საწინააღმდეგო განწყობითაა განპირობებული, რაც უპირველესად «უზენაესი საბჭოსა» და ნადარეიშვილის ბრალია.
    ავტონომიის ლეგიტიმური სტრუქტურებისთვის ერთადერთი საშუალება, ასეთი განწყობის ზრდის თავიდან ასაცილებლად იყო უზენაესი საბჭოს ქცევა აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის შტაბად და ისეთი აქციების განხორციელება სეპარატისტთა კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, რომელიც დიდ გამოხმაურებას ჰპოვებდა დევნილთა მასაში. მაგრამ აფხაზეთის ქართული ისტებლიშმენტი (როგორც ჩანს, ძველი ინერციით) თბილისშიც ისე ირჯებოდა, თითქოს ავტონომიისათვის ტერიტორიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია სახელმწიფო სტრუქტურათა შენარჩუნება. თანაც ეს სტრუქტურები კვლავაც «მშვიდობის რეჟიმში» მუშაობენ და დანარჩენი საქართველოს მშვიდობიან ცხოვრებას ეთვისებიან მაშინ, როცა (ვიმეორებ) არსებული ვითარების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელი სახელმწიფოებრივი სისტემა ამჟამად «ომის ყაიდაზე» უნდა იყოს მომართული და დღენიადაგ იმისათვის მუშაობდეს, რათა მშვიდი ცხოვრების საშუალება არ მისცეს აფსუა სეპარატისტებს.
    ამ შემთხვევაში ლტოლვილი ავტონომიის ისტებლიშმენტს მანქანებსაც აპატიებს, ბინებსაც და პრივილეგიებსაც.
    ჯერჯერობით ნადარეიშვილი და მისი გუნდი ვერ ხვდება: მათი მთავარი ფუნქცია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა როდია, რათა «თბილისმა» გადაუწყვიტოს აფხაზეთს პრობლემა.
    იმ სტრუქტურათა მეშვეობით, რომლებიც ნადარეიშვილმა შეინარჩუნა, სავსებით შესაძლებელია კარგად შეიარაღებული, დისციპლინირებული, ორგანიზებული, გაწვრთნილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული დივერსიული ჯგუფების შექმნა, რომლებიც აფსუა ფაშისტებს სიცოცხლეს გაუმწარებენ.
    დავუშვათ, სამასი ათასი ლტოლვილიდან თუნდაც ათასი აღმოჩნდა მსურველი ასეთ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებისა: ესეც საკმარისი იქნება შესაბამისი აქციების გასახორციელებლად. რაკი დევნილთა მასა ასეთ მცდელობას და (რაც მთავარია) თვით პოლიტიკის ამგვარ მიმართულებას ვერ ხედავს, იგი ღიზიანდება და უჩნდება ეჭვი, რომ ეს «ლეგიტიმური სტრუქტურები» მხოლოდ ამ სტრუქტურათა წევრებისათვის არსებობს. ამავე დროს, აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობისათვის პასუხისმგებლობის თუნდაც ქარაგმულად, თუნდაც არაპირდაპირ თავზე აღების შემთხვევაში აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭო შეარბილებს პრესინგს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რომელსაც თითქმის ყველა შეხვედრისას საყვედურობენ, რომ «მართავს, აიარაღებს და აქეზებს» პარტიზანულ ჯგუფებს აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    რაკი აფხაზები არ კადრულობენ დიალოგის გამართვას თავიანთ ყოფილ თანამემამულეებთან, ამ უკანასკნელთაც ექნებათ შანსი «მხრები აიჩეჩონ» და თავისი გასაკეთებელი აკეთონ აფხაზეთში. «ოფიციალურმა თბილისმა» კი თავი ისე აჩვენოს, თითქოს იგი საერთოდ არაფერ შუაშია და ვერ მართავს პროცესებს, რომელშიც იმედგადაწურული ლტოლვილები მონაწილეობენ.
    სანამ ნადარეიშვილი არ მიხვდება, რომ მის ფუნქციას ლტოლვილები პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებაში ხედავენ, უნდობლობისა და შეურიგებლობის ბარიერი აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში არ დაიძლევა. «ტერორისტული აქტების» შესახებ განცხადებების კეთება კი გამოსავალი არ არის. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა ამ განცხადებებისა ლტოლვილთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯერა.
    ისე კი, აფხაზეთის «ავტონომიური სახელმწიფო სტრუქტურების» გაუქმება სეპარატისტებისათვის საბოლოო გამარჯვების მანიშნებელი იქნებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ მათ საშუალება, თავისუფლად ამოისუნთქონ, ვინაიდან პოტენციურად, აფხაზეთის უზენაესი საბჭო ერთადერთი სტრუქტურაა, რომელსაც რეალურად ძალუძს, პარტიზანულ მოძრაობას უხელმძღვანელოს - რა თქმა უნდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით.
    ჩვენდა სავალალოდ, ამგვარი განწყობა არც უზენაეს საბჭოში შეიმჩნევა და არც ხელისუფლებაში.

მერიდიანი, 14 იანვარი, 1998 წ.