რუსეთი ცდილობს «თურქი-მესხების» კარტი გაითამაშოს

რუსეთი ცდილობს «თურქი-მესხების» კარტი გაითამაშოს

 

    თბილისში დასასრულს უახლოვდება საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო დელეგაციათა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც ძირითადად სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს ეხება. რუსეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს კატეგორიულად მოსთხოვა «სამხედრო ბაზების» თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. რასაკვირველია, რუსეთს ამ შემთხვევაში იმდენად თვით ბაზების საკითხი არ აღელვებს, რამდენადაც საქართველოს კუთვნილი «ქვოტების» დასაკუთრება.
    1995 წლის მარტში, ნადიბაიძისა და გრაჩოვის მიერ პარაფირებულ დოკუმენტებში საგანგებოდ იყო აღნიშნული, რომ საქართველო მზად არის რუსეთს დაუთმოს პარიზის 1990 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული «ჩვეულებრივი შეიარაღების» ქვოტათა ნაწილი. მაგრამ ეს ხელშეკრულება ჯერ არ არის რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამდენად, რუსეთს თითქმის ყოველდღიურად უხდება იმ დასავლელ ექსპერტთა «შემოტევის» მოგერიება, რომელიც «ფლანგურ შეზღუდვათა» თაობაზე პარიზში დადებული ხელშეკრულების შესრულებას მოითხოვენ და არ აპირებენ ამ საკითხში თუნდაც იოტისოდენ კომპრომისზე წასვლას. საქართველო კი ხელშეკრულების რატიფიცირებას «პირდაპირ უკავშირებს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას».
    ამ პირობებში რუსეთმა «სტრატეგიული რეზერვი» აამოქმედა ე.წ. «თურქ-მესხთა» პრობლემის სახით. კერძოდ, ფელიქს კოვალიოვმა, რომელიც ხელმძღვანელობს რუსულ დელეგაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ უკლებას შესთავაზა განიხილონ «სტალინური ტირანიის ეპოქაში რეპრესირებულ პირთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი». ქართულმა დელეგაციამ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მაგრამ ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის: რუსეთის სპეცსამსახურებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია მთელს მსოფლიოში, რომ საქართველოს არ სურს «თურქ-მესხთა» სამშობლოში დაბრუნების საკითხის განხილვაც კი, რაც ჩვენთვის ძალზე არახელსაყრელ პროპაგანდისტულ ფონს ქმნის.
    ბოლოს და ბოლოს, საკითხის განხილვაში თურქეთიც ჩაერთვება და კიდევ ერთხელ (აფხაზეთის ომის შემდეგ) მოხდება ინტერესთა თანხვედრა რუსეთსა და თურქეთს შორის საქართველოს წინააღმდეგ.
    ქართული დიპლომატია კი კვლავ იგვიანებს. ამ ვითარებაში ყოვლად აუცილებელია, ჯერ ერთი, უშუალო კონტაქტის დამყარება «სარვაროვის ჯგუფთან» (არა მხოლოდ «ქართული ორიენტაციის მესხებთან») და, ამავე დროს, ეუთოს აქტიური ჩართვა პრობლემის განხილვაში, რათა ევროპის მონაწილეობამ საქართველოს გარკვეული გარანტიები შეუქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა კიდევ უფრო ძნელი გადასაჭრელი გახდება: რუსეთი აქტიურად გამოიყენებს ამ ბერკეტს ევროპაში საქართველოს დისკრედიტაციისათვის. ევროპელები კი ცალსახად დაუჭერენ მხარს დეპორტირებულთა სამშობლოში დაბრუნებას - მათ მიღებაზე უარის თქმამ შეიძლება ეუთოში საქართველოს იზოლაცია გამოიწვიოს. ნუ დავივიწყებთ, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია სტამბულში ჩატარდება 1998 წლის შემოდგომაზე.

«მერიდიანი», 6 დეკემბერი, 1996 წელი.