რატომ მოკლეს ზურაბ აჩბა?

რატომ მოკლეს ზურაბ აჩბა?

        სეპარატისტთა საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, სამშაბათს, გვიან საღამოს (22 საათზე) სოხუმში მოკლეს «აიდგილარას» თავმჯდომარე ზურაბ აჩბა.
        ზოგიერთი ცნობით, იგი საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს. სხვა ინფორმაციით, აჩბა სოხუმის «ბულვარზე» მოკლეს. სეპარატისტთა შინაგან საქმეთა მინისტრი კაბინეტში არ იმყოფებოდა, ხოლო მისმა მდივანმა სატელეფონო საუბრისას, თითქოსდა, ვერც კი გაიხსენა, რა თანამდებობა ჰქონდა ზურაბ აჩბას.
        ჯერ თქვა, რომ ვიცე-პრემიერი იყო, შემდეგ არ მახსოვსო. ჩემს კითხვაზე – როგორ ფიქრობ, ქართველმა პარტიზანებმა ხომ არ ივაჟკაცეს, მეთქი?» - მიპასუხა: «წარმოდგენა არ მაქვსო. მის ტონალობასა და განწყობაში კი აშკარად იგრძნობოდა: «ეგ დიდი ხნის წინათ ჩასაძაღლებელი იყო».
        უკანასკნელი ინფორმაციით, არძინბამ შინაგან საქმეთა მინისტრს (იგი მთელი დღე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა) უბრძანა საგანგებო კომისიის შემქნა და ამ კომისიის შემადგენლობაში რამდენიმე საზოგადო მოღვაწის შეყვანა.
        როგორც ჩანს, აჩბას მკვლელობამ არძინბა დააფრთხო, ვინაიდან, ამ ტერორისტულ აქტს აუცილებლად დაუკავშირებენ აჩბას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ზურაბ აჩბა კი, ჩვეულებრივი სეპარატისტი არ ყოფილა. ამიტომ, მისი მკვლელობა დღევანდელ აფხაზეთშიც კი, სადაც, კაცმა რომ თქვას, ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს, აუცილებლად იქცევა ნიშანდობლივ მოვლენად, რომელიც უეჭველად გამოიღებს შორს მიმავალ შედეგებს.
        საეჭვოა, ამ შემთხვევაში ქართველ პარტიზანებს ემოქმედათ. მათ სამურზაყანოშიც კი შეწყვიტეს აქტიურობა მას შემდეგ, რაც არძინბა დაემუქრა, გალის ქართულ მოსახლეობას მესამედ გამოვაძევებო. ამრიგად, აჩბა სეპარატისტებმა მოკლეს, რომელთა «სისხლი სისხლთაგანი» იყო იგი.
        ზურაბ აჩბა სათავეში ედგა აფსუათა ნაციონალისტურ ორგანიზაციას «აიდგილარას». ეს ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა თბილისში «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» დაარსების საპასუხოდ.
        მაშინ მას სათავეში ედგა სერგეი შამბა, რომელთან შედარებითაც ვლადისლავ არძინბა საქართველოს გულმხურვალე პატრიოტი ჩანს. მაგრამ მას შემდეგ ბზიფში ბევრმა წყალმა ჩაიარა. რუსეთის დახმარებით სამხედრო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, აფხაზეთი ვერ იქცა «ახალ შვეიცარიად». პირიქით, მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. კლანებმა გაძარცვეს ოდესღაც აყვავებული მხარე. არც რამე განსაკუთრებული პერსპექტივა ჩანს. ამ გარემოებებმა თვით ყველაზე მძვინვარე სეპარატისტებიც დააეჭვა. ზურაბ აჩბამ სერგეი შამბა შეცვალა (ეს აგრეთვე საგულისხმოა) «აიდგილარას» ხელმძღვანელის პოსტზე. თვით ეს ორგანიზაციაც არძინბას ოპოზიციად იქცა, ოღონდ «ოპოზიცია» მხოლოდ სეპარატისტთა გაგებით - არავითარი განსაკუთრებული უთანხმოება საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, მათ არა აქვთ, მაგრამ აფხაზეთის ოდესღაც აყვავებულ მიწა-წყალზე დასადგურებული სიღატაკე და უიმედობა გადაეცემოდა მოსახლეობას, რაც უდავოდ წარმოშობდა სოციალურ უკმაყოფილებას, ანტისამთავრობო განწყობას და სხვა.
        ასეთი განწყობა კი ობიექტურად ქმნის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებებს – პოლიტიკოსების მეშვეობით. ზურაბ აჩბა ხშირად აკრიტიკებდა ვლადისლავ არძინბას სოხუმში გამომავალ გაზეთში, ოფიციოზიც გააფთრებითა და გაღიზიანებით პასუხობდა.
        არძინბას, რასაკვირველია, მასავით ფანატიკოსი მომხრეები ჰყავს – აჩბა, როგრც საძულველი «ქართველების აგენტი», სწორედ მათ მოკლეს, მაგრამ არძინბას ამან საქმე არათუ გაუადვილა, არამედ, გაურთულა. ეს ფაქტი უეჭველად გააღრმავებს სეპარატისტულ საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილსა და უნდობლობას.

დილის გაზეთი, 17 აგვისტო, 2000 წელი