რას გვიქადის არჩევნები - 2012?

რას გვიქადის არჩევნები - 2012?
რას გვიქადის არჩევნები - 2012?

    ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „მრისხანე გრუხუნით“ გვიახლოვდება. ზედმეტიც კია იმის აღნიშნვა, რომ ეს არჩევნებიც ისტორიული და გადამწყვეტი იქნება. ქართულ არჩევნებს, ზოგადად, ასეთი თვისება აქვთ: თითქმის ყველა მათგანი საბედისწერო იყო. მოკლედ გავიხსენოთ; 1990 წლის 28 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, 1999 წლის 31 ოქტომბრის, 2003 წლის 2 ნოემბრის, აგრეთვე 2004 თუ 2008 წლების საპრეზიდენტო კამპანიები და ა.შ და ა.შ.
    ძალაუნებურად შეგეპარება ეჭვი, რომ „ისტორიულობასა“ და „საბედისწერობას“ ყველა ამ არჩევნებს ქართულ ელიტათა დაინტერესება უფრო ანიჭებდა, ვიდრე რეალურად მათი მნიშვნელობა ქვეყნის მომავლისთვის. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ის განასხვავებს, რომ ჯერ ერთი, ახალი პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით, სრულიად განსხვავებული და შეუდარებლად უფრო მეტი ძალაუფლების მფლობელი იქნება. გარდა ამისა, ამ არჩევნების შედეგზე დიდადაა დამოკიდებული საპრეზიდენტო მარათონის ბედი, რომელიც უკვე ოქტომბრიდან დაიწყება - როგორც კი გაირკვევა, ვინ მოიპოვებს უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში.
    აქვე შევნიშნოთ: ყველა ექსპერტული დასკვნა იმის თაობაზე, თითქოს 2013 წელს საქართველო „გუდურა“ პრეზიდენტს აირჩევს, რომელსაც ძალაუფლების არანაირი ბერკეტი არ ექნება - სრული არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა. თუ ახალ კონსტიტუციას (ფაქტობრივად ახალი კონსტიტიციაა და არა ძველის ჩასწორებული ვარიანტი-ავტ.) ყურადღებით წავიკითხავთ, პრეზიდენტი ძალაუფლების ძალიან მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. მას ისეთი ბერკეტები უნარჩუნდება, რომ პროცესებზე თუ არა განმსაზღვრელ, ყოველ შემთხვევაში ანგარიშგასაწევ ზეგავლენას შეძლებს.
    ბევრად უარესი შეიძლება მოხდეს, თუ პრეზიდენტის თანამდებობას საპარლამენტო უმრავლესობასთან მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკოსი დაეუფლება. სხვაგან ეს შეიძლება ბალანსისა და გაწონასწორების წინაპირობად იქცეს, მაგრამ ჩვენს პირობებში, ჩვენი პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ამგვარი დაპირისპირება პოლიტიკურ ჩარჩოებს გასცდეს და (როგორც არაერთხელ მომხდარა ახლო წარსულში) დამანგრეველი ხასიათი შეიძინოს. ამ შემთვევაში პასუხისმგებლობის დიდი წილი დაეკისრებათ ახალი კონსტიტუციის „არქიტექტორებს“, რაკი მათ მიერ საბოლოოდ შემუშავებული მოდელი არც გერმანულია, არც ფრანგული, არც ამერიკული, არც საპარლამენტოა, არც საპრეზიდენტო, არც შერეული და საერთოდ გაურკვეველია რა კლასიფიკაციაში ექცევა.
    თუმცა, ეს მაინც სხვა თემაა. ამჯერად კი, ბევრად უფრო საინტერესოა ვითარების მოდელირება მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    პირველი: არჩევნებში „ნაციონალები“ იმარჯვებენ, ესე იგი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებენ. კაცმა რომ თქვას, საააკშვილისა და მისი გუნდისადმი სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ეს სცენარი ყველაზე მეტად რეალისტურად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, რაკი ოპოზიცია კვლავინდებურად დაქსაქსულია და, რაც მთავარია, არ გააჩნია არანაირი ალტერნატიული პროექტი ქვეყნის განვითარებისა.
    ანუ, ისინი ამომრჩევლებს ვერ უხსნიან, მაინც რა მიზნით, რა კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და რას გააკეთებენ სხვაგვარად (საგარეო თუ საშინაო მიმართულებით), ვიდრე ამას აკეთებს მმართველი გუნდი. ბევრ დასავლელ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ როდესაც უსმენს ბიძინა ივანიშვილის გუნდის თუ გარემოცვის წევრებს, მათ გამონათქვამებს ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, იოლად რწმუნდება: ხელისუფლებასა და მთავარ ოპოზიციურ ძალას შორის არანაირი განსხვავება კარდინალურ საკითხებში არ არის.
    გამოდის, ჯონ სვიფტისეულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც დისკუსიის საგანი ისაა, თუ რომელი ბოლოდან უნდა გავტეხოთ კვერცხი. იოლი პროგნოზირებადია, რომ ასეთი ოპოზიცია უეჭველად დამარცხდება: ელექტორალური ფსიქლოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელი (პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში) ისაა, რომ კარდინალურ ცვლილებებს იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უჭერს მხარს, თუ ოპოზიციურ ძალას აქვს მკაფიო ალტერნატიული პროექტი. ძალიან ზუსტი მაგალითია 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები. სხვა შემთხვევაში კი, თუ ოპოზიცია მოქმედებს გეგმით: „შენ წადი, მე უნდა მოვიდე, იმიტომ რომ შენ ხარ ცუდი, ხოლო მე ვარ კარგი“ - მას გარდაუვალი კრახი ელის.
    ამ სცენარის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მოიპოვებს კონსტიტუციურ ან აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში, რაც დიდწილად განსაზღვრავს საპრაზიდენტო არჩევნების შედეგსაც: სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებშიც ნაციონალთა კანდიდატი გაიმარჯვებს. თანაც, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდება, რომ მოსახლეობა (რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში კატაკლიზმების თავიდან აცილების საკმაოდ ძლიერი ინსტიქტი ჩამოუყალიბდა) შეეცდება, არ დაუშვას ძალაუფლების გამიჯვნა ანუ ხელისუფლების სუბიექტთა დაპირისპირება. და რაოდენ არადემოკრატიულადაც უნდა ეჩევნებოდეთ ქართველ პოლიტიკოსებს ასეთი სწრაფვა, - ამ ინსტიქტის ჩამოყალიბება თავის თავს უნდა დააბრალონ: ხალხი მიეჩვია, რომ ჩვენში პოლიტიკური დაპირისპირება ყოველთვის სცილდება კულტურულ ფარგლებს და გადაიზრდება დესტაბილიზცაციაში. დესტაბილიზაციის თავიდან აცილება კი სავსებით ჯანსაღი მისწრაფებაა. ვინ არის ამაში დამნაშავე? რასაკვირველია ქართული პოლიტელიტა და არა ხალხი.
    შეიძლება განვიხილოთ ექსტრემალური ვარიანტიც, როდესაც ნაციონალური პარლამენტის პირობებში ნინო ბურჯანაძე ან (და) ბიძინა ივანიშვილი (თუ მილიარდერი მანამდე საქართველოს მოქალაქეობას დაიბრუნებს) შეეცდებიან საპრეზიდენტო არჩევნებში აიღონ რევანში. ამ შემთხვევაში ბურჯანაძე უფრო სერიოზული კონკურენტი იქნება, ვიდრე ივანიშვილი, რაკი ამ უკანასკნელს დაამძიმებს საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხი, ბურჯანაძის პარტია კი (საარჩევნო გარემოს მომიზეზებით) საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რათა პოლიტიკური რენომე არ დაკარგოს და საპრეზიდენტო არჩევნებში მეტი შანსი ჰქონდეს. თუმცა, კვლავ ვიმეორებ: საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება თითქმის გარანტირებულად უზრუნველყოფს ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო ძალაუფლებითაც
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მეორე ვარიანტი: ნაციონალური მოძრაობა მარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და აღმოჩნდება უმცირესობაში. ქვეყანაში იწყება ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ობიექტურად ვერ იქნება უმტკივნეულო, რაკი ხელისუფლების ცვლა ჩვენს პირობებში ელიტათა ცვლასაც გულისხმობს. ამ ელიტებს (მათ შორის ბიზნეს-ელიტებს) კი საკმაოდ დიდი ვალდებულებები აქვთ, რომ მათზე ასე უბრალოდ ჩაიქნიონ ხელი. დადებითი ამ პროცესში ის იქნება, რომ თუკი გამარჯვებული ძალა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაინც ვერ შესთავაზებს ქვეყანას რეალურ ალტერნატივას, ხალხში აუცილებლად გაჩნდება ნოსტალგია „მიშასა და მისი გუნდის“ მიმართ, რაც ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი პარტიიდან - ჩვეულებრივ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს და ამით ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური სპექტრის შექმნასაც დაუდებს სათავეს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაჩნდება ნარატივი „როგორ იყო მიშას დროს“ და ამ ნარატივის ფარგლებში რადიკალ-რეფორმატორთა გუნდი უეჭველად შეინარჩუნებს მნიშვნელოვან პოზიციებს ქართულ პოლიტიკაში. იმავდროულად, აიძულებს ხელისუფლებას, ეძებოს პასუხები წარმოშობილ კითხვებზე, რაც გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს.
    ახალი ხელისუფლება იმოქმედებს მუდმივი წნეხის ქვეშ, რადგან ძალიან გაუჭირდება ერთდროულად დემოკრატიული რეფორმებიც გაატაროს და მიშასდროინდელი ის მიღწევებიც შეინარჩუნოს, რაც ხალხს ერთმნიშვნელოვნად მოსწონს. მხოლოდ ერთი მაგალითი: კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება „ნაციონალური ხელისუფლების“ დროს უმკაცრეს სისხლის-სამართლებრივ პოლიტიკას ეფუძნებოდა. მაგრამ ეს ვითარება აუცილებლად გაუარესდება, როგორც კი ახალი ხელისუფლება იმ მეთოდებსა და სისტემურ მიდგომებზე იტყვის უარს (არადა, უბრალოდ იძულებული იქნება უარი თქვას, რაკი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა), რომლის მეშვეობითაც მიშას გუნდმა ამ სფეროში უდავო წარმატებებს მიაღწია.
    ანუ, მთლიანობაში, „ნაციონალური“ მოძრაობა შეიძლება გახდეს პირველი მმართველი პარტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც დამარცხების შემდეგ კი არ გაქრება („მრგვალი მაგიდისა„ და „მოქკავშირის“ მსგავსად), არამედ ძლიერ და ძალზე საშიშ ოპოზიციურ ძალად იქცევა ახალი ხელისუფლებისთვის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მესამე ვარიანტი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ამ არჩევნების შედეგად ვერც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია ვერ აღწევს გადამწყვეტ უმრავლესობას. ეს ყველაზე საინტერესო, თუმცა ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი ვარიანტია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეილება, რომ „ნაციონალები“, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნებიან დიდი პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილენი, ესე იგი, მათ გარეშე სახელისუფლები კოალიცია ვერ ჩამოყალიბდება. გაერთიანება „ყველა-ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ“ ვერ მოხერხდება, რაკი ოპოზიციური სპექტრი მეტისმეტად დაქსაქსული და იდეოლოგიურად ეკლექტურია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ექნება ყველაზე რეალური შანსი, მომავალი სამთავრობო კოალიციის დომინატად იქცეს.
    რასაკვირველია, ეს ყოველივე მხოლოდ ჰიპოთეტურ შესაძლებლობათა ანალიზია. მომავალ არჩევნებამდე კიდევ უამრავი რამ შეიძლება მოხდეს და ნამდვილად მოხდება კიდეც, თუმცა ძირითად ტენდენცითა შენარჩუნების შემთხვევაში, ანუ დღვანდელი მდგომარეობით, პირველი ვარიანტი ჯერ-ჯერობით ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე მეორე ან თუნდაც მესამე.

2012