საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მარტი. 2025 წელი

ის, რაც პარასკევს მოხდა თეთრ სახლში, ლეგენდარულ „ოვალურ კაბინეტში“, აბსოლუტურად უპრეცედენტოა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში.

პირისპირ, ჟურნალისტების თანდასწრებით დისკუსიის შემდეგ, რომელიც ყველამ ვნახეთ, აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.....გააძევა (ძალიან ვცდილობ არ ვთქვა „გააგდო“) უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მთელი უკრაინული დელეგაცია თეთრი სახლიდან.

ანუ.....საყოველთაოდ ცნობილი სცენის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებს სთხოვეს დაეტოვებინათ ოვალური ოფისი, ლიდერები დარჩნენ მარტონი უახლოეს თანაშემწეებთან ერთად....იქ რა მოხდა არავინ იცის ზუსტად ანუ „დახურულ კარს მიღმა“ რა საუბარი შედგა - შესაძლოა მხოლოდ ვიმარჩიელოთ, თუმცა მაღალი ალბათობით, ვერბალური დაპირისპირება ბევრად მძიმე იქნებოდა.

სარწმუნო წყაროთა ცნობით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ ზელენსკი გავიდნენ სხვადასხვა ოთახში და ტრამპმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი, სხვა მრჩევლებიც, ხოლო მათთან მოთათბირების შემდეგ უკრაინულ დელეგაციას, მათ შორის ზელენსკის მოსთხოვა, დაეტოვებინათ თეთრი სახლი.

გაუქმდა ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

მაგრამ ესეც კი არ არის ყველაზე უარესი. ბოლოს და ბოლოს ერთობლივი ბრიფინგი მუდამ პროტოკოლური ღონისძიებაა და იმაზე ცუდი, იმაზე სკანდალური იქ ვერაფერი მოხდებოდა, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა.

ყველაზე უარესი ისაა, რომ გაუქმდა „მინერალებზე შეთანხმება“, ანუ გაუქმდა უკვე პარაფირებული დოკუმენტის ხელმოწერა!

მოგეხსენებათ, დოკუმენტის მომზადებას აქვს რამდენიმე სტადია: „პარაფირება“  ნიშნავს, რომ მხარეები თანხმობას აცხადებენ მას ხელი მოაწერონ; შემდეგ შესაძლოა იყოს რატიფიცირება პარლამენტებში და ა.შ.

ოღონდ პარაფირებული დოკუმენტის ხელმოწერის გაუქმება არის უდიდესი დიპლომატიური დემარში, რაც ლამის ურთიერთობათა გაწყვეტის და უნდობლობის დეკლარირების ტოლფასია.

ტრამპმა შემდეგ საკუთარ სოციალურ გვერდზე Truth დაწერა, რომ ზელენსკის „შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“.

და ესეც არ იკმარა: დაწერა, რომ ზელენსკი „არ აღმოჩნდა მზად მშვიდობისთვის“. „მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ“. - ამტკიცებს ტრამპი.

 ამერიკელ ჟურნალისტებს, სერიოზული რესურსებიდან, რასაკვირველია არ გამოეპარათ, რა გახდა აღწრილი საშინელების ძირეული მიზეზი: რეალურად, ზელენსკიმ კი განაცხადა თანხმობა Minerals Deal გაეფორმებინა, მაგრამ უარი განაცხადა ხელი მოეწერა პუტინთან შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც ტრამპმა მოამზადა და ითვალისწინებდა

ა) უკრაინული ჯარების გამოყვანას კურსკიდან რუსული მხრიდან რაიმე დათმობის გარეშე ოკუპაციის კონფიგურაციაში, ანუ უპირობოდ  გაყვანას.

ბ) ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელ ხაზზე

გ) სანქციების დიდი ნაწილის მოხსნას რუსეთისთვის ფაქტობრივად არაფრის სანაცვლოდ;

დ) რაც მთავარია, არანაირი გარანტიები უკრაინის „გადარჩენილი“ ტერიტორიის სამომავლო უსაფრთხოების მხრივ. ანუ რაიმე გარანტია იმისა, რომ 10 წლის შემდეგ პუტინი ან მისი მემკვიდრე არ განაახლებენ ომს და აგრესიას უკრაინული სახელმწიფოს სრული განადგურების მიზნით.

 

ოვალურ კაბინეტში სკანდალის შემდეგ, რამაც შეიძლება ითქვას, მსოფლიო შეძრა, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ემანუელ მაკრონმა, ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს....

მაგრამ რამდენად მზადაა ევროპა რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადადგას? ეს არის ახლა მთავარი კითხვა: გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არის უკრაინის კაპიტულაცია და მისი „დაკვლის“ რამდენიმე წლით გადადება. სხვა არაფერი.

 

თეთრ სახლში.......„შეხვედრის“ შემდეგ ზელენსკი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ Think Tank „გუძონის ინსტიტუტში“ უნდა გამოსულიყო, მაგრამ მისი გამოსვლა გაუქმდა.

გაურკვეველია ზელენსკიმ გააუქმა რაკი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა თუ (ბევრად უარესი) თვით ინსტიტუტმა გააუქმა ტრამპისადმი სოლიდარობის ნიშნად.

 

მოგვიანებით, FoxNews-თან ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, სულაც არ დამალა და პირდაპირ თქვა რა გახდა ამ „ჯახის“ მიზეზი: „მე არ შემიძლია ჩემს ხალხს და ჩემს მეომრებს ვუთხრა, რომ არ ექნებათ სამომავლო უსაფრთხოების გარანტია“.

 

უცნაური ეპიზოდი: ოვალურ კაბინეტში შეხვედრიდან გააძევეს რუსულის ახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ТАСС კორესპონდენტი. მას აკრედიტაცია ჰქონდა ტრამპის გარემოცვის ერთი ჯგუფიდან, მაგრამ იმავე გუნდის მეორე Decision maker-ებმა გადაწყვიტეს, რომ რუსი ჟურნალისტის ადგილი იქ არ იყო.

ამიტომაც გააძევეს.

თითქოს წვრილმანია, სინამდვილეში წვრილმანი სულაც არ არის, რაკი მეტყველებს, რომ ტრამპის გუნდს არ გააჩნია კონსოლიდირებული პოლიტიკა კრემლის მიმართ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

Financial Times იტყობინება, რომ ჩინეთში გაქრა მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ცზინ ჩუანლუნი.

აი ასე: უბრალოდ გ ა ქ რ ა და მორჩა.

შეგახსენებთ ეს ზუსტად ის ფიგურაა, ვის უწყებასაც უკავშირდება ჩინური „ხელოვნური ინტელექტის“ პროგრამის შექმნა, რომელმაც დასავლეთში ბევრი გააკვირვა უნარიანობით და კრეატიულობით, ასევე სიიაფით.

მანამდე საჯარო სივრციდან გაქრნენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.

სინოლოგები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ექსცესები მაშინ ხდება, როცა ავტოკრატი სი ძინპინი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვა, უკმაყოფილოა მაღალი რანგის ჩინოსანთა საქმიანობით და მათ მიმართ კორუფციული ბრალდებები არსებობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს ბრძანებულებას ინგლისურის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სენსაციური გადაწყვეტილებაა!

არავითარი „სახელმწიფო ენა“ ამერიკაში არ არსებულა არასდროს ისევე, როგორც ინგლისური არ არის არც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ენა.

მაღალი ალბათობით ბრიტანეთში ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ინგლისური რა თქმა უნდა „ბუნებითი მონოპოლიაა“ ინგლისშიც, შოტლანდიაშიც, უელსშიც და....ირლანდიაშიც კი, სადაც პარლამენტის სხდომები ინგლისურად ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია გასული საუკუნის 1920-იანი წლებიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ასეთივე მიდგომა იყო ამერიკაშიც, სადაც ინგლისური რა თქმა უნდა მუდამ იყო და არის საქმეთწარმოების ენა, ასევე „პოლიტიკური“ ენა ანუ სოციალური აქტივობის და საზოგადოებრივი კომუნიკაციის უალტერნატივო ინსტრუმენტია.

ოღონდ ტრამპს და მის გუნდს, ასევე ზოგიერთ გავლენიან ორგანიზაციას, მაგალითად ProEnglish მიაჩნიათ, რომ ინგლისური ენის დომინანტობას საფრთხე ემუქრება ესპანურის და ჩინურის მხრიდან .

ინგლისური „პოლიტიკური ენაა“ (ვიმეორებ: ესე იგი ენა სოციალური აქტივობის და საზოგადოებრივი კომუნიკაციისა) დაახლოებით 250 მილიონი ამერიკელისთვისა.

მაგრამ დაახლოებით 45 მილიონი ამერიკელისთვის ესპანურია „პოლიტიკური ენა“ .

და კიდევ დაახლოებით (უკვე) 4 მილიონი ამერიკელისთვის - ჩინური.

ტრამპის ბრძანებულება აუქმებს პრეზიდენტ ბილ კლინტონის ბრძანებულებებს, რომლითაც კლინტონმა ნება დართო ამერიკელებს, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისას გამოიყენონ ესპანური, თუკი ინგლისური უჭირთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

5 მაისიდან Microsoft აუქმებს Skype - ს.

ჩანაცვლდება პლატფორმით Teams.

ეს პლატფორმა უფრო კოლექტიურ ურთიერთქმედებაზეა მომართული ვიდრე ინდივიდუალურზე.

Skype 2011 წელს ბილ გეიტსის კომპანიამ 8,5 მილიარდ დოლარად იყიდა.

ფანტასტიკურად წარმატებული იყო ოდესღაც, თუმცა შემდეგ თანდათან დათმო პოზიციები კონკურენტებთან.

ეს ისტორია ადასტურებს, რამდენად სწრაფად და კარდინალურად იცვლება პრიორიტეტები თანამედროვე გლობალიზებულ, კომუნიცირებულ სამყაროში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურია.

პირველ ტურში კრემლის ფავორიტმა ბადრა გუნბამ მიიღო 46,38% ხოლო ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ 36,92%.

ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი (უკვე დღეს) ის არის, რომ აფხაზური საზოგადოება ალაპარაკდა „მძინარე ელექტორატზე“ ანუ სომხებზე, რუსებზე და.....„მეგრელებზე“ (იგულისხმება გალში მცხოვრები ქართველები), რომლებიც უფრო კრემლის კანდიდატს უჭერენ მხარს და მოსკოვი სწორედ მათი მეშვეობით უზრუნველყოფს გუნბას გამარჯვებას.

ნარატივია საინტერესო: „აფხაზეთის ბედს აფხაზები უნდა წყვეტდნენ და არა რუსები, სომხები და მეგრელები“.

ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გაგრძელდება მნიშვნელოვანი ტენდენცია: არაეთნო-აფხაზური მოსახლეობისთვის აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების ჩამორთმევისა.

ეს პროცესი ჯერ კიდევ 2012-2014 წლებში დაიწყეს როდესაც გალელ ქართველებს მასობრივად ჩამოერთვეს აფხაზური პასპორტი და როდესაც სომხებს, ასევე რუსებს, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ, ეგონათ ეს მათ არ შეეხებოდათ, მწარედ შეცდნენ.