საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მარტი. 2024 წელი

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა დონალდ ტრამპს მას შემდეგ რაც აშშ პრეზიდენტმა State of the Union სპიჩში კვლავ მოუწოდა გრენლანდიელებს შევიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში.

დაჰპირდა ყოველგვარ სიკეთეს.

გრენლანდიის პრემიერმა მუტ ეგედემ კი საინტერესო პასუხი გასცა: „ჩვენ არც დანიელები ვართ, არც ამერიკელები და საკუთარ ბედს თავად ვწყვეტთო“.

გრენლანდია, მისი სტატუსით, არის დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა.

საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ატრიბუტით.

 ფორმალურად რასაკვირველია.

რეალურად გრენლანდიის ტერიტორია დანიის სახელმწიფოს და მისი იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია.

დანიამ გრენლანდიის შესახებ ტრამპის ინიციატივებზე თანხმობა განაცხადოს....ამის ალბათობა არის.... „ზუსტად ნული!“ არც მეტი, არც ნაკლები.

 

ტრამპმა მიიღო იმაზე უარესი გადაწყვეტილება, ვიდრე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაა:

CIA-ს დირექტორმა განაცხადა, რომ აღარ მიაწვდის უკრაინას, უკრაინულ არმიას სადაზვერვო მონაცემებს.

იგულისხმება პირველ რიგში კოსმოსური დაზვერვის მონაცემები, რომელთა ჩანაცვლება ევროპული ანალოგებით ძაააალიან ძნელია, ალბათ შეუძლებელიცაა მიუხედავად იმისა, რომ ევროპასაც აქვს რასაკვირველია თანამგზავრები, თუმცა მათი „გადაწყობა“ ტექნოლოგიურად რთულია იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები ასრულებდნენ და დედამიწის ნებისმიერ წერტილში 20 სანტიმეტრის სიზუსტით ხედავდნენ, აფიქსირებდნენ იქ რა ხდებოდა.

ოღონდ რატომ არის ეს ასეთი საზიანო უკრაინისთვის? არა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ამერიკული მიზანდასახულობის სისტემით ხდებოდა ამერიკულივე „ჰაიმარსის“ შორსმწვდომი რაკეტების გაშვება და იმავე მიზანდასახულობის სისტემით ხდებოდა უკრაინული წარმოების (!) დრონებით რუსეთის სიღრმეში, ზოგჯერ ათასობით კილომეტრის მანძილზე არსებული ნავთობბაზების და სამხედრო ობიექტების განადგურება ან მწყობრიდან გამოყვანა.

ეს მნიშვნელოვანია მაგრამ არ არის ყველაზე უარესი დანაკლისი უკრაინის თავდაცვისთვის.

ყველაზე სახიფათო და უარესი ისაა, რომ როდესაც, მაგალითად „ენგელსის“ რუსული საავიაციო ბაზიდან ან მურმანსკიდან ან შორეული ციმბირის აეროდრომებიდან აფრინდებოდნენ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები, რათა უკრაინის მიმართულებით გაეშვათ ფრთოსანი რაკეტები, ამერიკული დაზვერვა ამას მაშინვე, რამდენიმე წუთში ატყობინებდა უკრაინის არმიის სარდლობას.

უკრაინელებმა მაშინვე  იცოდნენ: სტრატეგიული ავიაცია აფრინდა ან.....უკრაინის ტერიტორიას რუსული დრონების გუნდი უახლოვდება....შესაბამისად უკრაინულ „საზენიტოს“ ჰქონდა დრო, მომზადებულიყო, „დაექოქა“ იგივე ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot, საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა სხვა საზენიტო სისტემები, დაეცვა ქალაქები, დაეცვა ენერგეტიკული ობიექტები.....დაეცვა ადამიანთა სიცოცხლე!

იმიტომ, რომ უკრაინის არმიისგან განსხვავებით რუსული არმია ბარბაროსულად ბომბავდა ქალაქებს იმ საბაბით, თითქოს სამხედრო ობიექტებს უმიზნებდა.

შესაბამისად, აუცილებლად გაიზრდება მსხვერპლი, მეტად დაზიანდება და უფრო რთულად აღსადგენი გახდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა: თბო-ელექტროსადგურები, ჰიდრო-ელექტროსადგურები, დისტრიბუციის კვანძები....სამხედრო ქარხნები, არმიის ქვედანაყოფთა დისლოკაციის ადგილები......

ეს ყოველივე ასუსტებს უკრაინას და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, აბსოლუტურად არაფერი ვიცით და არც ვინმემ იცის რაიმე, კონკრეტულად რას მოითხოვს ტრამპი უკრაინისგან.

კონკრეტულად რა Peace deal შესთავაზა, რასაც უკრაინა თითქოს არ ეთანხმება?

ზოგადად ვიცით, ტრამპის გეგმა რას ითვალისწინებს: ცეცხლის შეწყვეტა, ფრონტის ხაზის დაფიქსირება, რუსეთისთვის სანქციების ნაწილის მოხსნა....

მაგრამ პუტინი ეთანხმება ამ გეგმას?

უკრაინა რას იღებს კურსკიდან ჯარების გამოყვანის სანაცვლოდ?

ამიტომაც ამბობს ახლა ზელენსკი, მისი გუნდით, რომ მზადაა მოლაპარაკების წარმოებისთვის. მზადაა დაჯდეს პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე.

და პუტინი დაჯდება იმ მაგიდაზე? ულტიმატუმებზე უარს იტყვის?

ეს არის ახლა უკვე მთავარი კითხვა.

 ჯერ-ჯერობით ნიშან-წყალიც კი არ ჩანს იმისა, რომ პუტინი დაეთანხმება რაიმეს იმაზე მეტს, ვიდრე უკრაინული (!) არმიის გაყვანა კურსკიდან და ცეცხლის შეწყვეტაა - მოსკოვისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ და უკრაინისთვის უსაფრთხოების რაიმე გარანტიის გარეშე.

გუშინ მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა ემანუელ მაკრონს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ეს მიმართვა ფართოდ გაშუქდება ქართულ მედიაშიც.

დედააზრი ის იყო, რომ ევროპამ ამერიკის გარეშეც უნდა შეძლოს თავის დაცვა რა ძნელიც არ უნდა იყოსო ახლა „ბებერი კონტინენტისთვის“ ამერიკის ქოლგიდან გამოსვლა.

საფრანგეთი მზად არის მისი ბირთვული იარაღი მთელი ევროპის უსაფრთხოების და რუსეთის „შეკავების“ გარანტორად აქციოს.

თუმცა ყველაზე მთავარი და არსებითი ნიუანსი პრეზიდენტ მაკრონის სფიჩში მაინც ის ნაწილი იყო, სადაც მან ილაპარაკა საფრთხეზე, რასაც ევროპას (არა უკრაინას მხოლოდ, არამედ ევროპას) უქმნის პუტინი და მაგალითად, ანუ მარკერად დაასახელა...ჩრდილო კორეული შენაერთების გამოჩენა „ევროპის მიწაზე“ როგორც ყველაზე ხშირად ფრანგები ამბობენ.

ფრანგები ამბობენ ასე იმიტომ, რომ დიდმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ევროპა განსაზღვრა როგორც ტერიტორია „ატლანტის ოკეანიდან ურალამდე“.

დე გოლმა ასე განსაზღვრა არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურად.

მაშასადამე „ბიორობოტები“, რომლებიც კიმების რეჟიმმა გაგზავნა ევროპის მიწაზე აგრესორ პუტინის დასახმარებლად, ევროპულ ელიტებს მართლა აშფოთებთ! სერიოზულად  აშინებთ კიდეც და იმის მანიშნებლად მიაჩნიათ, რომ პუტინი ამ „ბიორობოტთა არმიას“ უკრაინაზე არ შეაჩერებს.

მერე რომ ბალტიაზე მიუშვას? ანუ NATO-ს წევრ, ევროკავშირის წევრ ბალტიის ქვეყნებზე.

მაშასადამე, ამ „კორეული ბიო-არმიის“ შემოყვანით პუტინმა გარკვეული აზრით საქმეც გაიუარესა PR-ული თვალსაზრისით და შეასუსტა ის ძალები ევროპაში (ანუ ის „სასარგებლო იდიოტები“) ვინც ცდილობდნენ კაპიტულანტური აზრის კულტივირებას: „უკრაინას ერჩის პუტინი, უკრაინა უნდა, ევროპას არაფერს დაუშავებს და საფრთხეც არ არსებობსო“.

თუმცაღა პუტინს სხვა გზაც აღარ ჰქონდა: სასტიკად არ უნდა ახლა მობილიზაციის მეორე ტალღა.

სასტიკად!

დაანგრევს ეს მის რეიტინგსაც და სოციალურ საყრდენებსაც. განსაკუთრებით ელიტებში და „საშუალო ფენაში“.

ეს გარემოება მას უქმნის მოტივაციას, დაიწყოს ვაჭრობა.

აი, ამ ვაჭრობის „მოდალობა“ როგორი იქნება, რამდენი მხარე და როგორ მიღებს მონაწილეობას, ესაა ახლა მთავარი საკითხი.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაღალი ალბათობით, უახლოეს მომავალში მაინც მოეწერება ალბათ ხელი ამერიკა-რუსეთის Mineral deal;

ეს დოკუმენტი  უსაფრთხოების მხრივ უკრაინას ბევრს არაფერს მისცემს, თუმცა პარიზმაც და ლონდონმაც ურჩიეს ზელენსკის, ამგვარი  ნაბიჯი გადაედგა.

„ქართულად“ თუ ვიტყვით, მრავალნაცადი ევროპული, ფრანგული, ინგლისური დიპლომატია ზელენსკის ეუბნება ტრამპზე: „მიუშვი ის ბიჭი ბუხართან“ - ეგება ამ ფასად დაჯდეს მაინც პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზეო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა“ შეხვდა პუტინს.

მოსკოვი აქტიურად უჭერდა მას მხარს და ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის კანდიდატის, ადგურ არძინბას წინააღმდეგ.

 შეხვედრისას გუნბამ პუტინს სთხოვა: ელექტროენერგიის მოწოდება აპრილის შუა რიცხვებამდე გააგრძელეო.

მერე აღარ დასჭირდებათ, რაკი ამის შემდეგ უკვე ენგურჰესში მოიმატებს წყლის დონე.

საპასუხოდ პუტინმა პირველად ( პ ი რ ვ ე ლ ა დ!) სეპარატისტულ სოხუმთან ურთიერთობის ისტორიაში თქვა ღიად ის, რასაც დახურულ კარს მიღმა ხშირად ეუბნებოდა, მაგრამ  ტელეკამერების წინ - არა: ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გადაწყდესო.

ანუ, ისევ და ისევ...ბინების ყიდვა-გაყიდვა, აპარტამენტები.....დიდი პრივატიზება..... გუნბა კი, რომელიც არანაკლები სეპარატისტია, ვიდრე იგივე ადგურ არძინბა, ისევ ძველ ჩვენებას“ მისდევდა ანუ თითქოს არ ესმოდა რაც ეუბნებოდა პუტინი, აგრძელებდა იმავე ხაზს: „ორმაგი მოქალაქეობა გვინდა აფხაზებსო“.

იგულისხმება: აფხაზური მოქალაქეობაც და რუსეთის მოქალაქეობაც.

ოღონდ......აფხაზებს ეს ისე უნდათ, რომ თვითონ კი მიიღონ „ორმაგი მოქალაქეობა“, თუმცა რუსებს არ ჰქონდეთ „ორმაგი მოქალაქეობა“ ანუ რუსებმა  აფხაზეთის მოქალაქეობა ვერ მიიღონ. შესაბამისად, სოხუმში და გაგრაში ბინებიც ვერ იყიდონ - ეს ბინები (ქართველ ლტოლვილთა ბინები) თურქეთში მცხოვრები აფხაზი „მაჰაჯირებისთვის“ აქვთ დარეზერვებული სეპარატისტებს.

 და არა რუსებისთვის.

 

ამგვარი უცნაური, რუსულ-აფხაზური დისპროპორცია   და პუტინის უცნაურზე უცნაური „თმენადობა“ ღირს კიდევ ერთხელ ავხსნათ რით არის გამოწვეული:

სანამ აფხაზური ელიტები ასრულებენ რუსეთის A კლასის ინტერესებს (სამხედრო ბაზები, საზღვრების დაცვა, საზღვაო აკვატორიის დაცვა, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერა, ჩრდილო კავკასიაში მონათესავე ერებთან სიფრთხილე, თურქეთთან სიფრთხილე) მანამდე რუსეთი მოითმენს მათ უკომპრომისობას (ან გადადებს მაინც დროში რეაგირებას) B კლასის ინტერესთა აღსრულების თვალსაზრისით (აპარტამენტები, ახალი ათონის მონასტერი, დიდი პრივატიზება.....) რაკი მიაჩნია, რომ B კლასის ინტერესები მოითმენს - მომავალში მაინც აიძულებს. ახლა არ არის აუცილებელი იჩქაროს.

მაგრამ...... საკმარისია აფხაზური ელიტები „ცუდად შეეხონ“ რომელიმეს ზემოთჩამოთვლილი A კლასის ინტერესებიდან.....პუტინი საზღვარსაც მაშინვე ჩაკეტავს და სრულ „ქვის ხანაში“ გადაყრის სეპარატისტებს.