საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ნოემბერი. 2023 წელი

ბოლო დღეებში მკაფიოდ გამოკრისტალდა ამერიკის პოზიცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. ეს პოზიცია ბოლოს ჩამოაყალიბა აშშ სპეც-წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, დევიდ სატერფილდმა.

მან გააჟღერა არა საკუთარი, არამედ ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია:

ა) კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ `ორი სახელმწიფოს` კონცეპტის გადაწყვეტით ანუ Two state solution; მაშასადამე გაეროს 1947 წლის რეზოლუციის საფუძველზე ებრაული სახელმწიფოს და პალესტინურ-არაბული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით ისტორიული ფილისტიმიას  (ასე უწოდებდნენ ამ ტერიტორიას რომაულ ეპოქაში) მიწებზე.

ისრაელისთვის ეს წინადადება ამ ეტაპზე მიუღებელია, რადგან ჯერ ერთი ახლა, ამჟამად უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ხედავს და მეორეც გაურკვეველია საზღვრები - რაც მთავარია იერუსალიმის სტატუსი.

 

ბ) ისრაელის სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ არ უნდა მოხდეს ღაზის სექტორის ოკუპაცია `ცახალის` მიერ. ამერიკას ეს დაუშვებლად მიაჩნია.

 

გ) ამავდროულად, `ჰამასმა` არ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება ღაზაში.

მოსახლეობამ `ჰამასი` აირჩია 2007 წელს, თუმცა მას შემდეგ ეს რადიკალური მოძრაობა არჩევნებს არ ატარებს - აქაოდა `ომის მდგომარეობაში ვართო`.

როგორ წარმოუდგენია ამერიკას `ჰამასის` მოშორება ხელისუფლებიდან იქიდან ჩანს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის ამჟამინდელ ტაქტიკას: `ჰამასის` ლიდერშიპის სრული ფიზიკური განადგურება! ამის შედეგ ღაზაში შესაძლოა დამყარდეს `პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის` მმართველობა, რომელიც ახლა ხელისუფლებაა West bank-ში ანუ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე; ან მეორე ვარიანტი) საერთაშორისო მმართველობა დამყარდეს სექტორში.

 

დ) ამერიკა კატეგორიულად დაგმობს `ღაზის სექტორის` დეპოპულაციის, ეთნიკური წმენდის ნებისმიერ მცდელობას იქამდეც კი, რომ ისრაელს დახმარებას შეუწყვეტს თუ ეს გააკეთა;

 ანუ არც მოსახლეობის ეგვიპტეში გაყრა და არც თუნდაც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან (ესე იგი ქალაქ ღაზიდან) სამხრეთ ნაწილში პალესტინელების გადასახლება ამერიკისთვის მისაღები არ იქნება.

 

ე) ამერიკა სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომ ქალაქ ღაზაში ტერორისტული ინფრასტრუქტურა უნდა განადგურდეს: გვირაბები აფეთქდეს, იარაღის საწყობები მოისპოს და მოსახლეობა მთლიანად განიარაღდეს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბობოქარი დისკუსია მიმდინარეობს ისრაელის თემაზე. საუნივერსიტეტო კამპუსებში და ლიბერალურ წრეებში პოპულარულია სლოგანი `Palestine from the river to the sea`

იგულისხმება პალესტინის სახელმწიფო `მდინარე იორდანიდან - ხმელთაშუა ზღვაზე`.

ებრაელებს ეს სლოგანი ანტისემიტურად მიაჩნიათ, რაკი მათი აღქმით იგი გულისხმობს ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას.

არადა from the river to the sea სლოგანს ამ დღეებში   ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენიც კი იმეორებს; რომ აღარაფერი ვთქვათ იმავე სტუდენტურ კამპუსებზე ჰარვარდში, სტენფორდში, იელში და მეინსტრიმულ პრესაზე.

პრობლემა ისაა, რომ სლოგანი `მდინარიდან ზღვამდე` ებრაელებსა და არაბებს სხვადასხვაგვარად ესმით: შესაძლოა იგი ინტერპრეტირდეს, როგორც ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება არაბებისთვის, რაც ისრაელმა მოიპოვა 1948 წლიდან; ოღონდ ამ შემთხვევაში იგულისხმება თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია

თუმცა შესაძლებელია სლოგანის ინტერპრეტირება სხვაგვარადაც: `ორი სახელმწიფოს კონცეპტის` ფარგლებში, მდინარე იორდანეს ტერიტორიიდან ესტაკადით (ან ლეგიტიმური გვირაბით) ამ პალესტინური სახელმწიფოს დაკავშირება ღაზის სექტორთან, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

სწორედ ამ მიზეზით, ეს მოდური სლოგანი From the river to the sea ძალიან კონფლიქტოგენურია.

კიდევ ერთხელ გვიხდება იმის განმეორება, რომ მას შედეგ რაც `ჰამასმა` ჩაიდინა 7 ოქტომბერს, ისრაელს ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება თუნდაც Two state solution მიღება. იმიტომ, რომ გამორიცხულია ისრაელის ისტებლიშმენტმა დაუშვას იმგვარი დათმობა საზარელი ტერაქტის შემდეგ (მის შედეგად) რასაც 7 ოქტომბრამდე არ თანხმდებოდა. ეს ხომ `ჰამასის` გამარჯვება და ტერორისტული აქტის ანუ ათასობით მშვიდობიანი ებრაელის დახოცვის შედეგიანობას დაადასტურებდა.

ამგვარ პრეცედენტს ისრაელი ვერ დაუშვებს. ეს სისტემური საკითხია, რაკი ეგზისტენციუად სახიფათოა სამომავლოდ.

თუმცა იგივე ებრაული ისტებლიშმენტი და ებრაული ელიტები ზოგადად, სამომავლოდ, ისტორიულ პერსპექტივაში სულაც  არ გამორიცხავენ და არც  არასდროს გამორიცხავდნენ `ორი სახელმწიფოს` კონცეპტს;

ოღონდ დღევანდელ დე ფაქტო (მაშასადამე პალესტინის ავტონომიის) საზღვრებში და რა თქმა უნდა იერუსალიმის სრულად ებრაული სტატუსის `გატანით/გამორიცხვით` ნებისმიერი დისკურსიდან.

იერუსალიმის `ერთიანი და განუყოფელი  ებრაული სტატუსი` ებრაელი ხალხისთვის  თვით სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის, ებრაული იდენტობის, მსოფლაქღმის, ისრაელის ყოფნა-არყოფნის ტოლფასია და აქ კომპრომისი სრულიად გამორიცხულია დღესაც, ხვალაც და 1000 წლის შენდეგაც.    

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ პუტინი როსტოვში ჩავიდა (ყაზახეთის დედაქალაქ ასტანიდან ბრუნდებოდა) და სამხედრო თათბირი ჩაატარა.

როსტოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მთავარი შტაბ-ბინაა.

პუტინმა გენერლებს განუცხადა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა იმ საოკუპაციო ხაზის შენარჩუნება, რაც რუსულმა არმიამ შექმნა დონბასზე. კრემლისთვის მთავარია `გაამაგროს` ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო მაგისტრალი და ააშენოს იქ რკინიგზა.

დღემდე არსებული რკინიგზა გადის უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე; შესაბამისად, რა თქმა უნდა უმოქმედოა.

თუ პუტინი შეძლებს მარიუპოლის გავლით რკინიგზის აშენებას, ამით ბევრად მეტად `შემოიმტკიცებს` ყირიმს.

სამწუხაროდ, უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად ვერ შეძლო მიახლოებოდა `სახმელეთო დერეფანს` იმდენად, რომ ეს დერეფანი უკრაინული არტილერიის ცეცხლის არეალში მოხვედრილიყო.

შორსმწვდომი ბრიტანული და ფრანგული რაკეტების გამოყენება კი (Storm shadow ან  Scalp) მხოლოდ დერეფნის `გადასაჭრელად` არარენტაბელურია და ვერც მოხერხდება, რაოდენ ზუსტიც არ უნდა იყოს ცალკეული დარტყმები.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში დღეს მხოლოდ ორი მილიარდერი დარჩა. 2022 წლამდე კი ცხრა მილიარდერი იყო.

მილიარდერები არიან რინატ ახმეტოვი ($6,59 მილიარდი) და ვიქტორ პინჩუკი ($ 1,72 მილიარდი)

რაც შეეხება სხვებს, მათი ქონება მილიარდს ქვემოთ ჩამოვიდა 2022 წლის რუსული აგრესიის შედეგად, რომელმაც ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა უკრაინას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მზადდება ევროკავშირის ანტიკრემლურ სანქციათა ახალი, მე-12 პაკეტი.

ევროკავშირი ნელა, როგორც სჩვევია `ტაატით`,  ნაბიჯ-ნაბიჯ თუმცა მიზანმიმართულად მიიწევს წინ და ავიწროვებს `ყულფს` პუტინის კისერზე.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო (მათ შორის საქართველო და თურქეთი) ვალდებულია შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციები, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ევალდებულებათ.

და ეს სრულიად ლოგიკურია!

თურქეთი ჯერ დუმს. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირი უკვე იმ სახელმწიფოებთანაც წარმატებით მართავს მოლაპარაკებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც არც ევროკავშირის წევრები არიან და არც კანდიდატები.

მაგალითად, Bloomberg იტყობინება, რომ გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა მიიღეს გადაწყვეტილება აკრძალონ მიკროჩიპების ექსპორტი რუსეთში, რაკი ეს პროდუქცია ორმაგი დანიშნულებისაა და სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთიდან კაპიტალის გადინება მესამე კვარტალში გაორმაგდა!

მეორე კვარტალში 9 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო მესამე კვარტალში - 18 მილიარდია.

მიზეზი ორია:

ა) როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს რუსული ბაზარი ინვესტორებისთვის, დასავლური სანქციები მაინც მუშაობს

 

ბ)რუსეთის მთავრობის ანტიმარკეტული გადაწყვეტილებები დოლარში შემოსავლის სავალდებულო გაყიდვის შესახებ აშინებს კაპიტალის მფლობელებს და აიძულებს კაპიტალი გაიტანონ.

 სწორედ ეს გარემოება იქცა რუბლის კატასტროფული დევალვაციის მთავარ მიზეზად.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

Think tank-ის  `William & Mary` ცნობით, განვითარებადი ქვეყნების დავალიანებამ ჩინეთის მიმართ 2023 წელს $1,1 ტრილიონს მიაღწია!

ერთი ტრილიონ ას მილიარდ დოლარს!!!

იგულისხმება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ის სახელმწიფოები, რომლებსაც ჩინეთი ბოლო 10-15 წლის მანძილზე ეხმარებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, უხვად აძლევდა კრედიტებს თავისი 2 ტრილიონიანი სავალუტო რეზერვიდან.

აღსანიშნავია, რომ `სუფთა კრედიტი` ანუ ე.წ. `ძირი თანხა` 600 მილიარდიც კი არ არის. დანარჩენი უკვე პროცენტებია, საურავებია, რაკი მოვალე ქვეყნებმა ვერ შეძლეს ვალის დროულად გადახდა; ასევე ვერ შეძლეს ვალის `მომსახურება` და ჩინეთი მუდმივად ახორციელებდა ვალის რესტრუქტურიზაციას ისე, რომ საბოლოოდ ეს ციკლოპური თანხა დაგროვდა.

შესაბამისად, ჩინური `ერთი სარტყელი ერთი გზა` ანუ `გზა/სარტყლის გეოპოლიტიკური კონცეპტი ის `ვალების ბადეა`, რომლითაც ჩინეთი `მესამე მსოფლიოს` მყარად `მიბმას` ცდილობს და იქ დასავლური გავლენის შემცირებას აპირებს.

თანაც...... რომელ `მესამე მსოფლიოზეა` ლაპარაკი, როდესაც ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოც კი მოხვდა უკვე ამ `ბადეში` და მათი ვალებიც სულ უფრო იზრდება ჩინეთის მიმართ.