წინასაარჩევნო სამთავრობო როქი

წინასაარჩევნო სამთავრობო როქი

    ტრადიციულად, არჩევნების მოახლოების კვალობაზე, საქართველოში სამთავრობო ცვლილებათა ალბათობა იზრდება. ამას უფრო მეტად სწორედ საარჩევნო ლოგიკა მოითხოვს, ვიდრე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის აუცილებლობა. ვანო მერაბიშვილი კარგ და უნარიან შინაგან საქმეთა მინისტრად ითვლებოდა, ხოლო მისი გადაყვანა პრემიერ-მინისტრად საარჩევნო მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი, თორემ ვერავინ დაასაბუთა, რატომ ვერ შეძლებდა თუნდაც იგივე ნიკა გილაური იმ პროგრამის განხორციელებას, რაც ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა. სამაგიეროდ, მერაბიშვილი ძლიერ პრემიერ-მინისტრად აღიქმება ხალხის თვალში, ვინც (პირველად ზურაბ ჟვანიას შემდეგ) მინისტრთა კაბინეტს პოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნა, ნიკა გილაური კი „ტექნიკური პრემიერი“ უფრო იყო.
    სანამ ახალ სამთავრობო კარუსელზე ვიტყოდეთ, ორი საინტერესო მომენტი უნდა აღინიშნოს. პირველი ის, რომ ნიკა გილაური, სინამდვილეში, „შორს“ არსად წასულა. მას ჩააბარეს ძალიან მნიშვნელოვანი სამენეჯმენტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განსახელმწიფოებრიობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ამ კორპორაციის და, მასთან ერთად ე.წ. „სტრატეგიული გაზსადენის“ პრივატიზების შესახებ. ნიკა გილაური პრემიერობის დროსაც აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამის თაობაზე მოსკოვთან, ერევანთან და ბაქოსთან. მაგრამ „დამოუკიდებელი ტოპ-მენეჯერის“ სტატუსით მას გადაწყვეტილების მიღება ბევრად გაუადვილდება.
    მეორე მომენტი კი სამთავრობო ცვლილებების კონსტიტუციურ ასპექტებს უკავშირდება: არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა. ახალი მთავრობაც რამოდენიმე კვირის დამტკიცებულია. ასეთ ვითარებაში სამთავრობო ცვლილებები სარისკოა და აი რატომ: მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტსა და პრემიერს მხოლოდ ხუთი მინისტრის შეცვლა შეუძლიათ ისე, რომ პარლამენტის მხრიდან მთავრობის ხელახლა დამტკიცება არ გახდეს საჭირო. ანუ, დარჩა სულ სამი შესაძლებლობა. საქართველოში კი (მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში) ათასი რამ შეიძლება მოხდეს, რის შედეგადაც ხელისუფლება არასასიამოვნო და არახელსაყრელი აუცილებლობების წინაშე აღმოჩნდება. მაშასადამე, ფინანსთა მინისტრ ღვინდაძის ჩანაცვლება ალეკო ხეთაგურით რაღაც ისეთი მოსაზრებით იყო განპირობებული, რომელმაც ყველა სხვა რისკი გადასწონა.
    აქაც ორი მიზეზია. მეორე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირველი:
    ფინანსთა მინისტრად ალეკო ხეთაგურის წარდგენისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მის წინამორბედს - დიმიტრი ღვინდაძეს - სულ მალე დანიშნავს „ძალზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე“. რა უნდა იყოს ფინანსთა მინისტრობაზე მნიშვნელოვანი, ცოტა არ იყოს გაუგებარია, მაგრამ თუ ნიკა გილაურის კაზუსს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს იგულისხმება სფერო, სადაც ყოფილი ფინანსთა მინისტრი უფრო მეტი სარგებლობის მომტანი შეიძლება გახდეს.
    თუმცა, არსებობს მეორე შესაძლო მიზეზი, რომელიც ცალკე ან პირველთან ერთად განაპირობებდა ამ როქს: ვინც ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სტილს, შეამჩნევდა, რომ იგი არც ერთ საკადრო გადაწყვეტილებას არ იღებს საიმიჯო მომენტების გათვალისწინების გარეშე. ანუ, მინისტრების დანიშვნა-არდანიშვნა მათი იმიჯისა და რენომეს გათვალისწინებით ხდება. თუ სწორედ ამ რაკურსით დავაკვირდებით დიმიტრი ღვინდაძის - ალეკო ხეთაგურით ჩანაცვლებას, ბევრი რამ ნათელი გახდება: ალეკო ხეთაგური წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი იყო, ანუ იმ სფეროს განაგებდა, სადაც პროგრესსა და წინსვლას (თუნდაც ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე) ვერავინ უარყოფს: შეუძლებელია უარყო, რომ 10 წლის წინ თბილისს ზამთრობით ელექტროენერგია მხოლოდ 6 საათის განმავლობაში მიეწოდებოდა, დღეს კი ამ მხრივ პრობლემები ამოწურულია.
    აქვე გავიხსენოთ, რომ ნიკა გილაურის აღმასვლა პრემიერ-მინისტრობამდე სწორედ ენერგეტიკის მინისტრობიდან დაიწყო. ისიც ჯერ ფინანსთა მინისტრად გადაიყვანა პრეზიდენტმა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დააწინაურა. ანუ, სააკაშვილის სტილშია ისეთი სამთავრობო გადანაცვლებები, როდესაც წარმატებულად მიჩნეული მინისტრები წინაურდებიან და ამით რეფორმათა საერთო წარმატებას ესმება ხაზი.
    აქედან გამომდინარე, არც ისაა შემთხვევითი, რომ პრემიერ-მინისტრად პოლიციის წარმატებული რეფორმის ავტორი დაინიშნა. პოლიცია და ენერგეტიკა ის სფეროებია, სადაც მთავრობამ არსებით, ხელშესახებ და უეჭველ შედეგს მიაღწია. შესაბამისად, ამ რეფორმათა შემდგომი „ფრპომოუშენი„ და „გაპიარებაც„ შესაძლებელი გახდა. სხვა რომელი სფეროა ასეთივე ხელსაყრელი „ფრომოუშენული“ და PR თვალსაზრისით? საგარეო პოლიტიკა? კულტურა და სპორტი? სოფლის მეურნეობა?
    დიმიტრი ღვინდაძის დიდხანს დატოვება ფინანსთა მინისტრად არ შეიძლებოდა არა იმიტომ, რომ ცუდი იმიჯი ჰქონდა. არამედ იმის გამო, რომ საერთოდ არ გააჩნდა არანაირი იმიჯი. რუსები ამას უწოდებენ «Не рыба не мясо». პრეზიდენტს კი ამ პოსტზე აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი მოხელე, რომელსაც „წარმატებული“ რენომე აქვს და მისი სახელი რეფორმებთან ან ვითარების გაუმჯობესებასთან ასოცირდება.
    მიხეილ სააკაშვილს ბევრჯერ უთქვამს, რომ ყველაზე მეტად „დაჭაობების“ ეშინია. ეს მისი პოლიტიკური კრედოს და სტილის საფუძველია: დაჭაობების დაუშვებლობა! იმიტომ კი არა, რომ ღვინდაძის დროს ფინანსური სფერო „დაჭაობებული“ იყო და ახლა „ოქროს ჩანჩქერად იქცევა“, რაკი ხეთაგური ჩაუდგა სათავეში, არამედ მასობრივი აღქმის თვალსაზრისით. საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს იღებს პირველ რიგში მასობრივი აღქმისა და საიმიჯო-PR-ული მომენტების გათვალისწინებით და არა იმ გათვლით, თუ რის გაყიდვას შეძლებს დიმიტრი ღვინდაძე ისეთს, რაც ფინანსთა მინისტრობის დროს ვერ ან არ გაყიდა.

2012