საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მარტი. 2023 წელი
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსმა მღვდელმთავრებმა, მოსკოვის მითითებით, არ შეასრულეს უკრაინის ხელისუფლების ბრძანება და 29 მარტამდე არ დაცალეს კიევო-პეჩორის ლავრა.
ეს ლავრა უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაა, რომელიც დღემდე იჯარით ჰქონდა გადაცემული უკრაინის პრომოსკოვურ ეკლესიას.
ჯერ-ჯერობით უკრაინის ხელისუფლება არ ჩქარობს რუსი მღვდლების ძალით გამოსახლებას; სხვა ტაქტიკა აქვთ არჩეული: ვინც გამოდის ლავრადან, ჩხრეკენ და უშვებენ, მაგრამ უკან ვეღარ შებრუნდება განსაკუთრებული ნებართვის გარეშე.
თუმცა რუსი მღვდლების დიდი ნაწილი უშუალოდ ლავრაში სახლობს. ბოლოს ალბათ მათაც გამოასახლებენ. უკრაინა ძალის გამოყენებას ერიდება და თანდათანობით მოქმედებს.
ბუნებრივია, ხელისუფლებას უამრავი ბერკეტი აქვს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მაგრამ ამ ბერკეტებს ჯერ-ჯერობით ჭკვიანურად იყენებს, რათა მოსკოვს სპეკულაციის საფუძველი არ მისცეს.
კიევო-პეჩორის ლავრა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი სიწმიდეა.
ამიტომაც არ ეთმობა მოსკოვს. თუმცა მოუწევს.
მას შემდეგ, რაც რუს მღვდლებს ამა თუ იმ ფორმით გააძევებენ, შემდეგ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია შევა ლავრაში.
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის მოქმედება რუსეთის საერთაშორისო დასანქცირების საკითხში აღიწერება ცნობილი მეტაფორით `რკინის ხელი რბილ თათმანში` ან `ყელზე მარყუჟის თანდათანობით მოჭერა`:
რამდენიმე დღის წინ ამერიკამ მძლავრი ნაბიჯები გადადგა იმ მიმართულებით, რომ რუსეთის პარტნიორებმა შეწყვიტონ მისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩავიდა ყაზახეთში და პირდაპირ გააფრთხილა ქვეყნის ხელისუფლება, თავი დაანების `პარალელურ ექსპორტს`. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკას უამრავი ინსტრუმენტი აქვს რუსეთის მეგობრების დასასჯელად.
ამან შედეგი გამოიღო: 1 აპრილიდან ყაზახეთის ხელისუფლება შეზღუდავს ექსპორტს რუსეთში, რადგან ფინანსური და სხვა სანქციების შეეშინდა: ყაზახეთის ეკონომიკა ეფუძნება ენერგეტიკას, ხოლო ენერგეტიკა თითქმის მთლიანად ამერიკულ ენერგოგიგანტებზე დგას.
თუმცა მეორეს მხრივ, ყაზახური ნავთობი დასავლეთის ბაზრებზე გადაიტვირთება დიდი მილსადენით ნოვოროსიისკის შავი ზღვის ტერმინალებიდან და მოსკოვსაც შეუძლია ამ მარშრუტის გადაკეტვა. რამდენჯერმა გამაფრთხილებლად გადაუკეტეს კიდეც.
და მაინც, ამერიკის ბერკეტები ბევრად ძლიერია. პირველ რიგში `დოლარის` ბერკეტი.
დოლარი ამერიკის საკუთრებაა და ამერიკული ბანკების გარეშე ვერც ერთი დოლარი ვერსად ვერ გადაირიცხება. ეს ყაზახებმა კარგად იციან.
ნავთობის ტრანსპორტირება კი კასპია-აზერბაიჯან-საქართველო-შავი ზღვის მარშრუტითაც შეიძლება.
მეორე დარტყმა რუსეთმა მიიღო გაერთიანებული არაბული ემირატებიდან, სადაც სანქცირებული რუსული ფინანსური რესურსები `ირეცხებოდა` ერთი წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ `დოლარის ბერკეტის` ემირებსაც ეშინიათ. ამიტომ ოპერაციები შეაჩერეს.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ უდიდესმა ჩინურმა სატრანსპორტო/ლოჯისტიკურმა კომპანიებმა შეწყვიტეს გადატვირთვები რუსეთის მიმართულებით. იგულისხმება დიდი პარტიები, რომელთაც ამერიკელები კოსმოსიდან აკვირდებოდნენ.
მცირე პარტიებით მიწოდებები გრძელდება; თუმცა აშკარაა, რომ `რკინის ხელი რბილ თათმანში` მოქმედებს.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში პირველი საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა. 62 კონტეინერი ჩაიტანა ერთდროულად და 3 000 ტონამდე ტვირთი.
დაიცალა სოხუმის პორტში.
როგორც ჩანს ლაპარაკია სანქცირებულ საქონელზე, რომელიც სოხუმის პორტიდან სადღაც გაიგზავნება.
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ რუსეთი ცდილობს სოხუმის (და ნაწილობრივ ოჩამჩირეს) პორტები გამოიყენოს სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად და სარგებლობს იმით, რომ სეპარატისტული აფხაზეთის წინააღმდეგ საქნციები ვერ დაწესდება: იგი არ არსებობს საერთაშორისო სამართლით.
თუმცა, ქართულ დიპლომატიას რომ შნო ჰქონდეს, ამ მომენტის გამოყენება მაინც შეიძლება სეპარატისტული რეჟიმის შემდეგომი იზოლირებისათვის.
ბუნებრივია, 3 000 ტონა ტვირთი და თუნდაც 62 კონტეინერი, რომელიც პირდაპირ სატვირთო გემებზე გადადის, თითქოს ბევრია რაფერია, თუმცა ეს პირველი პრეცედენტია მხოლოდ.
რა თქმა უნდა იმუშავებს უკუ მარშრუტიც, ანუ სოხუმის პორტში შემოვა გემი კონტეინერებით და მერე გაიგზავნება რკინიგზით რუსეთში.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში დიდი დავიდარაბაა ატეხილი იმის გამო, რომ სოხუმის მერიამ ნება დართო ერთ-ერთ კომპანიას ააშენოს სოხუმის სხვა შენობებზე ოდნავ მაღალი სახლი.
`ცათამბჯენებზე` კი არ არის ლაპარაკი (როგორც ბათუმში), არამედ ოდნავ უფრო მაღალ სახლზე.
სოციალური ქსელები აივსო მოწოდებებით აქციების, მიტინგების, მსვლელობების და ხელისუფლების გადაგდების მოთხოვნით, რაკი ის ხელისუფლება, რომელიც `ანგრევს ბუნებრივ გარემოს` დასამხობიაო.
საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ეწინააღდმეგება ყოველგვარ სიახლეს, ყოველგვარ ცვლილებას, ყოველგვარ განვითარებას და სოხუმში `სიმახინჯეების` წინააღმდეგ მებრძოლთა ნარატივი საოცრად ჰგავს იმას, რაც გვესმიდა და გვესმის ბათუმელი კონსერვატორებისგან იმ მშვენიერი ცათამბჯენების წინააღმდეგ, რომლებმაც ბათუმი შავი ზღვის დუბაიდ გადააქციეს: `მე ძველი ბათუმის ჩაზნექილი სკამეიკები მიყვარს`.....`მე ძველი სოხუმის სანაპიროს უძველესი სკამეიკები მიყვარს`- საოცრად ჰგავს ეს ნარატივები ერთამნეთს.
იმ განსხვავებით, რომ სოხუმის და აფხაზეთის ხელისუფლებას ამ ჩლუნგი ე.წ. `კონსერვატიზმის` (სინამდვილეში სიბნელის) შეეშინდა და უკან დაიხია: არავითარი მაღალი შენობა სოხუმში არ აშენდება და დარჩება იმ `საბჭოთა ზოოპარკად`, როგორც ერთხელ ოკუპირებულ აფხაზეთს უწოდა მიხეილ სააკაშვილმა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ოლიგარქიული წრეები (კრემლის დავალებით) ამზადებენ სოხუმის აეროპორტის აღდგენა/ამოქმედების პროექტს.
იგულისხმება, რომ სოხუმიდან და სოხუმის მიმართულებით იფრენენ სამგზავრო თვითმფრინავები რუსეთში. ასევე უკუმარშრუტით.
არ არის გამორიცხული (სავარაუდოა), რუსეთი საქართველოს მთავრობას სთავაზობდეს რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას თბილისის, ბათუმის, ქუთაისის მიმართულებით იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმება სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას და შესაბამისი თხოვნით მიმართავს სამოქალაქო ავაიციის საერთაშორისო სააგენტოს, რათა მიანიჭოს სოხუმის აეროპორტს სპეციალური კოდი, რაც 1993 წლიდან ჩამორთმეული აქვს.
ამ შემთხვევაში, თვითმფრინავები სოხუმიდან იფრენენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით.
თუმცა საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს და სეპარატისტულ/რუსული წინადადება მიიღოს - როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს ღარიბაშვილის მთავრობისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან.
თუმცა.......არ არის გამორიცხული ეს `გეშეფტი` (`გარიგება`.გერმ.) გაფორმდეს ე.წ. `ჟენევის დისკუსათა` მორიგ რაუნდზე, რომელიც აპრილში გაიმართება. ანუ ევროკავშირი გამოიყენონ ამ გარიგების `გასამართლებლად`- აქაოდა.....``ევროკავშირმაც ხომ მოაწერა ხელი იმას, რომ საქართველო აღუდგენს საერთაშორისო კოდს სოხუმის აეროპორტსო``.
გაბედავს ამას მთავრობა? - ესაა საკითხი!
. . . . . . . . . . . . . . .
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამიერიდან უკრძალავს შეჯიბრებებში და ტურნირებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იმ სპორტსმენებს, რომლებიც ნებისმიერი ფორმით მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღდმეგ ან არიან იმ სპორტულ კლუბთა წევრები, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან რუსულ არმიას.
და რომც მიიღონ მონაწილეობა, მხოლოდ ნეიტრალური სტატუსი ექნებათ.
. . . . . . . . . . . . . . .
ისრაელში მიმდინარე მოვლენებმა უკვე სერიოზული გავლენა მოახდინა ამერიკა-ისრაელის ურთიერთობებზე.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი არ მიიწვევს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს ვაშინგტონში მანამ, სანამ არ გადაილახება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია ნათანიაჰუს მცდელობამ, დააკნინოს ისრაელის უმაღლესი სასამართლოს უფლებამოსილება.
თვით ნათანიაჰუ ალბათ ნანობს უკვე, რომ ეს რეფორმა წამოიწყო `უმრავლესობის მხარდაჭერის` იმედით ანუ` მე ხომ მოსახლეობის უმრავლესობა მიჭერს მხარსო`.
დადასტურდა, რომ უმრავლესობა-უმცირესობა სულაც არ არის განმსაზღვრელი ასეთ საკითხებში, როცა საქმე დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მასობრივ პროტესტს ეხება.
არითმეტიკული `უმრავლესობა-უმცირესობით` ამგვარი საკითხები პოლიტიკურად ვერ გადაწყდება და მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს.
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულ სკოლაში მანიაკმა ქალმა სამი 9 წლის ბავშვი და 3 მასწაველბელი მოკლა იარაღით, რომელიც აბსოლუტურად ლეგალურად შეიძინა.
ვაშინგტონში კვლავ იმართება დემონსტრაციები კონგრესთან, რომ კანონმდებლებმა მიიღონ, ბოლოს და ბოლოს კანონი, რითაც აიკრძალება თუნდაც ავტომატური იარაღის გაყიდვა.
მერამდენედ გვიხდება იმის თქმა, რომ ამ საშინელი ვითარებიდან გამოსავალი არ არსებობს და ამერიკელები იძულებულნი არიან მას შეურიგდნენ, როგორც სტიქიურ უბედურებას........ როგორც ურიგდებიან ტორნადოს, ცუნამის, მიწისძვრას:
რესპუბლიკური პარტია, პირადად დონალდ ტრამპი და ამერიკის `მსროლელთა ასოციაცია` კატეგორიულად ეწინააღდმეგებიან ყოველგვარ ცვლილებას კანონში და კონსტიტუციაში, რომელიც იცავს ამერიკელთა უფლებას, თავდაცვის მიზნით შეიძინოს ნებისმიერი (!) ცეცხლსასროლი იარაღი.
მათ თავისი არგუმენტები აქვთ, რომ თუ კანონმორჩილ ამერიკელებს აეკრძალებათ იარაღის შეძენა საკუთარი და საცხოვრისის დასაცავად, კრიმინალები და მანიაკები იარაღს მაინც შეიძენენ თუნდაც შავ ბაზარზე.
სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკაში 500-600 მილიონი ლეგალური და არალეგალური იარაღი ბრუნავს.