საერთაშორისო მიმოხილვა. 10 აგვისტო. 2023 წელი
გუშინ, რუსეთმა, რაკეტით SS-26 Iskander დაბომბა ქალაქი ზაპოროჟიე და დაანგრია მართლმადიდებლური ტაძარი. ქარხანა `მოტორ სიჩს` ვუმიზნებდითო.
ესღა დარჩენია პუტინს, საბოლოოდ დაანგრიოს და გაწყვიტოს ის ძაფები, რომლებიც უკრაინას ოდესღაც აკავშირებდა რუსეთთან.
აქვე არ შემიძლია არ მივანიშნო ფრთხილად ერთ ტენდენციაზე, რაც უკვე აშკარაა რუს ბლოგერთა მსჯელობაში უკრაინის ომის შესახებ. ის რუსებიც კი, ვინც მართლა უკრაინის ომს გამოექცა და მართლა პუტინის მოწინააღმდეგეა, წერენ, რომ უკრაინის ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს, უკრაინელები რუსებს მაინც შემოგვირიგდებიან ისევე, როგორც ქართველები შემოგვირიგდნენ: დავდივარ თბილისში და ქართველები ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილნი არიანო.
თუმცა იმაში კი ნამდვილად ცდებიან, როცა მათ მიმართ პერსონალურ `არააგრესიულობას` (ეს უფრო ზუსტი განსაზღვრება იქნებოდა ვიდრე სიმპათია) აიგივებენ მათი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებაში, რაც ქართველებისთვის ერთი და იგივე არ არის.
ოღონდ....მეორეს მხრივ, ბევრ კოლეგა-ჟურნალისტს ევროპიდან, ვინც 2014 წლიდან, მით უმეტეს 2022 წლის შემდეგ ჩავიდა კიევში, არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინელები ბევრად უფრო რადიკალურნი არიან ამ მხრივ ვიდრე ქართველები, რაკი (ციტატა) `კიევში რომ დადგე და თქვა: დიახ, მე რუსეთის მოქალაქე ვარო` შეიძლება მაინც დაგამტვრიონ თავ-ყბა უკვე რაკი რუსი ხარ იმის მიუხედავადაც კი, პუტინის მტერი ხარ თუ მისი მომხრეო/
აქ მე აღარ შევალ მსჯელობაში, რომელი მიდგომა უფრო სწორია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი, სამწუხაროდ, ძალიან ოსტატურ ინტრიგას ხლართავს უკრაინის საწინააღმდეგოდ ისევ და ისევ `კოსოვოს პრეცედენტის` გამოყენებით.
როგორც მოგეხსენებათ, კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო დასავლეთის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა (ყველამ არა), პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.\პუტინმა ეს პრეცედენტი დემაგოგიურად გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს.
რამდენიმე დღის წინ, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა ღია წერილით მიმართეს პრეზიდენტ ბაიდენს, ასევე ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებს და მოსთხოვეს `გაამკაცროს პოზიცია სერბი პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის მიმართ`, რომელიც `არ ცნობს კოსოვოს სუვერენიტეტს`.
ამ წერილს ხელი მოაწერა ასევე....უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მერეჟკომ.
შესაძლოა ამით მერეჟკოს უნდოდა სამაგიერო გადაეხადა ვუჩიჩისთვის, რაკი სერბეთი აშკარად მხარს უჭერს რუსეთს ომში, მაგრამ....ისე გამოუვიდა, რომ პუტინს `გაუპრავა` დემაგოგია: `კოსოვო თუა დამოუკიდებელი, მაშინ ყირიმს და დონბასს რატომ არ აქვს თვითგამორკვევის უფლებაო`.
ზუსტად ამ მიზეზით, მიუხედავად ამერიკის თხოვნისა, საქართველომ არ ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა და მოიქცა სწორად!
შეგახსენებთ, რომ 1998-1999 წლებში, სერბმა ავტოკრატმა სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოში მოაწყო ადგილობრივი ალბანელების გენოციდი, ეთნოწმენდა, რის გამო აშშ და NATO იძულებული გახდა დაეწყო სამხედრო ოპერაცია: სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაანადგურეს სერბეთის არმია და ამის შემდეგ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დაჟინებული მოთხოვნით ამერიკამ, ასევე მისმა მოკავშირეებმა ცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ განსხვავებით კოსოვოსგან, სადაც გენოციდი სერბებმა მოაწყვეს, აფხაზეთში და ცხინვალში სწორედ ქართველები გახდნენ ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი, ხოლო ყირიმი, განსხვავებით კოსოვოსგან, `დამოუკიდებელი სახელმწიფო` კი არ გახდა, არამედ რუსეთმა პირდაპირ მიიერთა, როგორც ჰიტლერმა მიიერთა 1938 წელს ჩეხეთისგან გამოყოფილი სუდეტერლენდი ანუ სუდეტის მხარე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიამ უკრაინის არმიას კიდევ 2 საზენიტო სისტემა (ეს ამერიკული სისტემაა) Patriot მიაწოდა.
არც ისე დიდი ხნის წინ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. გერმანია ხომ ყველაზე მეტად უფრთხოდა პუტინს.
რეალურად აღმოჩნდა, რომ აღარც ისე უფრთხის.
წლების მანძილზე ტონობით რუსული დემაგოგია ქვეყნდებოდა, თითქოს რუსული საზენიტო სისტემები С-400 და С-500 თურმე `ბევრად სჯობია Patriot-ს`.....არადა, რეალურად, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ Patriot-მა ულტრაზებგერითი (!) რუსული რაკეტა Кинжал-იც კი ჩამოაგდო.
რუსული С-500 ამერიკული კოსმოსური თანამგზავრების წინააღმდეგ ააგეს პუტინის ბრძანებით. მერედა რა, ამით? იგივე ფუნქციის შესრულება (რუსული კოსმოსური თანამგზავრების წინააღმდეგ) Patriot-საც შეუძლია. მის მოდერნიზებულ ვარიანტს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
9 აგვისტოდან იაპონიამ, რომელიც მოქმედებს ცნობილი მაქსიმით `შურისძიება ცივად უნდა მიირთვაო`, აკრძალა რუსეთში 1,9 ლიტრ მოცულობაზე მეტი იაპონური ავტომობილის ექსპორტი რუსეთში.
ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები უნდა გამოემშვიდობონ მათ საყვარელ Toyota Alphard-ს, ასევე Nissan Serena-ს, ყველგანმავლებს Toyota Land Cruiser, Nissan Patrol, Mitsubishi Pajero აგრეთვე სედანებს, კროსოვერებს Honda CR-V და Toyota RAV4, თვით საქართველოში ზე-პოპულარულ (ლამის ქართველთა ეროვნულ მანქანად რომ იქცა) Toyota Prius-სს და ასე შემდეგ.
ჩავთვალოთ `უცნაურ დამთხვევად`, რომ ეს გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველომ აკრძალა ამერიკული და ევროპული მანქანების რე-ექსპორტი, მათ შორის ტრანზიტი რუსეთში.
ამ პროცესებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს აგრეთვე დასავლეთის მოსალოდნელი გადაწყვეტილება (აშკარად მწიფდება ეს გადაწყვეტილებაც) რომ ამერიკული, ევროპული და იაპონური მანქანების ექსპორტი აიკრძალოს რუსეთის მეზობელ ყველა სახელმწიფოში, რადგან იაპონიამ კი აკრძალა თავისი მანქანების ექსპორტი რუსეთში, ოღონდ ყაზახეთში ექსპორტი არ აუკრძალავს. შესაბამისად, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ასევე ყაზახეთში ექსპორტის აკრძალვაც.
საქართველოსაც აუკრძალავენ ადრე თუ გვიან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ამერიკული და ევროპული მანქანების ექსპორტს.
ჯერ ჯერობით ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა ამ აკრძალვით, რადგან საქართველოს მიღმა სხვა მარშრუტი, რუსეთთან დასაკავშირებლად, არ გააჩნია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელი `რესპუბლიკელები` მძლავრ კონტრშეტევაზე გადავიდნენ `დემოკრატებისა` და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ: რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს საბუთები, რომ 2014 წელს, ჯო ბაიდენი (იმ დროს აშშ ვიცე-პრეზიდენტი!) ვაშინგტონის რესტორანში შეხვდა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ცოლს, ელენა ბატურინას, რომელსაც მრავალმილიარდიანი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა რუსეთში და მრავალმილიონიანი ბიზნესის აწყობა სურდა ამერიკაშიც.
თვით ამ შეხვედრის ფაქტი ეჭვს არ იწვევს; ოღონდ რესპუბლიკელებმა მხოლოდ ეს ფაქტი კი არ გაამჟღავნეს: ისინი ამტკიცებენ, თითქოს ელენა ბატურინამ (ანუ ლუჟკოვის ცოლმა) ჯო ბაიდენს გადასცა 20 მილიონი დოლარი ქრთამის სახით!!!
ჯერ-ჯერობით ამის რაიმე მტკიცებულება `რესპუბლიკელებს არ დაუდევთ.
შეგახსენებთ, რომ იმ დროს ჯო ბაიდენის შვილი, ბიზნესმენი ჰანტერ ბაიდენი და მისი კომპანია `ბურისმა` აქტიურად თანამშრომლობდნენ უკრაინის ხელისუფლებასთან, ხოლო იმავე უკრაინას კი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი კურირებდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში. თუმცა ობამა სრული დილეტანტი იყო საგარეო პოლიტიკაში და მასე ყველა საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებასაც ბაიდენი ხელმძღვანელობდა. არა მხოლოდ უკრაინას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერთი ადამიანი (ქალი) დაიღუპა მოსკოვის გარეუბანში, `სერგიევ პოსადში` აფეთქების შედეგად. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ `ტექნოლოგიური დარღვევების` გამო აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი.
შესაძლოა მართლაც პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა; თან ისე, მთელი მოსკოვი უყურებდა ფეიერვერკს ღამით.
მთავარი კითხა ისაა, რამ ააფეთქა ეს საწყობი.
რუსული ოფიციოზი ჯერ-ჯერობით უარყოფს უკრაინული დრონის მოქმედებას.
თუმცაღა უკრაინული დრონი უზუსტესად ეცემა კრემლში, სენატის შენობის თავზე და....ასეთივე სიზუსტით ვითომ რატომ ვერ დაეცემოდა პიროტექნიკის საწყობს შესაბამისი ფსიქოლოგიური ეფექტის გამოსაწვევად?
. . . . . . . . . . . . . . . . .
The wall street journal აქვეყნებს კვლევას, რომ 2022 წლის შემდეგ უკრაინა 9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა! ომამდე მოსახლეობა 40 მილიონი იყო დაახლოებით.
ისინი ძირითადად გაემგზავრნენ ევროპაში.
WSJ პუბლიკაციაში ყველაზე საინტერესო მაინც ის ექსპერტული დასკვნაა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან 100 000 ადამიანის გადინება ამ ქვეყნის GDP-ს ამცირებს 0,5%-ით.
გამოდის, თუ ქვეყანა დატოვა 300 000 ადამიანმა, ეს უკვე 1,5%-იანი ვარდნის მაპროვოცირებელია.
9 მილიონმა ადამიანმა? სრული კატასტროფა!