რუსეთს არ სურს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღიარება

რუსეთს არ სურს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღიარება

  

    მიუხედავად არაერთგზის «მკაცრი» განცხადებისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნოტას - ნოტაზე უგზავნის რუსეთს ყაზბეგის რაიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ამ რეგიონში ვითარება კვლავ საგანგაშოა.
    რუსი მესაზღვრეები, აშკარად პროვოკაციული მიზნით, თანდათანობით, სამხრეთისაკენ «სწევენ» რუსეთ-საქართველოს წარმოსახვით (დოკუმენტურად და დემარკაციულად დაუფიქსირებელ) საზღვარს. ამით მიზანმიმართულად და აშკარად განზრახ ამწვავებენ «სასაზღვრო პრობლემას» საქართველოსთან დამოკიდებულებაში, ხოლო რუსეთის სინდის-ნამუსისაგან გარეცხილი ტელეჟურნალისტიკა საქართველოს საპასუხო რეაქციას «ტერიტორიულ პრეტენზიებად» ნათლავს.
    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ფრთხილად, პოლიტიკის ყველა კანონთა დაცვით ამწვავებს ვითარებას საქართველოსთან - ცდილობს, აქციოს ყაზბეგის რაიონში რუსეთ-საქართველოს საზღვრის პრობლემა შიდაქართული პოლიტიკის ფაქტორად. მისი მოტივი ძნელი ამოსაცნობი და ასახსნელი არ არის: ქართულ პოლიტიკურ წრეებში უკვე დააფიქსირეს, რომ რუსეთი ამჯერადაც უცერემონიოდ და თავხედურად ექცევა საქართველოს, არღვევს ადრე მიღწეულ შეთანხმებებს (მაგალითად, ვლადიკავკაზის ოქმს საზღვრის ამ მონაკვეთის სადავოდ მიჩნევის თაობაზე) და ცდილობს ქვეყანას მოგლიჯოს მისი ტერიტორიის ნაწილი. თუ ხელისუფლება ამაზე რეაგირებას არ მოახდენს, «გადაყლაპავს» რუსეთის ამგვარ თავხედობას და შეურიგდება შექმნილ რეალობას - ეს უეჭველად გამოიწვევს მის დისკრედიტაციას. ოპოზიცია შეეცდება დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ხელისუფლება «უღირსებოა», არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და ასე შემდეგ. შეუძლებელია, ამ ვითარებას ხელისუფლება შეურიგდეს, ამიტომ იგი უეჭველად ატეხავს განგაშს (რისი ნიშნებიც უკვე ჩნდება) და თანდათანობით ყაზბეგის რაიონში საზღვრის მცირე მონაკვეთის საკითხს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად აქცევს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
    არადა, რუსეთსაც სწორედ ეს სურს - მისი მიზანია, ჩაშალოს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის იურიდიულად დამაფიქსირებელი ფუძემდებლური დოკუმენტის ხელმოწერა, ვინაიდან ეს იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საბოლოო აქტი. მაგრამ, თუ გამწვავდა დისკუსია საზღვრის რომელიმე მონაკვეთის თაობაზე, მაშინ, ბუნებრივია, საბოლოო დოკუმენტსაც ვერ მოეწერება ხელი, ხოლო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნით შექმნილ ერთობლივი კომისია გაუთავებელ კამათსა და «აზრთა გაცვლა-გამოცვლაში» ჩაეფლობა.
    რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლება კომპრომისზეც ვერ წავა, ვინაიდან ის ათასხუთასმეტრიანი მონაკვეთი მისი ღირსების საქმედ იქცევა, - ამ მიზნით სინქრონულად «იმუშავებს» როგორც ქართული ოპოზიცია, ასევე, რუსული მასმედია.
    სწორედ ამიტომ მისცა არამზადა ანდრეი ნიკოლაევმა (რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალმა) «სპირტის კონფლიქტს» საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი ხასიათი. ამიტომ აკეთებდა «სენსაციურ» განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის «დაბომბვის» თაობაზე - რათა მაქსიმალურად გაეღიზიანებინა ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, არ მიეცა საქართველოს ხელისუფლებისათვის გონივრულ კომპრომისზე, თუნდაც დათმობაზე წასვლის საშუალება - დარიალის ხეობაში «ნეიტრალური ზოლის» საკითხში.
    შედეგად კი ჩაიშლება საზღვრის თაობაზე რუსეთ-საქართველოს შორის «დიდი ხელშეკრულების» გაფორმება, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, უაღრესად ხელსაყრელია რუსეთისთვის, მაგრამ ნამდვილად არ არის ხელსაყრელი ჩვენი ქვეყნისთვის.

დილის გაზეთი, 24 ნოემბერი, 1997 წ.