რუსული იმპერიალიზმი საქართველოს კვლავ ემუქრება

რუსული იმპერიალიზმი საქართველოს კვლავ ემუქრება

  

    გასული წლის მიწურულს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოახდინა უკრაინასთან «დიდი ხელშეკრულების» რატიფიცირება.
    დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
    მაშასადამე, რუსეთი აღიარებს ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად. იმ პირობებში, როდესაც კიევმა მიაღწია მისთვის ხელსაყრელი შეთანხმების პარაფირებას «შავი ზღვის ფლოტის გაყოფის» თაობაზე, რუსეთისთვის ამ დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება არც თუ სასურველი იყო.
    ფაქტობრივად, ამიერიდან რუსეთი ვეღარ განაცხადებს პრეტენზიას ყირიმზე, რომელიც «რუსულ მიწა-წყლად» მიაჩნდა ყოველთვის და ახლაც მიაჩნია.
    სწორედ ამიტომ, «უკრაინით დაინტერესებული» პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კონსტანტინე ზატულინი და გიორგი ტიხონოვი («გოსდუმის» დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები), გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ დოკუმენტის რატიფიცირებას.
    ისევე, როგორც «რუსი» გეოპოლიტოლოგი და საქართველოს «დაუძინებელი მეგობარი» ანდრანიკ მიგრანიანი.
    მაგრამ რატიფიცირებაზე უარის თქმაც არ შეიძლებოდა, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლება სულ უფრო მკვეთრ დემარშებს ახორციელებდა რუსეთის საწინააღმდეგოდ - უახლოვდებოდა ნატოს და ა.შ.
    ამ კურსის გამართლება იმაში მდგომარეობს, რომ «რუსეთს არ სურს მეგობრობის შესახებ დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება, მაშასადამე, არ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილად».
    უკრაინის ამგვარ პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთმა ვერ გაუძლო. რასაკვირველია, რუსული ნაციონალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და შორსმჭვრეტელ, გონიერ წარმომადგენელს, გენადი სელეზნიოვს (სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს) სულაც არ ეპიტნავებოდა ხელშეკრულების რატიფიცირება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
    ამრიგად, რუსეთმა საბოლოოდ სცნო უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.
    ასეთივე «დიდი ხელშეკრულება» დევს, უკვე 5 წელია, სახელმწიფო სათათბიროში «საქართველოსთან მეგობრობის შესახებ», რომელსაც ელცინმა და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს 1994 წლის 3 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის ერთდღიანი «ტრიუმფალური» ვიზიტის დროს საქართველოში.
    ეს ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. უფრო ზუსტად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ «მხარეები აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას»; მაგრამ შინაარსობრივად, ეს სწორედ რუსეთის მიერ საქართველოს აღიარებაა, თორემ საქართველოს რუსეთის «აღიარება» რომც არ უნდოდეს, ეს ფაქტია და ისეთი რეალობა, რომლის შეცვლა ჩვენ არ ძალგვიძს.
    საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 1995 წლის დეკემბერში მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიცირება, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი აღმოჩნდა, ვინაიდან ხელშეკრულება მაინც არ შევიდა ძალაში (რადგანაც რუსეთს მისი რატიფიცირება არ მოუხდენია), მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, - შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯი მეგობრობისკენ, ხოლო რუსეთს საქართველოსთან «მეგობრობა» არ სურს, რაკი არ ახდენს «მეგობრობის შესახებ» ხელშეკრულების რატიფიცირებას.
    რუსულ «გოსდუმაში» მოკალათებული შოვინისტური ძალები იძულებულნი გახდნენ პირდაპირ გაემხილათ თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვები, რაკი სხვაგვარად აუხსნელი ხდებოდა რატიფიკაციაზე უარის თქმაც: «მოვახდენთ ხელშეკრულების რატიფიცირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი დააკანონებს რუსეთის სამხედრო ბაზებს» საქართველოს ტერიტორიაზე;
    თავისთავად. ეს, რა თქმა უნდა, თავხედური მოთხოვნაა. გამოდის, რუსეთს მხოლოდ იმ ქვეყნებთან სურს «მეგობრობა», სადაც დისლოცირებულია მისი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე არ არის?!
    რასაკვირველია, რუსეთს «მეგობრობის შესახებ» ხელშეკრულება სხვა ქვეყნებთანაც აქვს გაფორმებული, სადაც მისი ჯარების ნასახიც აღარაა ან არც ყოფილა ოდესმე. მაგალითად, უკრაინაში (თუ არ ჩავთვლით შავი ზღვის ფლოტს) რუსეთის სამხედრო შენაერთები აღარ იმყოფება; აგრეთვე თურქმენეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ბელორუსეთში (!) ბალტიის სახელმწიფოებში.
    არც ერთ მათგანს რუსეთი არასდროს მოსთხოვს «ბაზების დაკანონებას» ხელშეკრულების რატიფიცირების სანაცვლოდ, მაგრამ საქართველოს უბედავენ, ვინაიდან გასდით.
    უკრაინასთან შესაბამისი ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ეს შოვინისტური მიდგომა კიდევ უფრო აშკარა გახდა. უკრაინას დიდხანს ვეღარ გაუბედეს ის, რასაც ადვილად უბედავენ (კვლავ უბედავენ) საქართველოს.
    სახელმწიფო სათათბიროს «დემოკრატიული» ფრაქცია «იაბლოკოს» ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა, ლუკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზიზღით აღნიშნა, რომ უკრაინასთან «მეგობრობის შესახებ» დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქართველოსთანაც იქნება რატიფიცირებული ანალოგიური დოკუმენტი. საქართველოსთან მეგობრობის ხელშეკრულებას ძალიან მცირე შანსი აქვს. იყოს «რატიფიცირებული» - განაცხადა ლუკინმა.
    კი მაგრამ რატომ? უკრაინა ბოლო წლებში ხომ არანაკლებ «ანტირუსულ» პოლიტიკას აწარმოებდა - კიევმა «ნატოსთან» განსაკუთრებული ხელშეკრულებაც კი გააფორმა, უკრაინაში არ არის რუსეთის სამხედრო ბაზები, უკრაინა არ გაწევრიანდა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, არ შეუერთდა დსთ-ს ეგიდით გაფორმებულ არც ერთ დოკუმენტს.
    საქართველომ კი არა მხოლოდ ბაზები დატოვა (ფაქტობრივად) საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მზად იყო, დაეკანონებინა ისინი (თუ რუსეთი შეცვლიდა ანტიქართულ პოლიტიკას აფხაზეთში). გარდა ამისა, რუსეთი ახორციელებს სამშვიდობო მისიებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მაინც, ყოველივეს მიუხედავად, არ სურს მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოსთან «მეგობრობის» შესახებ.
    რა არის ეს, თუ არა «ჩვეულებრივი იმპერიალიზმი?» რა თქმა უნდა, იმპერიალიზმია! რუსეთი არ მიიჩნევს საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოდ, - ლიტვას ან იმავე უკრაინას ხომ იგი ვერასდროს გაუბედავდა ასე თავხედურად დაესვა საკითხი: «ჯერ დააკანონეთ ჩვენი ჯარი თქვენს ტერიტორიაზე, «მეგობრობის შესახებ» კი შემდეგ ვისაუბროთო.
    თანაც, უკრაინამ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან (პირიქით, რუსეთს დაახევინა) შავი ზღვის საკითხში - მოსკოვს სურდა სევასტოპოლი მთლიანად გამოცხადებულიყო რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ბაზად (მთელი ქალაქი!), რათა საჭიროების შემთხვევაში აგრესია განეხორციელებინა ყირიმის დასაპყრობად ამ ბაზის გამოყენებით, მაგრამ ვერ მიართვეს - ხელშეკრულებაში ჩაიწერა უკრაინელთა ფორმულირება: «შავი ზღვის ფლოტი, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტთან ერთად, დისლოცირდება სევასტოპოლში» და არა «სევასტოპოლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზა».
    განსხვავება ადვილად შესამჩნევია.
    რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისას წინააღმდეგი იყო, რომ უკრაინის ფლოტიც ყოფილიყო დისლოცირებული სევასტოპოლში! ამაზე მეტი თავხედობა წარმოუდგენელია, მაგრამ ამ საკითხშიც დაახევინეს უკან.
    მაშასადამე, რუსეთის პოლიტიკა არსობრივად არ შეცვლილა: გაიტანს იქ, სადაც გაუვა. უკრაინის მიმართაც ასეთივე აგრესიული პოზიცია ჰქონდათ, მარამ იძულებულნი იყვნენ(!) უკან დაეხიათ, ვინაიდან «არ გაუვიდათ»!!! საქართველოსთან კი ჯერჯერობით გახდით.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარი იქნება თვით საქართველოს პოზიცია. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს «დიდი ხელშეკრულების» რატიფიცირებას (ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას) თუ სხვა გზა არ ექნება - როგორც უკრაინასთან დაკავშირებით;
    მაგრამ ჯერჯერობით მას კვლავ აქვს «სხვა გზა» ანუ შეუძლია გააჭიანუროს ეს საკითხი, რასაც, სხვათა შორის, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იურიდიულად და პოლიტიკურად.
    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გაეროში გაწევრიანდა, მიუხედავად მთელი მსოფლიოს მიერ ჩვენი ქვეყნის აღიარებისა (დე ფაქტოდ და «დე იურედ,)» რუსეთმა, რომელმაც ორჯერ (1801 და 1921 წლებში) მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, დღემდე არ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, - რაკი უარს აცხადებს დაადასტუროს ძალმოსილება ხელშეკრულებისა «მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის წინაშე».
    არ დაიჯეროთ, თითქოს ამის მიზეზი კონკრეტულად შევარდნაძისადმი უნდობლობაა. რუსეთი სრულიად საქართველოს არ ენდობა და მის ნდობას ვერ დავიმსახურებთ, სანამ ისევ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში არ ამოვყოფთ თავს.
    აი, მაშინ კი ისევ შეგვიყვარებენ, ისევ შეაქებენ (ხშირად გადაჭარბებულად) ჩვენს სპექტაკლებსა და კინოფილმებს, ანუ რუსეთს არ სურს და არც არასდროს მოინდომებს მეგობრობას დამოუკიდებელ საქართველოსთან.

7 დღე, 12 იანვარი, 1999 წელი