რაზე მეტყველებს სტალინის ძეგლი?

რაზე მეტყველებს სტალინის ძეგლი?

   

    სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებამ სტალინის ძეგლის გორის ცენტრალური მოედნიდან – იქვე მდებარე მუზეუმში გადატანის შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
    ზოგმა ეს დემარში «ყურადღების გადატანის» მცდელობადაც ჩათვალა; თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი, მათ შორის გია ბარამიძეც, ამგვარ საკითხებს სიმბოლურ-ღირებულებითი თვალსაზრისით ეკიდება.
    ამ აზრით კი, იოსებ სტალინის ძეგლი საქართველოს სწორედ იმ ქალაქში, რომელიც ყველაზე სასტიკად დაიბომბა რუსული ავიაციისა და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების მიერ - «მეასეხარისხოვანი» საკითხი ნამდვილად არ არის, როგორც ზოგიერთი აცხადებს.
    ედუარდ შევარდნაძეს კიდევ შეეძლო (საკუთარი «პოლიტიკური ფილოსოფიიდან» გამომდინარე) ამგვარ ამბივალენტობას შერიგებოდა «ბალანსირების პოლიტიკის» ფარგლებში, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია ამას ასე იოლად არ შეეგუება, რაკი სიცხადისა და «დასრულებულობისაკენ» ისწრაფვის.
    ამ მისწრაფებათა ფარგლებში კი, აბსოლუტურად დაუშვებელია გორის ცენტრში იდგეს იმ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის ძეგლი, რომელმაც ეს ქალაქი და თვით ცენტრალური მოედანი კლასტერული ჭურვებით დაბომბა.
    «ისკანდერის» რაკეტით გორში ნატყორცნი ერთ-ერთი ამგვარი ჭურვი უშუალოდ იოსებ სტალინის ძეგლთან აფეთქდა და რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ორი ჟურნალისტის სიცოცხლეც შეიწირა.
    მიუხედავად ამისა, სტალინის ძეგლის გადატანა (თუნდაც არა მისი დამხობა, არამედ მუზეუმში გატანა) იოლი ნამდვილად არ იქნება.
    1989 წელს, საქართველოში ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ 9 აპრილის ტრაგედიამდე და ამ ტრაგედიის შემდეგაც, იმდროინდელმა ლიდერებმა სტალინის ძეგლის გატანაზე დაიწყეს საუბარი და მათაც ზუსტად ასეთივე «ღირებულებითი მოტივაცია» ჰქონდათ.
    ისინი აცხადებდნენ (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ იოსებ სტალინი, მიუხედავად ქართული გვარისა, იყო იმ სახელმწიფოს, იმპერიისა და რეჟიმის შემოქმედი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, განახორციელა საზარელი რეპრესიები, გაანადგურა ქართველი ერის მნიშვნელოვანი ნაწილი და რომლიდან თავის დაღწევასაც «ამჟამად სისხლითა და ცრემლით ვცდილობთ».
    ამის მიუხედავად, სტალინის ძეგლს მაშინ ძვრაც ვერ უყვეს – ასეულობით გორელი ღამეებს ათენებდა ქალაქის ცენტრში სანადირო თოფებით და არმატურის ნაჭრებით - «ძია სოსოს» შეურაცხყოფას არავის დაგანებებთო. მიახლოებაც კი ვერავინ გაბედა - არათუ ძეგლის აღება.
    დაახლოებით იმ დროს, საქართველოს კომპარტიის «ცკ»-ს პირველი მდივნის, გივი გუმბარიძის მხარდაჭერით (რაც ცოტა არ იყოს კომიკური იყო), «ეროვნულ მოძრაობის» აქტივისტებმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაამხეს ვლადიმერ ულიანოვ-ლენინის ძეგლი.
    ამის მიუხედავად სტალინის ძეგლი მაინც კარგა ხანს აღარავის გახსენებია, რაც რუს (და არა მარტო რუს) პუბლიცისტებს აძლევდა საბაბს ემტკიცებინათ, რომ სტალინის შემთხვევაში სხვაობა ქართულ გვარში იყო და არა რეჟიმისადმი დამოკიდებულებაში.
    მართლაც, სრული უაზრობაა იმაზე დავა, რომელმა უფრო დიდი წვლილი შეიტანა სისხლიანი რეჟიმის ჩამოყალიბებაში: იოსებ ჯუღაშვილ-სტალინმა თუ ვლადიმერ ულიანოვ-ლენინმა.
    ანუ, სტალინის ძეგლის ყოფნა-არყოფნა არც ისეთი «წვრილმანი» საკითხია, როგორც ზოგიერთს მოეჩვენა. სინამდვილეში, თუკი ერი «პანთეონზე» ვერ თანხმდება (ანუ ვერ თანხმდება იმაზე, თუ ვინ, რომელი მოღვაწეები უნდა აქციოს საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის სიმბოლოდ), მაშასადამე იგი ვერ თანხმდება ვერც ძირითად ღირებულებებზე, რაც ამ სახელმწიფოს საძირკვლად უნდა ჩაიდოს და თვით დამოუკიდებლობაზეც კი, ანუ საფუძველთა-საფუძველზე..
    ამ თვალსაზრისით, სტალინის ძეგლის შენარჩუნება გორის ცენტრალურ მოედანზე ნებისმიერ მოაზროვნე უცხოელს ეტყვის, რომ ქვეყანა, რომელშიც იგი იმყოფება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივად ჯერ ჩამოუყალიბებელია და მყარი ორიენტირები არ გააჩნია.
    სტალინი არ არის ქართული სახელმწიფოებრივი ფენომენი და არავითარი კავშირი «საქართველოს», როგორც «სახელმწიფოს» იდეასთან მას არა აქვს. პირიქით, იგი ამ იდეის ანტაგონისტურ იდეას განასახიერებს.
    გარკვეულწილად სხვა საქმე იქნებოდა, სტალინის ძეგლი რომ აზრობრივად, სკულპტურულად გამოხატავდეს მისი ფიგურის წინააღმდეგობრიობას ანუ ხელოვნების ნიმუშს მაინც წარმოადგენდეს! მაგრამ სწორედაც სკულპტურული თვალსაზრისით ეს არის მარაზმატულად უსახური, არაფრის გამომხატველი, უფერული, «ერთსახოვანი», ტიპიური, თავის დროზე მრავალათასეულჯერ კლონირებული  სხმული – ყოველგვარი მხატვრული ღირებულების გარეშე.
    ამ მიზეზით იგი ისევ და ისევ ეუბნება ყველა მნახველს, რომ გორის ცენტრში ჯერ კიდევ დგას ერთადერთი მიზეზით – ქართული გვარის გამო.
    «სტალინი ხომ ქვეყნის ისტორიააო». ჯერ ერთი, სტალინი არათუ სახელმწიფოებრივი, არამედ ქართული ისტორიული ფენომენიც არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გორის ცენტრში მდგარი უსახური, უნიჭო, უგემოვნო, უაზრო «ძეგლი» ამ მასშტაბური ისტორიული ფიგურის შესახებ მნახველს არაფერს ეუბნება; ეს არის ცარიელი კერპი, - დამახინჯებული ეროვნული შეგნებისა და ყალბი იდეალების, ფუჭი მითების განსახიერება.
    თუ ქართულ საზოგადოებას დღეს იმის უნარიც კი არ გააჩნია, რომ ეს მაჯლაჯუნა ქვეყანას მოაშოროს და, ბოლოს და ბოლოს, თუ «მაინცდამაინც», სადმე, რომელიმე ქუჩაზე, თუნდაც იმავე გორში, იოსებ სტალინის, როგორც ისტორიული ფიგურის წინააღმდეგობრივი, რთული და მრავალშრიანი ფენომენის ამსახველი სკულპტურა დადგას, - მაშინ ამ ქვეყნისა და საზოგადოების რეალური ფასეულობითი ორიენტირები მართლაც სერიოზულ კითხვებს ბადებს.
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი ის კი არ არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ეს აზრი წარმოიშვა, არამედ ის, რომ ამ აზრის ლოგიკურობა და დროულობა ეჭვს იწვევს.
    «რა დროს ეგ არისო».
    კი მაგრამ, აბა როდისღა არის დრო, თუ არა მაშინ, როდესაც სტალინის იდეურმა და სულიერმა მემკვიდრეებმა ქვეყანა დაგვინაწევრეს, დაგვანგრიეს, ადამიანები დაგვიხოცეს - სწორედ იმ იდეის გასამარჯვებლად, რომელსაც იგი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა?
    ცხინვალსა და ვლადიკავკაზში დღემდე ეძებენ იოსებ ჯუღაშვილის «ეთნიკური ოსობის» დამადასტურებელ საბუთებს, მაგრამ არა ამ «საბუთებით», არამედ სწორედ იდეური მემკვიდრეობითობით, ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა ასეთი ძეგლი მოსკოვში, ვლადიკავკაზში და იმავე ცხინვალში მდგარიყო.
    საბედნიეროდ, ამ საკითხში იოლად დათმობას თემის ინიციატორები არ აპირებენ: გორის სახლ-მუზეუმში იხსნება ექსპოზიცია, რომელიც აგვისტოს მოვლენებს ეძღვნება. ანუ მუზეუმი ფართოვდება და მოიცავს ბოლო მოვლენებსაც. იქ ასახული იქნება ბოლოდროინდელი ტრაგედია, გორში ოკუპანტების ნამოქმედარი და ასე შემდეგ.
    არის მოსაზრება, რომ სტალინის ძეგლი სწორედ ამ მუზეუმში დაიდებს ბინას, რაც სავსებით ლოგიკური იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში სამუზეუმო ექსპონატი საქართველოს წარსულზე იმეტყველებს და არა მის დღევანდელობაზე.
    ესე იგი, მნახველს იმას კი აღარ ეტყვის, რომ სტალინის ფენომენი საქართველოსთვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დღემდე აქტუალურია ანუ «აქტუალური საზოგადოებრივი ღირებულებების» განსახიერებაა (რასაც ეუბნება, სანამ გორის ცენტრში დგას), არამედ დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში – როგორც წარსული დროების, გარდასული ისტორიული პერიოდისა და თანამდევი იდეოლოგიის მეტყველი სიმბოლო.
    შიდა ქართლის გუბერნატორმა, ლადო ვარძელაშვილმა «ჯი-ეიჩ-ენ»-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ლოგიკურად მიიჩნევს სტალინის ძეგლის გადატანას მუზეუმში, თუმცა, მისი თქმით «საამისოდ გორში პლებისციტის ჩატარება იქნება აუცილებელი, რათა გაირკვეს, რა დამოკიდებულება აქვთ გორელებს ამ საკითხისადმი».
    ლადო ვარძელაშვილი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა თაობის გორელები ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაგრამ უფროსი თაობის ადამიანები მაინც წინააღმდეგნი იქნებიან.
    თუ ამგვარი პლებისციტი გორში მართლაც ჩატარდა, მისი შედეგი საერთოეროვნული რეფერენდუმის ტოლფასი გამოვა!
    სანამ სტალინის ძეგლი ამ ფორმითა და ამ «სახისმეტყველებით» საქართველოში დგას, - ეს ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი არ არის.
    მისი სახელმწიფოებრიობაც უფრო ქაღალდზე დატანილი სურვილია, ვიდრე სულიერი რეალობა.