რუსეთის სასაზღვრო ჯარები საქართველოს ტოვებენ

რუსეთის სასაზღვრო ჯარები საქართველოს ტოვებენ


   

    საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ორგანომ განახორციელა მოსკოვში რამდენიმე კვირის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება, რომლის თანახმად, რუსეთის სასაზღვრო კონტიგენტი, ეტაპობრივად, 1999 წლის ზაფხულამდე მთლიანად დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. როგორც ჩანს, ეს პირველი ნაბიჯია ანალოგიურ გადაწყვეტილებათა რიგში.
    სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო ადამიამ განაცხადა, რომ პარლამენტი აგრეთვე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე».
    ძალზე მნიშვნელოვანი განცხადებაა - იგი ნიშნავს ხელისუფალთა გადაწყვეტილებას, აქციოს საქართველოს «ეროვნული მოძრაობის» მოთხოვნათა რეალიზაცია თავისი პროგრამისა და წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად.
    რეზო ადამიამ შემთხვევით არ აღნიშნა:. «ამ გადაწყვეტილებას მრავალი მოწინააღმდეგე ეყოლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ ვატარებთ ამ ხაზს».
    მაშასადამე, სადღაც შემოდგომისთვის, როდესაც საარჩევნო კამპანია მთელი ძალით გაიშლება, საპარლამენტო უმრავლესობა უეჭველად გადადგამს ამ ნაბიჯს, რათა მემარჯვენე ელექტორატი მიიზიდოს.
    წინააღმდეგობა «უმრავლესობას» არ აშინებს, - რაც უფრო მეტი იქნება ეს წინააღმდეგობა, მით უფრო განმტკიცდება მმართველი პარტიის პოზიციები ელექტორატის ერთ, არც თუ მცირერიცხოვან ნაწილში.
    ამრიგად, «რუსის ჯარი» საქართველოს სამუდამოდ ტოვებს. დარჩება მხოლოდ ე.წ. «სამშვიდობო კონტიგენტი», - გალის რაიონსა და ცხინვალში. იმიტომ, რომ საქართველოს იურიდიული უფლება არა აქვს მათი გაყვანა მოითხოვოს.
    შესაძლოა რამდენიმე დამკვირვებელმა დაიწყოს მტკიცება, თითქოს ამ შემთხვევაში რუსეთი სპეციალურად გაიყვანს ჯარებს, რათა მოახდინოს კონფლიქტების აფეთქება საქართველოში, მაგრამ სინამდვილეში იგი ამას არ გააკეთებს, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მთელი პასუხისმგებლობა (სისხლისღვრის განახლებისათვის) სწორედ მას დაეკისრება.
    საქართველო მოითხოვს სამხედრო ბაზების გაყვანას და არა «სამშვიდობო კონტიგენტისას» გარდა ამისა, კვლავ ომის დაწყება და ისევ რუსეთის «საზარბაზნე ხორცად» ქცევა არც თვით აფსუა და ოს სეპარატისტებს ეპიტნავებათ. საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა იქნება აღსრულება (ვიმეორებ) «ეროვნული მოძრაობის» უმთავრესი მოთხოვნისა. რამდენადაც გვახსოვს, 1988-90 წლებში, ამ მოძრაობის რადიკალური ფრთა ამტკიცებდა, სანამ საქართველოში რუსეთის ჯარი დგას, არანაირი აზრი არა აქვს არა თუ ამ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ რაიმე ოფიციალურ (ლეგალურ) პოლიტიკას ქვეყანაში.
    ჯერჯერობით, სასაზღვრო ჯართა გაყვანის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას რაიმე გამოხმაურება არც ქვეყნის შიგნით, არც რუსეთში არ მოჰყოლია.
    მიზეზი გასაგებია: «მემარჯვენე ოპოზიციას», რომელმაც ხმა მისცა ამ გადაწყვეტილებას, არ სურს «ტაშისკვრით» ხელისუფალთა ავტორიტეტი აამაღლოს, ხოლო ვისაც არ მოეწონა, - მოკავშირეთა დაკარგვის შიშით კრინტს არ ძრავს.
    რუსეთში კი შესანიშნავად უწყიან: რაც უფრო მკვეთრად გამოთქვამენ პროტესტს, მით უკეთესი შევარდნაძის გუნდისათვის! სწორედ ამიტომ, ქართველთმოძულე ბორია პასტუხოვიც (სოხუმის ტრაგედიის ერთ-ერთი ორგანიზატორი) ასე «დაგვიტკბა» ხელმოწერის შემდეგ და გულის ამაჩუყებელი ფრაზებიც წარმოთქვა «შემდგომი თანამშრომლობის» შესახებ.
    თუმცა, რუსებს თანამშრომლობა ერთგვაროვნად ესმოდათ: მათ უნდა ეკონტროლებინათ მთლიანად საქართველოს საზღვარი, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში (ზღვით თუ ხმელეთით) რაიმე «ანტირუსულ-ანტირუსეთულ» ტენდენციას არ შეეღწია, ხოლო თავად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არაფერი უნდა გაეკეთებინათ.
    მაგალითად, სოხუმისაკენ მიმავალ გემს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ მხოლოდ იმ ნიშნით, რომ რაიმე ტვირთი არ ყოფილიყო ჩრდილოეთ კავკასიისათვის განკუთვნილი, სამაგიეროდ შეუფერხებლად ატარებდნენ ყველაფერს, რაც არძინბას სჭირდებოდა «სეპარატისტული მოხმარებისათვის», - თავს კი იმით იმართლებდნენ, რა ვქნათ, აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გვსურსო.
    მაშასადამე, საქართველოს უნდა გაეფუჭებინა ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიასთან (ამ უკანასკნელთ, რა თქმა უნდა, აღიზიანებდა რუსეთის ქმედება და ბოღმაც უგროვდებოდათ საქართველოს მიმართ, რომელიც რუსეთს მათი ბლოკირების საშუალებას აძლევდა), ხოლო თავად რუსეთს «აფხაზეთთან ურთიერთობის გაფუჭება» არ სურდა.
    ზოგიერთი თვლის, თითქოს ამაში რუსეთის უმწეობა ვლინდებოდა. აქაოდა: რა ქნას, საწყალმა, პოლიტიკა ჯერ არ გამოუმუშავებია კავკასიაში, თავად ვერ გაურკვევია რა უნდა და რა სჭირდებაო;
    ეს თეზისი (მას ხშირად გაიგონებ) უზნეო და უსინდისო ზღაპარია. სინამდვილეში რუსეთმა შესანიშნავად იცის რა უნდა: მას სურს (და სჭირდება) კავკასიაში მუდმივი დაძაბულობა, არეულობა, ქაოსი, დაპირისპირება იყოს; მას სურს, ჩრდილოეთ კავკასიელებსა და ქართველებს ერთმანეთი სძულდეთ, კავკასიაში მშვიდობა (უფრო ზუსტად, ცეცხლის შეწყვეტა) მთლიანად რუსეთის ნება-სურვილსა და განწყობაზე იყოს დამოკიდებული. ნაწილობრივ, ამას მიაღწია კიდეც.
    აწ განსვენებულ რომან მიმინოშვილს, მწერალსა და კრიტიკოსს, პარლამენტის ყოფილ წევრს «ანტირუსულ განწყობაში» ვერავინ დაადანაშაულებდა; უფრო პირიქით - იგი ყოველთვის რუსეთთან კომპრომისის თავგადაკლული მომხრე იყო; მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისიც კი გამოვიდა მოთმინებიდან და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტში გამოსვლისას, ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: «მე ხშირად მესმის, თითქოს რუსეთს არა აქვს პოლიტიკა საქართველოსა და კავკასიის მიმართ. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს არ არის მართალი: პოლიტიკის არქონა არის სწორედ პოლიტიკა».
    ამაზე უკეთ და ზუსტად მართლა ვერ იტყვი; მაშასადამე, სულ ფუჭია იმის იმედად ყოფნა, თითქოს რუსეთი დაგვეხმარება თუ კომპრომისზე წავალთ.
    რუსეთის მიზანი 1988 წლიდან, ე.წ. «პერესტროიკის» დაწყებიდან, ჩვენი ქვეყნის დაშლა - დანაწევრება იყო, ოღონდ თავდაპირველად «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» ვირეშმაკული ხერხით. შემდეგ კი - პირიქით, აგრესიითა და სხვადასხვა ჯურის სეპარატისტთა მხარდაჭერით.
    ამრიგად, საქართველოდან რუსეთის ეტაპობრივი «წასვლა-გაძევება» (ოღონდ გადაჭარბებული ლანძღვ-აგინებისა და მუშტების ქნევის გარეშე) კანონზომიერი მოვლენაა.
    პირველ ეტაპზე - სასაზღვრო ჯარების გაძევებით (ზრდილობიანად), შემდეგ - სამხედრო ბაზების, მესამეზე - ე.წ. «მშვიდობისმყოფელების», ბოლოს კი რუსეთის ცნობიერი სივრციდან გამოვალთ და ОРТ-ს ადგილს ქართული დამოუკიდებელი ტელეკომპანიები დაიკავებენ.

მერიდიანი, 27 ნოემბერი, 1998 წელი