საერთაშორისო მიმოხილვა. 25 თებერვალი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 თებერვალი. 2025 წელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია უკრაინის თემაზე, რომელიც მოამზადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

რეზოლუციას ხმა მისცა უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ათმა წევრმა. კვორუმია 9 წევრი, ანუ მინიმუმ 9 წევრს უნდა მიეცა ხმა.

მათ შორის ამერიკულ რეზოლუციას ხმა მისცა რუსეთმა და ჩინეთმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივ წევრს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) აქვს „ვეტოს“ უფლება.

საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვერ გაბედეს ვეტო-ს დადება ამერიკულ რეზოლუციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს და ბრიტანელებს, უკრაინასთან ერთად, საკუთარი რეზოლუციის პროექტი ჰქონდათ მომზადებული.

თვით ამ რეზოლუციაში არაფერი განსაკუთრებული არ წერია. ანუ არ არის რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნა, თუმცა არც კაპიტულაციისკენ მოწოდებაა, მაგრამ....მთავარი პრეცედენტი მაინც ისაა, რომ მოსკოვმა ხმა მისცა ამ რეზოლუციას.

 

საფრანგეთი რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა; ზუსტად იმ დროს, როცა გაეროში მიმდინარეობდა კენჭისყრა, ემანუელ მაკრონი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ხვდებოდა დონალდ ტრამპს.

ამერიკული ტრადიციით, ამგვარი შეხვედრების დროს ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ ლიდერებს.

აი თეზისები ტრამპის პასუხებიდან’

ა) რუსეთთან ამერიკის მოლაპარაკება ძალიან კარგად ვითარდება მათ შორის უკრაინის თემაზე

ბ) უკრაინის კონფლიქტი შესაძლებელია დარეგულირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში

გ) ამერიკა არ დაუშვებს უკრაინის კონფლიქტის გადაზრდას მესამე მსოფლიო ომში

დ) ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება ევროპამ უნდა უზრუნველყოს და არა ამერიკამ. (ანუ ამერიკა იქ ჯარს არ გააგზავნის და არც იმას დაუშვებს, რომ სამშვიდობო ოპერაცია NATO-ს ეგიდით განხორციელდეს. ეს ადრე თქვა-დ)

ე) უკრაინაში შესაძლებელია განლაგდნენ ევროპულ სახელმწიფოთა სამშვიდობო ძალები

ვ) ვაშინგტონი და მოსკოვი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

(იგულისხმება ენერგეტიკული სფერო და პუტინის ფარული წინადადება ერ-რიადში: ერთად ავითვისოთ არქტიკა, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და ამერიკა მიიღებს ტრილიონებს არქტიკის ზღაპრული სიმდიდრის ათვისებით. ეს ძალიან მაცდური წინადადებაა ტრამპისთვის)

 ზ) ტრამპი უახლოეს მომავალში შეხვდება პუტინს ნებისმიერი მოდალობით ანუ იმის მიუხედავად, მანამდე მოხდება თუ არა კომპრომისის მიღწევა უკრაინის ქეისზე

თ) თუ უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტა მოხერხდა, ტრამპი ჩავა მოსკოვში 9 მაისს - გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ აღლუმზე დასასწრებად!

ი) ამერიკა დაინტერესებულია რუსული ფერადი ლითონებით და მზადაა ამაში კოლოსალური ინვესტორებისთვის. პუტინი რა თქმა უნდა თანახმაა.

კ) ზელენსკის ტრამპი შეხვდება ან ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში და ხელს მოაწერს შეთანხმებას წიაღისეულის ათვისებაზე

ლ) მას შემდეგ, რაც ზელენსკისთან ხელი მოეწერება ხელშეკრულებას უკრაინული წიაღისეულის ათვისებაზე ამერიკული კომპანიების მიერ, ტრამპის თქმით, აუცილებელი იქნება ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უკრაინის პარლამენტის ანუ უკრაინის ვერხოვნა რადას მიერ.

(ჩემი კომენტარი: რუსეთში პუტინის სიტყვა „უკანასკნელი ჭეშმარიტებაა“ - ღვთიური, რუსულ გოსდუმაში კრინტის დაძვრას ვერავინ გაბედავს. აი უკრაინა კი, დემოკრატიაა და იქ „ვერხოვნაია რადამ“ შესაძლოა პრობლემები შექმნას მერე. ამიტომ ტრამპი მოითხოვს რატიფიცირებას)

 

ახლა კი.....პუტინმა რა განაცხადა გუშინ, ტრამპისა და მაკრონის შეხვედრის პარალელურად, მისი „კარის ჟურნალისტის“, „ხელზე მიჩვეულ“ პავლე ზარუბინთან ინტერვიუში, თუ ამას ინტერვიუ ჰქვია

 ა) რუსეთი მზად არის ამერიკა შემოუშვას თავის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების და წიაღისეული სხვა სიმდიდრის ასათვისებლად. ანუ ტრამპი რასაც ლაპარაკობს, შემთხვევითი სულაც არაა

ბ) უკრაინაში ამდენი წიაღისეული სიმდიდრე მართლა  იყოს.....ნახევარი ტრილიონო დოლარის ღირებულებისა...პუტინს ეჭვი ეპარება.

(იგულისხმება: მართლა რომ ყოფილიყო, სსრკ აითვისებდაო)

გ) რუსეთი ამერიკულ კომპანიებს შემოუშვებს არა მხოლოდ ციმბირში, - იშვიათი ლითონების ასათვისებლად, - არამედ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თუ ამერიკა ამას დაეთანხმება, ეს ამ ტერიტორიათა დაპყრობის...„გამართლება“ გამოვა

დ) რუსეთს მზად აქვს პროექტი ალუმინის ათვისებისა კრასნოიარსკის მხარეში. პროექტი 15 მილიარდ დოლარს „იწონის“. საკმაოდ დიდი თანხაა. თანაც მხოლოდ ერთი პროექტი. ციმბირი ნამდვილად უმდიდრესია ამ მხრივ.

ე) რუსეთი ახლავე მზადაა 2 მილიონი ტონა ალუმინი შედარებით დაბალ ფასად (!!) შეიტანოს ამერიკულ ბაზრებზე, რათა ამერიკაში ალუმინის ფასების დარეგულირებაში შეიტანოს წვლილი და ამით ძალიან დაეხმარება ტრამპს, რაკი ალუმინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკული მრეწველობისთვის, პირველ რიგში მანქანათმშენებლობისთვის, ავიამრეწვისთვის....ალუმინზე მაღალი ფასები ზრდის თვითღირებულებას, იწვევს უმუშევრობას და ხელს უშლის კონკურენციას.

 (აი ეს ბოლო წინადადება, რაც ტრამპს ასევე ძალიან მოეწონებოდა, ყველაზე მზაკვრული და „გველურია“ - ტრამპის და მისი გუნდის მენტალობის გათვალისწინებით, რაკი ტრამპი დაჰპირდა ამერიკულ ინდუსტრიებს, რომ კონკურენტებს მოუშთობდა ამერიკულ ბაზრებზე და თუ ეს მოხდება ისე, რომ ამერიკა საბაჟო ტარიფებს კი არ აწევს, არამედ საკუთარ ბაზრებზე იაფად (!) შემოიტანს რუსულ ალუმინს პუტინის დახმარებით...ეს ტრამპისთვის უბრალოდ იდეალური იქნებოდა).

ვ) „ზელენსკი ტოქსიკური პერსონაა და მასთან მოლაპარაკება სათუოა“. პუტინის მტკიცებით, ზელენსკიმ თვითონ აკრძალა მოსკოვთან მოლაპარაკება საკუთარი ბრძანებულებით და თურმე უკრაინულ არმიასაც სძულს.

ზ) ზელენსკის რეიტინგი ორჯერ ნაკლებია გენერალ ზალუჟნის რეიტინგზეო - ამბობს პუტინი. მერედა გენერალ ზალუჟნისთან შედარებით ზელენსკი პუტინისთვის ხომ „საჩუქარია?“ ზალუჟნი უკრაინელი ერის გმირი და აბსოლუტურად შეურიგებელი მეომარია

თ) „ტრამპს მშვიდობა უნდა და ბოროტი ზელენსკი უშლის ხელს“

ი) „იყოს უკრაინული სახელმწიფო....ეგდოს რაცაა....მაგრამ იქ უცხოურ ჯარებს რუსეთი არ დაუშვებს!“

კ) უკრაინაში ახალი არჩევნებია საჭირო

ლ) ევროპელი ლიდერები, პუტინის თქმით „ტრამპისგან განსხვავებით ანგაჟირებულნი არიან“. მათი რეაქცია ემოციურია და საერთოდ, ჩვენი პრიორიტეტი ტრამპის ამერიკაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, დასავლურ ბანკებში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია შეუძლებელია, რაკი ეს, თურმე.... „საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“.

„ამ აქტივებიდან დივიდენდებს კი გამოვიყენებთ უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ თვით აქტივებს ხელს ვერ ვახლებთ, რადგან საერთაშორისო სამართალს ხომ ვერ დავარღვევთო“ - ამბობს მაკრონი

ეს განცხადება, გულწრფელნი და არაპოლიტკორექტულნი თუ ვიქნებით, დიდწილად გაიძვერობაა!!!

ამ ლოგიკით, მაშინ რომელი „საერთაშორისო სამართლის“ მიხედვით დაადო დასავლეთმა რუსეთს სანქციები?

განა გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ამის თაობაზე გადაწყვეტილება?

არა არ მიუღია.

მაშასადამე, ყველა გადაწყვეტილება, რაც ამერიკამ და ევროკავშირმა მიიღეს რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით, იყო მათი ნებელობითი, სუვერენული გადაწყვეტილება, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პასუხად.

ასეთივე ნებელობითი, სუვერენული გადაწყვეტილება იქნებოდა რუსული აქტივების კონფისკაცია (200 მილიარდია ამერიკულ იურისდიქციაში და 300 მილიარდი - ევროპის იურისდიქციაში, კერძოდ ბელგიის დეპოზიტარში), მაგრამ ამას არ აკეთებენ არა საერთაშორისო სამართლის შიშით, არამედ პრეცედენტის შექმნა არ უნდათ: მსოფლიოს სახელმწიფოები და პლანეტაზე მცხოვრები მილიარდერები დაშინდებიან და ჩვენს იურისდიქციაში ფულს აღარ შეინახავენო.

ეს შიში საზრისს მოკლებული სულაც არ არის. პრეცედენტები საბანკო საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

და სამართლიანობა მოითხოვს აქვე ისიც აღინიშნოს, რომ დივიდენდები რასაც უკრაინა მიიღებს წლების განმავლობაში ამ აქტივებიდან, ნამდვილად არაა ცოტა და მცირე: 50 მილიარდი ევროა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

კანადამ რუს პროპაგანდისტ ვლადიმერ პოზნერს კანადაში შესვლა აუკრძალა.

პოზნერი რუსი პროპაგანდისტიც არის და „საბჭოთა“ პროპაგანდისტიც.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან „აშავებს“ ამერიკას.

ოღონდ.......ამერიკის მოქალაქეა! და საფრანგეთის მოქალაქეცაა!

ანუ ამ „სთორი“-ში ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ კანადამ სანქცია დაადო, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა ამერიკისა და საფრანგეთის მოქალაქეს.

სინამდვილეში პოზნერი „რუსია“ რასაკვირველია.

რუსია არა მხოლოდ მოქალაქეობით, არამედ მთელი მისი ცხოვრებით, მთელი მისი მოღვაწეობით, პროფესიით, საქმიანობით, მენტალობით, სოციალური წრით....ახლაც მეგობრობს რუს ოლიგარქებთან, - აბრამოვიჩებთან, პოტატინებთან, კოსტინებთან, რომლებმაც ბანდიტური 1990-იანი წლები შექმნეს რუსეთში და  ისედაც გაძვალტყავებული ქვეყანა პირწმინდად  გაძარცვეს.

მათთან ერთად ისვენებს ხოლმე და ეძლევა განცხრომას ატლანტის ოკეანის კუნძულებზე -  „ფრანგული ტერიტორია“ რომ ქვია.

პუტინს რომ ლაქიასავით ემსახურება ეს კიდევ ცალკე საკითხია.