გადამწყვეტი ფაქტორი

გადამწყვეტი ფაქტორი - ეროვნული მოძრაობა

გადამწყვეტი ფაქტორი

აფხაზეთის ომში საქართველო დამარცხდა 1992 წლის 14 აგვისტოს. 27 სექტემბერი, ამ თვალსაზრისით, მხოლოდ სიმბოლური თარიღია.
    ეს იყო ომი, რომელშიც საქართველოს გამარჯვების ერთი მეათასედი შანსიც არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, არსებობს «შეუძლებლისა» და «შესაძლებლის» ცნება - მით უმეტეს პოლიტიკაში.
    ომი აფხაზეთში უეჭველად გულისხმობდა იმდენად მძლავრი ფაქტორების ამოქმედებას, რომელთა დაძლევა საქართველოს პრინციპში არ შეეძლო. მათი გადალახვა იმთავითვე შეუძლებელი იყო. ანუ საქართველო თავიდანვე განწირული აღმოჩნდა დამარცხებისათვის. თუმცა, სანამ თითქოსდა ლოგიკურ (ყბადაღებულ) კითხვას დავსვამდეთ: «აბა რაღას იწყებდნენ ომს?». კიდევ ერთხელ შეგახსენებთ შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსის, ვიქტორ სუვოროვის ძალიან ზუსტ დებულებას, რომელიც მხოლოდ უმცართათვის შეიცავს პარადოქსს: «ომს ყოველთვის არ იწყებენ იმ მიზნით, რათა გამარჯვება მოიპოვონ, ან იმიტომ, რომ გამარჯვების იმედი აქვთ».
    ერთიანი «მოსკოვური სახელმწიფოს» დაშლის შემდეგ აფხაზეთში ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეურიგდებოდა ამ ტერიტორიის თანდათან გასვლას საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან. ბუნებრივია, ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებდა: თუ რომელიმე მათგანი (რაციონალური მოსაზრებებით), შეეცდებოდა დამღუპველი ომის თავიდან აცილებას - იგი უეჭველად წაილეკებოდა «მასათა მძვინვარებითა» და «ელიტარული ინტელიგენციის» რისხვით.
    ის პოლიტიკანები, რომლებიც სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ წუწუნებდნენ: «აბა რას იწყებდა ამ ომს?!» - პირველნი ესროდნენ ქვასა და გუნდას ხელისუფლებას, თუ ეს უკანასკნელი არძინბას «მცოცავ სეპარატიზმს» შეურიგდებოდა დამარცხებისათვის განწირული, გამანადგურებელი ომის თავიდან ასაცილებლად.
    მით უმეტეს გარდაუვალი იყო ომი იმ ვითარებაში, რაც 1992 წლის აგვისტოსათვის შეიქმნა ანუ სამოქალაქო ომის მსვლელობისას, როცა «ძალით მოსულ» ხელისუფლებას მუდმივად ეშინოდა მისთვის ეროვნული ინტერესების ღალატი არ «წამოეძახებინათ».
    ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური ისტორიისა და ხელოვნების ქრესტომათიაშია შესატანი, თუ რა დიდოსტატურად, რა შესანიშნავად, რა გენიალურად ისარგებლეს აფსუა სეპარატისტებმა მტრის (საქართველოს) შიდა არეულობითა და განხეთქილებით. ზოგადად, მტრის შიდა წინააღმდეგობათა გამოყენება პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდია.

    პირველი ზემძლავრი ფაქტორი, რომელიც უმალვე (ომის დაწყებისთანავე) ამოქმედდა საქართველოს წინააღმდეგ, გახლდათ ე.წ. «მთიელთა სოლიდარობა». უფრო ზუსტად, ის მოვლენა, რაც ამ შირმით ინიღბებოდა.
    ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა ბედი უმჭიდროესადაა ურთიერთდაკავშირებული. ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ანტირუსული ბოღმის პარალელურად, იქმნებოდა შესაბამისი ცნობიერი სტერეოტიპები, რომლებიც გულისხმობდნენ ურთიერთდახმარებას, შეკავშირებას - საერთო მტრის მოსაგერიებლად.
    საქართველოს წინააღმდეგ ამ სტერეოტიპთა გამოყენება ადვილი იყო - ჩვენი ქვეყნის სისუსტის გამო. სამაგიეროდ, როდესაც ომი ჩეჩნეთში დაიწყო, ისინი, ვინც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ საქართველოს განადგურებისას, - ვირთხებივით სოროებში შეძვრენ, რაკი რუსეთთან იგივე არ გაუვიდოდათ.
    აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი: «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» КГБ-ს აგენტთა საკრებულო არ ყოფილა. ასე პრიმიტიულად, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში ესმით ეს საკითხები. სინამდვილეში, მაშინ რუსეთის ინტერესები დაემთხვა მთიელი ნაციონალისტების ინტერესებს. პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაცაა!
    გარდა ამისა, ძალზე საინტერესო მომენტია მთიელთა მოტივაციაც: რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მთიელთა სიძულვილი ქართველთა და საქართველოს მიმართ, მათი დაუოკებელი წყურვილი საქართველოს დასჯისა, იმ ისტორიული რეალიიდან გამომდინარეობდა, რომ სწორედ საქართველომ შემოიყვანა რუსეთი კავკასიაში. სწორედ საქართველო იყო, ისტორიულად, დასაყრდენი რუსეთის იმპერიისა, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა კავკასიელ მთიელებს: გენოციდი, მოჰაჯირობა, სტალინური გასახლებები და ა.შ.
    თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ამ განწყობას რაიმე თვალსაზრისით შეცვლიდა 9 აპრილი ან ირაკლი წერეთლის ლოზუნგი: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომელთა ისტორიულ მეხსიერებაში მყარად იყო დალექილი საქართველოსადმი, როგორც «კავკასიაში რუსეთის ჟანდარმისადმი» სიძულვილი, - 9 აპრილი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიიდან არავინ გამოგვეხმაურა სამძიმრით.
    რასაკვირველია ძალუმად მოქმედებდა ქართველი სტალინისა და ქართველი ბერიასადმი სიძულვილის მოტივიც.
    ამდენად, ბუნებრივია, ჩრდილოეთ კავკასიელები ხელიდან არ გაუშვებდნენ შანსს, სასტიკად ეძიათ შური საქართველოზე - თუნდაც იმავე რუსეთის მეშვეობით. ისევე, როგორც გენერალმა ავარსკიმ იძია შური ქართველებზე რუსული იარაღით - XIX საუკუნეში ორბელიანთა, ჭავჭავაძეთა და მამაცაშვილთა მიერ, იმავე იარაღით, მისი სამშობლოს (დაღესტნის) არაერთგზის აოხრებისათვის. თავის მხრივ ქართველი თავად-აზნაურობაც მანამდე «ლეკიანობის» სისხლს იღებდა და ა.შ.
    აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, ასეულობით და ათასობით ადიღე, ჩერქეზი, ყაბარდოელი, ჩეჩენი და დაღესტნელი «მოხალისე» დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში საომრად. თითოეული მოკლულის სანაცვლოდ (სისხლის აღების უძველესი ადათისამებრ), მისი გვარის ათეულობით წარმომაგდენელი მოდიოდა შურის საძიებლად. ამრიგად, სხვა რომც არაფერი ყოფილიყო, ცოცხალი ძალა აფსუებს ომის დროს ნამდვილად არ მოაკლდებოდათ.
    (არასდროს დამავიწყდება: 16 აგვისტოს (ანუ ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ) ნაცნობი სვანი შემხვდა, რომელსაც ფანატიკურად სძულდა ზვიად გამსახურდია. როცა დაწყებული ომის შესახებ აზრი ვკითხე, მტკიცედ მიპასუხა: «საქართველო ჩრდილოეთ კავკასიას ომს ვერ მოუგებს - ამ ომში უეჭველად დავმარცხდებითო». იმდროინდელი ეიფორიის ფონზე (ავიღეთ გაგრა, ავიღეთ სოხუმი!!!), ეს თითქოს დისონანსური აზრი იყო).
    გარკვეული დიფერენცირება მთიელთა მოტივაციაში მაინც იგრძნობოდა: ადიღეველები (ადიღები, ჩერქეზები, ყაბარდოელები) აფხაზეთში საქართველოს ებრძოდნენ და ასეც ჰქონდათ წარმოდგენილი. ისევე, როგორც ოსები, რომლებიც ცხინვალის ამბებისთვის შურისძიების წყურვილს იკლავდნენ. რაც შეეხებათ ჩეჩნებს, ისინიც საქართველოს ებრძოდნენ, მაგრამ რაკი ჩვენი (მათთვის მეზობელი) ქვეყანა გეოპოლიტიკურად სჭირდებოდათ, ცდილობდნენ ეს ბრძოლა «შევარდნაძის რეჟიმის» წინააღმდეგ ბრძოლად გაესაღებინათ და, ხშირ შემთხვევაში, თავად მართლაც ასე აღიქვამდნენ: «ქართველებთან საომარი არაფერი გვაქვს, - ჩვენ შევარდნაძის ხუნტას ვებრძვითო». შინაარსობრივად ეს, რასაკვირველია, სიცრუე იყო. ოღონდ ასეთი დემაგოგიური არგუმენტით ისინი ერთგვარ თვითდამშვიდებასაც კი ცდილობდნენ.
    აქვე უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ ქართულ მედიაში დამკვიდრებული სტერეოტიპის მიუხედავად, ჩეჩნები სულაც არ ყოფილან ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი აფხაზეთში მებრძოლ «მოხალისეთა» შორის. სინამდვილეში ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ ადიღური მოდგმის ხალხთა წარმომადგენლები (ჩერქეზები, საკუთრივ ადიღები და ყაბარდოელები), ამის შემდეგ მოდიოდნენ კაზაკები და მხოლოდ მათ შემდეგ - ჩეჩნები.
    თუმცა, იმდროინდელი ქართული ოფიციოზი, აგრეთვე ანტიზვიადისტური მიმართულების გაზეთები და სააგენტოები ტყუილად როდი აცხადებდნენ აფხაზეთში საქართველოს მთავარ მტრად «ჩეჩნებს» - ზვიად გამსახურდია ხომ სწორედ ჩეჩნეთში იმყოფებოდა და «ჩეჩნური ფაქტორის» ხაზგასმა, რა თქმა უნდა, მის დისკრედიტაციას იწვევდა. ეს გარემოება, აფხაზეთში ომის თბილისელ ინიციატორებს, ბუნებრივია, იმთავითვე გათვალისწინებული ჰქონდათ.
    მეორე მხრივ, «ზვიადისტები» დღემდე ურყევად არიან დარწმუნებულნი, რომ «ჯოჰარი ზვიადის ძმადნაფიცი იყო, ძმურად შეიფარა. . . .»; «დღეს სტუმარია ეგ ჩემი. . . .»; «კავკასიური ძმობა. . . .»; კავკასიური ერთობა. . . .» და ა.შ.
    სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, ჩეჩნებს გაცილებით ნაკლებ რომანტიული მიზანი ჰქონდათ - ზვიად გამსახურდიას გროზნოში ყოფნა შეესაბამებოდა როგორც ჩეჩენთა, აგრეთვე აფსუათა სტრატეგიულ ინტერესებს, ვინაიდან ეს აძლიერებდა შიდა დაპირისპირებას საქართველოში და არ აძლევდა ქართულ საზოგადოებას კონსოლიდირების საშუალებას. ამიტომ, ტყუილად ჰგონიათ ზვიადისტებს, თითქოს დუდაევი - გამსახურდიას ადვილად სადმე გაუშვებდა (ვთქვათ ავსტრალიაში ან არგენტინაში - მშვიდად საცხოვრებლად). ასევე არ გაუშვებდა მას რუსეთი - საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც მაშინ ემთხვეოდა ჩრდილოეთ კავკასიელთა ინტერესებს და არც საქართველოს ხელისუფლება, ვისთვისაც გამსახურდიას ფიგურა «ანტიზვიადისტური» ძალების კონსოლიდირების საშუალება იყო.

    მეორე ფაქტორი, რამაც აგრეთვე ძალუმად «იმუშავა» აფხაზეთში, გახლდათ რუს-კაზაკთა მოძრაობა. კაზაკებიც ასეულობით ჩამოდიოდნენ აფხაზეთში - საქართველოს წინააღმდეგ საომრად. საგულისხმოა, რომ ისტორიული, დაუძინებელი, შეურიგებელი მტრები (კაზაკები და ჩრდილოეთ კავკასიელები) მხარდამხარ იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ. ქართულმა პოლიტიკამ ესეც «შეძლო». არადა ამას ხომ მოხერხება უნდოდა? ხომ მოხერხება უნდოდა იმას, რომ კაზაკებსა და ჩრდილოკავკასიელებს მხარდამხარ ებრძოლათ საქართველოს წინააღმდეგ?!!!
    საერთოდ, ისევე როგორც ჩვენი მტრების შესახებ გვიხდება თქმა, რომ მათი პოლიტიკა ქრესტომათიაში შესატანი ნიმუშია ბრწყინვალე ხელოვნებისა, ასევე, ის პოლიტიკა, რომელიც 1988 წლიდან ტარდებოდა საქართველოში (მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც პოლიტიკაა!!!) - სიბრიყვის, სიჩლუნგისა და უმეცრების აგრეთვე ქრესტომათიული ნიმუშია: პოლიტიკური ხელოვნების არსი მეგობრებისა და მოკავშირეების გამრავლებაში მდგომარეობს და არა მტრების კონსოლიდირებაში.

    მესამე ფაქტორი: რუსული არმიის სიძულვილი საქართველოსადმი.
    ოღონდ ტყუილად ცდილობდა და ცდილობს ზოგიერთი, ეს ფაქტორი ახსნას მხოლოდ შევარდნაძის ფენომენით. აქაოდა, ედუარდ შევარდნაძემ ჯარები გამოიყვანა ავღანეთიდან, გერმანიიდან, იმპერია დაანგრია და რუსულ გენერალიტეტს ამიტომ სძულდაო. სინამდვილეში ძირითადი მიზეზი აქ მაინც ის დამცირება და შეურაცხყოფაა, რომელიც (რასაკვირველია სავსებით დამსახურებულად) გადაიტანა გენერალიტეტმა 9 აპრილის შემდეგ. სობჩაკის კომისიამ და საზოგადოებრივმა აზრმა (მათ შორის რუსეთში) გენერალიტეტი ამხილა უდანაშაულო ადამიანთა სისხლის დაღვრაში. რა თქმა უნდა, შურისძიების ისეთ შანსს, როგორიც 1992 წელს მიეცა, იგიც ხელიდან არ გაუშვებდა: გუდაუთაში სამხედრო ტექნიკის, სხვა სახის იარაღის, სამხედრო სპეციალისტთა უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა რუსეთიდან.
    რუსეთის სახელმწიფოებრივი რეალიებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რუს გენერლებს უფრო პროზაული მოტივებიც ჰქონოდათ. მაგალითად, აფხაზეთი საბჭოთა არმიის დიდ სანატორიუმად იყო ქცეული, სადაც ათეულობით და ასეულობით პირველხარისხოვანი დასასვენებელი სახლი და პანსიონატი აშენდა. ბუნებრივია, ასეთი სიმდიდრეც გენერლებს ადვილად არ ეთმობოდათ.

    მეოთხე: იმ დროს რუსეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, როცა ათეულობით ათასი შესანიშნავი სამხედრო სპეციალისტი დარჩა უსახლკაროდ და არ იცოდა ცოლ-შვილი სად წაეყვანა, აფხაზ სეპარატისტთა მოწოდებას (ჩამოდით, ქართველები გაგვაყრევინეთ და მათ სახლებში თქვენ დასახლდითო) ბუნებრივია, ბევრი გამოეხმაურებოდა. ის კი არა, მსურველი იმდენი აღმოჩნდა (თანაც ერთმანეთზე უკეთესი) არძინბას რეჟიმი უმრავლესობას უარით ისტუმრებდა: არჩევდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო სამხედრო სპეციალისტებს, ავღანეთის ომში გამობრძმედილ მეომრებს, ოფიცრებს - ისინიც თავს არ ზოგავდნენ, რათა ომის დამთავრების შემდეგ გაგრაში ან სოხუმში ქართველისყოფილი ორსართულიანი სახლი დაესაკუთრებინათ. ბევრი მათგანი მანამდე უმუშევრობითა და სიდუხჭირით ლამის თვითმკვლელობამდე იყო მისული და რატომაც არ იომებდა საძულველი «გრზუნების» წინააღმდეგ, რათა მათი სახლ - კარი ხელთ ეგდო?
    აქ უდიდესი როლი შეასრულა რუსეთის ტელევიზიამ. შესანიშნავად მახსოვს, მაგალითად, ასეთი ეპიზოდი: არამზადა საშა ლიუბიმოვი საავტორო გადაცემა «წითელ კვადრატში» (ანდრანიკ მიგრანიანთან ერთად) ეკითხება ანრი ჯერგენიას: «რუს მოხალისე ოფიცრებს, რომლებიც აფხაზეთში ჩამოვლენ და თქვენ მხარეს იომებენ, ექნებათ თუ არა საშუალება შემდეგ აფხაზეთში დარჩნენ?» «Пожалюсто» - პასუხობს გაიძვერა ჯერგენია. ეს კითხვა-პასუხი, რასაკვირველია, წინასწარ შეთანხმებული რეკლამა იყო - გადაცემა ხომ (რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, საუკეთესო დროს) ათეულობით მილიონმა ადამიანმა ნახა. მათ შორის, ათეულობით ათასმა სამხედრო სპეციალისტმა.
    ზოგადად, რუსეთის ტელევიზიამ სავსებით განსაკუთრებული როლი შეასრულა აფხაზეთში საქართველოს განადგურებისას. მთელი ომის განმავლობაში იგი აღაფრთოვანებდა, გამარჯვებისა და შურისძიების რწმენით აღავსებდა აფსუებს (აგრეთვე მათ მოკავშირეებს) და პირიქით, «მკლავში ძალას აცლიდა» ქართველებს - ქართულ საზოგადოებასა და მეომრებს, ვინაიდან საზოგადოების განწყობა დაუყოვნებლივ «ტრანსლირებადია» შეიარაღებულ ძალაზეც.

    მეხუთე: გასათვალისწინებელია აგრეთვე გეოპოლიტიკური მოტივებიც: არა მხოლოდ რუსული გენერალიტეტი ან რუსი «ველური ბატები», არამედ თვით რუსეთის მთავრობაც (კრემლი) დაინტერესებული იყო საქართველოს დამარცხებით, რათა ეს გაკვეთილი ყოფილიყო სხვებისათვის და რუსეთს პოსტსაბჭოურ სივრცეში თავისი პრიორიტეტი დაედასტურებინა. მოსკოვში იმ დროს უკვე იმარჯვებდა «ფრაგმენტული იმპერიალიზმის» კონცეფცია, რაც გულისხმობდა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დანაწევრებას, ხოლო შემდგომ, სეპარატისტული რეჟიმების გამოყენებას ამ ქვეყნებზე ზეწოლისათვის.
    (გარდა ამისა, კრემლში ზუსტად გათვალეს, რომ აფხაზეთში სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ, ქართული საზოგადოება (და მისი ელიტარული ნაწილი) აუცილებლად მოინუსხებოდა «რუსეთთან დათმობების გზით საქმის გამოსწორებისა და აფხაზეთის დაბრუნების» ილუზიით. სწორედ ეს კონცეფცია გახდებოდა თბილისში დომინანტური. უნდა ვაღიაროთ, რომ გათვლა აქაც გენიალურობამდე ზუსტი აღმოჩნდა.
    აქვე უნდა ითქვას, რომ კრემლს ყოველთვის ეხმარებოდა და ეხმარება ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიის ზედმიწევნით ზუსტი ცოდნა და გათვალისწინება.
    ამდენად, რუსეთის მთავრობა («დემოკრატი» ეგორ გაიდარის ხელმძღვანელობით) ყველაფერს აკეთებდა სეპარატისტების მხარდასაჭერად. მატერიალურად აფსუებს ომის დროს არაფერი უჭირდათ. გაგრის აღებამდეც (ბომბორას აეროდრომის მეშვეობით) და განსაკუთრებით გაგრის აღების შემდეგ, რუსეთიდან, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდან, უხვ მდინარედ მოედინებოდა სურსათ-სანოვაგე, საწვავი, ელექტროენერგია და ა.შ.
    არანაკლებ დახმარებას უწევდა სეპარატისტებს თურქეთიც. ანუ ქართულმა პოლიტიკამ ამ მარადიული, გეოპოლიტიკური მტრების ინტერესთა დამთხვევის უზრუნველყოფაც «მოახერხა».
    თურქეთი აფსუა სეპარატისტებს დახმარებას უწევდა ამ ქვეყანაში მცხოვრები ადიღური მოსახლეობის (მოჰაჯირთა შთამომავლების) ხელით. რუსეთი - ჩრდილოეთ კავკასიელთა მეშვეობით და ა.შ.
    რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი მაშინ ვალერი სკოკოვი იყო - ქართველოფობი და რუსული ნეოიმპერიალიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი.
    რუსმა გეოსტრატეგებმა ისიც შესანიშნავად გათვალეს, რომ იმ დროს, როცა ბალკანეთზე საზარელი ომი მძვინვარებდა, როცა მთელი ევროპის (დასავლეთის) ყურადღება სწორედ და მხოლოდ ამ რეგიონისაკენ იყო მიმართული, - საქართველოსათვის (ისევე, როგორც პოსტსაბჭოური სივრცის სხვა კონფლიქტებისათვის), არავის ეცლებოდა.
    «ბალკანეთის» ხსენებაზე ნებისმიერ ევროპელს აცახცახებს, ვინაიდან მსოფლიო ომების ისტორია იქედან იღებს სათავეს. საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემისათვის ვის ცხელოდა? რუსეთს შეეძლო გაეკეთებინა რაც სურდა და რასაც მოახერხებდა. დარწმუნებული ვარ, ბალკანეთის კონფლიქტის გაღვივებას რუსულმა სპეცსამსახურებმა ხელიც შეუწყვეს, რათა ევროპაში სწორედ ისეთი განწყობა შეექმნათ, როგორიც რეალურად წარმოიშვა. ვის ახსოვდა და აინტერესებდა საქართველოს უბედურება? ედუარდ შევარდნაძის „ცნობადობის“ ფაქტორმაც, ამ თვალსაზრისით, თითქმის ვერ იმუშავა და ეს «თითქმის»-იც დიდი მიღწევა იყო.
    საქართველოს იმდროინდელმა პარლამენტმა რამდენიმეჯერ მიმართა გაეროს, დასავლეთის ქვეყნებს: გვიშველეთ, მოგვაქციეთ ყურადღება, დაგვეხმარეთ! შევარდნაძემაც მკაფიოდ თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან: «ის, რაც აფხაზეთში ხდება, არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის». გაუგებარია, მეტი რა უნდა ეთქვა? პასუხად კი (დასავლეთიდან) ცივი, გულგრილი რჩევა მოდიოდა: «გაარკვიეთ ურთიერთობა რუსეთთან, იპოვეთ საერთო ენა რუსეთთან. არ ვიცით როგორ - თქვენ თავად უნდა იცოდეთ - გამოძებნეთ საერთო ენა, მორჩა და გათავდა! თქვენს პრობლემებს ნუ გვახვევთ თავს, არ გვსურს თქვენს გამო ელცინთან ურთიერთობის გაფუჭება!»
    მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება უეჭველად უფრო რადიკალური იქნებოდა (საკუთარი ინტერესებიდან გამიმდინარე), რომ არა ზვიად გამსახურდიას ყოფნა გროზნოში და მისი შეუნელებელი აქტიურობა. ყოფილი პრეზიდენტი რუსეთმა «დამოკლეს მახვილივით» დაჰკიდა არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის, არამედ მთელი ქართული პოლიტიკური ელიტის თავზე.
    1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის განმავლობაში, თბილისურ ისტებლიშმენტს (მათ შორის «მოძრაობის» მეორე ფრთის წარმომადგენელ პოლიტიკურ პარტიებს) ძალიან ეშინოდა, რომ კრემლს შეეძლო «გამსახურდიას კოზირი გაეთამაშებინა», თუ ისტებლიშმენტი მკვეთრად (კონსოლიდირებულად) ანტირუსულ პოზიციას დაიკავებდა. 1993 წლის ოქტომბერში ეს კარტი მართლაც ოსტატურად გაითამაშეს, - ისარგებლეს რა იმით, რომ გამსახურდიას, საკუთარი შელახული ღირსების გარდა, როგორც ჩანს, მართლაც აღარაფერი აინტერესებდა.
    ავტორს ვერავინ დასდებს ბრალს ზვიად გამსახურდიასადმი არაობიექტურ დამოკიდებულებაში, მაგრამ სწორედ ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: მას შემდეგ რაც დამარცხდა, გამსახურდიასათვის (თუ არ სურდა, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორის როლი შეერულებინა) საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სამუდამოდ შორეული საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში გამგზავრება. თუმცა სინამდვილეში (ვიმეორებ) კავკასიიდან მას ალბათ არც ჩეჩნები გაუშვებდნენ არც რუსები და არც აფხაზები.
    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ-ჩეჩნური ალიანსის (თითქოსდა პარადოქსული ალიანსის) საფრთხეს ქართული საზოგადოება ვერაფრით აცნობიერებდა. არადა, მაგალითად, 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტი სწორედ მათ შორის «ინტერესთა თანხვედრის» შედეგი იყო და (კვლავ) ფანატიკოსი «ზვიადისტების» ხელით განხორციელდა.
    მართლაც, ყოვლად წარმოუდგენელია ასლან მასხადოვს არ სცოდნოდა, რას ამზადებდა სალმან რადუევი - თუ ეს იცოდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანატოლი კულიკოვმა.
    ან საერთოდ, რატომ გვგონია, რომ რუსეთისა და კავკასიელ მთიელთა ინტერესები არ შეიძლება ისევე დაემთხვეს ერთმანეთს, როგორც 1992-1993 წლებში, - აფხაზეთის ომის დროს?

    მეექვსე ფაქტორი, რამაც აფხაზეთში საქართველოს ისტორიული კრახი განაპირობა, იყო თვით საქართველოში შექმნილი ვითარება: ხელისუფლების ფორმალური არალეგიტიმურობა, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება, საზოგადოების ფსიქოლოგიური გადაქანცულობა-დავრდომილობა, ეკონომიკური კოლაფსი, კრიმინალური ანარქია, აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოში არსებული მდგომარეობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის არაკონსოლიდირებულობა და ა.შ.
    ასეთ ვითარებაში ქვეყანა ომს ვერ მოიგებდა. სამწუხაროდ, ქართველ ერს არც იმდენად მძლავრი სახელმწიფოებრივი ცნობიერება, სახელმწიფოებრივი ინსტიქტი აღმოაჩნდა, დროულად ეგრძნო საფრთხე და უზენაესი ეროვნული ინტერესების დასაცავად შეკავშირებულიყო.
    აფხაზეთში ომის დროს თბილისში არაფრით იგრძნობოდა, რომ ქვეყანა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს აწარმოებს. «ძალით მოსულმა» ხელისუფლებამ რეკრუტირების (იძულებითი მობილიზების) გამოცხადებაც ვერ გაბედა, რაკი საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა: რეკრუტირებულს მაშინ «გაახსენდებოდა», რომ ხელისუფლება არალეგიტიმური იყო, რათა ამ არგუმენტით დაძვრომოდა ომში მონაწილეობას.
    საერთოდ, როცა საქმე-საქმეზე მიდგა, უმალვე გაირკვა, რომ ქართული საზოგადოება არ იყო მზად რეალური მსხვერპლისათვის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ხოლო ის საზოგადოება, რომელიც არ არის მზად გამარჯვებისათვის გაიღოს რეალური მსხვერპლი, აუცილებლად დამარცხდება იმ საზოდაგოებასთან ომში, რომელიც, მიზნის მისაღწევად, მზად არის ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს.

    და ბოლოს: კაცობრიობის ისტორია, რომელსაც ზედმეტი მორალიზატორობა ნამდვილად არ სჩვევია, მაინც გვასწავლის, რომ შეუძლებელია ერმა მოგოს ომი, თუ იგი საკუთარ სიმართლეში, ანუ ამ ომის სამართლიანობაში არ არის შინაგანად ბოლომდე დარწმუნებული. და პირიქით, შეუძლებელია საბოლოოდ დაამარცხო ერი, რომელიც შინაგანად აბსოლუტურად დარწმუნებულია ომის სამართლიანობაში.
    გავიხსენოთ, ამ თვალსაზრისით რა ატმოსფერო სუფევდა ომის მსვლელობისას საქართველოში: 1992 წელს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომელიც ყველაზე ზუსტად ჯაბა იოსელიანმა გამოხატა მეგრელ გლეხთან კამათისას ოჩამჩირეში: «აფხაზები ვაჟკაცურად იბრძვიან, რადგან სამშობლოს იცავენო».
    ბუნებრივად ისმის კითხვა: შე ოჯახაშენებულო, თუ ის კაცი სამშობლოს იცავს, მაშინ რაღას ებრძვი?!
    ბიბლიური ამბავი დავითისა და გოლიათის შესახებ ამ ფსიქოლოგიური და ეთნოფსიქოლოგიური ფენომენის შესანიშნავი ილუსტრაციაა: აბჯროსან გოლიათს დიდებას ვერ მოუტანს პატარა, «უმწეო» დავითის დამარცხება. დავითს კი პირიქით - გოლიათის დაცემა დიდებას მოუხვეჭს.
    პატარა დავითთან გოლიათი დამარცხების შიშით იბრძვის. დავითისთვის კი გოლიათთან დამარცხება სამარცხვინო სულაც არ იქნება. იმიტომ, რომ ის პატარაა.
    ამიტომ, თუ დავითი და გოლიათი აცნობიერებენ, რომელია მათგან დავითი და რომელი - გოლიათი, გოლიათი საბოლოოდ ვერასდროს დაამარცხებს დავითს. საკაცობრიო მნიშვნელობის ისტორიული პარადოქსია, მაგრამ დავითის ძალა სწორედ მის სისუსტეშია. დავითი იმიტომაა გოლიათზე ძლიერი, რომ. . . . მასზე სუსტია. უმთავრესად სწორედ ამიტომ დამარცხდა საბჭოთა კავშირი - ავღანეთში, რუსეთი - ჩეჩნეთში, ამერიკა - ვიეტნამში. ამიტომ დავმარცხდით ჩვენც.
    არ მოჰყვეს ახლა ვინმე დემაგოგიას: სად ავღანეთი - სად აფხაზეთიო; გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ.
    ეს წიგნი კი სწორედ «გამგებისთვის» იწერებოდა

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა