საბიუჯეტო ვნებანი «უსინათლობის» ფონზე

საბიუჯეტო ვნებანი «უსინათლობის» ფონზე


       
               პარლამენტიდან მიღებული ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში «უკანასკნელი და გადამწყვეტი» ბრძოლისათვის ემზადებიან 2003 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. საქართველოს სინამდვილისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ბიუჯეტის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება. 1994 წლიდან (როდესაც «კუპონების» პირველი ბიუჯეტი დაამტკიცა პარლამენტმა) - დღემდე ასეთი რამ რეგულარულად ხდება, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ ამ პროცესებმა შეიძლება კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი შეიძინოს.
       
                ფორმალურად დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმდენი უმრავლესობაც კი აღარ ჰყავს, რაც 1992-95 წლებში, მაგრამ, სამაგიეროდ, «ინტერესთა ჯგუფები» ბევრად უფრო გამოკვეთილია და მათი დაკმაყოფილებაც უფრო ადვილია.
        «გაორმაგებულად მძაფრ» პოლიტიკურ დისპოზიციას ქმნის ის გარემოება, რომ 2003 წლის ბიუჯეტი «საარჩევნო ბიუჯეტია» და ფინანსური ნაკადების მიმართულებებზე ამ თვალსაზრისითაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
        ასეა თუ ისე, ხელისუფლების ორივე შტო გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. მთავრობამ «უკან გამოიწვია» 1 ოქტომბერს (კონსტიტუციის დაცვით) პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი. ფორმალურ მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეერთიანებინა საპენსიო ფონდი – სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიასთან, ანუ შეიქმნა ერთიანი (სოციალური დაზღვევის) ფონდი. ამით მართლაც სერიოზულად შეიცვალა ბიუჯეტის სტრუქტურა. ამრიგად, აღმასრულებელი ხელისუფლების არგუმენტი (1 ოქტომბერს შეტანილი ბუიჯეტის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით) მთლად უსაფუძვლო არ ჩანს.
        თუმცა «ბიუჯეტის უკან გატანის» პრაქტიკა ბოლო წლების დამახასიათებელი მოვლენა იყო და «სტრუქტურულ-ინსტიტუციური» შესაბამისობების მოთხოვნაზე მეტად სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ, საფინანსო-საშემოსავლო და პოლიტიკურ რეალიებს უკავშირდება.
        1 ოქტომბრიდან დღემდე, ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სერიოზულ სირთულეს უდავოდ შექმნის ის გარემოება, რომ პარლამენტის ამასწინანდელი დადგენილებით, თავდაცვის საჭიროებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები საშემოსავლო რაოდენობის 12 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. მაშასადამე, თუ ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პარამეტრებით დავიანგარიშებთ, 70-80 მილიონ ლარზე ნაკლები არ გამოდის. პრინციპში, კონსტიტუციით, პარლამენტს არა აქვს უფლება, აღმასრულებელ ხელისუფლებას უკარნახოს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის პარამეტრები ან თუნდაც, პრიორიტეტები, მაგრამ ხსენებული დადგენილება მართლაც მრისხანე ძალას შეიძენს, თუ, მასზე დაყრდნობით, პარლამენტი უბრალოდ არ დაამტკიცებს ბიუჯეტს თავდაცვისათვის 80 მილიონიანი ხარჯის გარეშე.
        მიუხედავად მრავალი დეპუტატის «პრინციპული» პოზიციისა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალზე საეჭვოა, ასეთი რამ რეალურად მოხდეს, ვინაიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ბევრად მეტად გაუადვილდება სხვა «ინტერეს ჯგუფთა» დაკმაყოფილება, რათა ხმების აუცილებელი რაოდენობა შეაგროვოს. მაგალითად, «მჟაორიტარების» ინტერესების გათვალისწინება ან თუნდაც, «მთის შესახებ კანონის» ამოქმედება, (რასაც თავისი «ინტერეს-ჯგუფი» ჰყავს), ბევრად «იაფი» დაუჯდება ჩვენს გაძვალტყავებულ ბიუჯეტს.
        რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო ისტერიკები გარდაუვალია.
        მაგრამ, როგორი ისტერიკებიც არ უნდა გაიმართოს, სამხედრო ბიუჯეტის 80 მილიონ ლარამდე გაზრდას ხელისუფლება არ დაეთანხმება, მით უმეტეს, რომ ქვეყნის (ობიექტურად) მოღიავებული საზღვრების გათვალისწინებით, რესურსები არც ისე დიდია. დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონამდე შემოსავალი და 1 მილიარდ 380 მილიონი პლუს სახაზინო ვალდებულებები, კრედიტები.
       
        დილის გაზეთი, 16 დეკემბერი, 2002 წელი