როსტომ დოლიძე - ტერორისტი და ასლან აბაშიძის მტერი

როსტომ დოლიძე - ტერორისტი და ასლან აბაშიძის მტერი

როგორც ჩანს «აჭარის ლომი» ბოლო დროს საკუთარ ქმედებებზე კონტროლს კარგავს. ყოველ შემთხვევაში იგი ვეღარ აცნობიერებს, რომ მისი მოქმედება მეტისმეტად «შიშვლდება» საზოგადოების თვალში ანუ თანდათან ნათელი ხდება აჭარის დღევანდელი ერთპიროვნული მმართველის ჭეშმარიტი მოტივაცია.
    ამის დადასტურებაა ის ინციდენტი, რომელიც სამშაბათს მოხდა საქართველოს პარლამენტში: აჭარის დეპუტაციამ, რომელსაც «საქართველოს აღორძინების კავშირი» ეწოდება, უნდობლობა გამოუცხადა ბათუმელ როსტომ დოლიძეს, რადგან, თურმე ნუ იტყვით, ეს უკანასკნელი ასლან აბაშიძის მოკვლას ისახავდა მიზნად და ტერორისტული აქტის დაგეგმვა - მომზადებასაც კი ხელმძღვანელობდა.
    ტერორისტები აჭარაში შეუპყრიათ, მაგრამ აბაშიძის «დიდსულოვანი და ბრძნული გადაწყვეტილებით» გაუთავისუფლებიათ. იმავე ბრძნული გადაწყვეტილებით, ისინი შეეძლოთ ციხეშიც გაეგზავნათ თხუთმეტი წლით, მაგრამ ასლან აბაშიძეს ამჯერად ასე გადაუწყვეტია, რაც ერთდროულად მეტყველებს როგორც «აჭარის ლომის დიდსულოვნებაზე», ასევე აჭარაში გაბატონებული რეჟიმის შუასაუკუნოებრივ სიბნელესა და ანტისამართლებრიობაზე.
    ვიმეორებ: ასლან აბაშიძემ, როგორც ჩანს, საერთოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება. ძნელი სავარაუდოა ჭკუათმყოფელმა კაცმა როსტომ დოლიძის «ტერორისტობა» დაიჯეროს (სხვა საკითხია თუ «ტერორიზმში» ასლან აბაშიძე და მისი დამქაშები განსხვავებული აზრის გამოთქმას გულისხმობენ) ისევე როგორც, დავით ბერძენიშვილის «ტერორისტობა» იყო რთული დასაჯერებელი.
    სინამდვილეში, ასლან აბაშიძეს როსტომ დოლიძის კი არ ეშინია, არამედ იმ ცვლილებებისა, რომელიც შესაძლოა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციაში «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის» შესახებ პარაგრაფის მიღებასთან დაკავშირებით.
    ასლან აბაშიძე, რომელიც დღენიადაგ გაჰყვირის «საქართველოს აღორძინებისათვის ვიბრძვიო», პირდაპირ რასაკვირველია ვერ იტყვის «აჭარის პრეზიდენტობა მინდა და აჭარამ საქართველოსთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოსო», ამიტომ თბილისზე ზემოქმედების შეფარვის გზებს პოულობს.
    მისთვის მთავარია, აჭარაში მუდმივად მუსირებდეს თბილისში მყოფი «ვინმე ბოროტის» სახელი, რომელიც აჭარის კეთილშობილ მბრძანებელს პროვოკაციებს უწყობს და მოკვლას უპირებს. ადრე ასეთი მტრის ფუნქციას რიგრიგობით ასრულებდნენ თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და იგორ გიორგაძე. ამჟამად ორი მათგანი ციხეში იმყოფება და ერთი - აბაშიძის საყვარელ რუსეთში გადაიხვეწა. ამიტომ «აჭარის თავკაცი» იძულებულია ახალი მტერი ეძებოს თბილისში, მაგრამ როსტომ დოლიძეზე უფრო «ბოროტი» ვერავინ აღმოჩნდა. არადა, როსტომ დოლიძე ტერორისტს ნამდვილად არ ჰგავს.
    რაც შეეხება თენგიზ კიტოვანთან მის მეგობრობას და ამ უკანასკნელის ადრინდელ მუქარას აბაშიძის დამხობის შესახებ, - 1992 წელს გია ჭანტურიაც დაემუქრა ასლან აბაშიძეს «ბუნკერში ჩაძვრენითა» და «დამხობით», მაგრამ «აჭარის ლიდერისათვის» ამას ხელი არ შეუშლია «ედპ»-სთან საერთო ენა გამოენახა.
    როგორც ჩანს, აქ როსტომ დოლიძეში არ არის საქმე - საქმე ის არის, თუ ვის უნდა სინამდვილეში საქართველოს აღორძინება და ვის - საკუთარი ტახტის განმტკიცება.
    ერთი რამ ცხადია: საქართველოს აღორძინებისა და ძლიერების მოსურნე მოღვაწეს რუსეთი ორდენით არ დააჯილდოვებდა.

«მიმომხილველი», 9 დეკემბერი, 1995 წელი.