საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი. 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი. 2024 წელი.

გუშინ ღამით ისრაელმა განახორციელა საავიაციო შეტევა ირანის ტერიტორიაზე.

დიდხანს ემზადებოდა, აწარმოებდა კონსულტაციებს, ამოწმებდა საერთაშორისო რეაქციებს, პირველ რიგში რთულ მოლაპარაკებებში იყო ვაშინგტონთან და..... ბოლოს დაარტყა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „წერტილოვანი დარტყმები“ განახორციელა.

ხაზგასმით ითქვა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს ანუ ირანის ნავთობსარეწებს არ შეუტია.

ასევე არ შეუტია ატომურ ელექტროსადგურს ბუშერში და არც ის ლოკაციები დაუბომბავს, სადაც მიმდინარეობს ურანის „გამდიდრების“ პროცესი, ესე იგი განლაგებულია სპეციალური „ცენტრიფუგები“.

ზოგი ასეთი საწარმო იმდენად ღრმადააა მიწაში (მთის ქვეშ), რომ დარტყმას აზრი ექნებოდა მხოლოდ ისრაელის ბირთვული იარაღითვე, თუმცა ცახალს ეს არ უცდია.

ნიშანდობლივია: ამერიკელები არც ამ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმას მიესალმებოდნენ და არც მით უმეტეს ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს ნავთობს გააძვირებდა მსოფლიოს ბაზრებზე: ირანული ნავთობი ისედაც „ამოვარდნილია“ გლობალური ბაზრებიდან სანქციების გამო. მაგრამ თუ ისრაელი „დაარტყამდა“ ირანის ნავთობსარეწებს, ირანი დაარტყამდა საუდის არაბეთის და ქუვეიტის ნავთობსარეწებს.

აი ეს კი ძალიან სერიოზულად დააზიანებდა (თითქმის დაანგრევდა) ნავთობის გლობალურ ბაზრებს.

ირანს შეეძლო საპასუხოდ არა მხოლოდ საუდის და ქუვეიტელთა ნავთობსარეწებისთვის დაერტყა არამედ მთლიანად გადაეჭრა სპარსეთის ყურიდან, ორმუზის სრუტიდან ნავთობის ექსპორტის ხაზები.

ირანული რაკეტები მთლიანად ფარავენ ამ სივრცეს. სპარსეთის ყურეში მუდმივად იმყოფებიან ამერიკული და ბრიტანული სამხედრო გემები.

თუ ირანი ნავთობტანკერებს შეუტევდა, ისინი იძულებულნი გახდებოდნენ ეპასუხათ..... ეს კი დიდი ომია.

ისრაელმა შეუტია სამხედრო ობიექტებს: აეროდრომებს, საწყობებს, ბაზებს, ყაზარმებს და ა.შ.

ორი ირანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ცოტაა? კი, ნამდვილად ცოტაა ერთი შეხედვით, მაგრამ....როცა საქმე ეხება ირანს და ახლო აღმოსავლეთს, აქ რაოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ...შეურაცხყოფის და დამცირების აღქმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ირანის მმართველი ელიტის ესე იგი აიათოლათა რეჟიმის ლეგიტიმურობისთვის.

ისედაც თავსლაფი დაასხეს მათ ისრაელელებმა - მოსადმა: ატომური პროექტის წამყვანი ფიზიკოსი ფაჰრიზადე მოუკლეს, ჰამასის ლიდერი მოუკლეს თეირანში, ჰესბოლლას ლიდერი მოუკლეს და...ახლა თუ არ უპასუხებენ თუნდაც ორი ჯარისკაცის სიკვდილის გამო, ძალიან სერიოზულად შეელახება რეჟიმს პრესტიჟი.

ირანმა რომ ისრაელს ესროლა ასეულობით რაკეტა რამდენიმე კვირის წინ, არც ერთი (!) ისრაელელი ჯარისკაცი არ მომკვდარა.

უმაღლესმა აიათოლლამ ალი ხამენეიმ უბრძანა არმიას საპასუხო ზომების გეგმა წარუდგინონ.

დასავლური მედიის (და სპეცსამსახურების) ცნობით, ირანის არმიამ და „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა“ (ეს ფაქტობრივად არმიის ელიტური შენაერთია) შეიმუშავეს ორი საპასუხო ოფცია:

ა) დაახლოებით ათასი ირანული რაკეტის გაშვება ისრაელის მიმართულებით და

ბ) ირანული სახმელეთო ჯარების (!) კონცენტრაცია სირიაში, გოლანის სიმაღლეებთან, რომლებიც 1967 წლის „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ ისრაელის ხელშია.

ამის შემდეგ ირანულმა არმიამ შეიძლება სცადოს უკვე ხმელეთიდან (პირველად ისტორიაში) შეტევა ისრაელის ტერიტორიაზე ელიტური ქვედანაყოფებით.

ოღონდ ეს ძალიან სერიოზული პრობელმაა ირანისთვის. ყველა თვალსაზრისით. არა მხოლოდ ლოჯისტიკური პრობლემების გამო: დღეს სირიის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა არიან ირანული არმიის ქვედანაყოფები, მაგრამ ისინი ძირითადად შენიღბულნი არიან ადგილობრივ ჯგუფებად. ეს ჯგუფები ისრაელის არმიას ერთ ლუკმად არ ეყოფა. მაგრამ თუ ირანი დაიწყებს სერიოზული სახმელეთო სამხედრო რესურსის კონცენტრაციას სირიაში, შემდეგ ისრაელის საზღვართან, ამას არათუ ისრაელი, არამედ ამერიკაც არ დაუშვებს და გამანადგურებელ ბომბარდირებას დაიწყებს ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული სამხედრო ფლოტის ძალებით. მათ შორის საავიამზიდო ჯგუფიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამასობაში თურქეთი ახორციელებს საავიაციო დარტყმებს სირიის ტერიტორიაზე ქურთების დაჯგუფებათა წინააღმდეგ, რაკი ქურთ დივერსანტებს ადანაშაულებს თურქული TUSAS აერო-კოსმიურ საწარმოზე თავდასხმაში.

თურქეთი პირდაპირ არ ერევა სირიის სამოქალაქო ომში, რომელმაც სტატუს-ქვოს მიაღწია.

ეს ქვეყანა დანაწევრებულია რამდენიმე რეგიონად.

ნაწილს აკონტროლებს რუსეთი, ნაწილს ამერიკა, ნაწილს თურქეთი, ნაწილს ქურთები, სირიელი მეამბოხეები და სირიის ოფიციალური ხელისუფლება.

ზოგადად სირიის სახელმწიფო დასრულებულია. და ალბათ აღარც აღდგება არასდროს, რაც კიდევ უფრო ართულებს ახლო აღმოსავლეთის ზოგად კონფლიქტურ „მატრიცას“, რომლის „გულანი“ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტია უდავოდ. ანუ (შინაარსობრივად) კონფლიქტი იერუსალიმის გარშემო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსებმა გუშინ აიღეს დაბა ალექსანდროპოლი დონბასზე. რითაც ოდნავ გაიუმჯობესეს მდგომარეობა, თუმცა დიდად არა.

უკრაინა ინარჩუნებს სტრატეგიულ თავდაცვით ხაზს. რუსები ახლოსაც არ არიან ხარკოვთან ან დნეპრთან, მით უმეტეს კიევთან.

გავითვალისწინოთ, რომ უკრაინასა და რუსეთში იწყება Заморозки. გზები ატალახდება. გაუვალი გახდება ტექნიკისთვის. ეს იმოქმედებს სტატუს-ქვოს შენარჩუნებაზე როგორც დონბასზე, ასევე კურსკში, რაც ამჟამად უფრო უკრაინას აძლევს ხელს ვიდრე პუტინს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოდესაში პროვოკატორებმა მოაწყვეს ბუნტი მობილიზაციის წინააღმდეგ: ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს სამხედრო კომისარიატთა წარმომადგენლებს, რომლებიც დრო და დრო აწყობენ რეიდებს ბაზრობებზე და კაზინოებში, ასევე ღამის კლუბებში.

რეიდები ტარდება იმ კანონის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს აწარმოებს, დაუშვებელია წვევამდელი ასაკის ახალგაზრდები ღამის კლუბებში ერთობოდნენ.

თუმცა ოდესაში ამ რეიდს ბაზრობის ტერიტორიაზე დაპირისპირება და შეტაკებები მოჰყვა.

მოვაჭრეებმა რკინის კარი ჩაკეტეს.

ამ ინციდენტს ფართოდ აშუქებდა რუსული მედია. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პუტინს ეშინია მეორე მობილიზაციის დაწყება, ამიტომ მილიარდებს ხარჯავს კონტრაქტორთა მოსაზიდად.

გარდა ამისა, რუსეთში ანალოგიურ ინციდენტებს მედია არ აშუქებს და თუ სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამ ვიდეოების ავტორებს აპატიმრებენ, ციხეში უშვებენ „არმიის დისკრედიტაციისათვის“: შესაბამისი სისხლის სამართლის მუხლი (5 წლამდე ციხეა) პუტინმა შეიტანა კოდექსში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

The wall street journal იტყობინება, რომ ილონ მასკს რეგულარული კომუნიკაცია აქვს პუტინთან.

ანუ ხშირად ესაუბრება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

ერთ-ერთი ამგვარი კონტაქტის დროს პუტინმა მასკს სთხოვა, მისი კოსმოსური საკომუნიკაციო სისტემა Starlink არ გადასცეს ტაივანს.

ამით ჩინელი ლიდერის, სი ძინპინის თხოვნა გადასცა.

ძალიან უცნაურია.

მასკს უზარმაზარი საწარმოო ინფრასტრუქტურა აქვს ჩინეთში. მათ შორის Tesla და სი თავად ვერ მიმართავდა თხოვნით? განა მასკი იშვიათი სტუმარია ჩინეთში? - შანხაისა და პეკინში?

ოღონდ  ისე მოხდა, რომ Starlink უფრო რუსეთ-უკრაინის თემაა.

ილონ მასკის კომპანია ეხმარება უკრაინის არმიას, თუმცა არის მონაცემები (იგივე ამერიკული პრესა ავრცელებდა ამ ინფორმაციას), რომ Starlink რუსებმაც ჩაიგდეს ხელში.

და იგივე WSJ იმასაც წერდა, თითქოს ილონ მასკმა გაუთიშა უკრაინულ არმიას Starlink როდესაც უკრაინელები ყირიმში დესანტის გადასხმას გეგმავდნენ 2023 წელს.

აქვე აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია თეთრ სახლში და პენტაგონში მოსწონდეთ ილონ მასკის ეს „მასკი-შოუ“ პუტინთან, რაკი კომპანია SpaceX, რომელიც აწარმოებს Starlink-ს, აშშ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესო კონტრაქტორია.

და ძალიან დიდ როლს ასრულებს არათუ უკრაინის არამედ ამერიკის შეერთებული შტატების თანამედროვე თავდაცვისუნარიანობაში.

განსაკუთრებით მთელს მსოფლიოში გაბნეული ამერიკული სამხედრო ბაზების დაცვისა და მათი ურთიერთკოორდინაციის თვალსაზრისით.

FBI-მ დაიწყო გამოძიება დონალდ ტრამპის და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯე დი ვენსის მობილური ტელეფონების „დახაკვის“ ფაქტზე.

FBI თვლის, რომ ჰაკერები ჩინელები არიან და ჩინური სპეცსამსახურების შეკვეთით მოქმედებენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ჩინელი ჰაკერები „შეძვრენ“ კომპანიაში Verizon, რომელიც ემსახურება იმ მობილურ ოპერატორს, რასაც იყენებენ ტრამპი და ვენსი

 

ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში უკრაინაში არ შეუშვა მას შემდეგ, რაც გენმდივანმა ყაზანში, BRICS-ის სამარცხვინო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

აბსოლუტურად უპრეცედენტო დემარშია  რასაკვირველია - გაეროს გენერალური მდივნის მიმართ, მაგრამ....რუსეთის ბარბაროსული აგრესიაც უპრეცედენტოა.