როინის ცხენი და ქართლოსის ჩიბუხი

როინის ცხენი და ქართლოსის ჩიბუხი

საარჩევნო კამპანია საქართველოში არაერთგზის აპრობირებული ხერხებითა და საშუალებებით მიმდინარეობს.
    ვგულისხმობ «აპრობირებულს» მსოფლიო პოლიტიკური ელიტის მიერ და იმ ელემენტარულ საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება საჭირო შთაბეჭდილების შექმნა დემოკრატიული საზოგადოებრიობის თვალში. 1992 წლის არჩევნებში ედუარდ შევარდნაძეს კონკურენტი არ ჰყოლია. მაშინ ამგვარი «დუპლეტის» შექმნა არც იყო აუცილებელი, ვინაიდან რეალურად, საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შევარდნაძეს არა თუ ოპონენტი, არამედ ოპონენტის ფანტომიც კი არ სჭირდებოდა, - იმდენად ნათელი იყო შექმნილი ვითარება და იმდენად ადვილი, მოვლენათა შემდგომი განვითარების პროგნოზირება.
    დღეს ვითარება შეიცვალა. ამჟამად არჩევნების ჩასატარებლად და «დემოკრატიული იმიჯის» შესანარჩუნებლად ყოვლად აუცილებელია კონკურენტების არსებობა, რომელთაგან რამდენიმე მხოლოდ ზემოთხსენებული ფანტომის როლს შეასრულებს და, ამავე დროს, ერთგვარად გააფერმკრთალებს ნამდვილი ოპონენტის, - რეალური კონკურენტის მნიშვნელობას.
    ედუარდ შევარდნაძის რეალურ კონკურენტად ამჟამად ჯუმბერ პატიაშვილი ითვლება (ქართულ პრესაში უკვე ბევრი დაიწერა იმის თაობაზე, რომ ვერც პანტელეიმონ გიორგაძე და ვერც აკაკი ბაქრაძე მას, სინამდვილეში, რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევენ). ამავე დროს, არსებობს კიდევ ორი კანდიდატი, რომელთა პოლიტიკური თვისებრიობა ძალზე ძნელი დასადგენია. უფრო სწორად, მათ არც გააჩნიათ ამ მხრივ რაიმე თვისებრიობა, - ისინი არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფასეულობებს და მათი მონაწილეობა მომავალ არჩევნებში, როგორც ჩანს, გარკვეული პირადი ამბიციის გამოვლინებაა. ოღონდ ეს ამბიცია მათი მოღვაწეობის ძალზე ვიწრო სეგმენტს არ სცილდება და, რა თქმა უნდა, ვერ აღწევს პრეზიდენტის სიმაღლეებამდე.
    ქართლოს ღარიბაშვილს და როინ ლიპარტელიანს რასაკვირველია შესანიშნავად ესმით, რომ პრეზიდენტი ვერ გახდებიან. ეს კარგად იციან მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერ ჯგუფშიც, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საშუალებას აძლევთ უფრო აქტიურად იმოღვაწეონ საკუთარ «პატარა ასპარეზზე» და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიონ.

    ქართლოს ღარიბაშვილს პოლიტიკურ სცენაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები: 1991 წელს იგი ჯაბა იოსელიანის ადვოკატი იყო, როდესაც ეს უკანასკნელი პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებით დააპატიმრეს.
  ღარიბაშვილის მონაწილეობამ ამ პროცესში დიდად განაპირობა «მხედრიონის» ლიდერის კავშირურთიერთობა იმ პოლიტიკურ ელიტასთან, რომელიც მაშინ მას მხარს უჭერდა და არგუმენტად იყენებდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.
    ღარიბაშვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩემებდნენ, აგრეთვე, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. ჯაბას «ადვოკატის» წოდება მისთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა - შევარდნაძის პარლამენტში მოსახვედრად. თუმცა, სახელმწიფოს მეთაურმა «საქართველოში ყველაზე ცნობილი» ადვოკატი მაინც არ დაიახლოვა ისე, როგორც ქართლოსს სურდა.
    ღარიბაშვილისათვის არჩევნებში მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, ეკრანზე გამოჩენის საშუალებაა. მისთვის აბსოლუტურად სულერთია, რას იტყვიან მასზე, ან რა რეაქცია ექნება მის გამოსვლებს. მთავარია საზოგადოებრივ ცნობიერებაში «დაფიქსირდეს» ღარიბაშვილი თავისი ჩიბუხით, ხოლო გარკვეული წრეებისათვის იგი იქცეს ადვოკატად, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. ეს შესანიშნავი რეკლამაა პროფესიულ (საკუთრივ საადვოკატო) ასპარეზზე წარმატების მოსაპოვებლად - ამიერიდან ღარიბაშვილს, როგორც ადვოკატს, შემკვეთი არ მოაკლდება.

    უფრო რთულია როინ ლიპარტელიანის მოტივაციის დადგენა, რადგან ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, მას მოღვაწეობის დამოუკიდებული ასპარეზი არ გააჩნია. მისი პარტია ვერ გადალახავს 5-პროცენტიან ზღვარს, ანუ ლიპარტელიანი კომისიის თავმჯდომარის პოსტს გამოეთხოვება. თუმცა, როგორც ჩანს, ლიპარტელიანს ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივე ამოძრავებს, რაც ღარიბაშვილს, - როგორმე დაამახსოვროს თავი იმ პატარა სოციალურ შრეს, რომელშიც თავად უხდება ტრიალი. ეს არის და ეს.

«მიმომხილველი», 3 ნოემბერი, 1995 წელი.