რატომ ცდილობს „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას?
არა ვარ დარწმუნებული, რომ „ბათუმის სასამართლო“ აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს.
მით უმეტეს არ ვარ დარწმუნებული, რომ ყ ვ ე ლ ა დასახელებულ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს.
მაგრამ დავუშვათ ასე მოხდა.
დავუშვათ ყველა პარტია აკრძალა „ბათუმმა“.
ასეთ შემთხვევაში ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „აკრძალული“ და „ანტიკონსტიტუციურად“ გამოცხადებული პარტიები უმალვე მიმართავენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) ამ ვერდიქტის აღსრულების შეჩერების (ხაზს ვუსვამ: არა განაჩენის გაუქმების - რასაც წლები დასჭირდება, - არამედ მისი აღსრულების (!) შ ე ჩ ე რ ე ბ ი ს) მოთხოვნით და „სტრასბურგის სასამართლო“ აუცილებლად (ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ) შეაჩერებს ამ გადაწყვეტილების ა ღ ს რ უ ლ ე ბ ა ს ურგენტული (გადაუდებელი) ჩარევის უფლებით, რაც ევროპულ სასამართლოს წესდებით აქვს.
ასევე ათასპროცენტიანი გარანტიით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად შეასრულებს „სტრასბურგის“ გადაწყვეტილებას და არ განახორციელებს იმ ზომებს, იმ ნაბიჯებს, რაც „ბათუმის“ ვერდიქტით შეეძლება გადადგას: პარტიების რეგისტრაციის გაუქმება, საბანკო ანგარიშების დაბლოკვა და ა.შ.
ამ 14 წლის განმავლობაში......მიუხედავად იმისა, გვეუბნებიან „უკვე ჩელიაბინსკი ვართო“....... იმ ნამდვილი (რუსული) ჩელიაბინსკის პრეზიდენტ პუტინისგან განსხვავებით, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, „ქართულ ჩელიაბინსკს“ ECHR გადაწყვეტილება არ შეესრულებინა.
არავითარი საფუძველი არ გვაქვს (საბედნიეროდ) ვივარაუდოთ, რომ მომავალ გადაწყვეტილებას არ შეასრულებს და/ანუ „სტრასბურგის სასამართლოს“ დატოვებს.
საქართველო იმ სასამართლოს სრულუფლებიან წევრად და მისდამი „ვალდებულად“ რჩება მიუხედავად PACE-ს ფაქტობრივი დატოვებისა.
და თუ ასეა, თუ არანაირი რეალური De-Facto „აკრძალვა“ არ იქნება, ხოლო „ბათუმის“ ვერდიქტის აღასრულება უეჭველად შეჩერდება, მერე სტრასბურგის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა კი წლობით გაგრძელდება, ბოლოს ისიც ხელისუფლებისთვის წარუმატებლად დასრულდება (გამორიცხულია ECHR პარტიების აკრძალვას დაეთანხმოს თუნდაც 5 წლის შემდეგ) ლოგიკურად ისმის კითხვა: რაღა აზრი აქვს ამ ყოველივეს?
ის აზრი აქვს (რისი აღიარებაც „ოპოზიციურ კლასტერს“ არაფრის დიდებით არ სურს და ყველაფერს პრიმიტიულად ხსნის „ივანიშვილის პიროვნული ახირებით“), რომ „ოცნების“ ამომრჩევლის ძააააააალიან არსებით ნაწილს ნამდვილად სძულს ოპოზიცია, მართლა სძულს ოპოზიციური ლიდერები და ეს არც თუ მცირერიცხოვანი (!) კატეგორია მართლაც მოითხოვს მმართველი პარტიისგან იმ დაპირების შესრულებას, რამაც 2024 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო საარჩევნო კამპანიის დროს გაიჟღერა.
რომ ვერ შეასრულებს (სტრასბურგი ამას არ დაუშვებს!!) ეს კი არ არის არსებითი; არსებითი და ნაკლებ დამაზიანებელი (!) ისაა, რომ ც დ ი ლ ო ბ ს საარჩევნო დაპირების შესრულებას.
პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „ოქროს კანონია“: შეიძლება ვერ შ ე ძ ლ ო დაპირების შესრულება, მაგრამ აუცილებლად უნდა ს ც ა დ ო!
„ოცნებას“ ამ ისტორიით დანაკარგი ექნება რასაკვირველია. როგორც პოლიტიკური, ასევე რეპუტაციული და საერთაშორისო, მაგრამ......ექნება გარკვეული „ამონაგებიც“.
მაგალითად, De-Facto რომ ვერ აკრძალავს და ბოლოს ვერც De-Jure აკრძალავს, ამ პარტიებს სრული უფლება შეუნარჩუნდებათ მონაწილეობა მიიღონ 2028 წლის არჩევნებში და თუ მონაწილეობაზე მაინც უარს იტყვიან, ეს იმავე დასავლეთისთვის („სტრასბურგის“ გადაწყვეტილების ფონზე) სრულებით გაუგებარი და მიუღებელი იქნება.
ლოგიკურად ასეა და........
2026 წლის 29 ოქტომბერი