საერთაშორისო მიმოხილვა. 11 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 დეკემბერი. 2023 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დოჰას ფორუმზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შედეგად, თურმე, `რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდა ისევე, როგორც კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთი ნაპოლეონთან ომის შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთი (!) ჰიტლერთან ომის შედეგად....ასევე კიდევ უფრო გავძლიერდით ამ ომის შედეგადო`.

აქ ისტორიული პარალელია და ალბათ მიზანშეწონილი იქნება ძალიან მოკლედ შევეხოთ:

მართლაც, ნაპოლეონთან ომისა და საფრანგეთის დამარცხების შედეგად, ანუ 1815 წლიდან, რუსეთის იმპერია კონტინენტური ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა და მას `ევროპის ჟანდარმსაც` უწოდებდნენ, რაც სრულიად შეესაბამებოდა პეტერბურგის ფუნქციას იმდროინდელ ევროპაში

ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შედეგად რუსეთმა, რომელსაც მაშინ სსრკ ეწოდებოდა, ნახევარი ევროპა პირდაპირ დაიპყრო და სატელიტური სახელმწიფოები შექმნა.

სერგეი ლავროვი იმდენად არის გათავხედებული, რომ პირდაპირ ეუბნება დასავლეთს რა ელის, თუკი დასავლეთი პუტინის გამარჯვებას დაუშვებს ამ ომში: შემდგომი აგრესია (მაგალითად ბალტიის წინააღმდეგ) და რუსული დერჟავულ-იმპერიული გავლენის ზრდა ევროპაში.

აქედან დასკვნა: ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც, დასავლეთიც და მთელი მსოფლიოც, პუტინმა მოიგოს  ომი, როგორც ალექსანდრე I და სტალინმა მოიგეს.

ლავროვის განცხადება ამ მხრივ გვარიანი `შემოლაწუნებაა` იმ ძალებისთვის დასავლეთში, ვინც მუდამ        Reset-ზე ფიქრობს და 2008 წლის დროინდელ `ღილაკს` ამზადებს იმავე ლავროვისა და პუტინისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

12 დეკემბრისთვის პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია.

როგორც ჩანს, კონგრესისა და სენატის გაჯიუტება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხში იმდენად სერიოზული პრობლემა ხდება, რომ იძულებულნი არიან ექსტრაორდინარული ზომები მიიღონ, რათა უკრაინა ნაახალწლევს იარაღის და ფინანსების გარეშე არ დარჩეს, რაც პუტინს მისცემდა საშუალებას კიდევ უფრო `წაიწიოს` კიევისკენ.

თუმცა ჯერ კიდევ რჩება იმედი, რომ კონგრესი და თეთრი სახლი მიაღწევენ კომპრომისს. მაგალითად, ბაიდენი დაეთანხმება  წინადადებას მექსიკის საზღვარზე კედლის გასაძლიერებლად თანხის გამოყოფის შესახებ და არ დაავეტოვებს ამ `პაკეტს`, სადაც `კედლის` თემა დაემატება უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას.

სხვა შემთხვევაში კრიზისი გარდაუვალია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანული The Telegraph აქვეყნებს ძალზე ალარმისტულ, თუმცა არც თუ უსაფუძვლო ედითორიალს სათაურით `Putin’s Russia is closing in on a devastating victory. Europe’s foundations are trembling` (`პუტინის რუსეთი გამანადგურებელ გამარჯვებას უახლოვდება; ევროპის საფუძვლები ირყევა`) პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ფრონტის ხაზი გაიყინა, უკრაინული შეტევა ჩაიშალა და უკრაინამ, რომელიც ძლივს აკავებს რუსული არმიის შეტევას, შესაძლოა ვეღარ მიიღოს დასავლეთისგან ახალი შეიარაღება, რაკი დასავლეთს ამგვარი სტილი აქვს: როცა უკრაინა წინ გაიჭრა ხარკოვისა და ხერსონისკენ, ზუსტად ამან დაარწმუნა დასავლეთი უკრაინისთვის ტანკები და შორსმწვდომი რაკეტები მიეწოდებინა; თუ წარუმატებელი იქნება, აღარ მიაწოდებენ, რადგან დასავლეთი ეხმარება იმას, ვინც ამჟღავნებს წარმატებული (!) ბრძოლის უნარს.

ასეა!

ხოლო თუ პუტინმა წაიწია წინ კიევისკენ, მაგალითად ავდეევკა აიღო, ეს დასავლეთში გააძლიერებს იმ ძალებს, რომლებიც მოლაპარაკებებს მოითხოვენ; ამით პუტინი მოიგებს, რაც ევროპისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება;

ავტორს ამერიკელ `რესპუბლიკელთა` დასახასიათებლად ასეთი ანალოგია მოჰყავს, რომ მათი `პოლიტიკური წინაპრები` ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტ გარი ტრუმენს კორეაში კომუნისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას.

გარდა ამისა სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ უკრაინის წარუმატებლობამ ფრონტის ხაზზე, მისცა საშუალება პუტინს, - რომელიც რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა ცხვირის გაყოფას ვერ ბედავდა, - ვიზიტით გამგზავრებულიყო დუბაიში;

`თუ პუტინი გაიმარჯვებს, მთელი ის მსოფლიო წესრიგი დაინგრევა, რაც 1945 წელს დამყარდა` - წერს ავტორი და ასკვნის: `ღამე ახლოვდება`.  

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთს არა მხოლოდ ფილიპინებთან აქვს ტერიტორიული დავა  `ჩინეთის ზღვაში`, არამედ იაპონიასთან, რაც ბევრად სერიოზულია, რადგან ქმნის ალუზიებს მეორე მსოფლიო ომთან: ჩინური სამხედრო გემი სახიფათოდ მიუახლოვდა იაპონურ თევზმჭერს იმ კუნძულთან, რომელსაც (დავაკვირდეთ) `იაპონია აკონტროლებს რეალურად, თუმცა ჩინეთს თავისად მიაჩნია`

ჩინური ხომალდი კუნძულს და იაპონურ თევზმჭერს გაეცალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იაპონიის `სანაპირო დაცვამ` ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც ცნობილია, 1945 წლის შემდეგ იაპონიას აკრძალული აქვს არმიის და ფლოტის შექმნა. ამიტომ მის ფლოტს ეწოდება `სანაპირო დაცვა` ხოლო არმიას `უსაფრთხოების ძალები`. მაგრამ მას შემდეგ რაც იაპონია ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე გახდა ჯერ კიდევ 70 წლის წინ, ორივე ეს კომპონენტი ისე გააძლიერა, რომ ანგარიშგასაწევ ძალებად აქცია.

ჩინეთში ეს იციან და ამაზე ნერვიულობენ, თუმცა პირდაპირ შეტაკებას ჯერ ვერ ბედავენ - იაპონიის უკან ხომ  ამერიკის ფლოტია.

არადა `იაპონური კონტროლი ჩინურ კუნძულზე` იმას ნიშნავს, რომ პეკინი ტოკიოს აგრესიაში და ოკუპაციაში ადანაშაულებს, რასაც იაპონია რასაკვირველია არ ეთანხმება: მათ მიაჩნიათ, რომ ეს კუნძულებიც და მათი მიმდებარე წყლებიც სწორედ იაპონურია და არა ჩინური.

აქ ერთი ზოგადი დასკვნა უნდა გაკეთდეს: საუკუნეთა და ათასწლეულთა მანძილზე ჩინეთს არ ახასიათებდა ექსპანსიონიზმი, თუმცა ახლა გაჩნდა სიმპტომები ორი სისტემური მიზეზის გამო:

ა) ჩინეთს სურს იქცეს გლობალურ ზესახელმწიფოდ, ეს კი უპრობლემოდ არც ერთ ეპოქაში არავის გამოსვლია - წინააღმდეგობის გარეშე

ბ) ჩინეთი ავტოკრატიაა, ტოტალიტარული რეჟიმია; ამგვარი რეჟიმები კი, ადრე თუ გვიან იმანენტურად ისწრაფვიან ექსპანსიონიზმისკენ.

იმ რეგიონში ძალიან დიდი კონფლიქტოგენური პოტენციალია, რაკი XXI საუკუნე `წყნარი ოკეანის საუკუნეა`.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა განაცხადა, რომ `ჰამასის` ლიდერებს ყველგან გაანადგურებს, სადაც არ უნდა იყონ - ლიბანში, კატარში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას.

იგულისხმება, რომ `ჰამასის` ბევრი ლიდერი მათ შორის ისმაილ ხანია სწორედ კატარშია.

ისრაელის საგარეო დაზვერვას `მოსსად` (ასე ეწოდება ლეგენდარული კლდე მოსსადას სახელად, რომელიც 2 000 წლის წინ გმირულად ეწინააღმდეგებოდა რომაელებს) მთელს მსოფლიოში ტერორისტთა ლიკვიდაციის დიდი გამოცდილება აქვს: მოინჰენის ოლიმპიადის დროს ჩადენილი ტერაქტის ანუ ისრაელელი სპორტსმენების დახოცვის იდეოლოგთა განადგურებაზე ბევრი ითქვა. სტივენ სპილბერგმა გადაიღო გენიალური ფილმი `მიუნჰენი`.

ნაკლებად ცნობილია სხვა ოპერაციები. მაგალითად ჰამასის საბრძოლო ფრთის დამფინანსებლის, მაჰმუდ ალ მაბხუხის მოგუდვა დუბაის სასტუმროში, მისსავე ნომერში, სადაც ბალიშით დაახრჩვეს

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ბიტკოინი ისევ ძვირდება: $ 44 000 ღირს.

ეს არ არის ყველაზე მაღალი ფასი ისტორიაში, მაგრამ მთავარია ტენდენცია.

და როგორც ყოველთვის, ანალიტიკოსები ეძებენ მიზეზებს, რაც არც ისე იოლი დასადგენია. უმრავლესობა თვლის, რომ ბიტკოინზე მოქმედებს აშშ ფედრეზერვის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საპროცენტო განაკვეთის შემცირებისკენ

სხვა კრიპტოვალუტებიც ძვირდება; მაგალითად ეთერი - $2 350

 . . . . . . . . . . . . . . . . .

Bloomberg  წერს, რომ მსოფლიოში კონფლიქტების რაოდენობა გაიზარდა; 163-ია მიმდინარე წელს. მათ შორის რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული მედია, რომელიც კრემლის მიერ კონტროლდება, ძალიან ღელავს სომხეთის გამო: ევროკავშირს მიმართეს კითხვით: `მართალია თუ არა, რომ ევროკავშირი სომხეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გეგმავსო`.

პასუხი მიიღეს შესაბამისი: `ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის; ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ სომხეთის არალეტალური (არამომაკვდინებელი) საშუალებებით მომარაგების საკითხის `ევროპის მშვიდობის ფონდიდან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღიაო`.

`არალეტალური საშუალებები` შესაძლოა ნიშნავდეს მაგალითად საველე ჰოსპიტლებს და ასე შემდეგ;

მაგრამ ამან (პრეცედენტმა) ისე ააღელვა პუტინი, ევროკავშირს პროვოკაციული `კითხვით` მიმართა.

ევროკავშირი რომ ამ საშუალებების გადაცემისგანაც კი თავს იკავებს სომხეთისთვის,  ეს იმდენად რუსეთის გამო არ ხდება, რამდენადაც  აზერბაიჯანისადმი `რიდის` შედეგად: როდესაც რუსულ ენერგომატარებლებზე წვდომა შეეზღუდათ, ევროპული ელიტები ერიდებიან ნავთობითა და გაზით მდიდარ აზერბაიჯანთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვას.