რუსეთი კვლავ «საერთო სახელმწიფოს» გვთავაზობს

რუსეთი კვლავ «საერთო სახელმწიფოს» გვთავაზობს

        გუშინ პრეზიდენტმა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში, დიტერ ბოდენი.
        მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, საუბარი, ძირითადად, შეეხო ბოლოდროინდელ «იმპულსებს» აფხაზეთის პრობლემასთან დაკაევშირებით, რაც უეჭველად იმაზე მეტყველებს, რომ კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართული ძალები ამთავრებენ (როგორც იქნა) «დაზვერვას» და იწყებენ მოქმედებას. მაგრამ «მოქმედების დაწყება» ყოველთვის არ ნიშნავს საქართველოსთვის სასიკეთო მოქმედებას.
        მაგალითად, ძალიან საინტერესოა, როგორ ახსნიან თანამედროვე «რუსეთუმეები» იმ ფაქტს, რომ გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვისას ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც «ვეტო დაადო» მომზადებულ პროექტს, იყო რუსეთი?! საფრანგეთმა, გერმანიამ, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა მოიწონეს პროექტის ძირითადი პრინციპები – ისინი განსაზღვრავდნენ აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილებას პრინციპში, ანუ კონკრეტულ «უფლებამოსილებას» ამჯერად არ ეხებოდნენ.
        უბრალოდ, ამ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, თანაც, დაადასტურეს დოკუმენტურად.
        რუსეთმა კი «ჩააგდო» ეს დოკუმენტი. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში დემაგოგიურად განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი «არ არის შეთანხმებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან», თუმცა კი, შესანიშნავად იცის ამ «წარმომადგენელმა», რა დამოკიდებულება ექნებოდა არძინბასა და მის ხროვას დოკუმენტისადმი, მაგრამ მოსკოვიდან (კერძოდ, ჩვენი «თანამემამულე» საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვისგან) არ დაუდასტურებიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამავე ფარული მოტივით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ფაქტობრივად, უარი განაცხადა, დაემტკიცებინა (თავის მხრივ) რუსეთ-საქართველოს «დიდი ხელშეკრულება» მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
        ახლა ამის მიზეზად ზოგიერთები «ბაზების ლიკვიდაციას» ასახელებენ. ბოლოს და ბოლოს, ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტრატებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საქართველოში ბაზები არა აქვთ და მაინც ცნობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
        1995 წლის ოქტომბერში ედუარდ შევარდნაძემ და ვიქტორ ჩერნომირდინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს რუსეთის სამხედრო ბაზების 25 წლით დაკანონების შესახებ. იმავე წელს, რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა ოფიციალურად მიიღეს უფლება, გაეკონტროლებინათ საქართველოს საგარეო (მათ შორის საზღვაო) საზღვრები. მერედა, რა მიიღო სანაცვლოდ საქართველომ? – 1998 წლის მაისის მოვლენები გალში! აგრეთვე, რუსეთის ამჟამინდელი მუხთლობა გაეროში. ამ დოკუმენტს რუსეთი არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერდა (რომც არ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა), რათა არ გაეღიზიანებინა აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილოკავკასიელი ნათესავები.
        მიუხედავად ამისა, მარად ოპტიმისტურად განწყობილი დიტერ ბოდენი მზად არის განაგრძოს ძალისხმევა, რათა «დააახლოვოს მხარეთა პოზიციები». და მაინც, რუსეთი კვლავ ცდილობს, თავს მოგვახვიოს ეგრეთ წოდებული, «საერთო სახელმწიფოს» იდეა. ეს იდეა დამოუკიდებლადაც განიხილება («სახელშეკრულებო სახელმწიფოს» სახით), მაგრამ რუსეთს უნდა ისეთი ვითარება შექმნას, რომ აფხაზეთი ყოველთვის ჰქონდეს პყრობილი ბერკეტად საქართველოზე ზემოქმედების განსახორციელებლად.
        ამიტომ ეს წინადადება საქართველოსთვის პრობლემატურია. იგი შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ «რუსული შემადგენლის» გარეშე, როგორც ქართულ-აფხაზური სტრატეგიული კომპრომისი, თუმცა, ესეც ძალზე საეჭვოა, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია ისეთი გარანტია, რაც უზრუნველყოფდა შემდგომ «ორსუბიექტიანი ფედერაციის» მდგრადობას და დაიცავდა მას დაშლისგან – იმავე სეპარატისტთა ინიციატივით.
        როგორც ჩანს, დიტერ ბოდენი, ვისაც შესაძლოა, გულწრფელად სურს დაგვეხმაროს, საბოლოოდ გაიხლართა ამ «ობობას ქსელში» და რეალურად ახალი ხერხების შემოთავაზება უჭირს.

დილის გაზეთი, 23 აგვისტო, 2000 წელი