"ჩვენ არც გამსახურდიას მომხრეები ვართ, არც შევარდნაძის . . . . . . "

"ჩვენ არც გამსახურდიას მომხრეები ვართ, არც შევარდნაძის . . . . . . "

აი, ისტორია!
    
მარადიული სასჯელი
   

      

საქართველოში დღეს ერთი უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა - პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ არათუ მხარს უჭერდნენ, არამედ აქტიურად მონაწილეობდნენ 1991 წლის მეორე ნახევარში განვითარებულ მოვლენებში, ამჟამად გაფაციცებით ცდილობენ როგორმე გაემიჯნონ იმ მოვლენებს, როგორმე დაუმტკიცონ ხალხს, რომ «ნეიტრალური პოზიცია ეკავათ» და, რაც მთავარია, რომ ახლაც «ცენტრისტულ» პოზიციებზე დგანან იმ დაპირისპირების მიმართ, რამაც სამოქალაქო ომი და ხელისუფლების დამხობა გამოიწვია.
    თავისთავად, ამგვარი მისწრაფება სავსებით გასაგებია, რადგან ჩვენს პოლიტიკოსებს ერთობ გამახვილებული აქვთ «ყნოსვა» და ზუსტად გრძნობენ - ისტორია იმ მოვლენათა ინსპირატორებს ნამდვილად არ შერაცხავს გმირებად.
    პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკანურ დაჯგუფებებს შორის ძალზე «მოდური» გახდა დაახლოებით ასეთი თეზისის პროპაგანდირება: «ჩვენ არც გამსახურდიას მომხრეები ვართ, არც შევარდნაძის . . . ჩვენ გამსახურდიასაც ვუპირისპირდებოდით და შევარდნაძესაც ვუპირისპირდებით. . . . ჩვენთვის უცხოა კერპთაყვანისმცემლობა და დოგმატიზმი, ხოლო ამ ორი პიროვნების მომხრეებს შორის გამართულ იდეურ დაპირისპირებაში ცენტრისტული პოზიცია გვეკავა ყოველთვის და ახლაც ნეიტრალურნი ვართ».
    ძნელი არ არის შეამჩნიო ამ თეზისის სრული დემაგოგიურობა. ტყუილად ცდილობენ პოლიტიკანები, საქართველოში მომხდარი მოვლენები წარმოადგინონ როგორც დაპირისპირება ორი პიროვნებას და მათ მომხრეებს შორის - დღეს (СНГ-ში გაწევრიანების შემდეგ) უკვე სავსებით ნათელია, რომ ეს იყო დაპირისპირება არა პიროვნებებს, არამედ ორ სხვადასხვა იდეურ მიმართულებას, ორ ანტაგონისტურ სახელმწიფოებრივ დოქტრინას შორის (უპირველეს ყოვლისა, საგარეო პოლიტიკის საკითხში) და, რაკი ასეა, თავისი შინაგანი არსით ეს დაპირისპირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც სამოქალაქო ომი.
    ეს ომი დაიწყო 1990 წლის 28 ოქტომბერს და ერთ-ერთი მხარის საბოლოო გამარჯვებით დასრულდა 1993 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.
    სწორედ ამ, საქართველოსთვის დამღუპველი ომის შედეგია ქვეყანაში დატრიალებული საშინელი ტრაგედია - აფხაზეთის დაკარგვა, ათი ათასობით ადამიანის დაღუპვა, ყოვლისმომცველი ნგრევა და განადგურება.
    თავისი შინაგანი არსით, ეს ომი იყო სამოქალაქო დაპირისპირების ნიმუში. ამიტომ, დეკემბერ-იანვრის მოვლენები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც «კრიმინალური გადატრიალება» ან «დემოკრატიული რევოლუცია». იმიტომ კი არა, რომ მასში კრიმინალები არ მონაწილეობდნენ, არამედ იმის გამო, რომ მათი მონაწილეობა ვერ ცვლის (და ვერც შეცვლის) მოვლენის თვისობრივ შინაარსს.
    სხვა საკითხია, რამდენად იყო სამოქალაქო ომი გარედან ინსპირირებული და რამდენად უმაგრებდა ზურგს ერთ-ერთ მხარეს გარეშე ძალა. ამას მნიშვნელობა აქვს საბოლოო შედეგისა და მორალურ-ისტორიული შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ მოვლენის არსს ვერც ეს შეცვლის. ვიმეორებ: 1991-1993 წლებში, საქართველოში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც დროებით გადაიზარდა სამამულო ომში (აფხაზეთისათვის), ხოლო შემდგომ კვლავ გაგრძელდა - კიდევ უფრო მეტი გააფთრებით.

    ე.წ. «ცენტრისტთა» განცხადებები ამ ომში მათი «ნეიტრალურობის» შესახებ სრული სიყალბეა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სამოქალაქო ომში ნეიტრალური და ცენტრისტული პოზიცია არ შეიძლება არსებობდეს. ამ ომს თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს: ისტორია ადასტურებს, რომ «ცენტრისტული პოზიცია» შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში იმ დროს, როდესაც არ მიმდინარეობს თვისობრივი დაპირისპირება ფუნდამენტური საკითხების გარშემო. მაგალითად, «ცენტრისტული პოზიცია» შეიძლება არსებობდეს უკვე «დალაგებულ», დამშვიდებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში - ნაკლებად პრინციპულ პრობლემებთან დაკავშირებით. ცენტრისტები არსებობენ დღევანდელ პარლამენტშიც. ოღონდ არა იმ გაგებით, რომ ისინი ნეიტრალურნი იყვნენ ან არიან წარსული დაპირისპირების თვალსაზრისით - ისინი ცენტრისტები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმ გაგებით, რომ ცდილობენ «საშუალო პოზიცია» ჰპოვონ შევარდნაძესა და მის საპარლამენტო ოპოზიციას შორის.
    მაგრამ არავითარი «ცენტრიზმი», არავითარი «ნეიტრალიტეტი» არ არსებობს სამოქალაქო ომში! ამგვარი კარდინალური, თვისობრივი დაპირისპირების დროს პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ ორ ფერამდე დადის - ან შავი ხარ, ან თეთრი, ან ერთ მხარეს დგახარ, ან მეორე მხარეს.
    მაგალითად: არავითარი «ნეიტრალური პოზიცია» არ არსებობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს - ან მომხრე იყავი მონობის გაუქმებისა, ანუ ლინკოლნს უჭერდი მხარს; ან წინააღმდეგი იყავი მათი, ანუ თანაუგრძნობდი კონფედერატებს. . . . . .
    უფრო ადრეც - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, ან მომხრე იყავი საფრანგეთის ბურბონთა დინასტიის შენარჩუნებისა, ან პირიქით - მხარს უჭერდი მათ დამხობას და რესპუბლიკის დამყარებას.
    რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ერთადერთი პოზიცია, რომელიც სამოქალაქო ომის დროს შეიძლება ნეიტრალურად ჩაითვალოს, არის კრიმინალური პოზიცია - ვინაიდან მას პოლიტიკური მოტივები არ გააჩნია და ერთნაირად უპირისპირდება ორივე მხარეს.
    მაგალითად, ამგვარ პოზიციაზე იდგა ნესტორ მახნო რუსეთის დიდი რევოლუციის დროს. მისი ლოზუნგი იყო : «Бей белых пока не покраснеют, бей красных пока не побелеют». მაგრამ მახნო და მისი კრიმინალური ხროვა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი, ანარქიული, ლუმპენური ელემენტის გააქტიურების პროდუქტი იყო. ამიტომ იგი საზოგადოებრივი სპექტრიდან (თუნდაც გამარტივებული და ორ საწყისამდე დაყვანილი სპექტრის შემთხვევაში) განცალკევებით უნდა იქნას განხილული. საქართველოში კი ამგვარ პოზიციაზე არავინ არ მდგარა, რადგან თვით ყველაზე აშკარა კრიმინალებსაც საკმაოდ დიდი პოლიტიკური ამბიცია აღმოაჩნდათ და დღეს აქტიურად მონაწილეობენ «სახელმწიფოს მშენებლობაში».

    ამრიგად, არავითარი «ნეიტრალური მხარე» ქართულ სამოქალაქო ომში არ ყოფილა. ის, ვინც აცხადებს, რომ უპირისპირდებოდა გამსახურდიას, მაგრამ წინააღმდეგი იყო მისი დამხობისა - უზნეოდ თვალთმაქცობს, რადგან დეკემბერ-იანვრის მოვლენები ლოგიკური შედეგია 1991 წლის 2 სექტემბრიდან - 22 დეკემბრამდე განვითარებული პროცესებისა.
    ეს მოვლენები მხოლოდ ისე შეიძლებოდა დამთავრებულიყო, როგორც დამთავრდა.
    სამოქალაქო ომის ლოგიკიდან გამომდინარე, თვით ის ადამიანიც კი, რომელსაც საზოგადოებრივი წონა გააჩნდა, მაგრამ დუმილი არჩია დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების დროს (ეს გადატრიალება სამოქალაქო ომის კულმინაცია იყო) ვერაფრით შეინარჩუნებს «ნეიტრალურის» სახელს ისტორიის წინაშე, რადგან ამ შემთხვევაში ისტორია ოპერირებას მოახდენს საკმაოდ მკაცრი, თუმცა სამართლიანი კატეგორიით: არ დაიცავი (თუნდაც სიტყვით) ხელისუფლება, რომელსაც ამხობდნენ, - მაშასადამე ხელი შეუწყვე მის დამხობას.
    ისტორიის მკაცრი და ულმობელი ლოგიკა ამა თუ იმ მოვლენის შედეგიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ისიც მხოლოდ ორ ფერს ცნობს და იოტისოდენად არ აინტერესებს სამოქალაქო ომის იდეურ საფუძველთა წვდომა. თუ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა აფხაზეთი, დაკარგა სამაჩაბლო, მაშინ ისტორია ულმობელი იქნება იმათ მიმართ, ვინც გაიმარჯვა სამოქალაქო ომში, რადგან ამ გამარჯვების შედეგად მათ აიღეს თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე.
    ამ პასუხისმგებლობის სიმძიმეს დღეს უკვე ბევრი გრძნობს. სწორედ ამიტომ ცდილობენ, როგორმე დაუძვრნენ ისტორიის მრისხანე სასამართლოს და «ცენტრისტობა», «ნეიტრალურობა» დაიბრალონ. ტყუილად დაშვრებით ბატონებო! რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვეღარ გაემიჯნებით სახელმწიფო გადატრიალებას! როგორც არ უნდა მოიხსენიებდეთ მას დღეს, - ისტორიისთვის თქვენ უკვე მისი მომხრეები, მისი მხარდამჭერები ხართ! თუ იგი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს მხსნელი მოვლენა - თქვენც ასევე შეგაფასებთ შთამომავლობა. ხოლო თუ ისტორიის სასამართლო გაკიცხავს - ამ სასჯელს ვერც თქვენ აიცილებთ თავიდან!
    «მსგეფსი», 18 ნოემბერი, 1994 წელი.