საქართველოს რეგულარული არმია არა ჰყავს

საქართველოს რეგულარული არმია არა ჰყავს


   

    მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის განმავლობაში დღენიადაგ გვესმოდა განცხადებები საქართველოს შეიარაღებულ ძალთა აღმშენებლობაში მიღწეული წარმატებების შესახებ, კრიტიკულ მომენტში ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობა თავად პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა.
    ედუარდ შევარდნაძის თქმით, მან «საკუთარი ხუთი თითივით იცის, რა შეუძლია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს». პრეზიდენტს ის უნდოდა ეთქვა, რომ მას არ შეუძლია ძალით გადაწყვიტოს აფხაზეთის პრობლემა - უკეთეს შემთხვევაში საქართველო ჩაებმებოდა ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ ბრძოლებში, უარეს შემთხვევაში კი, ენგურის გადალახვასაც ვერ შეძლებდა.
    საქმე მხოლოდ ენგურზე განლაგებულ «რუსის ჯარში» არ არის. თვით საქართველოს შეიარაღებული ძალებიც ვერ მომძლავრდნენ იმდენად, რათა სეპარატისტთა ფორმირებები მაინც დაამარცხონ.
    მაშასადამე, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, სანამ თავდაცვის სამინისტროს «ვარდიკო» ხელმძღვანელობდა, ერთადერთი რაც მოხერხდა, შედარებით დისციპლინირებული, არაყაჩაღური ფორმირების შექმნა იყო.
    საქართველოს არმიის სამხედრო მოსამსახურენი, განსხვავებით ყოფილი «გვარდიელებისაგან», იარაღს ქუჩაში როგორც მოესურვებათ არ დაატარებენ; აღარ ყაჩაღობენ (ან თითქმის აღარ ყაჩაღობენ); ყაზარმებში ცხოვრებასაც ეჩვევიან.
    მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბრძოლისუნარიან არმიას. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიფიქროთ: დღევანდელი ქართული არმია სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს მტერს და პირველი შეტაკებისთანავე ცხვრის ფარასავით არ გაიქცევა.
    უპირველეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ის ფენომენია, რომელსაც რუსები «საბრძოლო სულისკვეთებას» უწოდებენ. ეს სულისკვეთება ფეოდალური ლაშქრის ეპოქაში თითქოს არ გვაკლდა (თუმცა, ქართულმა ისტორიოგრაფიამ და ლიტერატურამ ბევრი რამ გადააჭარბა, - ამ თვალსაზრისითაც ლამაზი მითები შეითხზა), მაგრამ რეგულარული არმიის გამოცდილება საქართველოს თითქმის არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე პერიოდს ერეკლე მეფის მმართველობის ხანაში, როცა ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ ლეკების წინააღმდეგ საბრძოლველად «მორიგე ჯარი შექმნა», მაგრამ ეს ჯარი სულ მალე დაიშალა.
    რეგულარული არმია, საერთოდ ძალიან რთული საქმეა, იგი დიდ სახელმწიფოებრივ შეგნებას მოითხოვს. «სუფრის პატრიოტიზმი» ასეთი ჯარის ასაშენებლად საკმარისი არ არის.
    ვარდიკო ნადიბაიძემ ბრძოლისუნარიანი არმია არათუ ვერ შექმნა, იარაღითაც ვერ მოამარაგა, არადა სწორედ ამ მიზნით დაინიშნა 1994 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის «მომარაგების უფროსი» თავდაცვის მინისტრად. საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კვლავინდებურად ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ვინაიდან თავდაცვის საჭიროებისათვის გამოყოფილი სახსრები ნამდვილად არ არის საკმარისი სათანადო შეიარაღების საწარმოებლად; თუმცა, ქვეყანას გარკვეული პოტენციალი ამ თვალსაზრისით ნამდვილად აქვს.

მერიდიანი, 3 ივნისი, 1998 წ.