რატომ მოკლეს აფხაზეთში რუსი დიპლომატი?

რატომ მოკლეს აფხაზეთში რუსი დიპლომატი?

რუსული და მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა.


დიპლომატებს, საერთოდ, ძალიან იშვიათად კლავენ. თითებზე ჩამოსათვლელია ასეთი შემთხვევა და ყოველთვის უდიდეს რეზონანსს იწვევს. ლიბიაში ამერიკელი ელჩი მოკლეს, მაგრამ მოკლა არა ქილერმა, არამედ ბრბომ, რომელიც აღშფოთებული იყო ფლორიდაში ყურანის დაწვით. რუსი დიპლომატების მკვლელობა კი საერთოდ ძნელი გასახსენებელია - მომხდარა თუ არა სადმე მშვიდობიანობის, ან თუნდაც ომიანობის პერიოდში. ბოლო ასეთი კაზუსი ალბათ გრიბოედოვის მკველობა იყო ისევ და ისევ ბრბოს მიერ. ირანელები მაშინ იმან აღაშფოთა, რომ რუსეთის საელჩოში ადგილობრივი ჰარემიდან გაქცეული საჭურისები იმალებოდნენ. თუმცა ეს ყოველივე შორეულ 1829 წელს მოხდა. მაშინ რუსეთი და ირანი ჯერ კიდევ მტრებად ითვლებოდნენ.
მაგრამ ვერც ერთი ეს შემთხვევა ვერ შეედრება 2013 წელს სოხუმში მომხდარ მკვლელობას. დღისით, მზისით, ათეულობით მოწმის თვალწინ, ვიღაც უცნობი ახალგაზრდა დაელოდა სახლთან რუსეთის საელჩოს პირველ მდივან დიმიტრი ვიშერნიოვს და იქვე ჩაცხრილა ცოლთან ერთად. ვიშერნიოვი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე ოლგა კი კვირას, სოხუმის საავადმყოფოში. იქ რა პირობები იქნებოდა, გასაგებია. სოჭში გადაიყვანდნენ რასაკვირველია, მაგრამ არატრასპორტირებადი იყო.
დიმიტრი ვიშერნიოვის რანგი (ვიცე კონსული და პირველი მდივანი) იმას ნიშნავს, რომ იგი საელჩოში მეორე პირი იყო. ეს ოფიციალურად. არაოფიციალურად კი -პირველი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრებული ტრადიციით, „საელჩოს პირველი მდივანი" უმრავლეს შემთხვევაში რუსეთის დაზვერვის ფარული ოფიცერია და სპეციალურ დავალებებს ასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დიმიტრი ვიშერნიოვი გავლენიანი ფიგურა გახლდათ და მისი მკვლელობა რუსეთისთვის სერიოზული დარტყმაა.
საერთოდ, დიპლომატზე ხელის აღმართვა ომის აქტია. არა „კაზუს ბელი" ანუ ომის მიზეზი თუ საბაბი, არამედ პირდაპირ ომის აქტი, რაკი დიპლომატი ხელშეუხებელია ყველა კონვენციით. არადა, სოხუმში „ხელი შეახეს" კი არა, საქვეყნოდ გამოასალმეს სიცოცხლეს.
თანაც, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, საოცარი დეტალები ხდება ცნობილი: მკვლელი რამდენიმე დღის განმავლობაში უტრიალებდა ვიშერნიოვის გარაჟს, იქვე კაფეში ყავასაც სვამდა, აშკარად რაღაცისთვის ემზადებოდა, მკვლელობის შედეგ კი მშვიდად გაემართა უახლოესი გაჩერებისკენ, სოხუმელ ტაქსისტებს დაუწყო საუბარი (!), მაგრამ რაკი ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ტროლეიბუსზე დაჯდა და წავიდა(!!!). ამას არც „გაქცევა" ჰქვია და არც „მიმალვა": უბრალოდ მოკლა რუსი დიპლომატი, დაჯდა ტროლეიბუსზე და მშვიდად წავიდა.
ყველა, ვინც აფხაზეთს კარგად იცნობს, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამგვარი მკვლელობა მხოლოდ აფხაზს თუ შეეძლო ჩაედინა. ანუ, მკვლელობის მერე ტროლეიბუსით მხოლოდ აფხაზი თუ გაემგზავრებოდა, რაკი აფხაზი კი არ მოუკლავს, - რუსი მოკლა. ხოლო აფხაზებს რუსებისადმი, სინამდვილეში, დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც ებრაელებს - არაბების მიმართ, „გოიმებს" რომ ეძახიან. მკვლელმა იცოდა, რომ რაკი აფხაზი არ მოუკლავს, არავინ გასცემდა და სერიოზულად ძებნასაც არ დაუწყებდნენ. მერე რა, რომ დიპლომატი მოკლა? ის დიპლომატი აფხაზებს დიდი ხანია აღიზიანებდა:
დიმიტრი ვიშერნიოვი რუსებისათვის მათი კუთვნილი ბინების დაბრუნების საკითხებს კურირებდა საელჩოში. ბინები აფხაზებმა წაართვეს ეთნიკურ რუსებს, როდესაც მათ აფხაზეთი მცირე ხნით ან ხანგრძლივად დატოვეს. მაგრამ მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, ნურას უკაცრავად; ეს ბინები უკვე აფხაზების საკუთრებაა და თუ ვინმეს მიჰყიდიან, მხოლოდ დაბრუნებულ მოჰაჯირებს, ანუ იმ აფხაზთა შთამომავლებს, რომლებმაც XIX საუკუნის კავკასიური ომის დროს დატოვეს აფხაზეთი.
დიმიტრი ვიშერნიოვი აფხაზ სეპარატისტებს ნერვებს უშლიდა ამ საკითხების მუდმივი გამწვავებით. ერთ-ერთ სხდომაზე ისიც კი თქვა, რომ თუ აფხაზ მეგობრებს ქართველების შესაძლო დაბრუნება აღელვებთ, მაშინ ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისია რუსეთის ყველა მოქალაქის საკითხს განიხილავს, გარდა ქართველი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებისა! ამ ფაშისტურმა განცხადებამ დიდი სკანდალი გამოიწვია, თუმცა ვიშერნიოვის მკვვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზებს, სინამდვილეში, არა მხოლოდ ქართველების დაბრუნება ადარდებთ, არამედ რუსებისაც. მათ სურთ, აფხაზეთში უმრავლესობად იქცნენ ყველა სხვა ეროვნების ადამიანთა გაძევებით და მოჰაჯირთა დაბრუნებით. უკვე 6 000 დააბრუნეს იმ საბაბით, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს.
ყველაზე საინეტრესო კი მოსკოვის რეაქციაა. წარმოიდგინეთ, თბილისში რუსი დიპლომატი არათუ მოეკლათ, არამედ „გადაბრუნებული" სიტყვა ეთქვათ, რა ამბავს ატეხდა ლავროვის უწყება და კრემლი? ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ. ქვეყანას შეძრავდნენ. ახლა კი ...... არაფერი! ანუ ვითომც არაფერი! თორემ როგორ არა, სინამდვილეში კბილებს აღრჭიალებენ ბოღმით, მაგრამ ვერაფერს იზავენ, რადგან აფხაზებთან დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანა არაფრის დიდებით არ აწყობთ. ურჩევნიათ ასეთი მკვლელობაც კი გადაყლაპონ და ყურადღება სირიაზე გადაიტანონ, ვიდრე აღიარონ, რომ იდიოტური გადაწყვეტილება მიიღეს 2008 წლის ავისტოში და ახლა ამ გადაწყვეტილების მძევალნი თავად არიან.