ჩეჩნები ასას ხეობაში არიან გარშემორტყმულნი

ჩეჩნები ასას ხეობაში არიან გარშემორტყმულნი

        ჩეჩნეთის ომმა პირველი მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოვლინება ჰპოვა საქართველოს ტერიტორიაზე. გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი, ვიდრე თვით შატილის დაბომბვაა.
        ოფიციალური ცნობის თანახმად, უძველესი კაევკასიური დიალექტით სახელდებულ «ასას» ხეობაში პარასკევს საღამოს შემოვიდა დაახლოებით 70-კაციანი, კბილებამდე შეიარაღებული რაზმი.
        თავდაპირველად, რამდენიმე სიტყვა გეოგრაფიაზე: ასას ხეობა კვეთს როგორც საქართველოს, ასევე ინგუშეთის ტერიტორიას. იგი თერგის ერთ-ერთი შენაკადის ხეობაა. ანუ ჩეჩენთა რაზმი სწორედ ინგუშეთიდან შემოვიდა ასაში. სხვაგვარად იგი ხეობაში, უბრალოდ, ვერ მოხვდებოდა. ისმის კითხვა, რას აკეთებდნენ ამ დროს რუსი მესაზღვრეები და მედესანტეები, რომლებიც არაერთგზის გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველო-ჩრდილოკავკასიის დამაკავშირებელ არათუ ყველა ხეობას, არამედ თითოეულ ბილიკს მტკიცედ იცავდნენ?
        რას აკეთებდნენ და ლოთობდნენ, ალბათ.
        მათი ვიცე-პრემიერი ჩამოვიდა თბილისში გალეშილი და ისეთი რამეები «იბოდიალა», მეორე დღეს აღარ ახსოვდა და რა გასაკვირია, რომ «სალდათებმა» და ოფიცრებმა ილოთონ?
        ეს ერთი ეპიზოდიც მკაფიოდ ადასტურებს, რა ვითარებაა რუსეთის არმიაში და რამდენად ილუზორულია რუსების განცხადებები, თითქოს მათ უკვე დაამთავრეს ჩეჩნეთის ომი.
        ამრიგად, 70-კაციანი, კბილებამდე შეიარაღებული რაზმი საქართველოში შემოვიდა პარასკევს საღამოს. კვირას დილით მათი კვალი ქართველმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, იმ რაიონში სულ ერთი პატარა საგუშაგოა 4-5 მებროძლით, რომელიც ბრძოლებში გამობრძმედილ, კბილებამდე შეიარაღებულ, თავზეხელაღებულ ჩეჩენთა რაზმს, რასაკვირველია, სერიოზულ წინაღმდეგობას ვერ გაუწევდა.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა დაუყოვნებლივ დააფიქსირეს ჩეჩნების გადმოსვლა, მაგრამ სროლის ატეხვას აზრი არ ჰქონდა.
        არსებობს მოსაზრება, თითქოს რუსებმა ისინი სპეციალურად გამოატარეს, რათა საქართველოში ომი აეტეხათ, მაგრამ ეს ვარაუდი სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს: ჯერჯერობით პირიქითაა. საქართველომ დააფიქსირა, რომ შესწევს უნარი დაიცვას თავისი საზღვრები და უნებართვოდ არავინ გაატაროს.
        ომი კი არ ამტყდარა და, ალბათ, არც ატყდება.
        უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მთელი ორი დღის განმავლობაში (შაბათ-კვირას) საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, ჯონი ფირცხალაიშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩეჩნური რაზმის მეთაურებთან.
        აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩეჩნებმა ადგილობრივი მოსახლეობისაგან ორი ძროხა და თხა იყიდეს. რა თქმა უნდა, საკვებად, აბა, მათ მოსაწველად დრო სად აქვთ? ალბათ, ცეცხლის ფასი გადაიხადეს, თორემ ძროხას მთიელი ასე ადვილად არ გაჰყიდდა. აქ ნიშანდობლივი ის არის, რომ ფული გადაიხადეს და არ წაურთმევიათ, არადა, შეეძლოთ ძალით წაეყვანათ. ვინ გაბედავდა გასძალიანებოდა? ასაში სულ 3-4 გასაცოდავებული ქართული ოჯახი ცხოვრობს.
        რაკი ძალით არ წაიყვანეს, მაშასადამე, ჩეჩნებს საქართველოში (საქართველოს წინააღმდეგ) ძალადობას პრეცედენტის შექმნა არ სურდათ.
        აქედან კი უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მათ ამჯერად არაფერი აქვთ ჩაფიქრებული, თორემ ძროხის წართმევას მოერიდებოდნენ?
        თუ ასეა, რატომ შემოვიდნენ საქართველოში? ამის თაობაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. 70 კაცი ჩეჩნური არმიის (ეს არმია რუსებმა ვერა და ვერ გაანადგურეს) უმცირესი ქვედანაყოფის ოდენობაა, ანუ იჩქერიის შეიარაღებული ძალები სწორედ 60-70-კაციანი ქვედანაყოფებისაგან შედგება.
        რა თქმა უნდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას ისინი იცვლებიან, ანუ მცირე ხნით ბრძოლას გარიდებულ რაზმს დასვენება სჭირდება. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი რაზმი «როტაციის» პროცესში მოხვდა ჯერ ინგუშეთის, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე.
        მკაფიო საზღვარი იმ რეგიონში არ არსებობს. Aმის შემდეგ ჩეჩნური რაზმი აღმოაჩინა საქართველოს სასაზღვრო საგუშაგო რაზმმა, ატყდა განგაში. ხევში გაემგზავრა გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი, გადასროლილია აგრეთვე დამატებითი, საკმაოდ სერიოზული ძალები, მათ შორის, უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ელიტარული ქვედანაყოფები.
        ჩეჩნები ყოველმხრივ ბლოკირებულნი არიან, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ინციდენტი გახმაურდა, რუსებიც გამოფხიზლდნენ და ხეობის ყელი ინგუშეთში გადაკეტეს.
        ჩეჩნებს წასასვლელი უკვე აღარსად ჰქონდათ, ამიტომ იძულებულნი გახდნენ, დაეწყოთ მოლაპარაკება ჯონი ფირცხალაიშვილთან.
        სარწმუნო წყაროს ცნობით, თავდაპირველად, მათ მოითხოვეს პანკისის ხეობაში გატარება, რაც, რასაკვირველია, არარეალურია. ჯერ ერთი, პანკისამდე ასას ხეობიდან ათეულობით კილომეტრია (წარმოიდგინეთ, სად ყაზბეგი და სად – ახმეტა?). გარდა ამისა, თუ კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩნური რაზმი საქართველოს ტერიტორიაზე ასეთ მანძილს გაივლიდა და პანკისის ხეობაში განლაგდეობდა, რუსებს ნამდვილად ექნებოდათ საბაბი პანკისის ხეობა უმოწყალოდ დაებომბათ და შემდეგ ეთქვათ, რომ იძულებულნი გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ, რაკი საქართველო ან ვერ აკონტროლებს პანკისის ხეობას, ან თვითონ აქცია იგი ჩეჩენი ექსტრემისტების ბაზად.
        ამიტომ ჩეჩენთა ამ მოთხოვნაზე ჯონი ფირცხალაიშვილმა, რასაკვირველია, დაუპატიჟებელ სტუმრებს ცივი უარი სტკიცა და თან დაემუქრა, თუ, უარის მიუხედავად, ისინი მაინც შეეცდებოდნენ ხეობიდან საქართველოს სიღრმეში შემოსვლას, უეჭველად, განადგურდებოდნენ.
        ამ დროისათვის (ეს ხდება კვირას დილით) ასას ხეობა უკვე ყოველმხრივ ჩაკეტილი იყო. თავდაცვის სამინისტრომ შეძლო მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება.
        რაც მთავარია ქვედანაყოფები შეიარაღდნენ სხვადასხვა კალიბრის (მათ შორის, მძიმე) ყუმბარმტყორცნებით. საქართველოს რელიეფის გათვალისწინებთი ეს, მართლაც, უებარი იარაღია. მადლობა ღმერთს, საქართველოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს ამ იარაღს საკმაოდ დიდი რაოდენობით და ხარისხიანადაც.
        მაშასადამე, ჩეჩნებმა რომც სცადონ ალყის გარღვევა, ვერაფერს გახდებიან 500-მდე მებრძოლთან და ათეულობით ყუმბარმტყორცნთან ჭიდილში.
        კვირა საღამოსათვის მოლაპარაკეებბი კვლავ გძრელდებოდა. ჩეჩნები იარაღს, რა თქმა უნდა, ცოცხალი თავით არ დაყრიან. მათი საქართველოში შემოშვება გამორიცხულია, ისევე, როგორც ადგილზე დარჩენა, ვინაიდან რუსეთი ბრალს დაგვდებს, რომ ახლა ასას ხეობაში შევუქმენით ბაზა ტერორისტებს.
        მაგრამ, იმავდროულლად, საქართველომ კატეგორიულად უნდა გამორიცხოს რუსთა ძალების მოხმობა. ეს იქნება სიმდაბლე და სილაჩრე. რაღა რჩება? რჩება ის, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ჩეჩნები სათითაოდ, ჩუმ-ჩუმად გადაიპარონ ისევ ჩრდილოეთ კავკასიაში – მგლის ბილიკებით, რომელთაც რუსები ვერ მიაგნებენ.
        თუმცა, 3-4 დღეში რუსები ისევ ლოთობას დაიწყებენ და ასას ხეობაში მყოფი ჩეჩნები აღარც გაახსენდებათ. ორი კვირის თავზე კი, ხეობაში მართლა აღარავინ დარჩება. ასეთი მოქმედება სჯობს ვითარების გამწვავებას.
        მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც საქართველო (ჩეჩნეთის მეორე ომთან დაკავშირებით) გაცილებით უფრო ღირსეულად გამოიყურება, ვიდრე აფსუ-ჩერქეზები, რომლებსაც კავკასიაში ამის შემდეგ ხმა საერთოდ არ ამოეღებათ.
        ჩეჩნები უკვე ნანობენ: ამ ვირთხების გულისთვის მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობა გავიფუჭეთ და მათ კი, როცა ჩვენ გვჟლეტდნენ რუსები, საპროტესტოდ კრინტიც არ დაძრესო.
        დახმარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

მერიდიანი, 23 ოქტომბერი, 2000 წელი