რუსეთი «ელიტარულ კლუბში» გამოსაცდელი ვადით მიიღეს

რუსეთი «ელიტარულ კლუბში» გამოსაცდელი ვადით მიიღეს

 

    «დიდი შვიდეულის» გადაქცევა «რვათა კლუბად» ალბათ 1997 წლის ყველაზე მთავარი სენსაციაა, თუმცა ამ მოვლენის შედეგთა გადაჭარბებულად პესიმისტური ან ოპტიმისტური (გააჩნია, ვის რა სურვილი აქვს) შეფასებაც გაუმართლებელია: ბორის ელცინი მართლაც თითქოს «თანასწორივით» მიიღეს დენვერში - მისი მეუღლე ნაინაც კეკლუცობდა სხვა «პირველ ქალბატონებთან» ერთად, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს არათუ რეალურ თანასწორობას, არამედ თვით «ელიტარულ კლუბში» სრულუფლებიან წევრად მიღებას.
    საბოლოო დოკუმენტში, რომელიც სამიტის შედეგთა შესაჯამებლად მიიღეს, ნათქვამია, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ «დიდი შვიდეული» და რუსეთი. ანუ კლუბმა მხოლოდ მოიწვია რუსეთი, დაასწრო იგი თავის შეხვედრას და მაინც მიუჩინა მისი კუთვნილი და საკადრისი ადგილი «მრგვალი მაგიდის» კიდეში (პოლიტიკური თვალსაზრისით «მრგვალ მაგიდასაც» აქვს კიდე).
    როგორც ჩანს, დენვერში გამგზავრება ბორის ელცინმა «ნატოს გაფართოების» თაობაზე გამართული დისკუსიისას «გამოსტყუა» ხავიერ სოლანას. ეს იყო ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) დათმობა ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო კავშირში ახალი წევრების მიღებაზე რუსეთის თანხმობისათვის. გარდა ამისა, რუსეთი გაწევრიანდა კრედიტორთა პარიზის კლუბში (რაც მას საშუალებას აძლევს, მოიზიდოს დიდძალი კომერციული კრედიტი) და მიაღწია «საფლანგო შეზღუდვათა» ხელშეკრულების რევიზიას. ეს ძალზე ცოტაა, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის მწირ ეკონომიკურ შემოსავლებსა და შიდაპოლიტიკურ არასტაბილურობას.
    პროფესიონალმა დიპლომატმა, ევგენი პრიმაკოვმა მიაღწია იმის მაქსიმუმს, რისი მიღწევაც საერთოდ შესაძლებელი იყო. ამიერიდან რუსეთს რეგულარულად მიიწვევენ «შვიდეულის» შეხვედრაზე, მაგრამ «ელიტარულ კლუბში» მის სრულუფლებიან წევრობას ყოველთვის ვეტოს დაადებს იაპონია, რომელიც ოთხი კუნძულის მისთვის დაბრუნებას მოითხოვს.
    გარდა ამისა, «შვიდეულის» კიდევ ერთი მიზანი აშკარად ჩინეთის მზარდი ამბიციის შეკავებაა. რუსეთ-ჩინეთის კავშირს შეეძლო სერიოზულად შეეცვალა ძალთა თანაფარდობა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ «რუსული დათვი» კვლავინდებურად მოუხეშავი და მშიერია, «შვიდეული» არჩევს, იგი საკუთარ ეზოში ჰყავდეს დაბმული, ვიდრე ტყეში გაუშვას და ელოდოს, როდის დაესხმება თავს შიმშილისაგან გაბოროტებული.
    საეჭვოა, ბორის ელცინის დასწრებამ დენვერის სამიტზე და მისმა სავარაუდო მონაწილეობამ შემდგომ შეხვედრებში სტრატეგიული თვალსაზრისით შეცვალოს დასავლეთის გეგმები: აღმოსავლეთ ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანას 2005 წლამდე უეჭველად მიიღებენ «ნატოში» - ამ პროცესს წინ ვეღარაფერი აღუდგება. არც თუ უიმედოა ბალტიის ქვეყანათა სურვილიც - დაუბრუნდნენ თავიანთ წიაღს და კვლავაც იქცნენ ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოებად. შემდგომ კი უკრაინისა და კავკასიის ჯერიც დადგება. თუმცა, ამ რეგიონებში მოვლენათა შემდგომი განვითარების პროგნოზირება ძნელია. ამიტომ ჩვენთვის «გ-7»-ის თუ «გ-8»-ს პრობლემა ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს.

მერიდიანი, 1 ივლისი, 1997 წ.