საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მაისი 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მაისი 2023 წელი

უკრაინამ ამორალური და არამეგობრული ნაბიჯი უწოდა ე.წ. `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის` (დსთ-СНГ) ზოგიერთი ლიდერის მონაწილეობას მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე `წითელ მოედანზე` (Красная площадь) გამართულ სამხედრო აღლუმში.

ტაჯიკეთის                            `მარად პრეზიდენტ` რახმონოვთან, სხვა ცენტრალურ აზიურ ლიდერებთან და ლუკაშენკოსთან ერთად იქ თავი ამოჰყო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც ჩანს ამით ცდილობს `მოულბოს გული` პუტინს და დაიხმაროს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში.

თვით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი კი, იმდენად ძლიერად გრძნობს თავს, მოსკოვში ჩასვლა საჭიროდ არ ჩათვალა მიუხედავად იმისა, ეს პუტინს გააბრაზებდა.

თუმცა პუტინის გაბრაზებისა ალიევს უკვე აღარ ეშინია. ეს გარემოება საოცრად ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, რამდენად დაასუსტა პუტინი მის მიერ წამოწყებულმა ამ იოდიოტურმა და უკვე (!) სამარცხვონოდ წაგებულმა აგრესიამ.

. . . . . . . . . . . . . . . . .                        

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან - პიერმა განაცხადა, რომ გერმანული ფაშიზმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამარცხეს.

ამ განცხადებას ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, გენერალ (!) ანტონოვის უმწვავესი განცხადება მოჰყვა: ``როგორ ბედავთ ჩვენი წვლილის დამცირებას - ფაშიზმი ჩვენ დავამარცხეთო``.

ამაზე ერთმა ამერიკელმა კოლუმნისტმა შენიშნა: ვინ `თქვენ?` საბჭოთა კავშირმა? და სად არის საბჭოთა კავშირი? აღარ არის. . . . . .  არის რუსეთი, რომელიც იმ დროს არ არსებობდა. ამერიკა კი იმ დროსაც არსებობდა და ახლაც არისო.

მართალია...პრინციპში.

. . . . . . . . . . . . . . . . .                        

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 მაისს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება რათა ......`წარსულმა არ დაამარცხოს აწმყო`.

ეს განცხადება, რომელიც შოლცმა გერმანული ნაციზმის დამარცხების კონტექსტში გააკეთა, კიდევ ერთხელ `ახმოვანებს` თანამედროვე გერმანული ელიტების სლოგანს, რომ რასაც ახლა პუტინის სჩადის უკრაინაში, ფაქტობრივად იგივეა, რასაც გერმანელები აკეთებდნენ პოლონეთში, ჩეხეთში, სხვა დაპყრობილ ტერიტორიებზე და იმავე საბჭოთა კავშირში.

ოღონდ გერმანიამ მოინანია მისი ისტორიული დანაშაული, ბოდიშიც მოიხადა, ხოლო ოლაფ შოლცის ერთ-ერთმა თანაპარტიელმა, გერმანიის კანცლერმა ვილლი ბრანტმა ვარშავაში ებრაული გეტოს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან დაიჩოქა.

თანამედროვე რუსეთის  პრობლემა ნამდვილად ისაა, რომ იმპერია სახელად `სსრკ`, სამხედრო დამარცხების შედეგად არ დაშლილა!

იგი დაშალა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა.

რუსეთს არაფერი მოუნანიებია განსხვავებით გერმანელებისაგან და შოლცს იმის თქმა უნდოდა, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს უკრაინაში, რის შემდეგაც რუსეთი იძულებული იქნება მისი დანაშაულებები მოინანიოს და შეიქმნას `ახალი რუსეთი`.

რუსეთის `ნარჩენის` პრეზიდენტი კი შესაძლოა  ციხიდან ტრიუმფით გათავისუფლებული პოლიტპატიმარი ალექსეი ნავალნი გახდეს.

ეს ზოგიერთს ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნია.

კი, დღეს ფანტასტიკაა, მაგრამ....თუ პუტინმა უკრაინაში წააგო, ყირიმიც დაკარგა და დონბასიც, იგი იძულებული გახდება თავი მოიკლას ან კრემლის ჩონგურებზე ჩამოჰკიდებენ გაგიჟებული რუსები.

აი ამის შემდეგ კი,  ნავალნის პრეზიდენტობა უკვე  აღარავის გაუკვირდება.......ვიმეორებ: იმ `რაღაცის` პრეზიდენტობა, რაც რუსეთისგან დარჩება, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის დამარცხება ამ ომში მაღალი ალბათობით  გამოიწვევს თათრეთის, ბაშკირეთის და სხვა დაპყრობილი ``ქვეყნების`` გამოყოფას დანგრეული რუსეთიდან.

ასევე ჩრდილოეთ კავკასიის.

. . . . . . . . . . . . . . . . .                        

9 მაისს პოლონეთში რუსეთის საელჩომ სცადა ყვავილებით შეემკო საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი ვარშავაში. მაგრამ პოლონელებმა ობსტრუქცია მოუწყვეს და რუსი დიპლომატები იძულებულნი გახდნენ იქედან კუდამოძუებულნი გაქცეულიყვნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა პროტესტი და პოლონეთს დაემუქრა.

პოლონელებს სრული უფლება ჰქონდათ ჩაეშალათ ეს ცერემონია.

და საქმე მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში როდია: საბჭოთა ჯარისკაცებმა, მას შემდეგ რაც პოლონეთი ვითომ `გაათავისუფლეს` 1944 წელს, ათი ათასობით პოლონელი ქალი გააუპატიურეს და ძარცვა-გლეჯას მიჰყვეს ხელი.

ანუ საშინელი მხეცობები ჩაიდინეს პოლონეთში.

გერმანიაში რომ ბევრად უარესი გააკეთეს და 2 მილიონი (!) გერმანელი ქალი გააუპატიურეს,  ეს პოლონელებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია: ბოლოს და ბოლოს გერმანია კი ეომებოდა სსრკ-ს მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ პოლონეთი გერმანიის მიერ იყო დაპყრობილი და რა დაუშავათ?

. . . . . . . . . . . . . . . . .                        

10-11 მაისს სტამბულში გაიმართება გადამწყვეტი მოლაპარაკება `ხორბლის გარიგებაზე`.

სტამბულში უნდა გადაწყდეს, გაგრძელდება თუ არა `ხორბლის გარიგება` ანუ უკრაინის  პორტებიდან ხორბლის გატანა მსოფლიო ბაზრებზე.

რუსეთს აქვს საშუალება, შავი ზღვის ფლოტით ნებისმიერ მომენტში კვლავ დაბლოკოს უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტი, რაც სერიოზულ სასურსათო კრიზისს შექმნის მესამე მსოფლიოს ქვეყნებში.

მოსკოვი მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება `ხორბლის გარიგების` გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ (როცა ოფიციალურად იწურება მისი ვადა) თუ დასავლეთი მოხსნის სანქციებს.

ბუნებრივია, დასავლეთი ამას არ და ვერ გააკეთებს - გამორიცხულია.

სტამბულის შეხვედრა პირდაპირ უკავშირდება უკრაინის მოსალოდნელ შეტევას.

გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ იგი ტარდება თურქეთში დაგეგმილი ეპოქალური არჩევნების კონტექსტში: ერდოღანი იბრძვის ახალი ვადისათვის. ხოლო `ხორბლის გარიგება`, რომელიც იმავე სტამბულში გაფორმდა რამდენიმე თვის წინ მისი პატრონაჟით და ეგიდით, რეჯეფ ერდოღანისთვის პირადი პრესტიჟის და რენომეს საქმეა.

შეგახსენებთ: სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე პუტინის ფლოტმა ჩაკეტა უკრაინული პორტები და აღარ ატარებდა იქედან ხორბლით დატვირთულ გემებს. ერდოღანის ჩართულობით მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ ამ კომპრომისის ვადა 18 მაისს იწურება და ძნელი სათქმელია რა მოხდება: ბევრი რამ კვლავ ერდოღანზეა დამოკიდებული - რამდენად ``დაპრესავს`` იგი პუტინს.

ამის გათვალისწინებითან უნდა ითქვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მისცა შანსი და შესაძლებლობა  თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოსს, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მისი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი უპრეცედენტოდ გაეზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . .                        

ამერიკის სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ სცნო იმაში, რომ თითქმის 30 წლის წინ გააუპატიურა ნიუ იორკელი კოლუმნისტი ჯინ კეროლი.

დონალდ ტრამპს (ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს) დაეკისრა 3 მილიონი დოლარის გადახდა ქალისთვის

ქალბატონ კეროლს სამოქალაქო სარჩელი ჰქონდა შეტანილი და არა სისხლის სამართლისა. ამიტომ ტრამპს ჰქონდა უფლება არ გამოცხადებულიყო სასამართლოზე.

იგი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა რაკი მანჰეტენის სასამართლომ გადაწყვიტა, ჯარიმას მაინც გადაიხდის რასაკვირველია.

3 მილიონი დოლარი მისთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის.

თუმცა ფემინისტურ ამერიკაში ასეთი ბრალდება (გაუპატიურება) ძალიან ძლიერი დარტყმაა პოლიტიკოსის რეპუტაციაზე მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

ბევრად უარესი დარტყმა, ვიდრე პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსისათვის ქრთამის გადახდა სიჩუმის სანაცვლოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . .                        

კონგრესმენებთან სამშაბათს გამართული წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა ამერიკელები რომ ამერიკის შესაძლო დეფოლტი უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს ყოველი მათგანისთვის.

რესპუბლიკელები კონგრესში ჯიუტად არ თანხმდებიან არანაირ კომპრომისს მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და შესაძლოა (თეორიულად) მოხდეს ისე, რომ აშშ ადმინისტრაციას დეფოლტის გამოცხადება მოუწიოს.

ამერიკის დეფოლტი, მარტივად რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ აშშ, პირველად ისტორიაში, უარს იტყვის შიდა და საგარეო ვალების გადახდაზე, რომელთა ერთობლიობა 31 ტრილიონ (!!!) დოლარს აჭარებებს.

ასეთი კრიზისი ადრეც ყოფილა, მაგრამ ბოლო მომენტში `რესპუბლიკელებსა` და `დემოკრატებს` მოულაპარაკიათ ბიუჯეტის პარამეტრზებზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გამხდარა ვალის `ჭერის` გაზრდა და დეფოლტის თავიდან აცილება.

იმედი ვიქონიოთ და ვილოცოთ (!) რომ ამჯერადაც მოილაპარაკებენ ბოლო მომენტში, თორემ ეს იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ყველას შეეხება მთელს მსოფლიოში, ვისაც 1000 დოლარის დანაზოგი მაინც უდევს ბანკში ან თუნდაც სახლში ინახავს `ქეშს`.