იანუკოვიჩი და ტიმოშენკო პუტინის «პლოსკოში»

იანუკოვიჩი და ტიმოშენკო პუტინის «პლოსკოში»

        სულ უფრო იხლართება და ტრაგიკომიკური ხდება სიტუაცია უკრაინაში ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერისა და «ნარინჯისფერ პრინცესად» წოდებული იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით. თანამედროვე ევროპაში ცოტაა შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ მოღვაწეს, მით უმტეეს მოქმედ ოპოზიციონერს აპატიმრებს. თუ ბელორუსეთს არ ჩავთვლით, სადაც «ბატკა» ლუკაშენკომ პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატი დააპატიმრა, სხვა ამგვარი არც გაგახსენდება ადამიანს რომელიმე ქვეყანაში. P
        კი, პუტინმაც დაიჭირა მიხეილ ხოდორკოვსკი, მაგრამ ის უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი – მართალია ოპოზიციურ პარტია «იაბლოკოს» აფინანსებდა და პუტინიც სწორედ ამის გამო დაიბოღმა, მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციად მაინც არ ითვლებოდა. ამიტომ დასავლეთშიც არ მოჰყოლია ისეთი მძვინვარე რეაქცია, როგორც ტიმოშენკოს დაჭერას.
        თანაც, აქ ყველაზე მეტად სასაცილო ისაა, რომ სინამდვილეში იანუკოვიჩის მიზანი ტიმოშენკოს პოლიტიკიდან ჩამოშორება სულაც არ ყოფილა. განსხვავებით პუტინისგან, რომელსაც ხოდორკოვსკისა სწორედ იმიტომ ეშინოდა, რომ პოლიტიკაში დაიწყო ჩარევა. ტიმოშენკოს რეიტინგი ნულს უახლოვდებოდა და თუ რაიმეს შეეძლო მისი პოპულარობის გაზრდა, სწორედ დაპატიმრებას.
        სჭირდებოდა ეს უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს? რა თქმა უნდა არა! მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ძალიან სჭირდება ტიმოშენკოს მიერ, 2009 წლის იანვარში პუტინთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების გაუქმება გაზის შესყიდვის თაობაზე. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კიევის სასამართლო იულიას «უფლებამოსილების გადაჭარბებაში» დასდებს ბრალს. ამის საფუძველზე კი ხელშეკრულების გაუქმება მოხდება. ასე რომ არ ყოფილიყო, იანუკოვიჩის გუნდი ნამდვილად არ აიტკივებდა აუტკივარ თავს და პოლიტიკურად გაკოტრებული ტიმოშენკოს გამო არავის აალაპარაკებდა «ოპოზიციას დევნისო».
        სწორედ აქ მჟღავნდება თანამედროვე რუსეთის «რუხ კარდინალად» წოდებული პუტინისა და მისი «გბ»-შნიკური გუნდის ეშმაკობა. ანუ უმაღლესი პროფესიონალიზმი სხვადასხვა სახის პროვოკაციათა განხორციელებისას. ტიმოშენკოც და იანუკოვიჩიც, ისევე როგორც მთელი უკრაინა, ფაქტობრივად, პუტინის «პლოსკოში» მოხვდა. აი ქართულად რომ «ბრტყელტუჩა» ქვია. ესე იგი, ორივე მხრიდან აწვებიან და გამოსავალიც არ ჩანს: ტიმოშენკოს დაპატიმრებით იანუკოვიჩმა საბოლოოდ გაიტეხა სახელი დასავლეთში, არადა იქ ისედაც არ ჰქონდა დიდი დემოკარტის იმიჯი. თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ისევ დაიწყო «გაზის ომი», ევროპის მხარდაჭერა იანუკოვიჩისადმი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე იუშენკოს ჰქონდა პირველი გაზის ომის დროს 2008 წელს.
        საერთოდ ევროპელებისთვის ეს მუხლი (რომლითაც ტიმოშენკოს ასამართლებენ) სრულიად იყოს გაუგებარია: რას ნიშნავს «უფლებამოსილებას გადააჭარბა?» ქრთამი აიღო? ამას ვერავინ აბრალებს, რაკი საბუთი არა აქვთ. Kკანონი დაარღვია? არა, არ დაურღვევია – პრემიერს აქვს უფლება ნებისმიერი ხელშეკრულება გააფორმოს. ხოლო ის, რომ ხელშეკრულება მავნე აღმოჩნდა ქვეყნის ინეტრესებისთვის – უკვე არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური შეფასების თემაა: ევროპაში ასე ესმით, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი უბრალოდ მომავალ არჩევნებს წააგებს და პენსიაზე გავა. რა შუაშია აქ ციხე და სისხლის სამართალი? იანუკოვიჩი ვერასდროს შეძლებს მათ აუხსნას, რომ სხვაგვარად იმ საშინელ «გაზის კონტრაქტს» ვერ გააუქმებს – ნებისმიერ შემთხვევაში ტიმოშენკოს სასამართლო მაინც პოლიტიკურად აღიქმება დასავლეთში, სადაც სასამართლო მოქმედებს მხოლოდ იურიდიულ ნორმებზე დაყრდნობით და პოლიტიკურ მომენტებს ან მიზანშეწოინილობას არასდროს არ ითვალისწინებს.
        მაგრამ მეორეს მხრივ, იანუკოვიჩს სასიცოცხლოდ სჭირდება რაიმე არგუმენტი კონტრაქტის დასარღვევად, თორემ პუტინი იჩივლებს საერთაშორისო არბიტრაჟში და კიევს არ ექნება საბუთი, თუ რის საფუძველზე გააუქმა ხელშეკრულება.
        ერთი სიტყვით, პუტინმა და გბ-შნიკურმა კომპანიამ, 2009 წლის იანვარში, როცა იულია ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომით იყო შეშინებული და დაზაფრული (თუ გახსოვთ, ჩვენი მხარდამჭერი განცხადებაც კი ყველაზე გვიან გააკეთა) ბრწყინვალედ მოფიქრებული პროვოკაცია გაითამაშა: ტიმოშენკოს ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე, რომლითაც მშიერი უკრაინა რუსეთს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 450 დოლარს უხდიდა. მაშინ როდესაც გერმანია 250 დოლარს იხდის. ნამდვილი ანეგდოტია
        იანუკოვიჩმა პუტინს ყირიმში საზღვაო ფლოტიც კი დაუკანონა და ფასი 100 დოლარით ძლივს შეამცირებინა, მაგრამ გაძვალტყავებული და «გაჩერებული» ქვეყნისთვის 350-300 დოლარიც ძალიან ძვირია.
        შეუძლებელია არ დაეთანხმო იანუკოვიჩის არგუმენტებს, რომ ამ ჭკუამხიარულმა ქალბატონმა, მისი პოლიტიკური ამბიციის და გამოუცდელობის გამო, თავის ქვეყანას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. მაგრამ ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, გამოსავალი ნამდვილად არ არის. უფრო არჩევანია «უარესსა და უარესს» შორის.

2011