„რუსთავი-2“: მედია, ფული და ძალაუფლება

„რუსთავი-2“: მედია, ფული და ძალაუფლება

 

ყველაზე რეიტინგულ ქართულ ტელეარხზე მიმდინარე პროცესები კვლავ „თალხი ბურუსითაა“ მოცული: „თამამად და ჯიუტად“ სდუმან. ერთ-ერთი ძმა ყარამანიშვილის განცხადებამ სიტუაცია კი არ გაარკვია, კიდევ უფრო გააბუნდოვანა: „ნიკა გვარამია ჩვენ არ გადაგვიყენებია და როცა უნდა მუშაობა მაშინვე შეუძლია გააგრძელოსო“.

როგორც ჩანს, მეტისმეტად გულუბრყვილოები ვგონივართ ამ „ძმებს“ რაკი მიაჩნიათ, ელემენტარულად ვერ შევძლებთ ფაქტების შეჯერებას და სავარაუდო მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას.

მაგალითად: სრულიად აშკარაა, რომ „მოარული ხმები“ თუ „მოარული შეხედულება“ იმის თაობაზე, თითქოს მიმდინარე ფინანსური კრიზისი ცნობილი სასამართლო დავის პროცესში დადებულმა ყადაღებმა გამოიწვია, არის, უბრალოდ,  ცრუპენტელობა! ყადაღა ტელეკომპანიას დიდი ხანია დაედო, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ხელფასებიც რიგდებოდა და ძვირადღირებული პროექტებიც ხორციელდებოდა.

პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ინვესტორებმა ამ პროექტთა დაფინანსება შეწყვიტეს. რატომ შეწყვიტეს? სწორედ ესაა მთავარი საკითხი: ფინანსური სირთულეები გამწვავდა ზუსტად იმ პერიოდში, როცა გამოქვეყნდა სკანდალური აუდიო-ჩანაწერი, რომელშიც „ვინმე უცნობი“, რომლის ხმა ძალიან ჰგავს ნიკა გვარამიას ტემბრს, „კიტრებს“ უწოდებს ტელევიზიის დამფუძნებლებს. ძნელი სათქმელია, ყარამანიშვილებმა რაიმე ექსპერტიზა ჩაატარეს თუ მანამდე ჩამოყალიბებულ ურთიერთობათა სტილიდან გამოიტანეს დასკვნები, თუმცა, როგორც ჩანს, მათი ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანი იყო.

კახელები არიან „ბოლო-ბოლო“.

ამას მოჰყვა რ2-ის წილთა გადანაწილების უცნაური და ცოტა არ იყოს კომიკური ისტორია, როდესაც მენეჯმენტმა დამფუძნებლებს, ფაქტიურად, ულტიმატუმი წაუყენა და საკონტროლო პაკეტის გადაცემა მოითხოვა; თან იმ იურიდიული ფორმით, როგორც თავად მიაჩნდა მიზანშეწონილად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დამფუძნებლები რომ ასეთ რამეებს დიდხანს ვერ მოითმენდნენ, - ცხადია; მით უმეტეს, ამ „საწარმოში“ კარგა გვარიანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული: მხოლოდ შენობა რად ღირს!

მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს ისეთი საოცარი ფენომენი, როგორიცაა კონტრაქტი მოქალაქე ნიკა გვარამიასა და ტელეკომპანიას შორის, როლითაც (დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია) იმ შემთხვევაში, თუ გვარამიას გადააყენებენ, კომპენსაციის სახით 5 მილიონი ლარი უნდა მიიღოს, ხოლო თუ თავად, საკუთარი ნებით გადადგება - დაახლოებთ მილიონნახევარი ლარი!

გამოდის, მოქმედი კონტრაქტით, ტელეკომპანიის აწ უკვე გადამდგარ მენეჯერს, ვინც „რ2“-ის ინტერესებს მოზარდი ლომივით იცავდა,  სრული იურიდიული უფლება აქვს, უჩივლოს იმავე ტელეკომპანიას და მოსთხოვოს მის დამფუძნებლებს დამატებით 1,5 მილიონი ლარი მაშინ, როდესაც 2012 წლიდან დაწყებული, ხელფასის სახით თითქმის 2,5 მილიონი  აქვს აღებული!

ასეთი კონტრაქტი როცა გაქვს გაფორმებული, იბრძოლებ ლომივით აბა რას იზამ?

როგორც ირკვევა, ბოლო კრებაზე დამფუძნებლები ჟურნალისტებს ვერაფერს დაჰპირდნენ. მათ შორის ვერც ხელფასების დარიგებას, რადგან ყველაფრით ჩანს, ახლა უკვე იმაზე ფიქრობენ, როგორ „გამოიყვანონ“ საქმიდან საკუთარი ინვესტიცია რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. საინტერესო ისააგაუძლებენ თუ არა ცდუნებასთუკი ბატონი ბიძინა შესთავაზებს ინვესტიციების გადარჩენას?

ყარამანიშვილთა ეს მოტივაცია რომ რეალურია, იქედანაც ჩანს, რომ „ხალვაშისა და სხვათა“ სარჩელისთანავე ცდილობდნენ ტელევიზია კეზერაშვილის „ცოლისძმისთვის“ მიეყიდათ, თუმცა მაშინ არ გამოვიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე ნიშანდობლივი „დამთხვევაა“, რომ განხეთქილება (თანაც ტელეკომპანიისთვის კრიტიკულ მომენტში, როცა „სტრასბურგმა“ ნებისმიერ დღეს შეიძლება დაიწყოს საქმის განხილვა) მოხდა სწორედ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მერობაზე ზალიკო უდუმაშვილის ნომინირების შესახებ.

ნიკა გვარამია ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, ეს „ნომინირება“ შეიძლება კიდეც იყოს სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ დამაზარალებელია თვით ტელეკომპანიისთვის და ამაში გვარამია ნამდვილად არ ცდება.

ოღონდ  მიშას და მის გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვთ. შესაბამისად, ეს უთანხმოება, თუ ცნობილ „სპიკერთა“, მათ შორის ქალბატონ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს დავაკვირდებით, ბუნებრივად გადაიზრდება „ნაციონალებსა“ და „ევროპელ დემოკრატებს“ შორის „კლინჩში“. უკვე ისმის კიდეც ნარატივი: „გვარამიას უნდოდა ტელევიზიას არა მხოლოდ „ნაციონალთა“ ინტერესებში ემოქმედა, არამედ ყველა პროდასავლური ძალისა, მაგრამ მიშას ეს არ მოსწონდა...“

ამგვარი დასკვნა  მთლად უსაფუძვლო როდია: ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ნიკა გვარამიას საინფორმაციო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო „თავისუფალი დემოკრატების“ გაფიარება თითქმის იმავე დონეზე, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“; ეს  სააკაშვილს აშკარად ძალიან არ მოსწონდა, რადგან სურდა ერთადერთ ოპოზიციური ძალა მომავალ პარლამენტში სწორედ მისი პარტია ყოფილიყო, რასაც მიაღწია კიდეც.......ოღონდ მეტისმეტი აქტიურობით, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვა ცნობილი განხეთქილება პარტიაში და „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივი დაშლა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზემოთხსენებული  პოლიტიკური წინააღმდეგობები და უთანხმოებები ფინანსურ პრობლემებზე არანაკლებ არსებითია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რას წარმოადგენს (უკვე ტრადიციულად) ტელეკომპანია „რუსთავი ორი“: სინამდვილეში, კლასიკური „მედია“ იგი არასდროს ყოფილა. ანუ არასდროს ყოფილა ხელისუფლება (ე.წ. „მეოთხე ხელისუფლება“), რომელიც check and balances ერთ ერთი ინსტიტუტის ფუნქციას ასრულებს ნორმალურ საზოგადოებაში, რისი აუცილებელი პირობაცაა პოლიტიკური ელიტებისაგან თანაბრად გამიჯვნა - მათი „პოზიცია-ოპოზიციურობის“ მიუხედავად.

„რუსთავი-2“, რეალურად, სწორედ პოლიტიკური გავლენისა და ძალაუფლების ინსტრუმენტი იყო. ალბათ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რაკი საქართველოს მწირ სარეკლამო ბაზარზე ტელევიზიას მხოლოდ ორი ურთიერთდაკავშირებული მეთოდით შეეძლო თავის შენარჩუნება: მაღალი რეიტინგით, რისი ტექნოლოგიაც მუდმივ „სკანდალიზმსა“ და ნეგატივზე ორიენტაციას გულისხმობდა........შესაბამისად, გაბოროტებული ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ელიტებისგან თავის დასაცავად, ალტერნატიულ  ელიტებთან მჭიდროდ დაკავშირება ხდებოდა აუცილებელი - უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიათა მისაღებად.

ეს კავშირი, საბოლოოდ, 2001 წლის მოვლენებიდან ჩამოყალიბდა, როდესაც შევარდნაძის ელიტებმა „რ-2“ განადგურება გადაწყვიტეს კონტრაბანდის საბაბით და ეს ტელევიზია მაშინ სწორედ „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ გუნდმა გადაარჩინა. მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა  იმის იმედად ყოფნა, „ჟვანია-მიშას“ გუნდი პოლიტიკურ ლოიალობას არ მოითხოვდა და ტელევიზიას საკუთარი გავლენის (შემდეგ უკვე ძალაუფლების) ინსტრუმენტად არ აქცევდა.

თუ ამ ყოველივეს დავუმატებთ ძალიან, ძალიან დიდ ფულს (ასეულობით მილიონს) რაც დაახლოებთ 1998-1999 წლიდან ტრიალებს „რუსთავი-2“ -ში ან მის გარშემო (იგულისხმება მსხვილი ბიზნეს-პროექტების „პოლიტიკური უზრუნველყოფა“, რისი გენიოსიც იყო ეროსი კიწმარიშვილი), ნათელია ხდება, რატომ მიმდინარეობს ესოდენ გააფთრებული, „ბრეხტისეულად დრამატული“  ბრძოლა ამ ტელევიზიისთვის და რატომ არ მოეშვებიან მას მანამ, სანამ არსებობს.......ისევე, როგორც არ მოეშვებიან ლამაზ ქალბატონს, სანამ საბოლოოდ არ გახუნდება და არ დაკარგავს სილამაზეს ან არ მოკლავენ ურთიერთდაპირისპირებისას

თუ „რუსთავი-2“ ამ პროცესებს შეეწირა, ეს სერიოზული დანაკარგი იქნება ქვეყნისთვის: წმინდად პროფესიული, პრომოუტერული, მხატვრული და ჟურნალისტურ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით იგი, უდავოდ,  საუკეთესო ქართული ტელევიზია! ბოლო 20 წლის განმავლობაში „რუსთავი ორი“ ნამდვილად იქცა ქართული კულტურის (არა მხოლოდ პოლიტიკური ლანდშაფტის არამედ ზოგადად კულტურის) მნიშვნელოვან ნაწილად. ამიტომ მისი დანგრევა და გაქრობა ქართული ელიტების სრული უპასუხისმგებლობის, ეგოიზმისა და უზნეობის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინება გახდება.

2017